ძებნის რეზულტატი:

ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონი“ შესაძლოა, „დელტა“ შტამზე მსუბუქი იყოს და მძიმე შემთხვევებს არ იწვევდეს

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. ამერიკის წამყვანმა მეცნიერმა ენტონი ფაუჩიმ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, კვირები დასჭირდება კორონავირუსის ახალი ვარიანტის ომიკრონის შეფასებას, წინასწარ შეიძლება ვარაუდი, რომ ის შესაძლოა, „დელტა“ შტამზე მსუბუქი იყოს და არ იწვევდეს მძიმე შემთხვევებს. AFP-თან საუბრისას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი აშკარად ძალიან გადამდებია, სავარაუდოდ, ამჟამად დომინანტურ შტამ „დელტაზე“ მეტად გადამებიც. ეპიდემიოლოგიური მონაცემების მთელი მსოფლიოდან ასევე მიუთითებს, რომ რეინფიცირების რისკები უფრო მაღალია „ომიკრონის“ შემთხვევაში. „არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება ნაკლებად მძიმეც კი იყოს, რადგან როდესაც აკვირდებიან ზოგიერთ ჯგუფს სამხრეთ აფრიკაში, თანაფარდობა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას შორის უფრო ნაკლებია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ამ მონაცემების ზედმეტად ინტერპრეტაცია, რადგან პოპულაციები, რომლებსაც აკვირდებოდნენ, ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ჰოსპიტალიზაციის ალბათობა კი ნაკლები იყო.

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ორი საათის წინ დაიწყო. BBC წერს, რომ შეხვედრის დასაწყისის ამსახველი ვიდეოდან ჩანს აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მეგობრული მისალმებები. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება და შეხვედრისთვის ფიქსირებული დრო არ არსებობს მედიის ცნობით. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ოთხ ევროპელ ლიდერს კვლავ გაესაუბრება. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრამდე, ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში კაცი გარდაიცვალა

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი, 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. რადიო თავისუფლების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს

რუსეთს უფრო მეტი და მკაცრი სანქციები დაემუქრება, თუ ის სამხედრო აგრესიას განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩებისადმი მიმართვისას. „ევროკავშირი სათანადო რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სხვა მავნე ქმედებებზე, რომლებიც განხორციელდება ჩვენს ან ჩვენი მეზობლების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან არ დააკონკრეტა, რა შეიძლება იყოს დამატებითი ზომები, მაგრამ რუსეთის ზოგიერთი კრიტიკოსი ბელგიაში დაფუძნებული (SWIFT) ფინანსური ტრანზაქციების ქსელიდან მოსკოვის გარიცხვას ითხოვს. „ამჟამად, ეს არის რუსეთის მიზანმიმართული არჩევანი და აგრესიული ქმედებები, რომლითაც ცდილობს, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო. „პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს ვიდეო ზარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების შესახებ მოუწოდა. ორმა პრეზიდენტმა თავიანთ გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ (ვითარებას) და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ; კიბერუსაფრთხოების საკითხი და ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიცაა ირანი“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ისევ გაესაუბრება. ასევე წაიკითხეთ: აშშ-სა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ ვლადიმერ პუტინთან ვიდეოშეხვედრამდე, ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრამდე, ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას დიმიტრი პესკოვი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს განიხილავენ პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით უთმელიძე, დიდუბის რაიონს ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის რაიონს ლევან ნაროუშვილი, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე, ხოლო ისნის რაიონს ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი, კახა სამხარაძე იქნება.

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ეწვევიან

8-10 დეკემბერს, ტიტუს კორლაცეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის მიზნით ეწვევიან. პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდება ბოლო პოლიტიკურ მოვლენებზე, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და უმცირესობათა საკითხებზე (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და LGTBI). თბილისში, კორლაცეანი და კერნი გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან და საპარლამენტო პოლიტიკურ ფრაქციებთან. თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“, ასევე, LGTBI თემს. თანამომხსენებლები ასევე გამართავენ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მიხეილ სააკაშვილი: ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს და პროტესტს არ შეწყვეტს, ვიდრე არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპქტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“. სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის მიღებულია გადაწყვეტილება შეხვედრების შეზღუდვასა და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. „დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ამავე თემაზე: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

როგორ უპასუხა პუტინმა ბაიდენის გაფრთხილებას სანქციების შესახებ - კრემლის ვერსია

კრემლი რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის ლიდერის ჯო ბაიდენის „ვრცელი საუბრის“ შესახებ იუწყება. კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რაიმე გარღვევას არ ელის. მისი ცნობით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები მოსთხოვა, რაც გამორიცხავს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას სანქციების დაწესების შესახებ გაფრთხილების საპასუხოდ განუცხადა, რომ „NATO რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარტისტების მიერ კონტროლირებად უკრაინის რეგიონებთან მიმართებით, კიევის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, პუტინმა ბაიდენს დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებაზე შეზღუდვების მოხსნა შესთავაზა. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

27 დეკემბრამდე, ნიუ-იორკში კოვიდვაქცინით ყველა დასაქმებული უნდა აიცრას

ყველა ნიუ-იორკელს დასჭირდება ვაქცინაცია, თუ მათ სურთ სამსახურში წასვლა, განაცხადა ქალაქის მერმა. „ომიკრონი“ ახალი ფაქტორია, ჩვენ გვაქვს უფრო ცივი ამინდი, რომელიც ნამდვილად შექმნის ახალ გამოწვევებს „დელტა“ ვარიანტით, ჩვენ გვაქვს სადღესასწაულო შეკრებები”, - განაცხადა მერმა ბილ დი ბლაზიომ. ნიუ-იორკი იქნება აშშ-ის პირველი ქალაქი, რომელიც კერძო სექტორის მუშაკებს ვაქცინაციას დაავალებს, რაც გავლენას მოახდენს დაახლოებით 184,000 ბიზნესზე. საჯარო სექტორის მუშაკებისთვის მანდატორულ ვაქცინაციას, რომელიც ძალაში შევიდა ამ შემოდგომაზე, ხმაურიანი წინააღმდეგობა მოჰყვა და აიძულა ზოგიერთი თანამშრომელი, დაეტოვებინა სამსახური. თუმცა, ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზარდა.

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე: საკმაოდ ხისტი პოზიციები და ფარული მუქარაც კი მოვისმინეთ

„პირველი დღე საკმაოდ რთული პროცესი იყო. განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში საკმაოდ ხისტი პოზიციები მოვისმინეთ და შეიძლება ისიც ითქვას, რომ გარკვეულწილად ფარული მუქარაც კი. ეს იმას ნიშნავს რომ მოლაპარაკების 55-ე რაუნდის მეორე დღეც საკმაოდ რთული იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან წინ წასვლის არანაირი სურვილი და მოტივაცია არ არსებობს. მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც არის, რომ ეს საკითხები საერთოდ მეორე პლანზე გადავიდეს“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის პირველი დღე. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთის მხრიდან 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მხრივ მოტივაცია არ არსებობს. „მათი მცდელობაა, არა ჟენევის თემები შემოიტანონ დისკუსიებზე გაეროში, რასაც ქართული მხარე, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მთავარია 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. მინდა, ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის რეალურად სტატუს-კვოზე დაბრუნება,რომელიც უნდა იყოს წინაპირობა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და ეს კონფლიქტი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ „იმედის“ ცნობით. ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე რუსული მხარე ცდილობდა, ყურადღება გაემახვილებინა საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე და ეს წარმოეჩინა როგორც საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. „სინამდვილეში, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ყველა აქტივობა, რაც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის სამართლის ნორმების მიხედვით და ამ საკითხებს არაფერი საერთო არ აქვს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასთან. რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალურად მცდელობაა ყურადღების გადატანის რეალური პრობლემებიდან. რუსეთის ვალდებულებაა, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება. მე ამიტომ ვთქვი, რომ საუბარია ფარულ მუქარაზე, რადგან არის მცდელობა, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის მუქარა, ვინაიდან ჟენევის ფორმატი შექმნილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულებისთვის. საქართველო არანაირად არ უკავშირებს და არ აპირებს, განიხილოს ვინმესთან და მით უმეტეს რუსეთთან, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის არჩევანი, რომელიც დიდი ხანია გაკეთებულია საქართველოს საზოგადოების მიერ და არ არის მოლაპარაკებათა პროცესის განხილვის საგანი. რუსეთი ახდენს პოზიციონირებას, რომ თითქოს, არის რამდენიმე დელეგაცია და ამაზე თვითონ რუსები არ საუბრობენ და ალაპარაკებენ ე.წ. დელეგაციებს. ამის ისე წარმოჩენა სურთ, რომ თითქოს, ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი. სინამდვილეში, ეს არის ფარული მუქარა და ფარულად დისკუსიის სულ სხვა თემებზე გადატანა“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან. უწყების განცხადებით, „დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს“. „ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას. N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი. ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნავს პენიტენციური სამსახური. მიხეილ სააკაშვილი: ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება

გერმანიის პროკურატურამ სამუდამო პატიმრობა მოითხოვა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით იძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ამავე თემაზე: ხარკოველმა ბიზნესმენმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო და განაცხადა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს

ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა

პრეზიდენტმა ბაიდენმა ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტ პუტინთან გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა პუტინთან საუბრისას განიხილა რუსეთის სამხედრო მოქმედებების სერიოზული შედეგები უკრაინაში, დეესკალაციის აუცილებლობა და დიპლომატიისკენ დაბრუნების საჭიროება. „ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ისევე როგორც რუსეთის მიერ დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიის ჩართვის აუცილებლობა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმომადგენლები მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროკავშირიდან“, - აღნიშნავს თეთრი სახლი. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 8 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება

დღეს, 17:00-ზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

კონგრესმენი დონ ბეკონი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არაა, გვჭირდება პარტნიორების შეიარაღება

"სანქციები არ არის საკმარისი. ვიდრე გვიან არ არის, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა ინტერვენცია ძვირი დაუჯდეთ", - ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა დონ ბეკონმა საქართველოს ხელისუფლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "საქართველოს წარმომადგენლებს დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიასა და ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდი, რათა განმეხილა სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ თავდაცვის სტრატეგია. სანქციები არ არის საკმარისი. ვიდრე გვიან არ არის, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა ინტერვენცია ძვირი დაუჯდეთ", - წერს კონგრესმენი. შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთანაც.

ირაკლი კობახიძე: გამორიცხულია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები მოგვიგოს, ჩვენ მეტი შედეგი გვექნება 2024 წელსა და 2028-შიც

"სინამდვილეში, დაბალი ბარიერის მთავარი პოტენციური ბენეფიციარი არის არა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 2,5%-ის, ან 3%-ის აღებას ელოდება, არამედ „ნაცმოძრაობა“, რომელიც პრაქტიკულ შანსს ელოდება, რომ რაღაცნაირად, ე.წ. კოალიციის პირობებში მობრუნდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ ფიქრობს, რომ დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი თვითონ არის. არა იმიტომ, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა უჭირს, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება ეძლევა, არის სწორედ დაბალი ბარიერის პირობებში. რატომ? – იმიტომ, რომ მას არასდროს არ შეეძლება, ხელისულებაში მობრუნდეს. გამორიცხულია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ჩვენ არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ მეტი შედეგი გვექნება, 2024-შიც და 2028-შიც. „ნაცმოძრაობა“ ჩვენ ვერ გვაჯობებს. როგორც ბოლო არჩევნებზე იყო, ახლა 47% ავიღეთ, „ნაცმოძრაობამ“ კი 31% აიღო. ანუ, ვერც გვიახლოვდება და ვერც დაგვიახლოვდება. ეს მათ იციან და შესაბამისად, ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი ხელისუფლებაში მობრუნდნენ, არის შემდეგი – დაბალი იყოს ბარიერი, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ეს დაბალი ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიც არის „ლელო“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ასე შემდეგ, მერე კი, მათთან ერთად შექმნას კოალიციური ხელისუფლება“, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა, 2022, 2023, ან 2024 წელს მიიღოს მესამე მოსმენით. მსგავსი: „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს ირაკლი კობახიძემ... „ვნახოთ, ესეც არის დამოკიდებული წინაპირობებზე. ჩვენ უნდა შევხედოთ, არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები მზად საპარლამენტო ცხოვრებაში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. თუ ისინი ამას აჩვენებენ და როცა აჩვენებენ, რა თქმა უნდა, განახლდება ეს პროცესი. მთავარი არის ეს, რომ მათ აჩვენონ ასეთი მზაობა, დაასრულონ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ამას გარდა, უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ, სხვადახვა საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაერთონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით მათ მოქმედებებს“, – განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სურათს უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ 2%-იანი, თუ 3%-იანი ბარიერი, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, არ იქნება ქვეყნის განვითარებისთვის საზიანო. „თუ ამას დაგვანახებს ოპოზიცია, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დავთანხმდებით დაბალ ბარიერს“, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ იმსახურებს პარლამენტში მყოფი დანარჩენი ოპოზიცია, მაგალითად, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“ იმას, რომ ისინი იყვნენ წარმოჩენილი, როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება და რატომ არ ხდება საკითხის ასე დაყენება, რომ არსებობს ოპოზიცია, რომელიც მათ შორის, 2%-იან ბარიერს იმსახურებს, რომ ასეთი მომავალ პარლამენტშიც იყოს, რათა თანამშრომლობის პრეცედენტები და პრაქტიკა უფრო გრძელვადიანი იყოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრება და დღესაც მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის არა ერთი პრეცედენტი ჰქონდა. „საპარლამენტო მუშაობაში მათი კონსტრუქციული როლი, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას პატივს ვცემთ და უფრო მეტიც, ვუფრთხილდებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათთან განვაგრძობთ საუბარს, იგივე ბარიერთან დაკავშირებითაც და მათი პოზიცია ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 091 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის - 8.31% ხოლო 7 დღის - 7.96%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 635, ქვემო ქართლი - 250, შიდა ქართლი - 366, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 92, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 508, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 601, აჭარაში - 129, იმერეთში - 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 ადამიანი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 36, იმერეთში - 32. 1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 312 - აჭარაში. 37 738 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებშია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.

თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება. მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – რობერტ სტურუა. კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები. სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ.

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ოპონენტები თავს გვაჩვენებენ, რომ თითქოს ჰარმონია, თანხმობა სურთ

"არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა", – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ისინი საზოგადოებას თავს აჩვენებენ, თითქოს ჰარმონია, თანხმობა სურთ. „რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობას, თითქოს ეროვნული თანხმობა სურთ, მე პირადად ამის არ მჯერა, რადგან როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. ჩვენ დღესაც სამწუხაროდ, ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა, არიან პირველი და მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და აქეთ გვიკიჟინებენ, რომ ეს პოლარიზაცია ხელისუფლებამ უნდა შეამციროს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ამისი არ მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.