ძებნის რეზულტატი:
თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში მცირდება
"პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება. 4951 პაციენტი არის დილის მდგომარეობით, მათ შორის რეანიმაციაში 297 ადამიანი იმყოფება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ წუთისთვის თავისუფალია 3701 საწოლი, რომელიც რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან თუ საჭირო იქნება, „ომიკრონის“ ტალღის მატებასთან ერთად, იანვარში ჰოსპიტალური სექტორი ამას დახვდეს სრული მზაობის პირობებში. ამასთან ერთად, გაბუნიამ ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა. „ვაქცინაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს, რაც არის განპირობებული ფინანსური წახალისებით, რომელიც ნოემბერში ამოქმედდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, არის ამ სქემის გაგრძელება და გაფართოება მომავალი წლიდან - 50 წლის ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან ამ სქემაშიც და ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა გაიზრდება და ჩვენ გვექნება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.
სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ეს გადაწყვეტილება „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში
"ესაა ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში", -ასე შეაფასა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. როგორც მან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, ამ ინსტიტუტის გაუქმება დაუსაბუთებელია და მას ახსნა არ გააჩნია. „არანაირი ლოგიკა და ახსნა არ აქვს იმას, რაც აქ კეთდება, ეს არის კლასიკური არაკონსტიტუციური კანონმდებლობა. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება, ამას დანანებით ვამბობ“,-განაცხადა ბურჯანაძემ. მისი თქმით, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ყოველთვის აღნიშნავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის შესახებ. „მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულე ჰქონდა, ამ სამსახურმა 2019 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ შეუძლებელი შეძლო. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ღამის 3-4 საათზე, ეს სამსახური მობილური იყო და თავის საქმიანობას ახორციელებდა, რათა მტკიცებულბები არ განადგურებულიყო. 2 წლის განმავლობაში ამ სამსახურზე ცუდის მთქმელი, შიგნით თუ გარეთ, სამთავრობო თუ არასამთავრობო, ოპოზიციური თუ არაოპოზიციური მიმართულებით, არ მინახავს. მცირე ხარვეზი და უკმაყოფილება შეიძლება ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ ამ სამსახურის საქმიანობა ყველას მხრიდან სანიმუშო იყო“,-განაცხადა ბურჯანაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
თამარ გაბუნია: ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლოდინია, რომ ის საკუთარ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. „ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს. ამაში შედის ჯანდაცვაც, სოციალური მიმართულებაც, დასაქმებაც, დევნილთა განსახლებაც. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მოვითხოვოთ ოთხივე მიმათულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. ასევე ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს. ამდენად, მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“,-განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, დღეს ზურაბ აზარაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ესწრებოდა. „რა თქმა უნდა, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, 30 დეკემბრიდან, მინისტრი შეუდგება საქმიანობას სრულად",-აღნიშნავს გაბუნია.
„ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან სტაციონარში 3 ადამიანია მოთავსებული
საქართველოში „ომიკრონის“ სულ 63 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 რეინფიცირებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფექციის უმრავლესეობა შემოტანილია და ეპიდეკვლევა მიმდინარეობს, „უმრავლესობა აცრილია, მძიმე არცერთი არ არის, 6-ს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. 18 წლამდეა ასაკისაა 5 ინფიცირებული. სტაციონარშია 3 ადამიანი, რადგან მათ% აქვთ თანხმლები დაავადებები და გამოკვლევები უტარდებათ“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
თამარ გაბუნია: ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო წახალისება, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულს
შესაძლებელია ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო ეს წახალისება, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან უწყობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ვაქცინაციის წამახალისებელი მექანიზმი ამართლებს. „ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმდდა, ამართლებს რადგან მივიღეთ მნიშვნელოვანი მატება იმ ასაკობრივ ჯგუფში ვის მიმართაც იყო ეს გათვლილი, ანუ 60 წლის ზემოთ პირებში და 100 000-ზე მეტი პირი აიცრა მაშინ როცა ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ აცრილია 400 000 პირი, ამიტომაც მივიღეთ ამ წამახალისებელი ღონისძიების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას თუ რამდენად ადრე შეიძლება ფინანსური წახალისება დაწყებულიყო, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს. შესაძლებელია ოქტომბერის დასაწყისიდანვე რომ დაგვეწყო ეს წახალისება, მივიღებდით უფრო მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც თვალსაჩინო შედეგი გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს
NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი თეორიაა, „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, თუმცა მოდის ცუნამივით და შეიძლება, დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სექტორზე. „სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, ის უკვე ქვემოთ ჩამოდის. შეიმჩნევა უკვე კლება, სწრაფად წავიდა მაღლა და დაიწყო კლებისკენ ტენდენცია. ერთ-ერთი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ბევრად მარტივად გადააქვთ. არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. სწრაფად გავრცელება ნიშნავს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი და კიდევ „ბუსტერული“ იმუნიტეტი უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ერთ-ერთი თეორია გახლავთ ეს, რომ შეიძლება, „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შეხვედავთ. ის მოდის ცუნამივით და შეიძლება, დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სექტორზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, „ბუსტერ“ დოზით 67 000 ადამიანი აცრილი.
ივანე ჩხაიძე: გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია მოვახერხოთ
„გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ჩვენ ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში. „ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა, რომ 2022 წლის ივნისისთვის მოვახერხოთ მოსახლეობის 70%-ის ორჯერადი ვაქცინაცია, რაც იქნება იმის გარანტია, რომ 2022 წელს ჩვენ ალბათ გამოვაცხადებთ, რომ საქართველომ მოახერხა პანდემიის კონტროლი. აქ არ არის საუბარი პანდემიის დასრულებაზე. აქ არის ლაპარაკი კონტროლზე, იმ შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანამ შეამციროს ინფიცირებულების რაოდენობა და ერთეულამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-ს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რას ნიშნავს „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო სწრაფი გავრცელება. ივანე ჩხაიძის თქმით, „კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს აქვს გაცილებით მეტი მუტაცია. „მუტაციებმა, რომლებიც განვითარდა „ომიკრონში“, ხელი შეუწყვეს უფრო მეტი ადამიანის ინფიცირებას, უფრო სწრაფ ინფიცირებას, მუტაციის ძირითად აზრი ჯერჯერობით არა მძიმე დაავადების განვითარება, არამედ მარტივი ინფიცირებაა. „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს აინფიცირებდა, ხოლო თუ „ომიკრონი“ „დელტაზე“ მეტად აინფიცირებს, ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, 10-12 ადამიანის დაინფიცირების შესაძლებლობის მქონეა. ეს ნიშნავს სწორედ სწრაფ გავრცელებას. 5-ჯერ სწრაფად გავრცელდა იმ ვირუსთან შედარებით, რომლითაც პანდემია დაიწყო. თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ „ომიკრონი“ არ იწვევს მძიმე დაავადებას, ეს ძალიან კარგია, და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის რისკი ნაკლებია და მძიმე შემთხვევებს არ იწვევს. თუმცა მეორე მხარეა მნიშვნელოვანი, როდესაც ბევრი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელსაც ქრონიკული პრობლემა აქვს და ასეთი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებულებისთვის, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ძალიან მაღალია. ეს არის პრობლემა. სამხრეთ აფრიკაში 30%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც კლინიკაში მოხვედრის რისკი აქვთ. ეს არის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, ინფიცირების რაოდენობა ერთია, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, თუ ამ ინფიცირებულებს შორის ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს შეიძლება, საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იყოს. ეს არის, რასაც ველოდებით და რისი დასკვნაც გვინდა, რომ ვნახოთ და ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის კვირის განმავლობაში უფრო მოგვცემს ამ ინფორმაციას აშშ-ის და ევროპის ქვენების მაგალითი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 28 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. 27 დეკემბერს 13 377 ადამიანი აიცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 280 377 ადამიანი - მოსახლეობის 44.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი - მოსახლეობის 39.4%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 67 315 ადამიანი. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე; „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს, „ომიკრონით“ ინფიცირებული კი სავარაუდოდ, 10-12-ს აინფიცირებს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი
იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის გაწერეს საავადმყოფოდან. ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განმარტა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, რის გამოც აღელვების ნიადაგზე წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. როგორც ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულის გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ
შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ, ამის შესახებ AFP-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორმხრივი მოლაპარაკებები 10 იანვარს არის დაგეგმილი. 10 იანვრის შეხვედრა გაიმართება სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ჟენევის სამიტზე წამოიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ძირითადად ეძღვნება ცივი ომის შემდგომი ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებების აღორძინებას, მოლაპარაკებები ასევე მოიცავს უკრაინის საკითხს, სადაც რუსეთმა დიდი საბრძოლო ძალა განათავსა საზღვარზე. „აშშ მოუთმენლად ელის რუსეთთან ურთიერთობას. როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთება მოლაპარაკების მაგიდასთან დააფიქსიროს და ჩვენც ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით. მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები სავარაუდოდ 12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
თამარ გაბუნია კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამჯერად Pfizer-ით აიცრა, თუმცა მანამდე ის ორჯერადად „ასტრაზენეკათი“ იყო ვაქცინირებული. „შეგახსენებთ, „ბუსტერ“ დოზით აცრის პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილ პირთათვის 3 თვემდე მცირდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამარ გაბუნია: მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა და მენეჯმენტის გამოცდილება
მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა და მენეჯმენტის გამოცდილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რითაც ზურაბ აზარაშვილის დანიშვნა შეაფასა. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა. „მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება სამინისტროს აქტივობებში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს კონსულტაციები და 30 დეკემბრიდან, როგორც არის გადაწყვეტილება მიღებული, მინისტრი შეუდგება საქმიანობას. ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს, რომელშიც შედის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასაქმება, დევნილთა განსახლება; ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, მოვითხოვოთ რომელიმე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან, ამდენად მინისტრის მთავარი სიძლიერე ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან სათანადო ხელმძღვანელობა გაუწიოს. ვფიქრობ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს და მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რა თანამდებობები ეკავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრობამდე
თამარ გაბუნია: „ომიკრონთან“ დაკავშირებით, რიგ ქვეყნებში რეკომენდაციები იცვლება. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ
„ომიკრონის“ მთავარი რისკი არის სწრაფი გავრცელება და ასეთ შემთვევაში მნიშვნელვანია საწოლფონდის მობილიზება. თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოცდილებაც აქვს ქვეყანას და ესეც არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აცრებზე გამახვილდეს ყურადღება. „ომიკრონთან“ დაკავშირებით რეკომენდაციები იცვლება, ქვეყნები ცვლიან თავიანთ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ, ეტაპობრივად მივყვეთ პროცესებს. დავიცვათ ზედმიწევნით ის წესები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის „მწვანე პასპორტების“„ მოთხოვნები.
ამირან გამყრელიძე: ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, გლობალური გამოწვევაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელმაც განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს იჩინა თავი და ეს არ არის ქართული ფენომენი. ამირან გამყრელიძე ამით გამოეხმაურა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. „სიკვდილიანობის ზრდა დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება ხოლმე ახალ შემთხვევებს. ანუ პროპორციული დამოკიდებულება არის ახალ შემთხვევებსა და სიკვდილიანობას შორის, მაგრამ სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ჩამორჩება ხოლმე. მაგალითად, თუ სამი კვირის წინ გქონდა 4 000 - 5 000 შემთხვევა, სიკვდილიანობის ზრდას მოგცემს შემდგომ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ რაც თქვა, ეს არის გლობალური გამოწვევა და რომელმაც განსაკუთრებით თავი იჩინა კიდევ უფრო მეტად კოვიდპანდემიის დროს. ეს არ არის ქართული ფენომენი. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლად წარმოშობილ ვირუსულ დაავადებებთან ერთად, არის კიდევ მეორე - ანტიმიკრობული რეზისტენტობა, როდესაც ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ჩვეულებრივად გავრცელებულ შტამებზე. ეს გლობალური გამოწვევა, პრობლემაა. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა მასობრივი ინფიცირების დროს, როგორიც გახლავთ კოვიდი. კოვიდით ამ ორ წელიწადში 280 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 5.4 მლნ სამწუხაროდ გარდაიცვალა. მსოფლიოს ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციის კონტროლის პრობლემები. ზოგიერთი საავადმყოფოები გარკვეულ ეტაპზე მალავდნენ ინფექციის კონტროლთან და ნოზოკომიურ ინფექციებთან დაკავშირებით რეპორტინგს, რომელიც აუცილებელი რეპორტინგია სამედიცინო სტატისტიკაში. მაგრამ შემდგომ, მათ აეხსნათ, რომ ეს არ იქნებოდა დასჯის საგანი, პირიქით, იქნებოდა უფრო მეტი მუშაობის საგანი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ნოზოკომიურ ინფექციებთან და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ გადამზადებას ახორციელებს. „ქართულად ითარგმნა და გამოიცა ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელო, ე.წ. სენფორდის გაიდი, რომელიც ყველა ექიმისთვის ჯიბის სახელმძღვანელოა, როგორ, რა დროს რომელი ანტიბიოტიკი უნდა დანიშნო, ან როგორი უნდა იყოს ინფექციის კონტროლის საწინააღმდეგო ღონისძიებები თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში. გეტყვით, რომ ამას როლი აქვს და გარკვეულად პანდემიის პერიოდში, ეს როლი კიდევ უფრო გამძაფრებულია, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც სამწუხაროდ, კოვიდით იღუპება, რომ ეს არის ინფექციის კონტროლის ბრალი, ეს ასე არ არის. ემპირიულად თქმა გამიჭირდება. თუ არ მაქვს შესაბამისი მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ციფრს, მაგრამ ეს პროცენტი რომ მომატებულია პანდემიის დროს, როდესაც დატვირთვა იზრდება საავადმყოფოებზე, განსაკუთრებით რეანიმაციებზე და როდესაც ჩვენი კოლეგები საკმაოდ გადაღლილი არიან ამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მას თავისი როლი აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე წამყვან კლინიკებში ნოზოკომიური ინფექციების პროცენტი საშუალოდ 5-დან 10 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. „კლინიკების ე.წ. ვარსკვლავიზაცია რომ ხდება, როდესაც ფასდება კლინიკების ხარისხის კონტროლი, აქ ერთ-ერთი მთავარია, თუ როგორია პროცენტი ამ კლინიკაში ნოზოკომიური ინფექციების. ყველაზე დიდ წამყვან კლინიკებში საშუალოდ ის უნდა მერყეობდეს 5-7, მაქსიმუმ 10 პროცენტის ფარგლებში. კლინიკა არ არის, სადაც ნული პროცენტია. თუ კლინიკა გეუბნებათ, რომ ნოზოკომიური ინფექციების ნული პროცენტი მაქვს, ნიშნავს, რომ ის გატყუებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით
ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრზე: ეკონომიკისა და ფინანსების ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თანაც სერიოზული გამოცდილებით
„ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება“, - NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურა აზარაშვილი ამ სიტყვებით შეაფასა. „ის ეკონომიკისა და ფინანსების ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, თანაც სერიოზული გამოცდილებით. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მოკლედ ვეძახით „ჯანდაცვის“, არადა ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი და მაღალბიუჯეტიანი სამინისტრო. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი - 6 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვისთვის, არადა აქედან 1.2 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვის ხარჯებისთვის, ხოლო დანარჩენი გახლავთ პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვ. სოციალური სფეროს ფინანსური კომპონენტი და მართვა მთლიანად სოციალური სფეროსი ერთ-ერთი მთავარია. ბატონი ზურა ახალგაზრდა პიროვნებაა, ენერგიული, კარგი გამოცდილებით. ყველას იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმეს თავს გაართმევს და საკმაოდ წარმატებული მინისტრი გახდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: თამარ გაბუნია: მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა და მენეჯმენტის გამოცდილება რა თანამდებობები ეკავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრობამდე
გიორგი ვოლსკი: თუ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა შევეგებოთ და დავძლიოთ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, მმართველი გუნდი შეეცდება, დაძლიოს ის. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად წარმოშობილი ორი უწყების დამოუკიდებლობას ან თავად სტრუქტურას რაიმე დაემუქროს. შესაბამისად, ვოლსკისთვის გაუგებარია ლონდა თოლორაიას მხრიდან ხისტი შეტევა და განცხადებები. „გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს, ეს პარალელურად შემოტანილი კანონპროექტი იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და უკეთესი ახალი კანონი შევქმნათ, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის იმიტომ, რომ გაიწელოს ამის განხილვა და იქნება ჩაიშალოს კიდევაც განხილვის პროცესი და ამის თაობაზე არავის ჰქონია სხვა მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა სხვა იყო. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიურო არ შემდგარიყო, იყო სახეზე და ამას არავინ უარყოფს. ეს რაღაც პროცედურულ ბრძოლაში გადაიჭრა, თუმცა ერთი უნდა აღინიშნოს ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, ყველანაირი საშუალება აქვს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმ კანონპროექტისა, რომელიც იქნება კომიტეტზე და შემდეგ პლენარულზე განხილული. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ოპოზიციამ, არის გამეორება, ანალოგი იმისა, რაც ჰქონდა ინსპექტორს წარმოდგენილი, ასე რომ განსხვავება ამ პოზიციებს შორის არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
ამირან გამყრელიძე: პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვასა და იმუნიზაციის პროცესზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ორი წელი ქვეყანა ყველანაირად ირყევა - პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს სწორედ პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით“. NCDC-ის დირექტორმა იმ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა, რამაც მისი შეფასებით, იმუნიზაციის პროცესი შეაფერხა და აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. „პირველი, დავაკელით და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე, ალბათ, ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები, რაც გვაქვს. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე, ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრული ეს ორი წელი ირყევა ქვეყანა ყველანაირად. პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს სწორედ პანდემიის მართვასთან და მათ შორის იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძემ.
ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია
სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა მას შემდეგ, რაც მომხსენებლის რატი ონათამიშვილის პასუხები მოისმინა. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ვერცერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო. როგორც ცნობილია, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება. რატომ არ იყო ამ პროცესში ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; რით აძლიერებს ეს კანონპროექტი იმ ორ სამსახურს, რომელიც იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის მსგავსად. რა ახალი ხელშეუხებლობის გარანტიები აქვს სახელმწიფო ინსპექტორს იმისთვის, რომ ორი წლის თავზე ანალოგიურად ისიც არ მოისროლოს საქართველოს პარლამენტმა სანაგვეზე. რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორის დანგრევა წინასაახალწლოდ - ეს იყო ლონდა თოლორაიას შეკითხვები, რომლებზეც, მისი თქმით, არგუმენტირებული პასუხები ვერ მოისმია. „შესაბამისად, ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ გავაგრძელო ამ სხდომებში მონაწილეობა, ეს პროცესი არის სრულიად ხელოვნური, პროცედურისთვის გაკეთებული, ამიტომ მაქვს ბევრად მნიშვნელოვანი საქმე. აქ რომ აზრს ვხედავდე, აუცილებლად გავაგრძელებდი მონაწილეობას. მე ვიტოვებ იმის იმედს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრმლები ამ კანონის საფუძველზე არ დარჩებიან გარეთ. რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც უწყების მონაწილეობის გარეშე იგეგმება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, უწყების მონაწილეობის გარეშე იშლება სამსახურები. ეს უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არასოდეს არავის არ უთანხმებდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობდით მე და ჩემი თანამშროლები, ეს იყო კანონი, ეს იყო კეთილსინდისიერება, ეს იყო ღირსება და კანონპროექტის ავტორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ლონდა თოლორაიას არასოდეს ნეპოტიზმით არცერთი თანამშრომელი არ მიუღია სამსახურში, ამიტომ ებრძვიან ზუსტად ასეთ დამოუკიდებელ, პროფესიონალ თანამშრომლებს იმისთვის, რომ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მან არ უარყო, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის „ბოლო წვეთი“ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო. „შესაძლოა, თუმცა მე მაინც ძალიან მიჭირს იმის თქმა, ბოლო წვეთი რა იყო ამ ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, ამიტომ, ეს კითხეთ მათ, რა იყო ბოლო წვეთი. მე მინდა „მადლობა“ გადავუხადო ამ კანონპროექტის ყველა ავტორს იმისთვის, რომ ასეთი სიურპრიზი მოუწყო დეკრეტში მყოფ სახელმწიფო ინსპექტორს და საახალწლო სამზადისში მყოფ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. „ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე არ ვიცი, იმიტომ, რომ გარკვეულ უხერხულობას ამ ადამიანებს ნამდვილად ვატყობ“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობდა მაშინ, როცა მმართველი გუნდი სამსახურის გაუქმების კანონპროექტს წერდა და მასთან შეხვედრას თავს არიდებდა. „ელემენტარულია, იმის გამბედაობა ჰქონოდა ვინმეს, რომ სამშობიაროდან არ მეწერა სამსახურის გაძლიერების კანონპროექტი, როცა თურმე თქვენ მისი გაუქმების წინადადებას წერდით - ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე მე ან ამ სამსახურმა?“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ სხდომის მიმდინარეობისას. მან ასევე მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, თუ რას უპირებენ თანამშრომლებს: „არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით: „ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი? ან რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია „ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი?“. დღესვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან აგრესია მისი კოლეგის ედუარდ მარიკაშვილის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას სიტყვა “ავტორიტარიზმის“ გამოყენებამ გამოიწვია, რის გამოც მას კითხვის დასმის საშუალება აღარ მისცეს. „პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა, იმიტომ, რომ ჩემს კოლეგას ედუარდ მარიკაშვილს არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება. ლონდა თოლორაიას უუქმებენ უწყებას, არჩეულია ის მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორად, ამიტომ ვერ გადააყენებდნენ და შესაბამისად, მთლიანად აუქმებენ მის უწყებას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გამოავლინა დამოუკიდებელი უწყების მუშაობა და ხასიათი, ანუ რეალურად ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუღებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ და ის ყველა ვარიანტში შეეცდება, ჩამოშალოს თუნდაც საჯარო სამსახური და სახელმწიფო უწყება. მე ვეთანხმები ედუარდ მარიკაშვილს - ასეთი ქცევა არ ეხება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორს, ეს არის სახელმწიფოს რღვევა და ავტორიტარული რეჟიმის ნიმუში და დამყარება“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ნიკოლოზ სამხარაძე კელი დეგნანთან შეხვედრაზე: ელჩს სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონკრეტული კითხვები ჰქონდა
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დიპლომატთან შეხვედრა იყო ნაყოფიერი, სადაც საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე აზრები გაცვალეს. ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, პროცესში ჩაერთოს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ელჩს კონკრეტული კითხვები ჰქონდა სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტთან დაკავშირებით მათ შორის. კელი დეგნანი დაინტერესდა, თუ რატომ ხდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. „ჩვენ ავუხსენით რას ითვალისწინებდა ეს დაჩქარებული წესი, რატომ არის გადაწყვეტილება ასეთი ფორმით მიღებული. ასევე, ვუთხარით მას, რომ რეალურად არ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია არამედ, რომ ეს ითვალისწინებს ორი ახალი სამსახურის შექმნას - როგორც ეს არის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ცალკე მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ცალკე საგამოძიებო სამსახურის. საგამოძიებო სამსახური კიდევ უფრო მეტად აღიჭურვება დამატებითი ფუნქციებით და მოვალეობებით. ჩვენ ჩავედით ძალიან ღრმა დეტალებში კანონპროექტთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩვენ მოვისმინეთ მისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ელჩი მოვიდა და ჩვენთან ერთად განიხილა კანონპროექტის დეტალები და მისი პოზიცია წარმოგვიდგინა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. „ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე შევხვდით ქალბატონ ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა. პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. მსჯელობა და დისკუსია, რომელიც ჩვენს პარტნიორთან შეხვედრისას გვქონდა, ასევე ის მოსაზრებები რაც კომიტეტის სხდომაზე იქნება გამოთქმული, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება. შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ, თუმცა, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად. „გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით კი იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მისი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას გულისხმობს. მათ გაგვცეს პასუხები და ჩაინიშნეს ჩვენი რეკომენდაციები. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისციპლინურ პროცედურებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს უფრო ფართო, ინკლუზიური პროცესი სადაც იქნება ჩართული სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე და უფრო მეტი ფიქრის და კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება, თუ რა შედის საქართველოს საუკეთესო ინტერესში. ძირითადად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გარკვეულწილად კანონის მიღების პროცესი შენელდეს ან გარკვეულწილად დაპაუზდეს და გაგრძელდეს მუშაობა მას შემდეგ, რაც უფრო ფართო და სრულყოფილი განხილვა და კონსულტაციები იქნება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის განხილვაც სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია მიენიჭება. თავად სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც განხილვას ესწრებოდა და მოგვიანებით სხომა დატოვა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სადამსჯელო ოპერაციად აფასებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლის დრო განისაზღვრა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც. გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მათ კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა და ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევა. „დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ მედიასთან. ნიკოლოზ ყიფშიძისთვის კლინიკის დირექტორის ეს განცხადება „ძალიან აღმაშფოთებელია“ „არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი- ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - განაცხადა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა. ამასთან, ადვოკატ ბექა ბასილაიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეეზღუდოთ მიხეილ სააკაშვილის ნახვა ვიზიტორებს. „ჰოსპიტლის დირექტორის დღევანდელი პერფორმანსი რას ემსახურებოდა საერთოდ გაუგებარია. ექიმი, ნინო გოგორიშვილი თვითონ გამოვიდა მედიასთან და ძალიან მკაფიო განმარტება გააკეთა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა