ძებნის რეზულტატი:
პირველ იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება
2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ელ იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელ იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. „2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსამართლეობის კანდიდატი: უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობდი, ფასიანი იყო, 2005 წლამდე იარსება, მერე აკრედიტაცია ვერ გაიარა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს მოუსმინეს. კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვები დაუსვეს ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებმა და ასევე უფრაქციო დეპუტატებმა. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განათლება არანაირ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, მე თქვენს განათლებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რომ აღარ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც კანდიდატმა დაამთავრა, ეს ცოტა უცნაურია, - მიმართა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს. „ეს უნივერსისტეტი რომ არ არსებობს, ჩემი ნაკლი ნამდვილად არ არის. მეც ვწუხვარ და ნამდვილად კარგი იქნებოდა, არსებულიყო“, - განაცახდა ამირან ძაბუნიძემ. ამავე სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ და იკითხა, არსებობს თუ არა ახლა მის ბიოგრაფიაში ჩაწერილი ბიზნესისა და სოციალური ეკონომიკის მართვის უნივერსიტეტი. „ფასიანი იყო, ღირებულება არ მახსოვს. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. 2 თუ 3-სართულიანი იყო. უნივერსიტეტი, მგონი, ბოლო სართულზე იყო განთავსებული. განხორციელებულ რეფორმების შემდეგ კი აკრედიტაცია ვერ გაიარა. ახლა არ არსებობს. დაახლოებით 2005 წლამდე იარსება ალბათ, არ ვიცი. რექტორი იყო ალფრედ კურატაშვილი“, - განაცხადა ამირან ძაბუნიძემ. ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.
გორის ჰოსპიტლის ექიმი: ნიკა გვარამიამ თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც შემაცდინა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი უარყოფს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ექიმი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდებულია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ნინო გოგორიშვილის თქმით, გვარამიას განცხადებები ჰოსპიტლის და მისი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „დღეს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია, გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც შემაცდინა. მის კითხვებზე ჩემი პასუხები იყო მოკლე, ხელმოწერის შემდეგ კი მან ტექსტი ჩემთვის უცნობი გარემოებებით განავრცო, რის შესახებაც შემდეგ პირდაპირ ეთერიდან გავიგე. აღნიშნული ფაქტი, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და მომაყენა ტრავმა. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება კავშირშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, როდესაც მან მკვლელი მიწოდა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას. ნიკა გვარამიას განცხადებაში სიმართლე ნაწილობრივ არის, მაგრამ ასევე არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვთქვი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი, ხოლო მას სად უმკურნალებენ ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა. „ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში. ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: „შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით“. ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია. ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისა“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
უილიამ კორტნი: ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "ქართული ოცნების" მხრიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. "სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?", - წერს უილიამ კორტნი twitter-ზე. ცნობისთვის, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა
გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმი: გაწერის შესახებ ინფორმირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში
გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლვის შემდეგ სტაციონარიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისას მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. „მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იყო გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა. ლევან დოლიძის ადგილმონაცვლე დედაქალაქის საკრებულოში დავით ფარცვანია იქნება. „იმ პრობლემატიკის გათვალისწინებით, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რომ საკრებულოში ჩემი ან ნებისმიერი დეპუტატის ჩართულობა იყოს ნაწილობრივ. შესაბამისად, ხდება არსებული პოლიტიკური რესურსის ოპტიმალური გამოყენება როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. მე გავაგრძელებ საქმიანობას ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე და მონაწილეობას მივიღებ მისი პოლიტიკური გუნდის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში. ადგილმონაცვლეობა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც განახორციელეს, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში, სულ ეს არის”, - განაცხადა ლევან დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ პარტია “საქართველოსთვის” წევრ ლევან დოლიძეს, საკრებულოს 27 დეკემბრის სხდომაზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოაცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კონკურსი ცხადდება 2022 წლის თებერვალში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge საკონტაქტო პირი: თამთა ბიწაძე 577080661, tbitsadze@president.gov.ge ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
მოსამართლეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
მოსამართლეთა ნაწილი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ღია წერილის ავტორების შეფასებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება და სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო. „27 დეკემბერს, მოსამართლეებმა მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“, ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენა. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა. დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს. სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე. საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნა. სამწუხაროდ, ყველა მოსამართლესთან ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, განცხადება ღიაა ხელმოსაწერად და გასაზიარებლად“, - ვკითხულობთ ღია წერილში. მას ხელს აწერენ: გასიტაშვილი ეკატერინე, დევიძე დევი, არეშიძე ეკა, დარბაიძე ლევანი, ებანოიძე გიორგი, კიკვაძე ციცინო, მესხიშვილი მანანა, მარტიაშვილი ზაზა, მესხიშვილი ქეთევან, მაისურაძე მადონა, სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი თეა, წიკლაური მამუკა, ხაჟომია თამარი, ბადრი ნიპარიშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 28 დეკემბერს განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა. „ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება, განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით, ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობაზე დარჩენა 2035 წლამდე შეუძლია
ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განმტკიცოს თავისი ძალაუფლება და დარჩეს თანამდებობაზე 2035 წლამდე. 2025 წლიდან ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დაკავება ახლად არჩეულ პრეზიდენტს კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით ექნება, თუმცა ცვლილება არ გავრცელდება ალექსანდრე ლუკაშენკოზე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში დარჩენა 2035 წლამდე შეეძლება. ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან, 27 წელია მართავს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ეხმაურება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი აღნიშნავს, რომ ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორის არსებული სამსახურის გაუქმებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია. „ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა. მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის ინიცირება და ამ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული ვადები და ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით - ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად. „ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
პრეზიდენტი: ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას სივრცე, სადაც ერთმანეთთან ვისაუბრებთ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია და საზოგადოება დაპირისპირებული
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. პრეზიდენტის შეფასებით, სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები. და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ, საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა იმისათვის, რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა, თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო. მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია. წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დასხდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ - ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს. ცხადია, კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს, ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Amnesty International-ი რუსეთში „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილებას გმობს
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის უძველესი ადამიანის უფლებათა ჯგუფის „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის ბრძანება გასცა. დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ორგანიზაციას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევაში არაერთხელ ადანაშაულებდა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაგმო გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯს გულაგის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა უწოდა. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, მარი სტრაზერსმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო მემორიალი“ არის პატივსაცემი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაუღალავად მუშაობდა იოსებ სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერთა დროს ჩადენილ სიმხეცეთა და პოლიტიკურ რეპრესიათა დოკუმენტირებაზე. მისივე თქმით, „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვა სიტყვის თავისუფლებისა და ასოცირების უფლების პირდაპირი ხელყოფაა. „საერთაშორისო მემორიალი“ 1989 დაფუძნდა.
სახელმწიფო ინსპექტორი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ასევე ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს კომიტეტების სხდომებზე განიხილა. შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის კონსპირაციულად, სასწრაფო წესით შემუშავების მიზეზი.,,წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს ,,რეფორმა“ არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის“ - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნეს რომ ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია, ყველა პროცესი განხორციელდეს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ფართო განხილვის გზით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. მათი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დიპლომატიური კორპუსის ასეთი ფართო შემადგენლობით წარმოდგენა, კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ დიდ მხარდაჭერას სამსახურის მიმართ.
დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის ინსპექტორის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. დუნია მიატოვიჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის ინსპექტორის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას „ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“,- ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამავე თემაზე: პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა
„ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო
რიგ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე დომინანტურია, რეკომენდაციებს ცვლიან. მათ შორის არის შეერთებული შტატები, რომელმაც გაიდლაინი 27 დეკემბერს განაახლა. უფრო კონკრეტულად, შეერთებული შტატატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) პანდემიის დროს მოქმედი გაიდლაინის ნაწილს ცვლის. კერძოდ, უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებისთვის საკარანტინე პერიოდს 10-დან ხუთ დღემდე ამცირებს, თუმცა მათთვის მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება იზოლაციის შემდეგ, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში. მსგავსი წესი ვრცელდება არავაქცინირებულებზეც. მათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან და არ არიან ვაქცინირებული, იზოლაციის გავლა ასევე 5 დღის განმავლობაში მოუწევთ. „ბუსტერ“ დოზით აცრილებს კი არ სჭირდებათ კარანტინი, მაგრამ უნდა ატარონ ნიღაბი ამ შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში. „ომიკრონი“ დომინანტურია ბრიტანეთშიც. ინგლისში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე კორონავირუსის პანდემიის მართვის პროტოკოლი იცვლება. კერძოდ, კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ, შეწყვიტონ თვითიზოლაცია აქამდე დადგენილ ვადამდე სამი დღით ადრე, თუ მათ ორჯერ უარყოფითი ტესტის შედეგები ექნებათ. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ადამიანებმა არ უნდა დაასრულონ იზოლაცია ადრეულ ეტაპზე, თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ სიმპტომები. კარანტინის დასრულება 10 დღის ნაცვლად შვიდი დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება საქართველოს, „ომოკრონი“ ქვეყანაში დომინანტური სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გახდება, თუმცა ქვეყანა ჯერ რეკომენდაციების შეცვლას არ ჩქარობს. სპეციალისტები შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ყოველდღიური მაჩვენებელი 15000-ს მიაღწევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „ომიკრონის“ მთავარი რისკი არის სწრაფი გავრცელება და ასეთ შემთვევაში მნიშვნელვანია საწოლფონდის მობილიზება. მისი თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოცდილებაც აქვს ქვეყანას და ესეც არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აცრებზე გამახვილდეს ყურადღება. „ომიკრონთან“ დაკავშირებით რეკომენდაციები იცვლება, ქვეყნები ცვლიან თავიანთ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ, ეტაპობრივად მივყვეთ პროცესებს. დავიცვათ ზედმიწევნით ის წესები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ასევე წაიკითხეთ: „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან სტაციონარში 3 ადამიანია მოთავსებული ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე „დელტა“, თუმცა ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რომ ეს პანდემიის დასასრულის ნიშანია
ბილ გეითსმა „პლანეტის გადარჩენის“ გზა იპოვა
ბილ გეითს „პლანეტის გადარჩენის“ გეგმა აქვს. მაიკროსოფტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იტყობინება, რომ პლანეტის გადარჩენა შეუძლია. ამის გზას კი „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში ხედავს. ბილ გეითსის გეგმით, ახალი ინდუსტრიული რევოლუცია ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის შექმნას და სათბურის გაზების ემისიების შემცირებას. გეითსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წავიდა დრო, როდესაც მთავრობებს და კორპორაციებს შეეძლოთ დაპირებების გაცემა და მათი შეუსრულებლობა. მილიარდერმა აღიარა, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია. მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და კომპანიები შექმნიან მუშაობის ახალ მოდელებს, რომლებიც „სუფთა ეკონომიკაზე“ გადასვლას დააჩქარებს. გეითსმა დაამატა, რომ ჩქარობს, მოუთმენლად ელის ახალ წელს და თვლის, რომ პლანეტის მოსახლეობა რევოლუციის საწყის ეტაპზეა. „ჩვენ გვჭირდება საკვები პროდუქტების მოყვანა, ნივთების დამზადება, გადაადგილება, ელექტროენერგიის გამომუშავება, შენობების გათბობა და გაგრილება სათბური გაზების გაფრქვევის გარეშე“, - ამბობს ბილ გეითსი.
ირანის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავა. ირანის მთავრობის სპიკერმა ალი ბაჰადორი ჯაჰრომიმ განაცხადა, რომ ვიზიტს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კურირებს. რუსეთს ირანის პრეზიდენტი (ჰასან რუჰანი) ბოლოს 2017 წლის მარტში სტუმრობდა. ირანული სააგეტოების ცნობით, ვიზიტის დროს მოსალოდნელია რამდენიმე ძირითადი შეთანხმების გაფორმება. ვიზიტი კი ფოკუსირებული იქნება მოლაპარაკებებზე ბირთვული შეთანხმების წინსვლაზე, ასევე თეირანსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე. 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენის შესახებ, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები 27 დეკემბერს განახლდა. რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილეა. თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოების შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გულისხმობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე ვმუშაობთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული მხარე ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე მუშაობს. „გუშინდელი მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლლიდან ციხეში გადაეყვანათ, არასათანადო იყო იმ ვითარებაში, როდესაც ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება. უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საქართველოში და ეს სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასევე მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან. ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს, გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო დიაგნოზის დასმის მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა, - ნათქვამია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დღეს აირჩევენ
პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.
საფრანგეთში COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საფრანგეთში, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულადაა ვაქცინირებული.