ძებნის რეზულტატი:

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 092 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 661 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის - 9.14% ხოლო 7 დღის - 9.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც: 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 596, იმერეთში - 797. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 128, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პაციენტი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 45, იმერეთში - 25. 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 - თბილისში, 539- აჭარაში. 39 853 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა იყო დადასტურებული. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO დაეხმარება საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ჰქონდეთ ინსტრუმენტები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე. „როგორც უკრაინა, ასევე საქართველო უკიდურესად რთული ვითარების წინაშე დგანან და არამხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, არამედ ახორციელებენ შთამბეჭდავ სოციალურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს მთელ მათ ხალხს. ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. NATO დაეხმარება საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ჰქონდეთ ინსტრუმენტები საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე შემდგომში წვლილი შეიტანონ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტებზე და თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამომავლო გეგმებზე.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობებისა განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე. „საუბარი ასევე შეეხო, 2022 წელს NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვის პროცესის მიმდინარეობას.ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ. აღინიშნა, SNGP-ის როლი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ნატო-სთან თავსებად ძალად ჩამოყალიბების საქმეში. NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა საქართველოს დელეგაციისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-სთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა აღნიშნეს ქართველი სამხედროების დიდი წვლილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში და მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი კონტრიბუციისთვის. თავის მხრივ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. ცნობისთის, NATO-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს გაიმართა, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ყაზახეთი დატოვეს

სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ალმათი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტაჯიკმა და სომეხმა სამეხდრო ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ. ​შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტი ყაზახეთში 6 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნით გაგზავნეს. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთიდან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯარებმა გამოსვლა დაიწყეს

მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთის სამხედროების არასასურველი ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე კვლავ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს

„რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები არსებითად საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევია, რუსეთის ძალების არასასურველი ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე კვლავ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპერნტერმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება სერიოზული დისკუსია იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაუცველობის შესამცირებლად და ნდობის გასამყარებლად, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა. ასევე წაიკითხეთ: მაიკლ კარპენტერი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცეტრაცია ვნახეთ. მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის

ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა

ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ზედიზედ მეორედ გააუქმა ვიზა. იმიგრაციის საკითხებში მინისტრის ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება. თუმცა სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა. ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს. ამავე თემაზე: სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

საქსტატი: 2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 223.7 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.2 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.5 ლარი შეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. "სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. მისივე თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი. „ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა. ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ - ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დანიაში რისკჯგუფებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ

დანია კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას რისკჯგუფებსა და დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზებს. დანიის მოსახლეობის დაახლოებით 55% „ბუსტერ“ დოზით აცრილია. დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ განაცხადა, რომ მეოთხე დოზით ყველაზე დაუცველი ჯგუფები, მათ შორის, იმუნიტეტ დაქვეითებულები აიცრებიან. ჰენიკემ არ დააკონკრეტა, როდის დაიწყებენ მეოთხე დოზის შეთავაზებას 5,8 მილიონიან ქვეყანაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე „დელტა“ ვარიანტი, ის არანაკლებ საზიანოა. 16 იანვრის დასაწყისიდან დანია შეამსუბუქებს ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც დაწესდა კოროვირუსზე, რადგან კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ხელახლა გახსნიან კინოთეატრებს, გასართობ პარკებს, მუზეუმებსა და თეატრებს. ასევე დაიშვება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა შიდა და გარე სპორტულ ღონისძიებებზე. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

ენტონი ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დაამატა, რომ ფხენიანს არ უპასუხია ვაშინგტონის არცერთ დიპლომატიურ შეთავაზებაზე. ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მკაფიოდ აჩვენა, მას არ აქვს მტრული ზრახვები ჩრდილოეთ კორეის მიმართ და მზად არის, მოლაპარაკება აწარმოოს წინაპირობების გარეშე. „რაკეტების გამოცდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებაა, საშიშია და ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. ვფიქრობ, ეს არის ჩრდილოეთ კორეა ყურადღების მიქცევას ცდილობს“, - აღნიშნა ბლინკენმა. ცნობისთვის, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ინდივიდუალურ პირს სანქცია დაუწესა, ანალოგიური ზომა შეერთებულმა შტატებმა რუსი ინდივიდუალური პირების მიმართაც აამოქმედა, სარაკეტო გამოცდისადმი მხარდაჭერის გამო. ამავე თემაზე: ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჯო ბაიდენის მრჩეველი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას

"რუსეთს შეუძლია შექმნას ყალბი მიზეზი უკრაინაში შესაჭრელად", – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანის განცხადებაში. „რუსეთი მუშაობს, რათა გააყალბოს საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის. რუსეთმა ამ ქმედებებისთვის „საფუძვლის ჩაყრა“ უკვე დაიწყო. ამისთვის იყენებს საბოტაჟს და საინფორმაციო ოპერაციებს, რომლის ფარგლებში, უკრაინას დასდებს ბრალს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ რუსულ ძალებზე თავდასხმაში“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა

თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა. Grizu-263A-მა პირველი სიგნალები წარმატებით გამოგზავნა. „პირველი სიგნალები წარმატებით მივიღეთ. ჩვენი თანამგზავრიდან Grizu-263A. ჩვენი თანამგზავრი ცოცხალია!!!“, - დაწერა Grizu-263-ს გუნდმა Twitter-ზე. Grizu-263 2016 წელს ბიულენთ ეჯევითის უნივერსიტეტის ინჟინერიის სტუდენტების მიერ თურქეთის ჩრდილოეთით დაარსდა და მიზნად ისახავს, იმუშაოს კოსმოსურ და თანამგზავრულ ტექნოლოგიებზე და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში. გუნდს სახელი დაერქვა 1992 წელს კოზლუს რაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 263 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. სატელიტი ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიის SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით, კეიპ კანავერალიდან აშშ-ის ფლორიდის შტატიდან გაუშვეს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 18 დეკემბერს ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა.

Meta ოფისის თანამშრომლებისგან „ბუსტერ“ დოზით აცრის მტკიცებულებას მოითხოვს

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta აშშ-ის ოფისებში თანამშრომელთა დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. კომპანია „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ მტკიცებულებას ითხოვს და ამისთვის საჭირო საბოლოო თარიღად 28 მარტი განსაზღვრა. ჯენელ გეილმა, Meta-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარემ CNN Business-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს თანამშრომლებს „მეტი დროს მიეცეთ, რათა აირჩიონ ის, რაც მათთვის საუკეთესოა“. Meta-ს თანამშრომლებმა ახლა 14 მარტამდე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა - ოფისში, სრულ განაკვეთზე დისტანციურად თუ სახლიდან დროებით - კიდევ 3-5 თვით. ამ გადაწყვეტილებით, Meta ხდება ერთ-ერთი პირველი მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც მოითხოვს ოფისის თანამშრომლებისგან გამაძლიერებლი დოზის მტკიცებულებას „ომიკრონის„ სწრაფი გავრცელების ფონზე. ის უერთდება მთავრობების, კოლეჯების, უნივერსიტეტების და სხვა დამსაქმებლების მზარდ ჩამონათვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც აცხადებენ, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია მუშაობისთვის. ტენდენცია მალე შეიძლება უფრო ფართოდ გაგრძელდეს, რადგან ჯანდაცვის ოფიციალური პირები კამათობენ დეფინიციის - „სრულად ვაქცინირებული“ შეცვლაზე ორიდან სამ დოზამდე.

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია, რომ უზენაესმა სასამართლომ მსხვილი კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება დაბლოკა

„იმედგაცრუებული ვარ, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, დაებლოკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები მსხვილი კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომელიც ცალსახად ეფუძნებოდა როგორც მეცნიერებას, ასევე კანონს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს საგანგებო სტანდარტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა, მოეთხოვათ ვაქცინაცია ან დაეშვათ ვაქცინაციაზე უარის თქმა, თუ თანამშრომლები კვირაში ერთხელ ტესტირებას გაივლიდნენ და სამსახურში პირბადეს გამოიყენებდნენ. ეს ძალიან მოკრძალებული ტვირთია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ახლა სახელმწიფოებმა და ცალკეულმა დამსაქმებლებმა უნდა განსაზღვრონ, გახადონ თუ არა მათი სამუშაო ადგილები მაქსიმალურად უსაფრთხო თანამშრომლებისთვის და იქნება თუ არა მათი ბიზნესი უსაფრთხო მომხმარებლებისთვის ამ პანდემიის დროს, თუ თანამშრომლებს მოსთხოვენ, მიიღონ მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ვაქცინაციის მისაღებად. „სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს ადმინისტრაციას არ შეუძლია, გამოიყენოს კონგრესის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს ეს ზომა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, მხარი დავუჭირო დამსაქმებლებს, რომ დაიცვან ამერიკელების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ, თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევის გზით“, - აღნიშნა კირბიმ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის მეთაურებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მზად არიან, „განაგრძონ მჭიდრო კოორდინაცია“.

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდი არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამინისტროების ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. „კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე განხორციელდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ალიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. გასული წლის დეკემბერში, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი წინადადების თანახმად, სამიტი თებერვალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მონაწილეობით უნდა გაიმართოს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში ჩავა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 864-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 864-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 596 549 აცრა გაკეთდა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“,- წერს აშშ-ის საელჩო. ცნობისთვის, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სანქციების გამო „უფრო ძლიერი პასუხით“ იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა უფრო ძლიერი და მტკიცე პასუხით იმუქრება მას შემდე, რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. თუ შეერთებული შტატები განაგრძობს ასეთ კონფრონტაციულ პოზიციებს, ჩრდილოეთ კორეა იძულებული იქნება, უფრო ძლიერი და მკაფიო რეაქცია გამოავლინოს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ბოლო დროს ჰიპერბგერითი რაკეტების გაშვება თავდაცვითი ხასიათის იყო. 12 იანვარს აშშ-მ სანქციები დააწესა მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია Parsec-ისა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული შვიდი პირის წინააღმდეგ. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდები სახიფათოა ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა