ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი კრისტიან ტობირა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ლიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. 2012-2014 წლებში ის ჟან-მარკ ეიროს მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი თანამდებობა მანუელ ვალსის მთავრობაშიც შეინარჩუნა (2014-2016). ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება. ამასთან, კანდიდატურის წარდგენა პრეტენდენტებს მარტის დასაწყისამდე შეუძლიათ.
ამაზონის ტყეში, შვილმა ზურგზე შესმული ასაკოვანი მამა კოვიდვაქცინაციისთვის საათობით ფეხით ატარა
ამაზონის ტყეში მცხოვრები ტომის წევრები კოვიდვაქცინაციისთვის საათობით მანძილს ფეხით გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შვილს ზურგზე შესმული ასაკოვანი მამა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მიჰყავს - ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე შორ რეგიონში ვაქცინაციასთან დაკავშირებული რთული ლოჯისტიკის სიმბოლო გახდა. ექიმის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს 24 წლის ტავი, რომელსაც ხელში უჭირავს 67 წლის ვაჰუ, მას შემდეგ რაც ორივეს ვაქცინის დოზები გაუკეთეს. მათ ვაქცინაციის პუნქტამდე მისასვლელად ტყეში ფეხით საათობით სიარული მოუწიათ. ამასთან, მამა-შვილი ზო'ე-ს ძირძველ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, რომელსაც დაახლოებით 325 წევრი ჰყავს. ისინი შედარებით იზოლირებულად ცხოვრობენ ათობით სოფელში. ცნობისთვის, აღნიშნული სურათი 2021 წლის იანვარშია გადაღებული. ბრაზილია პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში.
ისრაელში, "ომიკრონის" ქვევარიანტი BA2-ის სულ მცირე 20 შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში "ომიკრონის" შტამის ქვევარიანტი აღმოაჩინეს, გამოვლენილია სულ მცირე 20 უცნობი შემთხვევა ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელში აღმოჩენილია კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის ქვევარიანტის რამდენიმე შემთხვევა. როგორც ცნობილია, BA2 უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ატარებს დამატებით მუტაციებს, იმ მუტაციების გარდა, რომლებსაც "ომიკრონი" ფლობს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის რუსეთის მცდელობები მიუღებელია
"საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები, მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, დღეს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან გამართული სატელეფონო საუბარი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირეა და რომ ორ ქვეყანას მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა აქვს. „კარენ დონფრიდთან დღევანდელი საუბრის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს. ჩვენი პოზიცია ურყევია – როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთი მცდელობებით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას“, – განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ რუსეთი თავად არის იმ შეთანხმებების ხელმომწერი, რომლის თანახმადაც, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილებები უსაფრთხოების ალიანსებთან დაკავშირებით. „რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების განმავლობაში თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ მიერ აშშ-თან, ასევე, NATO-ს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯაროდ, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.
ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის COVID19 დაუდასტურდა
სინოდის წევრს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს. მათი ცნობით, სასულიერო პირი ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიამ შეარჩია: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი. ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება
პეტრო პოროშენკო: ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შემიშალოს
"ჩემს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში შემიშალოს ხელი, ვინაიდან მისი მთავარი კონკურენტი ვარ", - ამის შესახებ Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა. „მე ვარ ოპოზიციის ლიდერი და ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაქვს. მე ვარ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც პუტინთან ბრძოლით საკუთარ გუნდთან ერთად უკრაინა ყველაზე რთულ დროს გადაარჩინა. მე შევქმენი უკრაინული ჯარი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვა. მე შევიტანე უკრაინის კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი. პუტინი ჩემი მტერია და უკრაინის მტერია. ახლა ვხვდები, რომ პუტინი ევროპის და მთელი თავისუფალი სამყაროს მტერია“, - განაცხადა პოროშენკომ. ამასთან, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: პეტრო პოროშენკოს ადვოკატი: სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა
ვიქტორ დოლიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად პულსზე გვეჭიროს ხელი, ვიყოთ კოორდინაციაში ჩვენ უკრაინელ და NATO-ელ კოლეგებთან, მხარდაჭერა, რომელიც გამოჩნდა მიმდინარე კვირის განმავლობაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევინარჩუნოთ", – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ერთ თვეში უკვე სამიტის პერიოდიც მოდის, ყველა უნდა მოემზადოს, რათა მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები კიდევ უფრი გაძლიერდეს. „იქნება შეხვედრა გენერალურ მდივანთან, ასევე იქნება შეხვედრა NATO-ს ძირითად ელჩებთან, აქ, ნატო-ს შტაბბინაში, პოლონეთის მისიაში იქნება შეხვედრა, სადაც ქვეყნები, როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა NATO-ელი მოკავშირეები, მათი ელჩები გააცნობენ მინისტრს NATO-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე იქნება საუბარი ჩვენი მომავალი ნაბიჯების თაობაზე. იანვარი გვექნება ძალიან დატვირთული. 26 იანვარს ველოდებით პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ამ ამპლუაში. ამ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრესიულად, მუქარებით მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ნატო აფიქსირებს, მათ შორის ჩვენთან ერთად შეხვედრაზე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ილუზიას წარმოადგენს, ის, რაც შესთავაზა რუსეთმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჩვენს ამერიკელ და NATO-ელ მოკავშირეებს. არავინ აპირებს ამ დოკუმენტის განხილვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა და არანაირი შემოტრიალება", - განაცხადა დოლიძემ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის რუსეთის მცდელობები მიუღებელია
გორთან ავტოავარიისას 6 ადამიანი დაშავდა
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი დაშავდა. მათგან 4 არასრულწლოვანია. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს სამედიცინო დახმარება და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის ამავე მონაკვეთზე რამდენიმე ავარიან მოხდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს
ახალქალაქი-კარწახის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობ) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
პაატა იმნაძე: თუ არ გვინდა, ზვავივით წამოვიდეს „ომიკრონი“, მაქსიმალურად უნდა ავიცრათ
NCDC-ის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისადმი იმუნური დაახლოებით, 70%-ია, მათ შორის არიან როგორც აცრილები, ასევე, კოვიდგადატანილები. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზა დაცვას 70%-მდე ზრდის, დაავადების შემთხვევაში კი აცრილს მსუბუქად გადააქვს დაავადება. „საქართველოში რომ 85% იყოს აცრილი, პირველი ვიტყოდი, რომ აღარ გვჭირდება შეზღუდვები. 40%-ია აცრილი, თუ დავამატებთ კოვიდგადატანილებს, სადღაც 70%-მდეა კორონავირუსისადმი იმუნური. ეს იმ ფონზე, როდესაც „ომიკრონი“ ემართება აცრილსაც და კოვიდგადატანილსაც. ორჯერ აცრილებში ის ძალიან მსუბუქად მიდის, სამჯერ აცრილებში 70%-მდე ადის დაცვა, თუ აცრილებს დაემართებათ, დაავადება მსუბუქად წავა. ამიტომ, თუ არ გვინდა, ზვავივით წამოვიდეს „ომიკრონი“, მაქსიმალურად უნდა ავიცრათ, ასევე გავიკეთოთ პირბადე, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს „დელტასგან“, „ომიკრონისგან“ და გრიპისგანაც. ეს ბიზნესისთვისაც პრობლემა იქნება, ნიუ-იოკრში მეტრო გაჩერდა თანამშრომელთა ინფიცირების გამო. სამედიცინო პერსონალიც ხომ ცუდად გახდება, ექიმების 85% აცრილია, მაგრამ ექთნების 50% სამწუხაროდ არ არის აცრილი, კიდევ უფრო ცოტაა მოცვა დაბალ სამედიცინო პრესონალში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, აცრილები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა რეანიმაციაში არ მოხვდება.
შვედეთის პრემიერ-მინისტრს ორონავირუსი დაუდასტურდა
შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ანდერსონი ერთ-ერთია პარტიის რამდენიმე ლიდერიდან, რომელსაც ვირუსი მიმდინარე კვირას, პარლამენტში დებატების შემდეგ დაუდასტურდა. შვედეთის მეფეს, დედოფალსა და პრინცესას ამ თვეში ასევე დაუდასტურდათ კორონავირუსი. ანდერსონი მიჰყვება მიმდინარე მითითებებს და თავის მოვალეობას სახლიდან შეასრულებს. მისი სპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს.
უახლოვდება თუ არა პანდემია ბოლო ფაზას - BBC
როდის შეიძლება დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ვართ თუ არა პანდემიის ბოლო ეტაპზე, ამ შეკითხვას BBC სტატიაში სვამს და „ომიკრონს“ პანდემიის ბოლო ფაზად განიხილავს. „ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში“, - ამბობს პროფესორი ჯულიან ჰისკოქსი, ლივერპულის უნივერსიტეტის ინფექციისა და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის თავმჯდომარე. ის ფიქრობს, რომ 2022 წელს ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან. სპეციალისტების პროგნოზით, კორონავირუსი არსად გაქრება და ის სავარაუდოდ, ენდემურ ინფექციად იქცევა. „მე ძალიან ოპტიმისტური ვარ განწყობილი, მალე ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა, რომელიც დაავადდება, მას ჩვეულებრივ, გართულების გარეშე გადაიტანს“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზაბეტ გროპელი. ბრიტანელის სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონზე, ზამთარში დღეში 200-300 იღუპება და არავინ ატარებს ნიღაბს, არც სოციალურ დისტანციას იცავენ. „უნდა შევეგუოთ იმას, რომ გრიპის სეზონი ასევე იქნება კორონავირუსის სეზონი, რაც გამოწვევა ჩვენთვის“, - აღნიშნავს ელიზაბეტ გროპელი. სტატიის ბოლოს BBC მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებას მიმოიხილავს და წერს, რომ პლანეტა არც თუ ისე ახლოსაა პანდემიის დასასრულამდე. ავტორი წერს, რომ ღარიბი ქვეყნები ჯერ კიდევ ელიან ვაქცინებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მკაფიოდ განაცხადა, რომ მსოფლიო შორს არის იმისგან, რომ კოვიდს ენდემური გრიპი ვუწოდოთ.
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს კრისტიან ტობირას პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ France24 წერს. ტობირა, იუსტიციის მინისტრი იყო სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციაში, 2012-2017 წლებში, აკრიტიკებდა „სოციალური დიალოგის არარსებობას“ მაკრონის დროს და პირობა დადო, რომ იბრძოლებდა უფრო მაღალი ხელფასებისთვის, უკეთესი პირობების შესაქმნელად სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, უკეთესი ჯანდაცვის მომსახურებისა და გარემოს დაცვისთვის. 69 წლის კრისტიან ტობირა საფრანგეთის გვიანაში დაიბადა. 2002 წელს მაპირველად იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა მხოლოდ 2,32% მოიპოვა. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება.
თამარ გაბუნია: ანტიგენ ტესტის გამოყენება ნამდვილად რეკომენდებულია „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის ანტიგენ ტესტის გამოყენების რეკომენდაციას გასცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში შეიძლება დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას. თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. „თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა: სიმპოტომი არ არის, კონტაქტია და მიზეზია იმისთვის, რომ PCR-ტესტი ჩატარდეს, ამ შემთხვევაში ექიმი ურჩევს მას, რომ PCR-ტესტი ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, სიმპტომურ შემთხვევაშიც ხდება PCR-ტესტის ჩატარება, მაგრამ სიმარტივისთვის მივმართავთ ანტიგენ-ტესტს, რომელიც სწრაფად გვაძლებს დეტექციის შესაძლებლობას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ადრეულ ეტაპზე „ომიკრონი“ შეიძლება, PCR-ტესტმაც ვერ დაადგინოს. „ადრეული ეტაპია, როცა მაგალითად ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, აქვს სიცხე, მეორე დღეს შესაძლოა, არ გამოუვლინდეს. შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს „ომიკრონს“, ისაა, რომ ის ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება და მისი გავრცელების ეს ხასიათი განაპირობებს იმას, რომ დეტექცია ანუ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამიტომ რჩევაა, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ, რომ დიაგნოზი დავადგინოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება. .
მექსიკამ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბები დაამტკიცა
მექსიკა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბები დაამტკიცა. მექსიკის ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის ფედერალურმა კომისიამ (COFEPRIS) Pfizer's Paxlovid-ით მკურნალობა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის მარეგულირებელი ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მკურნალობა გადამწყვეტი იქნება მექსიკაში ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად. Pfizer-ის ცნობით, მათი აბები („პაქსლოვიდი“) კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.
ძლიერი შტორმის გამო ბათუმის საზღვაო აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მისივე ცნობით, გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. „7 იანვარს, ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი (რუსეთის მოქალეები). 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნავსადგურის მორიგე ოფიცერს დაუკავშირდა გემის კაპიტანი და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს. გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც მეტად დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა. ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. ამ მომენტისთვის ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის დასახმარებლად. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სრულად არის ჩართული პროცესში და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შიდა ქართლის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხაშურში, ქარელსა და გორში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება სოფელ რუისს. ხაშურში კი დენის გარეშეა დარჩენილი ბორჯომის, თაყაიშვილისა და არაყიშვილის ქუჩები. ასევე, სოფელი ცხრამუხა და მისი მეზობელი სოფლები. რაც შეეხება გორს, რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ენერგოპროჯორჯიაში აცხადებენ, რამდენიმე ტრანსფორმატორი და გამანაწილებელია გამორთული ავარიული დაზიანების გამო და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება გორის ერთ ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანს, წმინდა წყალს.
ჯანმო კორონავირუსის 2 წამლის განოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რეკომენდაცია გაუწია COVID19-ის სამკურნალოდ ორ ახალ წამალს - ბარიციტინიბი და სოტროვიმაბი. ბარიციტინიბი, პერორალური პრეპარატი, „მტკიცედ რეკომენდებულია“ მძიმე ან კრიტიკული პაციენტებისთვის და მიიღება კორტიკოსტეროიდებთან. სოტროვიმაბი რეკომენდებულია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი ან ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან. სოტროვიმაბი ორგანიზმში შეჰყავთ ერთჯერადი ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. ეს არის მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი და შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც კაზირივიმაბ-იმდევიმაბის ალტერნატივა, კიდევ ერთი მონოკლონური ანტისხეული, რომესაც WHO-მ რეკომენდაცია გაუწია 2021 წლის სექტემბერში. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ მაისში დაამტკიცა. FDA-მ 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულთა სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი დაამტკიცა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ ვაპირებ ახლა ამ სცენარების განხილვას. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენი ვალდებულება და საუბარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა ჩვენს მოკავშირეებთან, მოიცავს რუსეთისთვის ძალიან მკვეთრი ტკივილის მიყენებას, ძალიან სწრაფად, თუ რუსეთი ამ ნაბიჯს რაიმე ფორმით გადადგამს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ-ისა და ევროპის სასანქციო ზომა შეიძლება არ იყოს „იდენტური“. „ზოგჯერ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია, რაც ჩვენთვის უფრო რთულია, ზოგჯერ კი პირიქით“, - აღნიშნა ნულანდმა. ცნობისთვის, 14 იანვარს, CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, აშშ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის ამზადებს პროვოკაციას ოპერატიული საქმიანობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი სამხედროებით, რათა შექმნას საბაბი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმაც დაადასტურა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენის მრჩეველი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.