ძებნის რეზულტატი:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 ადამიანი გაათავისუფლეს. აცხადებენ, რომ სააგენტოში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი. 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.„რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას. რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული.ამასთან, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური), ვინაიდან, დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ.ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მზექალა შანიძეს 96 წელი შეუსრულდა

ენათმეცნიერი, ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია. „ფასდაუდებელია თქვენი სამეცნიერო ნაშრომები ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. თქვენ გამორჩეული მეცნიერი ბრძანდებით იმ უდიდესი წვლილის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა კვლევისა და გამოცემის საშვილიშვილო საქმეში შეიტანეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები თქვენს სამეცნიერო ნაშრომებს კიდევ უფრო მეტად დააფასებენ. თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობით მაღალი აკადემიური სტანდარტი დააწესეთ, რის გამოც სამაგალითო ბრძანდებით ყველა თაობის მეცნიერისათვის", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მილოცვის ტექსტში. მზექალა შანიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). 1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია. 2021 წელს გადაეცა თამარ მეფის ორდენი „ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 ადამიანი, 24 პაციენტი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 838 ტესტი, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 687 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 928 441, გარდაიცვალა 14 449 პაციენტი. 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის - 9.43% ხოლო 7 დღის - 9.60%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა - 768, იმერეთი - 483, ქვემო ქართლი - 189, შიდა ქართლი - 203, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 848, აჭარაში - 606, იმერეთში - 814.• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 108, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 ადამიანი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 50, იმერეთში - 27. 2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 - თბილისში, 568- აჭარაში. 46 327 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

მედიის ცნობით, ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც უკრაინის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ შეტევა განახორციელა, ბელარუსის დაზვერვასთან არის კავშირში

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერგეი დემედიუკი სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას ჰაკერების ჯგუფ UNC1151-ს უკავშირებს. ამის შესახებ ის Reuters-თან საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი, რომელიც UNC1151-ის სახელითაა ცნობილი, ბელარუსის დაზვერვასთან არის კავშირში. დემედიუკის ცნობით, ვებგვერდებზე არასანქცირებული წვდომის მოსაპოვებლად, ისეთივე პროგრამული უზრუნველყოფაა გამოყენებული, როგორსაც რუსული დაზვერვა იყენებს. ჰაკერებმა ათობით უკრაინული სამთავრობო ვებგვერდი 14 იანვარს გატეხეს. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარღმავების მიზნით, მალე უკრაინასთან შეთანხმება გაფორმდება.

საქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ კიბერშეტევები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. საგარეო უწყებამ განცხადება Twitter-ზე გაავრცელა. ​"საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

განათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის განახლების საკითხს განმარტავს

17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში გასაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. „მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში. მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ცირკულაცია იწყება

ტესტირების პროცესში სკოლის ექიმები ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხად, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში. „ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევებიც იმატებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია იწყება. სკოლებისთვის მთავარია ყველა იმ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა რომელიც მათ დანერგეს. მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა ტესტირების პროგრამაც აქტიურად გაგრძელდება. სკოლებში სკოლის ექიმები ჩაერთვებიან ტესტირების პროცესში და ესეც მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოახდინონ დიაგნოსტირება თუკი ასეთი რისკები იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

15 იანვარს კოვიდვაქცინით მხოლოდ 5053 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 053 ადამიანი აიცრა. სულ ქვეყანაში 2 609 515 აცრა გაკეთდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 307 729 ადამიანი - მოსახლეობის 45.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 191 003ადამიანი - მოსახლეობის 41.5%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 108 893 ადამიანს. ბოლო 24 საათში 5504 ინფიცირებული გამოვლინდა, 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 16 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 609 515 აცრა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება

ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება, შესაბამისად, ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. BBC-ის ცნობით, ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“, მაგრამ პატივს სცემს გადაწყვეტილებას. „მე ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის თაობაზე”, - ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში. ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა. ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს. ავსტრალიის ღია პირველობა კაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ (7) ნოვაკ ჯოკოვოჩმა მოიგო. ასევე წაიკითხეთ: სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ იზოლაციის წესები დაარღვია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდითი სამუშაო უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები, ამ დროისთვის, მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: თოვლისა და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ96 (ხაშური-ვალე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 მონაკვეთზე (ცაგერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ლაბორატორიულად „​ომიკრონის“ სულ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში 16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად „​ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული იყო 1185 შემთხვევა. გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში მოათავსეს. CNN-ის ცნობით, ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ შვილთან „წასვლას აპირებდა“. „მის გარეშე სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს. ყველაფერი, რასაც კი ვეხები, ნადგურდება. მე მხოლოდ მის გამო ვრჩებოდი, ახლა კი ისიც აღარ არის“, - წერდა შინეიდ ო'კონორი. მედიაში გავრცელებული ცნობით, შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ჩემმა მშვენიერმა შვილმა, ნევიიმ, ჩემი ცხოვრების სინათლემ გადაწყვიტა, დაესრულებინა თავისი მიწიერი ცხოვრება და ახლა ღმერთთან არის. მშვიდად განისვენოს და არავინ მიბაძოს მის მაგალითს. ჩემო პატარავ. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ მშვიდად იყავი", - დაწერა ო'კონორმა Twitter-ზე.

იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი, მოდის ლეგენდა ნინო ჩერუტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, იტალიელი მოდის ლეგენდა პიემონტის საავადმყოფოში, ბარძაყის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მან თავისი პირველი ბუტიკი პარიზში 1967 წელს გახსნა. „მოდაში რევოლუცია მოახდინა, როდესაც კაც და ქალ მოდელებს სთხოვა, რომ პოდიუმზე ერთი და იგივე ტანსაცმლით გასულიყვნენ“, - აღნიშნავს AFP. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო და საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხანას (Lanificio Fratelli Cerruti) ჩაუდგა სათავეში. ფილმ „ბონი და კლაიდის“ (1967). მთავარ გმირს სამოსი დიზაინერის საბრენდო მაღაზიაში - Cerutti 1881-ში შეურჩიეს, რომელიც პრემიერის შემდეგ, წლის ყველაზე მოდურ ტრენდად იქცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურო კარენ დონფრიდისა და მინისტრ ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია. „მდივნის თანაშემწე დონფრიდი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის მისი უფლებისადმი, აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ალიანსები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება

ტეხასის სინაგოგაში მძევლები 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში ოთხივე მძევალი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. კაცი პაკისტანელი მეცნიერი ქალი ციხიდან გათავისუფლებიას ითხოვდა. ააფია სიდიქი აშშ-ში გაასამართლეს და ავღანეთში, ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვის მცდელობისთვის, 86-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. FBI-ს ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა არ ასაჯაროებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უკვე გარდაცვლილია.

პატრიარქმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა. „განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“, - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა

„დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს „ომიკრონის“ ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძელმძღვანელმა. „დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის. არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები „ომიკრონის“ დროს, განსაკუთრებით აცრილებში და „ბუსტერით“ ვაქცინირებულებში. ამიტომ, „ბუსტერიზაცია“, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება - თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი2“-თან. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 ადამიანი, 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი: 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან

„ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში“, - ამბობს პროფესორი ჯულიან ჰისკოქსი, ლივერპულის უნივერსიტეტის ინფექციისა და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის თავმჯდომარე კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ 2022 წელს ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან. ბრიტანელის სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონზე, ზამთარში დღეში 200-300 იღუპება და არავინ ატარებს ნიღაბს, არც სოციალურ დისტანციას იცავენ. „მე ძალიან ოპტიმისტური ვარ განწყობილი, მალე ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა, რომელიც დაავადდება, მას ჩვეულებრივ, გართულების გარეშე გადაიტანს“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზაბეტ გროპელი. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. უახლოვდება თუ არა პანდემია ბოლო ფაზას - BBC

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა

პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, იტყობინება შსს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირება. უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას განვითარების დღევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა უკვე შეუდგა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის განხორციელებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ორიენტირებული ვართ განვითარების გრძელვადიან, მდგრად, ინკლუზიურ პროცესზე, რომელმაც ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. მჯერა და ველით, რომ ამ პროცესშიც ტექნიკური უნივერსიტეტი წამყვან როლს შეასრულებს. რა თქმა უნდა, ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი - მეცნიერების, პედადოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. დაბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მადლობას გიხდით ამ შრომისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.