თეგი: სლოვენია
კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები 15 მარტს კიევს ეწვევიან. ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას დააფიქსირებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდებიან. „ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს ჩვენ წარმოვადგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ვიზიტის შესახებ უკვე ეცნობა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის რამდენიმე გარეუბანზე დარტყმები გააძლიერეს.
ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან
ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა. „ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან
ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა ბერლინში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს. იუწყება უკრაინული მედია. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის იარაღის ერთობლივად გადაცემის საკითხი... განვიხილავთ სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს“, - განაცხადა გოლობმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სლოვენიამ უკვე გაუგზავნა მძიმე იარაღის პარტია უკრაინას, მაგრამ შემდგომი პროცესი გადაიდო ხელისუფლების ცვლილების გამო. ახლა კი, პრემიერი პროცესის დაჩქარებას ელის. თავის მხრივ, შოლცმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნები „სწრაფ პროგრესს ერთად მიაღწევენ". კანცლერმა ხაზი გაუსვა პარტნიორების მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინას - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დახმარებით. სლოვენია უკრაინაში 30 T-72 ტიპის ტანკის გაგზავნას და გერმანიიდან ახალი აღჭურვილობის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბერლინმა მხოლოდ 15 ლეოპარდ-2A4 ტიპის ტანკი შესთავაზა . მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს.
სლოვენია კიევს ახალ სამხედრო დახმარებას ჰპირდება და უკრაინის რეკონსტრუქციაშიც ჩაერთვება
სლოვენია უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის მიზნით, კიევს აღჭურვილობას გაუგზავნის და უკრაინის, კერძოდ კი, ქალაქ ხარკოვის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის კიევში ვიზიტისას გახდა ცნობილი. „თუ გადავხედავთ სლოვენიის ზომას, სლოვენიის ეკონომიკის ზომას და შევადარებთ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყანამ გაუწია უკრაინას, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, მივხვდეთ, რა გააკეთა ამ ქვეყანამ ჩვენთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სლოვენიის მთავრობა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალ პაკეტს განიხილავს. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სთხოვა სლოვენიას უსაფრთხოების დამატებითი დახმარება. „ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ჩვენ გამოვყოფთ 8 მილიონ ევროზე მეტს და ასევე გავითვალისწინებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინისა და მისი მოქალაქეების დასახმარებლად მომავალში“, - განაცხადა ფაიონმა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე", - აღნიშნა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, სლოვენიამ უკრაინაში გაგზავნა საბრძოლო მასალა და 35 ქვეითი საბრძოლო მანქანა. გარდა ამისა, სლოვენია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ტექნიკის გაცვლაზე. აღინიშნა, რომ სლოვენია უკრაინას გადასცემდა ტანკების დიდ რაოდენობას და სანაცვლოდ მიიღებდა გერმანულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს.
სლოვენიამ უკრაინას 28 ერთეული M-55S-ის ტიპის ტანკი გადასცა
სლოვენიამ უკრაინას, იარაღის მეორე დიდი პარტია გაუგზავნა და კიევს 28 ერთეული M-55S-ის ტიპის ტანკი გადასცა. სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტანკები, რომელთა უზრუნველსაყოფად გერმანიასთან ხელშეკრულება დაიდო, წარმატებით გადაიტანეს უკრაინაში. „ეს ტანკები სლოვენიის არმიის რეზერვში იყო და ახლა ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვას“, - ნათქვამია სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სლოვენია უკრაინას, 28 ერთეულ M-55S-ის ტანკს, გერმანიიდან აღჭურვილობის მიღების სანაცვლოდ დაჰპირდა. სლოვენიამ გერმანიისგან 35 მძიმე 8x8 სატვირთო მანქანა და ხუთი მძიმე 8x8 წყლის ავზი საშუალო ბატალიონის ჯგუფის შესაქმნელად მიიღი. გაცვლის ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სექტემბერში მოაწერეს ხელი. ეს არის სლოვენიის სამხედრო მხარდაჭერის მეორე მნიშვნელოვანი პარტია უკრაინისთვის. ივლისში სლოვენიამ უკრაინაში 35 ერთეული BVP M80A ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა. M-55S არის მოძველებული საბჭოთა T-55 ტანკის განახლებული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 105 მმ დამცავი იარაღით, აქტიური ჯავშნით და გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით.
პირც მუსარი, სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნატაშა პირც მუსარმა გაიმარჯვა. ამას მოწმობს კენჭისყრის წინასწარი შედეგები. ამ დროისთვის ბიულეტენების 92,65%-ი დათვლილია. მუსარი ბალკანეთის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ადვოკატმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა, ნატაშა პრიც მუსარმა ხმების 53,98% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარამ კი ხმების 46,02%-ი. არჩევნების პირველი ტური 23 ოქტომბერს გაიმართა. 50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს
სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის იმპორტისა და მოხმარების სტრატეგიისთვის გადაგვეხედა. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად. გაზის იმპორტი სტაბილურია და ამ დრომდე არ გვქონია მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები, ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ი (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი), რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.
სლოვენიაში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს
სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ლუბლიანაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. ჯაშუშობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არაოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა (მათგან ერთს არგენტინის მოქალაქეობა აქვს) ყალბი პირადობის ქვეშ მუშაობდა და ლუბლიანას რაიონში ნაქირავებ ოფისში დააკავეს. ლუბლიანას რაიონულმა სახელმწიფო პროკურატურამ სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით წინასწარი საქმის წარმოება დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ეს ორი აგენტი დასაქმებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში, GRU-ში და მუშაობდნენ „მძინარე აგენტის" პროგრამით. ამ აგენტების უმეტესობას აქვთ ყალბი დოკუმენტები და მესამე ქვეყნების მოქალაქეობა, ხშირად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და მათი უმეტესობა GRU-ს სამხედრო დაზვერვის ქვეშ მუშაობს.
სლოვენიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის წინსვლას NATO-სა და ევროკავშირისკენ
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის სვლას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. ჩეხეთის, ბელგიის, მონტენეგროს, ლიეტუვის, პოლონეთის, იტალიის, ლატვიის და ისლანდიის შემდეგ, სლოვენია მეცხრე ქვეყანაა, რომელიც ხელს აწერს მსგავსი შინაარსის დეკლარაციას. სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში. ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება
სლოვენიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის ინიციატივას შეუერთდეს. ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) პროექტში ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ნორვეგია უკვე მონაწილეობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სლოვენიის პრესის სააგენტო (STA) იტყობინება. „მთავრობამ ხუთშაბათს განიხილა პროექტი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრი მარჯან სარეჩი ხელს მოაწერს პროექტს ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), მთავრობა მას დაამტკიცებს“, - განაცხადა სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ. უკრაინაში ერთი მილიონი საბრძოლო მასალის სწრაფი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაამტკიცა. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპენსაციისთვის გამოეყოთ ერთი მილიარდი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, და ერთი მილიარდი ევრო, რათა გაზარდონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები საარტილერიო ჭურვების წარმოებაში. ისინი უკრაინაში და ევროკავშირის მარაგების შესავსებად.
სლოვენიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც სლოვენია ჰოლოდომორს გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილების გამო, სლოვენიას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „მადლობელი ვარ სლოვენიელი პარლამენტარების, რომ მიიღეს დეკლარაცია, რომელიც პატივს სცემს 1932-1933 წლებში უკრაინაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას“, - წერს ზელენსკი. რამდენიმედ დღის წინ, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად საფრანგეთმაც აღიარა.
ზელენსკი მომდევნო ვიზიტს სლოვაკეთში განაგრძობს
ბულგარეთისა და ჩეხეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთს ეწვევა. „შემდეგი არის სლოვაკეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრატისლავაში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან, პრემიერ-მინისტრ ჩუდოვიტ ოდორთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ბორის კოლართან. ჩვენს სანდო მეზობელთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის კონკრეტულ თავდაცვის მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე; NATO-სამიტზე, მშვიდობის ფორმულაზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქული მედიის ცნობით, ზელენსკი 7 ივლისს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერრდოღანს შეხვდება. მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად.
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „მადლობელი ვარ სლოვენიის მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის, იმისთვის, რომ შეუერთდა „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს,“ - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
სლოვენიის სახელმწიფო მინისტრი: უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება
ევროპულ საკითხებში სლოვენიის სახელმწიფო მინისტრმა, მარკო შტუცინიმ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა, რომ დღევანდელ მინისტერიალზე განიხილება ორი მთავარი საკითხი. „ველოდები, რომ დღეს განვიხილავთ ორ მთავარ საკითხს. ერთ-ერთი არის ევროკავშირის რეფორმა და მეორე ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ამას ასე ვხედავთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა მივიღოთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ერთი არის ის, რომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ, ეხება ევროკავშირის რეფორმირებისთვის დროის ჩარჩოს განსაზღვრას, ანუ იმის განსაზღვრას, რასაც ჩვენ მომდევნო წლებში გავაკეთებთ. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე და დისკუსიებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ევროკავშირი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში,“ – განაცხადა მარკო შტუცინიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროგრესის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერას. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება სლოვენიის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მანვე სლოვენიის რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი − ბლაჟ მასლე; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები − მატეი ტონინი და ალექსანდერ პროსენ კრალი; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივანი − ურშულა ზორე თავჩარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში − ირაკლი კოპლატაძე.
სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთში ორგანიზებული დანაშაული მატულობს, ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულნი და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან. „კონფლიქტის ზონებიდან სხვადასხვა ტერორისტული და ექსტრემისტული მოძრაობისა და დაჯგუფების წევრები, მათი ქმედებების შედეგების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხის შელახვის განზრახვით, გადაადგილდებიან. არსებობს რისკი, რომ ასეთი ადამიანები შეუერთდებიან მიგრაციულ ნაკადებს და შეეცდებიან სლოვენიაში არალეგალურად შესვლას,“ - ნათქვამია სლოვენიის მთავრობის განცხადებაში. სლოვენიის მთავრობამ 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ დროებითი სასაზღვრო კონტროლი 30 ოქტომბრამდე შემოეღო მას შემდეგ, რაც მისმა მეზობელმა იტალიამ შიდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სასაზღვრო გადასასვლელზე კონტროლი დააწესა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
სლოვენიური კომპანია უკრაინას სადაზვერვო დრონებს უგზავნის
სლოვენიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა C-Astral-მა უკრაინას სადაზვერვო დრონები გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინული მედია Defense News-ზე დაყრდნობით წერს. ბოლო კვირებში უკრაინას სლოვენური წარმოების სადაზვერვო დრონი სისტემები (Bramor C4EYE/Belin) მიეწოდება. კომპანია დრონების გადაცემის ზუსტ თარიღსა და გადაცემული დახმარების ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს. Belin-ის ტიპის დრონები ძირითადად სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენება. ხსენებული დრონის სისტემას სამი საათის განმავლობაში 40 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეუძლია. სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს დრონების გადაცემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და გაურკვეველია, C-Astral-მა დრონები დამოუკიდებლად მიაწოდა უკრაინას თუ მთავრობასთან თანამშრომლობით.
უკრაინა ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციისთვის სლოვენიისგან 1,5 მილიონ ევროს მიიღებს
უკრაინა სლოვენიიდან ჰუმანიტარული განაღმვის საჭიროების დასაკმაყოფილებლად 1,5 მილიონ ევროს მიიღებს შეთანხმებას ხელი მოაწერეს სლოვენიის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიი ტარანმა და სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან და მრავალი უკრაინელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას,“ - განაცხადა იულია სვირიდენკომ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, შეიმუშაოს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები და დაიწყოს პროექტები, რომლებიც დააკმაყოფილებს გადაუდებელ საჭიროებებს და საფუძველს ჩაუყრის ამ სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობას,რასაც აკეთებს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და დიალოგით. ამ დროისთვის უკრაინა ყველაზე დანაღმული ტერიტორიის მქონე ქვეყანა. მისი ტერიტორიის თითქმის მესამედი, დაახლოებით 174,000 კვადრატული კილომეტრი, პოტენციურად საშიშად ითვლება. უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების 80%-ის ეკონომიკურ ექსპლუატაციაში დაბრუნებას 10 წლის განმავლობაში. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და ამერიკული კომპანია Tetra Tech შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაღმებისგან გაწმენდის მიზნით ითანამშრომლებენ
უნგრეთი, სერბეთი და სლოვენია ელექტროენერგიას გაცვლიან
უნგრეთის, სერბეთისა და სლოვენიის ელექტროენერგიის ერთობლივი სავაჭრო ბირჟა ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა. „კარგი ამბავია, რომ ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ინტეგრირებული ბირჟის შექმნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ქვეყნებს შორის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალურ ევროპას, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები არ არის, ამიტომ, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება აქ კიდევ უფრო დიდია. კორპორატიული და ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღეს სლოვენიამ, სერბეთმა და უნგრეთმა. „მთავრობების მიერ ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდეგ, სამი ქვეყნის ერთობლივი ენერგო ბირჟა შეიძლება, ამოქმედდეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა სიიარტომ.
სლოვენიამ რუსი დიპლომატი გააძევა
„დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის“ გამო, სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუბლიანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იუწყება STA. თანამშრომელმა სლოვენია 28 მარტამდე უნდა დატოვოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. სლოვენია მეოთხე ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც გასულ კვირაში რუსი დიპლომატები გააძევეს. 19 მარტს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის „არჩევნების“ ორგანიზებაში დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. ასევე 19 მარტს ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო ქვეყნიდან გააძევა. 13 მარტს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ, ასევე - “დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო.“ ეს ფორმულირება ჩვეულებრივ გამოიყენება, როდესაც საქმე ეხება ჯაშუშობაში მონაწილეობას ან უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებში მუშაობას. ავსტრიაში რუსეთის საელჩომ ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური" უწოდა, რუსეთის საგარეო უწყება კი, საპასუხო ზომებით დაიმუქრა.
აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
აზერბაიჯანი გახდა დამატებითი შესაძლებლობა სლოვენიისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბოიან კუმერმა. მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) გაფორმებულ ბოლო შეთანხმებას, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს ქვეყნის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ლუბლიანაში საუბრისას კუმერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გარიგება გზას გაუხსნის გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას არამხოლოდ ორ კომპანიას, არამედ, ორ ქვეყანას შორისაც. „ამის წყალობით, ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ და უსაფრთხოდ მივაწოდეთ სლოვენიას ბუნებრივი აირი მომავალი ზამთრისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა. კუმერმა ასევე გაამხილა, რომ 2024 წლის 17 ივლისს ბაქოში ვიზიტის დროს მან მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, რათა შეესწავლა ორივე ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვა სფეროებში, როგორიცაა, წყალბადი, ხელოვნური ინტელექტი და განახლებადი ენერგიის წყაროები. ცნობისთვის, სოკარმა სლოვენიაში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო. მანამდე, 17 ივლისს SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანია Geoplin-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. SOCAR-მა არ გაასაჯაროვა სლოვენიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა. „სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს,“ განაცხადა SOCAR-მა. აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 2023 წელს 5,3%-ით გაიზარდა და მან 23,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 3,5%-ით გაიზარდა და მან 11,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია იმავე წელს. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი 2024 წელს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს განახორციელებს, მათ შორის, 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროპისკენ წავა. ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს