ძებნის რეზულტატი:

გავრილოვის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს არ გადაუხვევს, ფრენების აღდგენა შესაძლებელი იქნება

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, „ფორმულას“ ცნობით, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს „არ გადაუხვევს და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი". თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

რომის პაპი: უკრაინაში არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი „არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია. მან უკრაინას „წამებული ქვეყანა“ უწოდა, სადაც „ცრემლებისა და სისხლის მდინარეები მოედინება“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გასულ კვირას, რომის პაპმა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა. კრემლი ამტკიცებს, რომ მისი შეჭრა უკრაინაში არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც უკრაინის „დემილიტარიზაციისთვის“ დაიწყო.

აჰმადინეჟადი ზელენსკის: ირანი თქვენ გვერდით დგას და აღფრთოვანებულია თქვენი გმირული გამძლეობით

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. „დიდი ერის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუპოვარმა და დიდებულმა ბრძოლამ, კაცობრიობის მტრების ეშმაკისეული შეთქმულება გააშიშვლა. გჯეროდეთ, რომ ირანის დიდი ერი დგას თქვენ გვერდით და აღფრთოვანებულია ამ გმირული გამძლეობით“, - წერს ირანის ყოფილი პრეზიდენტი Twitter-ზე.  

ევროკავშირი რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

ევროკომისიამ გადაწყვიტა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსულ სუბიექტებთან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა შეწყვიტოს. შედეგად, ევროკომისია ევროკავშირის 95,5 მილიარდი ევროს ღირებულების კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რუსულ ორგანიზაციებთან ახალ კონტრაქტებს ან ახალ შეთანხმებებს არ გააფორმებს.  „ეს არის თავდასხმა თავისუფლების, დემოკრატიისა და თვითგამორკვევის ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებსაც ეფუძნება კულტურული გამოხატულება, აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლება და სამეცნიერო თანამშრომლობა. ჩვენ, ევროკავშირი, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისარმა მარია გაბრიელმა.

აშშ ევროპელ მოკავშირეებთან მუშაობს, რომ „რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს ევროპაში თავის მოკავშირეებთან ერთად, რათა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა განიხილოს. „რაც შეეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს, მე გუშინ ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტს და კაბინეტის სხვა წევრებს ზუსტად ამ თემაზე. ახლა ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად შევხედოთ პერსპექტივას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ“,- განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ენტონი ბლინკენმა 5 მარტს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება.    

ერდოღანი პუტინს მოუწოდებს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და „გზა გაუხსნას მშვიდობას“

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ პრობლემებს და პოლიტიკურ გადაწყვეტას გზას გაუხსნის. CNN-ის ცნობით, ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, „გზა გაუხსნას მშვიდობას“. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, ყველანაირი წვლილი შეიტანოს უკრაინის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის.  ერდოღანმა ხაზი გაუსვა „გადაუდებელი ნაბიჯების მნიშვნელობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინულ მხარესთან და სხვა ქვეყნებთან. ამასთან, „აგრძელებს ძალისხმევას ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გამართვისა და შედეგების მისაღწევად“. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს ტვიტერზე დაწერა, რომ ერდოღანთან რეგულარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „მადლობელი ვარ თურქეთის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საომარი მოქმედებების დასრულებას“, - დაწერა ზელენსკიმ. კრემლის განცხადებით, პუტინმა უთხრა ერდოღანს, რომ რუსეთი შეაჩერებს „სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას და თუ მოსკოვის მოთხოვნები დაკმაყოფილდება. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში და კარგი კავშირები აქვს ორივესთან. ანკარამ რუსეთის შეჭრას მიუღებელი უწოდა და მოლაპარაკებების მასპინძლობა შესთავაზა, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა. პატრიარქმა მრევლს შენდობა სთხოვა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა შეუნდობელი არ დარჩეს. "სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისაკენ ზოგი უმცირესობისაკენ და ჩვენ უყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია. აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისათვის. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის. ყოველდღე ჩვენ რამდენჯერმე ვლოცულობთ „მამაო ჩვენოს“ – „და მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მოუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადები ჩვენი - ეს არის ვალი ჩვენი და მოგიტევებთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა. არ შეიძლება, ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვას იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი? უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდაი ცოდვასა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება. დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია ერთმანეთისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისა ჩვენისა და უპირველეს ყოვლისა მე მინდა, გთხოვოთ შენდობა. ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა. ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით.

ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა

ისრაელი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის ძალისხმევას მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოულოდნელი მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ. უკრაინამ შუამავლის როლის შესრულება უკრაინამ სთხოვა. ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა. „იმ დროს, როდესაც თუნდაც მცირე შანსი არსებობს და ჩვენ გვაქვს წვდომა ყველა მხარესთან, მე მიმაჩნია, ჩვენი ვალია, მცდელობა არ დავაკლოთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში, ირანის განლაგების წინააღმდეგ. ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში    

ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ, რადგან აშშ და მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად. „ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის. რა ვქნათ? როგორ დავეხმაროთ, რათა დანაკლისი შეავსონ“, - განაცხადა ბლინკენმა CBS News-თან. თეთრი სახლის პრესსპიკერმა CBS News-ს განუცხადა,  რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აფასებს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობებს, თუ ის გადაწყვეტს თვითმფრინავების გადაცემას უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც წარმოიქმნება ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შორის ის, თუ როგორ შეძლებენ თვითმფრინავების გადაყვანას პოლონეთიდან უკრაინაში. ბლინკენმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „ერთად მუშაობენ" რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას აქტიურად ითხოვდა. 5 მარტს, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამართეს, სადაც ეს საკითხიც განიხილეს. ბლინკენმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად, ამ თემაზე ყოველდღიურად მუშაობდა.

BBC მაკრონი-პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს

BBC ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებზე წერს. მაკრონის ოფისის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმა და უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც დაბომბვამ გამოიწვია ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ადგილზე. პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ რუსეთი არ ცდილობდა ატომურ სადგურებზე თავდასხმას. პუტინმა ასევე განუცხადა მაკრონს, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს „მოლაპარაკების ან ომის გზით“. კრემლში კი აცხადებენ, რომ პუტინი ატომური სადგურის ინციდენტში უკრაინელებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს „უკრაინელი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია“ იყო. პუტინმა მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჩავარდნაში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანებს ქალაქების დატოვების ნებას არ აძლევდნენ.  აღსანიშნავია, რომ მაკრონი პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის არაერთხელ ესაუბრა. ემანუელ მაკრონი: ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე მაკრონი პუტინს მესამედ ესაუბრა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

თამაზ გაიაშვილის აზრით, უნდა შევეშვათ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ძახილს და NATO-სკენ სწრაფვას“

ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის აზრით, უნდა შევეშვათ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ძახილს და NATO-სკენ სწრაფვას“. „თურმე დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობამ სთხოვა დახმარება რუსეთს, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, უფრო მეტიც, საქართველოს დასავლური კურსის შეცვლას ითხოვს. რვაწლიანმა ომმა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ერთხმად მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ, ვინაიდან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო…უკრაინა 2004 წლის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციისა და მაიდანის სახელით ცნობილი 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, წელში ვერ გაიმართა. ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივებაში, NATO-სკენ აკვიატებულ სწრაფვაში, „სლავა უკრაინეს“ გაუთავებელ ძახილსა და რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში, ქვეყანა სამოქალაქო ომის გზას დაადგა. და, აი, შედეგიც… ჩვენი მწარე გაკვეთილიდან უკრაინელებმა საჭირო დასკვნა ვერ გააკეთეს და მოლიპულ გზას დაადგნენ, რამაც ჩვენსავით უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა. ახლა უკრაინის მაგალითიდან მაინც გავაკეთოთ დასკვნა, რომ რუსეთთან, ვისთანაც 600-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, დაპირისპირება ხეირს არ მოგვიტანს… „რუსეთი ოკუპანტია“ და ა.შ. არასწორი მსჯელობაა. რუსეთის ოკუპანტობა რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ბანაკისკენ ჩვენი გაუთვლელი და ჩვენთვისვე დამანგრეველი სწრაფვის შედეგია… რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ NATO-სკენ სწრაფვა ჩვენი ხელით NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მიტანას ნიშნავს. საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას რომ დადგომოდა, დღეს ტერიტორიულად მთლიანი, აღორძინებული და წელშიგამართული სახელმწიფო იქნებოდა… სასწრაფოდ არის დასაწყები რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობა,სრულფასოვანი სატრანსპორტო კომუნიკაცია, სარკინიგზო მაგისტრალი. ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არა ის, რა გზასაც საქართველო და უკრაინა დღემდე ადგნენ და, რამაც ორივე სახელმწიფო ნგრევამდე მიიყვანა… საქართველოს საგარეო კურსი ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს. დროა, გონს მოვეგოთ!”, – აცხადებს გაიაშვილი „კვირასთან“

უკრაინა საქართველოზე: სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება რუსეთთან, რომლის ძალებიც კლავენ უდანაშაულო მოსახლეობას, აბსოლუტურად მიუღებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საჯაროდ გაემიჯნოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს „ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და სჩადის ომის დანაშაულებს უკრაინაში“. სამინისტროს თქმით ეს გადაწყვეტილება დამატებით რესურსებს აძლევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად, ხოლო ამ ვაჭრობით მიღებული სარგებელი გაჟღენთილია უკრაინელების სისხლით“. „რუსეთმა ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როცა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს. კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს, ბომბებით ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომლის გადატანაც ახლა უკრაინელებს უწევთ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დაივიწყა და ახლა, ისინი ცდილობენ, გამოიყენონ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, როსსელხოზნადზორი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს.  ამავე თემაზე: რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ უკრაინული UNIAN-ი წერს.  „როგორ შეიძლება, უკრაინის ცა დაიხუროს და რუსული თვითმფრინავებისგან გაიწმინდოს, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ესეც უკიდურესად რთული საკითხია“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მან უკრაინელებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ NATO-სთვის უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნა. ადრე თუ გვიან ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამა თუ იმ გზით, რომ უკრაინის ცაზე არსებულ სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ შევცვლით, მაგრამ ამისთვის მუდმივი ზეგავლენაა საჭირო“, - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს.

გაერო უკრაინაშ 364 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება, თუმცა განმარტავს, რომ რეალური მაჩვენებელი „საკმაოდ მაღალი“ იქნება

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია განაახლა. ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება. მათ შორის, 25 ბავშვია, 759 ადამიანი კი, დაშავდა. გაეროს ოფისი აქვე განმარტავს, რომ რეალური მაჩვენებლები სავარაუდოდ „საკმაოდ მაღალი“ იქნება. „მოქალაქეებში მსხვერპლის უმეტესობა გამოიწვია სხვადასხვა იარაღის გამოყენებამ, მათ შორის საარტილერიო ცეცხლის გახსნამ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებამ (სარაკეტო არტილერიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს გამშვებ დანადგარს, რეაქტიულ ჭურვებს (რაკეტები, რეაქტიული სიღრმული ბომბები) ასევე, დამხმარე საშუალებებს დამტენი-მომარაგების მანქანის და სხვა საარტილერიო დანადგარების სახით). სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა“, - იუწყება გაეროს ოფისი.

American Express-ი რუსეთსა და ბელორუსში ოპერაციებს აჩერებს

American Express Co-მ (AXP.N) კვირას განაცხადა, რომ ის აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელორუსში. American Express-ი უერთდება დასავლურ კორპორაციებს,. რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბოიკოტს შეუერთდნენ.  „რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული, გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციას ბელორუსში“,  - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. American Express-მა განაცხადა, რომ მისი  ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთში სავაჭრო ობიექტებში ან ბანკომატებში. გარდა ამისა, რუსეთში რუსული ბანკების მიერ გაცემული ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ American Express-ის ქსელში. კომპანიამ განაცხადა, რომ მან უკვე შეაჩერა ურთიერთობა რუსულ ბანკებთან, რომლებიც დაზარალდნენ აშშ-ისა და დასავლეთის სანქციებით.  Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ

თუ რუსეთი ზელენსკის მოკლავს, რა შედეგი მოჰყვება ამას, მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე - CBS News-ის შეკითხვა ენტონი ბლინკენს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს მისი ბოლო დღეები. თუ რუსეთი მოკლავს მას, რა შედეგი მოჰყვება ამას? და მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე, რათა მხარი დაუჭიროთ უკრაინის მთავრობას მის გარეშე? ამ შეკითხვით CBS News-ის წამყვანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიმართა. საერთაშორისო მედია: ბლინკენის თქმით, უკრაინელებს აქვთ „მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა ზელენსკის მოკვლის შემთხვევაში ენტონი ბლინკენი: ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, მთელმა მთავრობამ აჩვენა, შთამბეჭდავია. ისინი წარმოუდგენლად მამაც უკრაინელ ხალხს წარმოადგენენ. სულ რაღაც ერთი დღის წინ, ჩემს მეგობარს, დმიტრო კულებას უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შევხვდი. უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, რომ დავრწმუნდე, არსებობს ის, რასაც ჩვენ ასე თუ ისე, ვუწოდებთ „ხელისუფლების უწყვეტობას“. როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკული ავიამზიდი განლაგდა - საერთაშორისო მედია

ამერიკული ავიამზიდი USS Harry S. Truman განლაგდა ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, საბერძნეთის კუნძულ თასოსთან.  ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მისივე თანახმად, „შეერთებული შტატების მოიერიშე თვითმფრინავები ხშირად აწარმოებენ საჰაერო პატრულირებას შეკავების გაძლიერების მიზნით და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ შედის კონფლიქტში“. მოიერიშე თვითმფრინავები ამჟამად რუმინეთის თავზე NATO-ს მისიის ფარგლებში დაფრინავენ, იუწყება თავის მხრივ CNN, რომელიც წერს, რომ ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში 5 მარტს შევიდა.  ასევე წაიკითხეთ: თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters „ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ქვეყანა, აქვთ თუ არა მათ სანაპიროები შავ ზღვაზე, არ გაუშვან სამხედრო ხომალდები სრუტეების გავლით“, - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს პირველ მარტს, ანკარაში. 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“. როგორც ცნობილია, პენტაგონი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაზარდოს აშშ-ის გრძელვადიანი სამხედრო ყოფნა ევროპაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო  

ვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს

ვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს. მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონი გახდა ომის შესახებ ე.წ. ფეიკ-ნიუსების აკრძალვის შესახებ. „ამ კანონის მიღების შემდეგ, სხვა არჩევანი არ გვრჩება,“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას

"უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას, ასობით მსხვერპლს და ათასობით ადამიანისთვის მიყენებულ ტანჯვას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. „ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ჩვენ არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: თუ რუსეთი ზელენსკის მოკლავს, რა შედეგი მოჰყვება ამას, მუშაობთ თუ არა საგანგებო გეგმაზე - CBS News-ის შეკითხვა ენტონი ბლინკენს