ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა ევროპის მოქალქეებს, რომლებსაც მოსკოვში სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად" მიიჩნევენ, თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა. თუ ვის დაუწერსეს სანქციების, ცნობილი არ არის. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. როგორც კრემლის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. „ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იქვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს. ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთი სამაგიერო სანქციების შემოღებას აპირებდა. გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომელთა ლაბორატორიებმა მიაგნეს ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ კვალს. შხამის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც. აღნიშნული ორგანიზიაც რუსეთმა 21 დეკემბერს ცალკე განცხადებაში გააკრიტიკა. . ელჩები სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ნავალნიმ გამოაქვეყნა თავისი საუბრის ჩანაწერი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნავალნის უთვალთვალებდნენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის ეფ-ეს-ბე-მ განაცხადა, რომ ჩანაწერი ფალსიფიკაციაა. რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია თავისი ვერსია, რა დაემართა ნავალნის 20 აგვისტოს.
ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა
"მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე. გომელაურის თქმით, პოლიციის შენობების განახლება და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი აღჭურვა იგეგმება. "გაგრძელდება ავტოპარკის განახლება როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალური დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ესეც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23 იზოლატორში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ 7 იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მიგრანტებისთვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორი ახალციხეში,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა. მისივე განცხადებით, დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება. ყველა მსხვილ ქალაქში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი შეიქმნება, რომელიც სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება. "დაინერგება დანაშაულის შესახებ პოლიციის ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა. დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაინერგება სახის ამომცნობი ვიდეო-ანალიტიკური სისტემა (NEC)“. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი; დანაყოფები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით; დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა; გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით" - აღნიშნა გომელაურმა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. „საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. გაძლიერდება პრევენციული მიმართულება, განვითარდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა. გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომლის უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა. გაიზრდება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობა და სრულად მოიცავს თბილისსა და საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქს. განხორციელდება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების საფუძველზე. რეფორმა გამომძიებლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას და, საბოლოო ჯამში, გამოძიების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტის ჩართულობით სამოქმედო გეგმის შემუშავება. კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და ამ მიზნით გაძლიერდება ადამიანის დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი: ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში, თუმცა საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება
BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს უგურ შაჰინს გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ვაქცინიდან რა პერიოდის შემდეგ შეძლებდა მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. ამის შესახებ Guardian-ი წერს. მისი თქმით, „ახალი განმარტებაა საჭირო სიტყვა - „ნორმალურისთვის“. „ვირუსი ჩვენთან იქნება მომავალი 10 წლის განმავლობაში. უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ კვლავ იქნება ეპიდაფეთქებები. თუმცა ახალი ნორმა იქნება - ბიზნესები არ ჩაიკეტება, მოსახლეობა სრულ კარანტინში არ გადავა და საავადმყოფოები აღარ გადაიტვირთება“, - განაცხადა შაჰინმა.
2021 წელს თავდაცვის სამინისტრო ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შეიძენს
2021 წელს თავდაცვის სამინისტრო ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შეიძენს. ინფორმაციას სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ასაჯაროებს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას.
ამერიკის საელჩო: ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა
ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ნაწილია. ამერიკის საელჩოს ცნობით, აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად. „გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძე: წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან
წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი იგივე მაღაზიებში, რომ გაიხსნება. არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული რომ ჩვენ მაქსიმალურად იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და მივცეთ ამოსუნთქვის შესაძლებლობა. „რა თქმა უნდა, ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებში ჩვენ გვექნება ზრდის გარკვეული ტენდენცია ისევ, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რათა ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ მეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მაკა ფერაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა. მაკა ფერაძეს ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პროფესიით სამართალმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მაკა ფერაძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, მუშაობდა უწყების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილებასა და ადმინისტრაციაში. საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მისი აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციის, სამართალწარმოებაში ჩართული არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და საქართველოს ადამიანის უფლებების სტრატეგიის მიზნების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მაკა ფერაძეს ასევე აქვს საკუთარი სპეციალობით კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მაკა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე ანა ბუჩუკური შეცვალა, რომელიც საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. მისი განმარტებით, აქტიურად სრულდება 3-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა და შეაჯამა სამინისტროს მიღწევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. „საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საერთაშორისო წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხებს. მან საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. მისი განმარტებით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება. ღარიბაშვილმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესზე, საარტილერიო კომპონენტის განვითარებასა და, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ჯარის აღჭურვაზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი, თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს, ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა 2020 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის, სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების, ასევე სამხედრო განათლების სისტემის სრულყოფის საკითხები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროების სახელფასო, კვებითი და სამედიცინო პირობების გაუმჯობესების, საბინაო და განათლების შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის კუთხით. მან დაჭრილ/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებზეც ისაუბრა. დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და გეგმების იმპლემენტაციის შედეგად, ჯარის ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას. „მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა იგეგმება
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გაგრძელდება საარტილერიო კომპონენტის განვითარება და იგეგმება საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება.
კახა კახიშვილი: ბოლო დროს ვხედავთ პოლიციელებზე გახშირებულ დარტყმებს, რაც იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას
"ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს, როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. მისი თქმით, კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, კანონს არღვევენ. "ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მათ ზურგზე გადადის თუნდაც ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გვძინავს და გადავადგილდებით ქუჩებში. ხშირად, როდესაც მანქანით მიწევს სიარული, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში, ვხედავ, რომ ადამიანები დგანან და ქუჩაში ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბუნებრივია, იმ ადამიანებს კიდევ, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რეალურად, ღამეები არ ძინავთ იმისთვის, რომ აგვაცილონ კრიმინალური შემთხვევები ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცულნი კონკრეტულად პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - განაცხადა კახიშვილმა. კახა კახშივილმა გაწეული საქმიანობისთვის ყველა პოლიცელს მადლობა გადაუხადა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა. დეფაქტო რეჟიმმა ის ქართულ მხარეს უკვე გადმოსცა. სუსის ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის. ე.წ სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჯანდაცვის კომიტეტეტში COVID19-თან ბრძოლის საკითხებზე საბჭო შეიქმნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს COVID19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს. „საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ექსპერტების გამოცდილებას, რესურსს, მათ ჩართულობას. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი დგას ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ მძიმე გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შეგვექმნა საბჭო, სადაც გაერთიანდებოდნენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტები: ეპიდემიოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისი კორონავირუსის ახალი შტამზე მსჯელობისთვის შეიკრიბება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი კორონავირუსის ახალი შტამის საკითხის განსახილველად შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ჯანდცავის მფოლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. კლუგეს თქმით, შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ვიდრე არ გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია, მოგზაურობის შეზღუდვები გავრცელების შესაკავებლად გონივრულია. გადაუდებელი აუცილებლობის ტვირთების ტრასპორტირება და მგზავრობა შესაძლებელი უნდა დარჩეს“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ბბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.
რიო-დე-ჟანეიროს მერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
რიო-დე-ჟანეიროს მერი, მარსელო კრიველა კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მერი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. კრიველა მეხუთე მაღალჩინოსანია, რომელიც ბრაზილიის მთავრობამ, კორუფციის ბრალდებით დააკავა. ბრალდების თანახმად, მერის სახელს უკავშირდება რიო-დე-ჟანეიროში ფულის გათეთრების საქმე, რომელიც მოსყიდვის გზებით სახელმწიფო კონტრაქტებს გასცემდა.
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ-ით შემცირდა
"კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება, 1 წლის განმავლობაში, 200 მლნ. ლარით შემცირდა", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბრისთის კი დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება. „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარად მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. შედარებისთვის, თუ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მლნ.ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის, დავალიანება იქნება არაუმეტეს 160 მლნ. ლარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძემ თქმით, ჯანდაცვის სერვისების სტრატეგიული შესყიდვები, მონიტორინგი და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუციის შექმნა ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია. ]
ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციაში ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ეწვია
სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე ეწვია. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის წიმააღმდეგ ბრძოლაში რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს, შესაბამისად, შესაძლებელია, ამ ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებითაც რეგიონული ცენტრის, წამყვანი ქვეყნის როლი შეასრულოს“. მათივე ცნობით, თავის მხრივ, კლუგემ მადლობა გადაუხადა ილია მეორეს გულთბილი მიღებისთვის და განსაკუთრებულად აღნიშნა პატრიარქის როლი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ რეალობაში. „ჩემი აქ ყოფნა აღიარებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება ბრძანდებით არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის… ვფიქრობ, რომ თქვენი უწმინდესობის ხმა ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოახლოებული დღესასწაულების დროს თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰანს კლუგემ საგანგებო მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაზაფხულზე, ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, ვირუსთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებების შესრულებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისათვის. „საქართველო ძალიან წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში გაზაფხულზე, ფაქტობრივად, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა. მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ“, - აღნიშნა მან. „საუბარი ასევე შეეხეო საქართველოში დაარსებულ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონული ოფისის საქმიანობას. აღნიშნული ორგანიზაცია რეგიონში 10 ქვეყანას ფარავს. თავდაპირველად ამ ცენტრების მთავარი ოფისის ევროპიდან აფრიკაში გადატანა იგეგმებოდა, მაგრამ პირადად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით ის საქართველოში გაიხსნა. აქვე ითქვა, რომ კარგი იქნება, ეს ორგანიზაცია იქცეს ბაზად, სადაც მაქსიმალურად მოხდება ყველანაირი ძალისხმევის კონცენტრაცია ვირუსთან საბრძოლველად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჰანს ჰენრი კლუგეს თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანია, იმუშაოს ქართველ სპეციალისტებთან ვირუსთან ბრძოლის უკეთ წარსამართად. „შევხვდი ჯანდაცვის მუშაკებს. აღსანიშნავია მათი გმირობა და პროფესიონალიზმი. ჩვენ უნდა დავარწუნოთ საზოგადოება, რომ დაიცვან ის პირობები, რომლებიც აუცილებელია საყოველთაო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ავადობა მცირდება და ეს ყველაფერი არის მკაცრი ზომების შედეგი. რა თქმა უნდა, ხალხისთვის ეს ძალიან რთულია. სწორედ დღეს ვესაუბრე თქვენს პრემიერ-მინისტრს, რომ თუ გადაწყდება „ქვეყნის გახსნა, ეს უნდა მოხდეს ძალიან ნელა და ეტაპობრივად, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ძალიან მოსწონს თავყრილობები“, – აღნიშნა კლუგემ. „შეხვედრაზე დაისვა კითხვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებაც. როგორც ბატონმა კლუგემ განმარტა, „ასეთი პანდემიები, საერთოდ, ორწლიანია. ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. თუმცა უკვე გვაქვს ვაქცინა და მისი გამოყენება ყველას შეუძლია. რაც შეეხება რეკომენდაციას, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობით. ჩვენ ვხედავთ და ძალიან გვახარებს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, მაგრამ სანამ სიტუაცია შეიცვლება, არსებობს არაძვირადღირებული ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება პანდემიის შეკავებაში, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება და ა.შ. ჩემი პრინციპი ასეთია: ის ადამიანები, რომლებიც არ იცავენ პრევენცისიის რეკომენდაციებს, არ უნდა გავკიცხოთ, პირიქით, უნდა შევეცადოთ, ვესაუბროთ, მივაღწიოთ მათ ჩართულობას და დავარწმუნოთ, რომ მათი როლი ამ ვირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია“. შეხვედრის მიწურულს უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმარს დაუსვა კითხვა, რამდენად შესაძლებელია ვირუსის შედეგად საზოგადოებაში განვითარებული მძიმე ფსიქო-ფიზიკური ფონის განსამუხატავად და პაციენტების განსაკურნებლად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადებითი წვლილის შესატანად მუსიკალური თერაპიის გამოყენება. „საინტერესო იყო ბატონი კლუგეს პასუხი, რომელმაც ბრძანა, რომ „ეს, მართლაც, ზუსტი და შესანიშნავი კითხვაა, რადგან ჩვენ ზოგადად ვიკვლევთ ამ საკითხს. უშუალოდ ამ ვირუსთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს წინადადებას და ვცდით“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კლუგეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა.
ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფიცირებულ მსუბუქ პაციენტზე სახელმწიფო 1200 ლარს, მძიმე პაციენტებზე კი 3000 ლარზე მეტს ხარჯავს
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ მსუბუქ პაციენტზე სახელმწიფო 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტებზე 3000 ლარზე მეტს ხარჯავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „COVID19-ის მართვის ბიუჯეტი შეადგენს 239 მილიონ 440 000 ლარს და ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურების ხარჯებს. მსუბუქ პაციენტზე დანახარჯი წარმოადგენს 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტში დანარხარჯი აღემატება 3000 ლარს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება, ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის გარდა, ასევე გაგვაჩნია სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოხდინეთ საწოლების გეგმური მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროების თანმიმდევრულები ვყოფილიყავით,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გოჩა ლორთქიფანიძე: ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
„ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა, რომლის დირექტორატის წევრიც ვარ ამჟამად, 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დაამტკიცა 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიანი პროგრამა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული პროგრამის დეტალები 2021 წლის განმავლობაში დაზუსტდება. „2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასტბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი და ეს მოლოდინი განპირობებულია უზარმაზარი ძალისხმევით, რაც გაკეთდა 2013 წლიდან. წარდგენილი იქნა 700-მდე მტკიცებულება. ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ ქვეყანამ შედეგი უნდა მიიღოს ამ მტკიცებულებების და ამ სიმართლის სიმყარის ადეკვატური. მომდევნო წლების განმავლობაში, ევროპული სასამართლო აქტიურად დაიწყებს საქართველოს მიერ 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვას, რომელიც ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მოქალააქეების უფლებების დარღვევას. ჩვენ ამ საქმეზეც მოგვიწევს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ. ასევე, გაგრძელდება ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაზე ინტენსიური მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე. ჩვენი აქტიურობის შედეგად, ეს საქმე განიხილება მინისტრთა კომიტეტის ყოველ შეხვედრაზე და კომიტეტმა რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა თანხის გადაუხდელობის გამო. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს მცირე წინსვლა. სულ რამდენიმე დღის წინ კომიტეტის ბოლო სხდომის ფარგლებში, რუსეთი დათანხმდა, რომ თანხის გადახდის პროცესში განიხილავს ევროსაბჭოს შუამავლობის საკითხს და საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად რუსეთს ვადა მიეცა 2021 წლის 1-ელ თებევრლამდე“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძის თქმით, უფრო აქტიურ ფაზაში შევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის ომის საქმის გამოძიება. „ეს იქნება სამინისტროს ერთ-ერთი ძირიტადი პრიორიტეტი, რათა მოხერხდეს სამართლიანობის აღდგენა ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშუალების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ ამ პროცესში უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს და 2016 წელს სასამართლომ აღნიშნა, როდესაც მან გასცა ნებართვა 2008 წლის ომის დაწყების გამოძიების შესახებ, რომ 2008 წელს რაც მოხდა, ეს იყო სარეთაშორისო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი ცხინვალის რეგიონზე ახორციელებდა კონტროლს და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო. საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
შოთა არველაძემ ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
შოთა არველაძემ სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში Facebook-ში გამოაქვეყნა. "სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!" - წერს არველაძე.