ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას. შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს
რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების დატერორების შესაძლებლობას. შემდეგი შესაძლოა იყოს საქართველო, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „რუსეთი მოკლებული უნდა იყოს მეზობლების დატერორების ყოველგვარ შესაძლებლობა. ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. რუსეთის ნამდვილი გეგმები ყველასთვის აშკარაა. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. შემდგომ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ შემდგომ იქნება თქვენი სახელმწიფო, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. მოსკოვიდან უკვე ისმის მუქარები ფინეთისა და შვედეთის მიმართ. როგორ შეუძლია ევროპას შეაჩეროს რუსეთის შემდგომი ექსპანსია, თუ ჯერ კიდევ არ შეუძლია შეაჩეროს თუნდაც ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება?“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირმა აუცილებლად უნდა ჩართოს ნავთობის ფაქტორი, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება
Nokia რუსეთის ბაზარს ტოვებს
ფინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Nokia-მ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებშივე ჩვენი კომპანიისთვის ცხადი იყო, რუსეთის ბაზარზე საქმიანობა და ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. ერთი კვირაა, რაც პროდუქციის მოწოდება შევაჩერეთ. აღარ ვაწარმოებთ ახალ ბიზნესს და გაგვაქვს რუსეთის ფარგლებს გარეთ. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ. ამ პროცესში ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოება და ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Nokia-ს ქვეყანაში 2000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ზოგიერთ მათგანს რუსეთის ფარგლებს გარეთ რელოკაციას შესთავაზებს. რუსული ბაზრის დატოვებით Nokia და Ericsson-ი ბაზარს ჩინურ კონკურენტებს, Huawei-სა და ZTE-ს უთმობენ. კომპანიებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტები უმსხვილესი ოპერატორებისთვის მეხუთე თაობის ქსელების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე, მხოლოდ Huawei საქმიანობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
Reuters-ი: პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს
პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს და ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაცი, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, აგროვებდა ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს ჯარების სამხედრო მზადყოფნის შესახებ“, - აღნიშნულია პოლონური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ევროპოლმა სანქცირებული რუსების აქტივების გამოსავლენად სამძებრო ოპერაცია დაიწყო
ევროპის პოლიციის სააგენტომ [ევროპოლი] სანქცირებული რუსების აქტივების მოძებნის მიზნით, ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპოლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სამძებრო ოპერაცია „ოსკარი“ ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდება. პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა Frontex. ევროპოლში აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის ოპერაცია სულ მცირე ერთი წელი მაინც გასტანს. „ოპერაცია ოსკარი“ ასევე მხარს დაუჭერს გამოძიებას სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების თავის არიდების შესახებ. ცნობილია, რომ 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, ევროპოლმა დააანონსა, რომ უკრაინას სამთავრობო ვებგვერდებზე მომხდარი კიბერდანაშაულის გამოძიებაში დაეხმარებოდა. ახლა ევროპოლი მზადაა უკრაინას წარუდგინოს თავისი სპეციალისტები, რომლებიც ამ ქვეყანაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს დოკუმენტურად აღწერენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
დავით სერგეენკო: საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება
საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ იქნებიან დელეგაციის წევრები, თუმცა ამბობს, რომ თავად ნამდვილად მიემგზავრება. "ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს... დღეს საღამოს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება... არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ", - თქვა სერგეენკომ. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. ამ დროისთვის მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი: სამხედრო კონტინგენტში არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან, რომ ამ ორ დიდ ქალაქში ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს
საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ უკრაინის ომი და ომის შედეგები პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან და მის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. როგორ აისახება დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, სამხედრო რესურსებსა და საოკუპაციო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რა გავლენა იქონია დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე, პუტინის რეჟიმზე და როლს უნდა იკავებდეს საქართველო მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში? ამ საკითხებზე Europetime „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა. _ბატონო გიორგი, რუსეთი მიზანმიმართულად ქმნიდა „უძლეველობის მითს", ამ მითის საფუძველი იყო შიში, სასტიკი და დაუნდობელი რუსეთის სახე და ის, რომ მასთან ომი და დაპირისპირება საფრთხილო უნდა ყოფილიყო. საიდან გაჩნდა რუსეთის უძლველობის მითი და თქვენი შეფასებით, დაიმსხვრა თუ არა ეს მითი უკრაინის ომში? უძლეველობის მითი, რუსეთს ისტორიულად მოსდევს. ეს ახალი ინოვაცია არ არის, რომ რუსეთი ძალაზე დამყარებული ძლიერი სახელმწიფოა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული და მერე, საბჭოთა კავშირის დროსაც, ეს იყო მათი მთავარი ასპექტი, რაც პუტინის რეჟიმმა რეალობაში ძალიან კარგად გადმოიტანა, მათ შორის პროპაგანდის და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ძალიან აქტიურად, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მის სამეზობლოში, არამედ, დასავლეთშიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნა. თვითონ პუტინმაც ძლიერი ლიდერის იმიჯი დაიმკვიდრა და დასავლეთში ითლება, რომ ის არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ძალიან კარგი სპეციალისტი. რისკის ზღვარზე თამაშობს და ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი. ასეთი იმიჯი აქვს პუტინს და ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფოსაც. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, ამ პროპაგანდაზე აქტიურად მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მასმედია, საექსპერტო საზოგადოება და პროპაგანდისტები კი არ იგულისხმებიან, არამედ - რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, თვითონ პუტინის ჩათვლით. ისე იქცევიან და საუბრობენ, რომ ეს მითი ნამდვილად შექმნეს, თუმცა მითს ვერ შექმნი, თუ რაღაც ობიექტური გარემოებები არ გაქვს, მაგალითად, რაც გააკეთეს 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, და დასავლეთმა როგორც უპასუხა - პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთთან. პლუს, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, პუტინის გადასახედიდან, დასავლეთი არათუ არ ეწინააღმდეგებოდა, რასაც აკეთებდა საქართველოსთან მიმართებით, არამედ, რაღაცნაირად იზიარებდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რეალურად, საქართველოსთან რაც გააკეთა, ეს ხომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, ისევე როგორც რასაც ახლა უკრაინაში სჩადის, მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ეს იყო განაცხადი, რომ ეს ქვეყნები, მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროში შედიოდნენ. მითი, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო ყოფილა, (თუ არ ჩავთვლით ბირთვულ შეიარაღებას) რეალურად, საერთოდ აღარ არსებობს, რადგან სერიოზული მარცხი განიცადა. გეგმა, რომელიც უკრაინასთან მიმართებით, საწყის ეტაპზე ჰქონდა, პრაქტიკულად, საერთოდ არ არსებობს და ამას რუსული მხარეც აღიარებს. რაღაც სხვა გეგმის განხორციელებაზე არიან გადასული. საინფორმაციო თვალსაზრისს რაც შეეხება, ეს საინფორმაციო პროპაგანდა სამწუხაროდ, რუსეთის შიგნით ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. უცხოეთში - ძირითადად ვეღარ მუშაობს, მაგრამ იქაც დარჩათ გარკვეული საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე მათი სასარგებლო გზავნილებით გამოდიან, თუმცა ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. _ეს მითი ხომ იმასაც გულისხმობდა, რომ რუსეთი სასტიკია, კრემლი ამ მითს კი არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ამას ნერგავდა კიდეც.მანამდეც ათასი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდირებას, ეს მანამდე არ ყოფილა. რა იყო ის, რამაც დასავლეთი დღეს მიიყვანა ასეთ უპრეცედენტო კონსოლიდაციამდე? ჩემი აზრით, ორი ფაქტორია. პირველი - დასავლეთი მაინც თვლიდა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები რაღაც ტიპის ჩარჩოებში ჯდებოდა. ხომ წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ასე იყო. ახლა იმ ტიპის, იმ მასშტაბის და იმ ფორმის აგრესიაზე წავიდა, ამის რაიმე ფორმით გამართლება და ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ეს აგრესია იმ ტიპის აღარ არის, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში დარჩება. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოვლად გაუგებარი და გაუგონარი მეთოდებით იბრძვის უკრაინაში, მაგრამ დღეს ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ახლა მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის და დასავლეთია მისი მთავარი სამიზნე. მეორე - როგორ იმუშავეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, რომ რუსეთისგან სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხე ყველას მკაფიოდ დაენახა. ეს იყო როგორც პოლიტიკური და საინფორმაციო, ისე დიპლომატიური სამუშაო. კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ომის დაწყების შემდეგ კი არ მოხდა, არამედ, ომის დაწყებამდე. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რათა ეჩვენებინა, რას აპირებდა რუსეთის ხელისუფლება. მათ შორის რუსეთისთვისაც ეჩვენებინა, რომ დასავლეთში ძალიან მაღალი კონსოლიდაცია არსებობდა და ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვებოდა მის ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი ფაქტორი არ აღმოჩნდა. _2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე მოლდოვაში გაზის კრიზისის წინაპირობა შეიქმნა, ამ მოვლენებმაც ხომ არ იქონია გავლენა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ასეთ აქტიურ პოზიციაზე? მაშინვე გაკეთდა განცხადებები, რომ სწრაფი ზომები მიეღოთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. ბოლო თვეებში, უკრაინის ომამდე მოასწრეს თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა თადარიგის დაჭერა და ამ ბოლო თვეებმა რა შეცვალა ევროკავშირის პოზიციებში? სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები გაზის კრიზისი მხოლოდ რუსეთის გამო არ წარმოქმნილა, იყო სხვა ფაქტორებიც, მაგრამ რუსეთი შეეცადა ამ გაზის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ძალების სადემონსტრაციოდ. იგივე, ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე, მიგრანტების ნაკადი ხელოვნურად გაიზარდა. იმ პერიოდში, რუსეთს ძალის დემონსტრირების უფრო მკაფიო მცდელობა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დასავლეთს, თუ დასავლეთი არ მიიღებს იმ ულტიმატუმს, რომელსაც უყენებდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისთვის, ეს საფრთხე რეალური იყო და კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. მათ მიიღეს პრევენციული ზომები და ვნახეთ, რომ რუსული გაზის მოხმარებაზე უარი განაცხადეს. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით თუ ავიღებთ, ევროპის ქვეყნებმა, როგორც ხდება ხოლმე, მაინცდამაინც, დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ზოგადად, გაზის მიწოდება ითვლება ორმხრივ დამოკიდებულებად, ასეთი ლოგიკით მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებიც, რაც ძალიან ლოგიკურია. მიმწოდებელიც დაინტერესებულია, რომ არ შეწყვიტოს გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ იქედან ძალიან სერიოზულ შემოსავალს იღებს და ნავთობისგან განსხვავებით, მყისიერად სხვა ბაზარზე ვერ გადაამისამართებს. ამ ლოგიკიდან მოქმედებდნენ, მაგრამ ეს ლოგიკა არ იყო რუსეთის ლოგიკა. რუსეთის ლოგიკა არის ის, რომ ამას ინსტრუმენტად იყენებდა და ახლაც ცდილობს, მაგრამ ესეც აღარ გამოდის ისე, როგორც თვითონ უნდა. მართალია, რჩება რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, თუმცა ამ დამოკიდებულების გამო, მის მიმართ პოზიციას საბედნიეროდ, არ არბილებენ. _რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პუტინის პოლიტიკას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა რამდენად სანდოა ამ გამოკითხვის შედეგები,ან რამდენად გულწრფელები შეიძლება იყვნენ რესპონდენტები? რეალურად, შესაძლებელია, რომ პროტესტის სულ სხვა შიდა დინებები მიდიოდეს, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოსულა? რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. სეპარატისტული ნაღმების გააქტიურების ნიშნებიც ხომ არ არსებობს? რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რუსეთში ორი ძირითადი ორგანიზაცია მოქმედებს. ეს არის „ვციომ“ და „ლევადა ცენტრი“. „ლევადა ცენტრი" არის, ასე ვთქვათ თავისუფალი, დამოუკიდებელი. მისი მონაცემები ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე „ვციომის“, მაგრამ ახლა, ორივე დაახლოებით ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებს. ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად სანდოა. რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის საზოგადოების განწყობა მთლად ასეთი შეიძლება არ იყოს, გახლდათ ომის წინ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც აჩვენებდა, რომ რუსეთის მოსახლეობა ომს მხარს არ უჭერს და ეშინია ომის. უკრაინაზე ყირიმისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ყირიმის ანექსიას რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს და პუტინს მაშინ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა თავისი მმართველობის პერიოდში. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სოციოლოგიური გამოკითხვები შეიძლება, მთლად სანდო არ იყოს. მეორე ფაქტორი, არის ის შიში, რომელიც აშკარად არსებობს რუსეთის საზოგადოებაში. რაც შეეხებათ რეგიონებს, რომლის სუვერენიტეტის პრობლემაც რუსეთს აშკარად ჰქონდა 90-იან წლებში, ეს პრობლემა მეტწილად მოაგვარა. ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ რომელიმე რეგიონი აქტიურად შეეცდება, რუსეთის სივრციდან გავიდეს, ან რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც დამატებით პრობლემას შეუქმნის რუსეთის ხელისუფლებას. თუკი ასე მოხდება, გამიხარდება, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რადგან ის სისტემა, რომელიც ამ რეგიონების კონტროლის თვალსაზრისით პუტინმა ჩამოაყალიბა, არის ძალიან მყარი. რისი მოლოდინიც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის პროტესტი სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ სამხედრო კონტინგენტში ერიდებიან ან საერთოდ არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან რომ ამ ორ დიდ ქალაქში, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრად მიიჩნევა, დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს. ეს არის ერთი ირიბი სუსტი ინდიკატორი. თუმცა, ამის მოლოდინიც ნაკლებად მაქვს. ცოტა უფრო მეტად რისი მოლოდინიც შეიძლება მქონდეს, შესაძლოა, თვითონ რეჟიმის შიგნით მოხდეს რაღაც. _სანქციების წნეხის ქვეშ მოყოლილი რუსი ოლიგარქებისგან თუ შეიძლება ველოდოთ რაიმე უკმაყოფილების და პროტესტის ტალღას და თუ მოახდენს ეს გავლენას რეჟიმზე? -ოლიგარქებს რა თქმა უნდა, ამის ფინანსური რესურსები შეიძლება, გააჩნიათ, მაგრამ ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, ოლიგარქებთან დაკავშირებით, ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ პუტინის რეჟიმმა მოახერხა და ყველა ოლიგარქი ვინც რუსეთშია დარჩენილი, თავის ინსტრუმენტად, მათ შორის საგარეო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია და ძალიან მყარი კონტროლი აქვს ამაზე. მეორე, ამ ოლიგარქებში ძალიან ბევრია პუტინის უახლესი გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს დიდი თანხები ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ იშოვეს. კარგად იციან, რომ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მათთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ, მე ვთვლი, ფინანსური ინსტრუმენტი საკმარისი არ არის. ჯერ ერთი, პუტინის ხელისუფლებას მათზე მაღალი დონის კონტროლი აქვს, მეორეც, ოლიგარქები რეალურ ინსტრუმენტებს არიან მოკლებული, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც დათრგუნულია, შეშინებულია და ვერ აპროტესტებს, შეიძლება, აქვს რაღაც საპროტესტო განწყობა, მაგრამ ვერ აპროტესტებს, თუმცა ვხედავთ საწინააღმდეგოსაც, მხარს უჭერენ პუტინს. _საინტერესოა, ამ მოცემულობაში როგორია ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია რუსეთთან მიმართებით? რუსეთი ახლანდელ მდგომარეობაში კი არა, ომის დაწყებამდეც კი არ იყო მზად, ჩინეთთან კონფრონტაციაში შესულიყო. ცენტრალურ აზიაში ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან მყარად არის წარმოდგენილი. რუსეთი ცენტრალურ აზიასაც თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს და არ სურს, მასზე მყარი პოზიციები, თუნდაც ეკონომიკურ სფეროში ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ის ამას ეგუებოდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რუსეთზე მითების თემას თუ გავაგრძელებთ, იყო მითი, რომ ცენტრალურ აზიაზე რუსეთის გავლენის კომპეტენცია უსაფრთხოებაა. თქვენ რაც ახსენეთ, უზბეკეთზე, ის ტრადიციულად, ცოტა განსხვავებული ქვეყანაა და ყოველთვის ცოტა უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმასაც ეხება, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენ ქვეყნებს უფრო მეტად ეხებათ. ითვლებოდა, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოების საკითხები რუსეთის პრეროგატივაა, ეკონომიკა კი - ჩინეთის. ესეც მითი იყო... ფაქტია, რუსეთს რომ უნდოდეს ამ ქვეყნების იძულება ჩინეთის სახითაც და თურქეთის სახითაც, მათ დიდი დასაყრდენი გააჩნიათ და ასე ადვილად ამ ქვეყნების რამეზე დაყოლიებას ვერ მოახერხებს, მით უმეტეს, ახლა როცა რუსეთი სერიოზულ წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, მათი დაყოლიება ასე მარტივი არ არის. ჩინეთის და თურქეთის ფაქტორის გარდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთიც. დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს, ამ ყველა ქვეყანასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ეუბნება, რომ რუსეთის არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, არამედ სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაც კი, მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცენტრალურ აზიასთან, არამედ ბელორუსის და სომხეთის პოზიციასთან მიმართებითაც, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. _ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, ამ ფონზე, როგორ გამოიყურება საქართველოს პოზიცია? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საქართველოს საკითხი არის ყველაზე რთული შეკითხვა. რთული არა იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველო დეკლარირებულად დასავლეთის მოკავშირედ რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, დეკლარირებულად, რადგან სხვა მხრივ, შეიძლება, ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდა, არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ შესაძლოა, დასავლეთშიც კი. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - საზოგადოების უმეტესობის პოზიცია და უკრაინის მიმართ მისი განწყობები ეჭვს არ იწვევს, სრულიად ცხადია. ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც მისი უფლებამოსილების ფარგლებში ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენმა წარმომადგენლობებმა საერთაშორისო მისიებში სწორი პოზიცია დაიჭირეს. ერთადერთი სწორი პოზიციაა, რომელიც საქართველოს უნდა დაეჭირა. მე კი მესმის ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აპელირებენ, მაგრამ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, საერთოდ სხვა პოზიცია გვქონოდა ან ამაზე ვაკეთებდეთ აქცენტს - "ჩვენ რომ ახლა ეს გავაკეთეთ". არ შეიძლებოდა, სხვა პოზიცია გვქონოდა, წარმოუდგენელია! რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, მათი განცხადებები უკრაინასთან მიმართებით, ხილულად რაც ჩანს, შეიძლება, რაღაცები სხვანაირად ხდება დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებსაც მე ვერ ვხედავ და კარგია, თუ ეს ხდება. მაგრამ ხილულად რაც ჩანს, მათი განცხადებები და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არათუ გასაკრიტიკებელია, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. _როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი სერიოზულ მარცხს განიცდის უკრაინასთან ომში, რაც პირველ რიგში გმირი უკრაინელი ხალხის და ამავდროულად, დასავლეთის წნეხითაც არის განპირობებული. თქვენი მონაცემებით, რა გავლენა იქონია სანქციებმა რუსეთის სამხედრო რესურსებზე და როგორ აისახება ეს რუსეთის გრძელვადიან საოკუპაციო პოლიტიკაზე? ეს სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს, საკითხის ასე დასმა ყველაზე სწორი მიდგომაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და მანამდეც, ჩვენ გვესმოდა ასეთი პოზიციები, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდანაც (რაც გამართლებულია), რომ „სანქციების ადრე დაწესების შემთხვევაში, შეიძლება, ეს გაუგონარი სამხედრო აგრესია აგვეცილებინა“. მაგრამ შეიძლება, პირიქით, ვერ აეცილებინათ და დასავლეთის ამ ინსტრუმენტის წინასწარ გამოყენება მომხდარიყო. შესაძლოა, რუსეთს მოეხერხებინა, ამ სანქციების წინააღმდეგ გადაწყობა და უფრო თამამი ყოფილიყო. ამიტომ, სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას უკვე აქვს ეფექტი. წარმოუდგენელია, დასავლეთის სანქციებს ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან რუსეთის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ზომებია დაწესებული. სანქციები კიდევ იზრდება და უფრო მეტად გაიზრდება იმ გაუგონარი დანაშაულის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის. რა თქმა უნდა, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი, რაც წარმოუდგენელია, ვინმეს უხაროდეს. უბრალოდ, ფაქტობრივ გარემოებაზე ვსაუბრობთ, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მძიმედ დააწვება რუსეთს, თუმცა დღეს ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, ეს სანქციები რეალურ შედეგებს როდის მოიტანს; როდის შეცვლის საზოგადოების განწყობას რუსეთის შიგნით. აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ეკონომიკური პრობლემები გაუჩნდება, შეცვლის საზოგადოების განწყობასაც და თუ კი შესაძლებელია მათი თვალის ახელა, აუხელს თვალს. მე არ მგონია, ისინი მყისიერად ელოდებოდნენ ამ შედეგებს. წარმოუდგენელია, მყისიერად ელოდებოდე სანქციების შედეგს ისეთი რეჟიმის პირობებში, როგორიც პუტინის რეჟიმია, რომელიც მართავს საზოგადოებრივ აზრს და მარწუხებში ჰყავს მოქცეული საკუთარი საზოგადოება. არ მგონია, რომ დასავლეთი ასეთი გულუბრყვილო იყოს. რა თქმა უნდა, სანქციები და კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც აღმოჩნდა უკრაინის და უკრაინული საზოგადოების მზაობა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია ამ გაუგონარი სამხედრო აგრესიისთვის. მთავარი აღმოჩნდა ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც არამხოლოდ ახლა ხდება აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საბედნიეროდ, უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ რუსეთს რომ სამხედრო წარმატებისთვის მიეღწია, მერე მხოლოდ იმ გრძელვადიანი სანქციების იმედად დარჩენა მოგვიწევდა. _ომის დასრულების შემდეგ როგორი იქნება უკრიანა და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? უკრაინის როლი იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნება, მაგრამ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ის რაც ხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსეთი არ აპირებს და არ აუღია სამხედრო აგრესიაზე ხელი. ის კიდევ ცდილობს ძალების მობილიზებას და სამხედრო აგრესიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სამხედრო წარმატებები აქვთ, მაგრამ ამ სამხედრო წარმატების გაძლიერებაზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამიტომ, უნდა ვიყოთ იმედიანად და უკრაინის შემდგომ წარმატებებს უნდა დაველოდოთ. მერე უკვე თამამად კი არა, თავდაჯერებულად ვისაუბრებთ უკრაინაზე, როგორც ძალიან გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოს როლზე. _ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა ანაკლიას ეხება. დღეს რომ ღრმაწყლოვანი პორტი გვქონოდა, ეს გვამყოფებდა თუ არა სრულიად სხვა მოცემულობაში, იმ უპრეცედენტო სანქციების გათვალისწინებითაც, რომელიც რუსეთს დაუწესდა, მათ შორის პორტებზე. იქნებოდა თუ არა ეს შესაძლებლობა ქვეყნისთვის, სერიოზული სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეესრულებინა? რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე არის ორი ღრმაწყლოვანი პორტი. ერთი არის რუსეთში, მეორე არის თურქეთში. რუსეთში რა ღრმაწყლოვანი პორტიც არ უნდა იყოს, ის ამ პირობებში დასრულებულია. ჩვენ ვიქნებოდით მესამე. ფოთი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ვერასდროს იქცევა ღრმაწყლოვან პორტად. როცა ანაკლიის პორტის ჩავარდნაზეა საუბარი, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ იმ კონსორციუმმა, რომელსაც ეს ვალდებულება ჰქონდა აღებული, პირობები ვერ შეასრულა. დავუშვათ, ხელისუფლებას ვენდობით... როდის გაჩერდა ანაკლიის პროექტი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და ახალი ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.
ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციამ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მიმართულებით გამოხატული სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა
ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციამ ,,ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მიმართულებით გამოხატული სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს ორბელიანების სასახლეში შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ახორციელებს და უკრაინის მიმართ სოლიდარობას. ,,მინდა ყველა წევრის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, საერთაშორისო, თუ შიდა დონეზე საქართველოს თითოეული მისი მოქალაქის პოზიციის სწორად დაფიქსირებისათვის. ბიზნესი და პოლიტიკა დღეს როგორც არასდროს ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ჩვენ პირდაპირ ვართ დაკავშირებულები იმ პროცესებზე, რაც დღეს მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ჩვენც კრიტიკულად და რადიკალურად ვგმობთ იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ახორციელებს. თქვენთან, როგორც როგორც პირველ ქალ პრეზიდენტთან შეხვედრა თითოეული ჩვენი წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა იცოდეთ, რომ არსებობს ჩვენი პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებზე“ - განაცხადა ფედერაციის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე თბილისში, მაისში, პრეზიდენტის ინიციატივით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალების როლზე იმსჯელებენ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოდან გაკეთებული გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნინა კობახიძემ ფედერაციის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა საერთაშორისო ფორუმს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე მსხვილი და მაღალი დონის ინვესტორების მოწვევის მიმართულებითაც. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციის საკითხი, როგორც ახალი შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენი ქვეყნების მიმართ ევროპელი ლიდერების ახალი განწყობა. პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის ეს დაჩქარებული პროცესი ერთგვარად ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი გახდეს და ამ პროცესში ხაზი გაუსვა ქალ ბიზნეს-ლიდერთა ფედერაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი დონბასში ადამიანების "დაცვაა", რისგან იცავთ მათ, სიცოცხლისგან?!
რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში დონბასში ადამიანების "დაცვაა". რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში „დონბასში ადამიანების დაცვაა“. ზუსტად ახლა მობილურ კრემატორიუმებში გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს წვავენ მარიუპოლში, რეგიონის მეორე უმსხვილეს ქალაქში. ისინი, ვინც გადარჩნენ, შიმშილით იხოცებიან. რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?“- განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება
ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია მათზე ჯარიმების გაცემას აპირებს, - ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა. გაცემული ჯარიმები დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევებს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს. გასულ კვირაში პოლიციამ გამოაცხადა, რომ გასცემდნენ 50-ზე მეტ ჯარიმას. ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში BCC-მ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა განაგრძო. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო. მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა. ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ხოლო კონფლიქტის ეტაპი ბევრად უფრო რთული და სისხლიანი იქნება
"უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ხოლო კონფლიქტის ეტაპი ბევრად უფრო რთული და სისხლიანი იქნება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა. „ადგილი აქვს ომის პირველ ეტაპზე მიყენებული მასიური დანაკარგების შევსებასა და ლოგისტიკისა და სამხედრო მომზადების პრობლემების აღმოფხვრას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, რომელიც ძალიან სისხლიანი იქნება. ომის ეს ეტაპი უფრო რთული იქნება. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ შევდივართ ამ ომის მეორე, კიდევ უფრო რთულ ეტაპში“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება
ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლა იყო. დაჭრილია, სულ მცირე, 13 ადამიანი
აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სამართალდამცველები იმ პირს ეძებენ, რომელმაც მეტროსადგურში ცეცხლი გახსნა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
პუტინი: ბელორუსი შესაფერისია რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ბელორუსის მოედანი“ სრულიად შესაფერისია შემდეგი კონტაქტებისთვისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგი ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად შესაძლებელი გახდა ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის წყალობით. ჩვენ გვჯერა, რომ ბელორუსის პლატფორმა საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის“, - თქვა პუტინმა ბელორუს კოლეგასთან ამურის რეგიონში მოლაპარაკების შემდეგ. 7 აპრილს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცახდა, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 29-30 მარტს სტამბოლში გაიმართა. 28 მარტს ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკიხეთ ლუკაშენკო: უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენს გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს
ვლადიმერ პუტინი: ბუჩა სიყალბეა, მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა
ბუჩა სიყალბეა, მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა და მაშინ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. "რაც ხდება უკრაინაში, არის ტრაგედია, მაგრამ ლუკაშენკომ სწორად თქვა: უბრალოდ, არჩევანი არ იყო, ერთადერთი კითხვა იყო, როდის დაიწყება. სულ ეს იყო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.როგორც პუტინმა აღნიშნა, ლუკაშენკომ მას ბუჩაში მომხდარი „პროვოკაციის“ დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „სიტუაცია ყალბია“. პუტინის თქმით, მსგავსი „პროვოკაციები“ სირიაშიც განხორციელდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ცნობილია, რომელ აეროპორტშია ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი
საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ (ACI World) 2021 წლის მაჩვენებლებით 10 აეროპორტი დაასახელა, სადაც მგზავრთნაკადი და ფრენების რაოდენობა ყველაზე მაღალია. სტამბოლის აეროპორტი ამ სიაში მეორეა. აეროპორტი 2021 წელს 26,46 მილიონ ადამიანს მოემსახურა. პირველ ადგილზეა დუბაი 29,1 მილიონი მგზავრით. მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულ აეროპორტებს შორის პირველია აშშ-ში ჰარსტფილდ-ჯექსონის აეროპორტი - მგზავრთნაკადი 75,7 მილიონი ადამიანი. მეორეა დალასის აეროპორტი, რომელიც 62,5 მილიონ ადამიანს მოემსახურა. მესამეა დენვერის აეროპორტი, სადაც 2021 წელს მგზავრთნაკადმა 58,8 მილიონი ადამიანი შეადგინა. ანგარიშის თანახმად 10 ყველაზე მსხვილი აეროპორტიდან, სადაც ჭარბი მგზავრთნაკადია 8 აშშ-ია, ხოლო ორი ჩინეთში.
BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა
გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. BILD-ი წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაიერის დამოკიდებულებასა და "შტაინმაიერის ფორმულას" ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შემდეგ შემუშავდა, როცა მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. გამოცემის ცნობით, კიევიდან ფედერალური პრეზიდენტის ოფისს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის შტაინმაიერთან შესახევედრად მზად არ არიან. „თუმცა სამომავლოდ მხარეების შეხვედრა არ გამოირიცხება“, - განაცხადაეს კიევში. დღეს შტაინმაიერი პოლონეთშია, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ხვდება. ვიზიტის თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. პოლონეთიდან შტაინმაიერს უკრაინაში გადასვლა შეეძლო. დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, მან კიევში ჩასვლის შესაძლებლობა განიხილა. გასულ კვირას, შტაინმაიერმა აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით მცდარი იყო. რას შეეხება „შტაინმაიერის ფორმულას“, 2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტიმა, განცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში არანაირი როლი არ შეუსრულებია რუსეთის ფედერაციას. როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფორმულა ჩიხში შესული პროცესის გასაგრძელებლად შემუშავდა. უკრაინაში ცხარე დებატები და მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ გეგმაზე. მაშინ ოპონენტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში დაადანაშაულეს და 1-ელ და 6 ოქტომბერს კიევში მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ასევე წაიკითხეთ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
პარლამეტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. კანონის მიხედვით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. აგრეთვე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით საკითხის განხილვის შემდეგ, კანონში რედაქციული ხასიათის შენიშვნები გათვალისწინებულია და საბოლოო პროექტში ასახულია. კანონის პროექტი გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. „ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ“, - აცხადებენ თბილისის მერიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22
პარლამენტმა სამშენებლო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით, 1 წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელები, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო. საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს, პარლამენტის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ცვლილების ე.წ გაგრძელებას. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი პასუხისმგებლობისგან 2022 წლის 1 იანვრამდე იყო გათავისუფლებული. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.