ძებნის რეზულტატი:

შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ კიევი მის ვიზიტს არასასურველად მიიჩნევს

პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მის პოტენციურ ვიზიტს კიევში არასასურველი უწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია შტაინმაიერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩვენ გვინდოდა კიევში წასვლა, რათა გამოგვეგზავნა ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი უკრაინასთან. მე მზად ვიყავი, მაგრამ, ცხადია, და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ სურდათ კიევში." - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ასევე წაიკითხეთ  BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად „ალტ-ინფოს“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა

Europetime-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკარედიტაციაზე უარი უთხრეს. „ალტ-ინფო” გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დღეს, "ალტ-ინფომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. გუშინდელ ბრიფინგზე გადამღები ჯგუფის არშეშვების გამო კი „ალტ-ინფოს“ არხზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს არამარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.  

ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, საგარეო უწყებაში კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე, მაღალ დონეზე. 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადაეცა ევროკაშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ბელორუსმა ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანა შეზღუდა

ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნაა, - წერს ადგილობრივი მედია. ბელორუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნიდან შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის გატანა: ერთ კილოგრამამდე ფქვილი, (წიწიბურას ან ხორბლის), რამდენიმე სახეობის მარცვლეულის (წიწიბურა, მანი, შვრია, შვრიის ფანტელი, ფეტვი), შაქარი, მარილი და მაკარონის სახეობები. ერთ ლიტრამდე ზეთი, სამ ქილამდე ხორცის, რძისა და თევზის კონსერვი (ბავშვთა კვების გამოკლებით); შეზღუდვები არ ვრცელდება ბელორუსის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მდებარე მაღაზიებში შეძენილ საქონელზე. „რეზოლუცია მიღებულია შიდა ბაზრის დასაცავად, სასაზღვრო რაიონებში გაზრდილი მოთხოვნის გამო სასურსათო პროდუქტებზე, რომლებსაც ფიზიკური პირები ყიდულობენ კომერციულ ლოტებში ბელორუსის გარეთ ექსპორტირებისთვის“, - აცხადებენ მთავრობის პრეს-სამსახურში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ UN: მსოფლიო სასურათო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა

ლე პენი რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, რომელიც 24 აპრილს მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა არა ნავთობისა და გაზის სექტორში. ლე პენმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანების დიდი ნაწილი, ძირითადად რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების გამო. ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა რუსეთსა და ბელარუსს. სანქციები შეეხო რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ეკონომიკის მთელ დარგებს. უკანასკნელი პაკეტით აიკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის სატვირთო ტრანსპორტის შესვლა. მანამდე რუსეთის ენერგორესურსებს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.  ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ნიგერიისგან უფრო მეტი გაზი მიიღოს

ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. "რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი. ნიგერიის ნავთობკომპანია NNPC Ltd -ს გენერალური დირექტორი მალამ მელე ქიარი აცხადებს, რომ ნიგერია ევროკავშირთან თავის ისტორიულ ურთიერთობებს გააღრმავებს, ასევე შეეცდება თავისი ბიზნესის ფასი აწიოს და მსოფლიო ბაზარზე გაზის მიწოდება გაზარდოს. ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემცირონ.  11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისარუბა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება. „მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ, მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისას. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შეგახსენებთ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარლამენტში 12 აპრილს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც უკრაინას უნდა ეწვიოს, „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა ხამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის ვიზიტი გაიმართება უკრაინაში და რომ ეს საორგანიზაციო საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის შეთანხმებულები არიან, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება დელეგაციაში. უფრო მეტი დეტალი 13 აპრილს გახდება ცნობილი. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები

პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში კიევში გაჩხრიკეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სახლი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. დოლარს შეადგენს, ამავე დროს პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმას“ ლიდერია. ის ასევე ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება, და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან  ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.

უკრაინის რადას თავმჯდომარე: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ომი გაგრძელდება და გაძლიერდება. მისი თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება. „გიგზავნით გულწრფელ სალამს თქვენი მეგობარი უკრაინიდან. დიდ მადლობას გიხდით ტრადიციული ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ ახლაც. ძალიან ბევრი სასახელო, მამაცი მებრძოლი ეხმარება უკრაინას ამ ბრძოლაში მთელი ცივილიზაციის მომავლისთვის. პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ოცნება იყო, რომ უკრაინა აეღო 48 საათში. ეს არ გამოუვიდა არც 48 საათში და არც 48 დღეში. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის ინტერესები დღევანდელი მდგომარეობით გადასახედია. ისინი უკვე აღარ საუბრობენ კიევზე, მთლიანად უკრაინაზე. მათი ინტერესი მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთით. რუსეთი აგრძელებს თავისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით და აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში, ასევე კრამატორსკთან ახლოს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ომი გაგრძელდება და გაძლიერდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. უკრაინის ხელმძღვანელობის ძირითად ამოცანად რჩება აგრესიის უკუგდება, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

The Guardian: ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ჯონსონმა თავისი საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა და აცხადებს, რომ არც გადადგომას აპირებს. „დღეს მივიღე ქვითარი და დაუნინგ სტრიტზე 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების გამო ლონდონის პოლიციის მიერ დაკირებული ჯარიმა გადავიხადე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა ჯონსონმა 12 აპრილს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ჯარიმის ქვითარი ჯონსონს, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკუს და კიდევ ოფისის 30 თანამშრომელს გაუგზავნა, რომლებიც კარანტინის დროს კორპორაციულ საღამოზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ „კოვიდის“ კორპორაციული საღამოების შესახებ 2022 წლის ზამთარში გახმაურდა და ბორის ჯონსონთან მიმართებით კრიტიკა გამოიწვია. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.  ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას

გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის უსაფრთხოების ფილოსოფიას. მან აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა; პირიქით, გაძლიერდა გარე აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. შტაინმაიერმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. „ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებს ვერ დავუბრუნდებით. მსოფლიომ დაინახა რუსეთის სამხედრო დანაშაულები. დამნაშავეებმა და მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები უკრაინის მხარდასაჭერ ნაბიჯებთან დაკავშირებით მჭიდროდ მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის

აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება

აშშ-ის მარტის ინფლაციის მონაცემის გასაჯაროების შემდეგ ოქროზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩერსები ოქროზე 1,41%-ით გაძვირდა Comex-ზე ვაჭრობისას და ტრუას უნციას (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) ფასმა $1975,7 შეადგინა. ბოლო ხუთ სესიაზე კვოტირება 2,5%-ითაა გაზრდილი. „ოქროზე ყოველთვის მოქმედებს ფაქტორები, რომლებიც მაღალ ინფლაციას უკავშირდება. საპროცენტო განაკვეთი და დოლარის კურსიც კი ვერ აჩერებს ძვირფას მეტალებზე ფასის ზრდას“, - განაცხადა Libertas Wealth Management Group-ის ხელმძღვანელმა MarketWatch-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ შეიცვლება, რაც ჩინეთი „ნულოვანი მოთმინების“ პოლიტიკაზე უარს იტყვის და შეეგუება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის ინფექცია არსად არ წავა. მაშინ გადაიჭრება პროდუქციის მოწოდების პრობლემა, რომელიც ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე 2,57%-ით გაძვირდა და უნციაზე $ 25,63 შეადგინა. აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მარტში წლიურ ჭრილში 8,5%-ით გაიზარდა, ეს 1981 წლის შემდეგ მაქსიმალური ტემპია.  

ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენებაზე, აშშ სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა

შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს. ბლინკენმა დააკონკრეტა, რომ გულისხმობს ცრემლმდენი გაზის და ქიმიური იაგენტების ნაერთს, რომლებიც უფრო ძლიერ სიმპტომებს იწვევენ, რათა შეასუსტონ და გაანადგურონ უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც მარიუპოლის აღების აგრესიული კამპანიის ნაწილი“. „ეს არის რეალური შეშფოთება, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებამდე გვქონდა. ვფიქრობ, მე მივუთითე შესაძლებლობის შესახებ, რომ ამ ტიპის იარაღი გამოიყენებოდა და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან, ძალიან კონცენტრირებულები ვართ“, - დაამატა ამერიკელმა დიპლომატმა. იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში. „ჩვენ პირდაპირი საუბრები გვქონდა უკრაინელ პარტნიორებთან, რადგან ისინი აგროვებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა პრაისმა CNN-ის ცნობით. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. 12 აპრილს, მარიუპოლის ოლქის მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მუშაობენ დეტალების გადამოწმებაზე. CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში რაიმე სახის ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ამავე თემაზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა

შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შიდა ვალის გადახდა შეაჩერა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Bloomberg წერს.  დეფოლტის გამოცხადების მიზეზია პოლიტიკური კრიზისი და სავალუტო რეზერვების შენარჩუნების სურვილი. შრი-ლანკის სავალუტო რეზერვები $2 მილიარდზე ცოტაა და ბოლო თვეში 16%-ით შემცირდა. ქვეყანას სავალუტო რეზერვები პირველ რიგში საკვებისა და საწვავის საყიდლად სჭირდება. საგულისხმოა, რომ საკვები და საწვავი სწრაფი ტემპით ძვირდება უკრაინაში ომის გამო. ექსპერტების შეფასებით, შრი-ლანკაზე დეფოლტი მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში COVID-19-ის გამო მძიმე ეკონომიკური კრიზისია.  ქვეყანა ტურისტებიის გარეშეა დარჩენილი, რამაც სავალუტო ნაკადების შემოდინება შეაჩერა. შრი-ლანკაზე უკვე მეორე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მარიუპოლის მერის მოადგილე რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებს

მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დაადასტურა. „ჩვენ ვერ მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ გვაქვს დადასტურებული ცნობა სამხედროებისგან, რომ ეს მოხდა“, - განაცხადა ორლოვმა BBC-სთან. უკრაინული მედიის ცნობოთ, 11 აპრილის საღამოს, აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება. დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი. უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება. მოგვიანებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს. იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში.  

ნიდერლანდებმა 20 რუსული იახტა დააკავა

20 იახტა, რომელიც რუსებს ეკუთვნით, სანქციების გამო ნიდერლანდების ტერიტორიას ვერ ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, . იახტების სიგრძე 8,5-დან 120 მეტრამდეა. სანქციების შემდეგ, ამ იახტებზე გაძლიერებული კონტროლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მფლობელების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. აკრძალულია იახტების გაყიდვა ან ქვეყნიდან გაყვანა. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 2 იახტა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საკუთრებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებზე ვრცელი ანგარიში სახალხო დამცველის მოხსენებებს ეყრდნობა. „სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ არაეფექტიანი გამოძიებები კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია დახურული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ზოგიერთი ინციდენტი, რასაც მოხსენებაში ომბუდსმენმა უწოდა „ფსიქოლოგიური ძალადობა“, მათ შორის ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების სიტყვიერი შეურაცხყოფა შიმშილობის გამო. სახალხო დამცველის ანგარიშში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ინციდენტები პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის ბრალდებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 463. საქმეებიდან 99, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პროკურორების მხრიდან სავარაუდო დარღვევას ეხებოდა, 93 ეხებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულს, ერთი ეხებოდა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულს და ერთი სახელმწიფო კლინიკაში სიკვდილს. დაფიქსირდა გაჭიანურებული გამოძიების ექვსი შემთხვევა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და 12 საქმე, რომელიც ეხებოდა ზოგად არაადამიანურ მდგომარეობას ციხეში“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო. 11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (SPS) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ. სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტი. „წინა მანდატისაგან განსხვავებით, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა, მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი რამდენიმე სადავო ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით“. ანგარიში 29 აპრილს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეტანასაც ეხება. სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დააჩქარა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების მიღება, კანონმდებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის გარეშე. ორგანიზაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ცვლილებები შეიცავდა დებულებებს, რომლებიც ახანგრძლივებს ადმინისტრაციული დაკავების ვადას და ზრდის ჯარიმებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. ეს ორი ბრალდება ყველაზე ხშირად გამოიყენება მომიტინგეებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა მონაწილეების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მისი მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დამაჯერებელი გამოძიების და ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. 11 ივლისს „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად იყო ნაცემი. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოჩნდა, რაც ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.

ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით კი, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.   

ჯონ კირბი: ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

უკრაინელები ძალიან აფასებენ აშშ-ისა და NATO-ს სხვა მოკავშირეების სამხედრო დახმარებას. მაგრამ კითხვა ღიად რჩება: რა არის აშშ-ის საბოლოო მიზანი უკრაინაში? მხოლოდ ის, რომ ქვეყანა გადარჩეს, თუ მისცეს მას ამ ომში გამარჯვების საშუალება? როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ამ ომის დასასრული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ნაცისტური სახელმწიფოს აღზევების აშკარა ნიშნებია? ამ შეკითხვით 12 აპრილს, მედიასთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში და პენტაგონის პრესსპიკერს ჯონ კირბის. „პირდაპირ გეტყვით და ეს არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. ჩვენ გვსურს, უკრაინას მივცეთ ყველა შანსი, რომ დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავი რუსეთის ამ არაპროვოცირებული შემოჭრისგან. ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ ამის შესახებ. მდივანი ოსტინი ასე ხშირად ამიტომ ესაუბრება მინისტრ რეზნიკოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ და რომლებსაც ძალიან, ძალიან ეფექტიანად იყენებენ.  და სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა კოორდინირება გავუწიოთ სხვა საშუალებების მიწოდებას, რაც მათ აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და ვიცით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ ძალიან, ძალიან ღია ვიქნებით ამ საკითხში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ომი დასრულდეს, არ მგონია, ეს ახლა ვინმემ შეიძლება, იცოდეს. მე შემიძლია გითხრათ, რა სურს შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს მთლიანი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც სრულად პატივს სცემენ და რომელსაც აქვს აღდგენის შანსი, ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას სცენ პატივი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს. ჩვენ გვინდა, რუსეთის ძალებმა დატოვონ უკრაინა. მაგრამ როგორ მივალთ აქამდე? ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ზელენსკის ლიდერობას, მისი მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც მის სამხედროებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, იბრძოლონ ამ ომში ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, განსაზღვრონ ამ ომის დასასრული ისე, როგორც უკეთესია უკრაინელი ხალხისთვის. ასე რომ, როგორ გამოიყურება გამარჯვება პრაქტიკული აღქმისა და ფიზიკურად, რეალური შედეგების თვალსაზრისით, ეს არის ის, რაც ბატონმა ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს და ჩვენ პატივს ვცემთ მის შესაძლებლობებს. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ბატონ ზელენსკის ვუკარნახოთ კონკრეტული პირობები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს გამარჯვება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მივცეთ მას შესაძლებლობა, თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და გააკეთოს ეს დამაჯერებლად და მტკიცედ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩის მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდებიან. როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლმა იაჯუბ კუმოჩიმ განცხადა, ლიდერები ახლა უკრაინისკენ მიემართებიან, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.