ძებნის რეზულტატი:

დღეს ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძე ძალიან მორწმუნეები იყვნენ. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. მოსკოვის სასულიერო აკადემია ილია მეორემ 1960 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. მან სოხუმში 11 წელი დაჰყო. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

11 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, კომპანია „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

დედოფლის წყაროში, ნავთობმომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, 11 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანიისგან კუთვნილი ხელფასის მიღებას 84-მდე თანამშრომელი ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ კომპანია მათ კუთვნილ ხელფასს დროულად არ დაფარავს, პრობლემას პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ და აშშ-ის ელჩთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, დაპირება არ შეასრულა და თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება არ დაფარა. ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დღემდე ვერ მოხერხდა, კომაპნია კი ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს. 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად, სამსახურში აღდგენასაც ვითხოვთ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, სამსახურიდან მას შემდეგ გათავისუფლეს, რაც ძველი ხელფასის მიღება მოითხოვეს. „ჩვენ მადლობელი ვართ ხელისუფლების, რომ ფინანსურად დაგვეხმარა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ გვიხდის კომპანია „ფრონტერა“ 11 თვის ხელფასს. ჩვენი, როგორც დასაქმებულების უფლებები რომ დაირღვა, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ვითხოვთ. არ გვინდა, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანოთ, მაგრამ როცა სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, არ გავჩერდებით. ეს გამაფრთხილებელი აქცია, შემდეგ უკვე ალბათ ამერიკის ელჩთან და პრემიერთან შეხვედრასაც მოვითხოვთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ივერი წიკლაურმა. სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. 2020 წლის აგვისტოში "ფრონტერამ" მორიგი განცხადება გამოაქვეყნა "23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კონტრაქტის შეწყვეტას ჩვენს კომპანიასთან, რითიც გვემუქრებოდნენ აპრილიდან მოყოლებული. მსგავსი დადებითი განცხადებების გავრცელება მედიაში მთავრობის სხვა წევრებმაც გააგრძელეს. ფრონტერა მიესალმა ამ ამბავს. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ პრემიერ მინისტრის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ასახულიყო. უფრო მეტიც, პრემიერ მინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ „დროებით აჩერებს“ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას. რაზეც მეტყველებს ამ დღეებში მთავრობის მიერ ორგანიზებული და გავრცელებული ყალბი ამბები, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, თითქოს ფრონტერას 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია და ა.შ. ეს სიცრუეა!"- აღნიშნულია კომპანიის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 2020 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ „ფრონტერას“ მიმართა, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, „ფრონტერამ“ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მხრიდან „კონტრაქტით“ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი. 2020 წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინა „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერას“ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო", - აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ზაფხულში გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია: განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „Facebook“ წერს. მილოცვაში ხაზგასმულია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

საქსტატი: ზეთის ფასი 27 %-ით გაიზარდა, პურპროდუქტების - 7 % -ით,  ყავა, ჩაის - 13%-ით, რძის ნაწარმის - 11%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სურსათზე ფასების ზრდის მონაცემებს აქვეყნებს საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი).

მასწავლებლები და მოსწავლეები 10 ლარად 20 გბ ინტერნეტს მიიღებენ

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, 2021 წლიდან სწავლა ისევ ონლაინ განახლდება. კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ დაარეგულიროს ინტერნეტის ტარიფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში. შესაბამისად, 2020 – 2021 სასწავლო წლებში, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს – “მაგთის”, “ჯეოსელსა” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 30 დღიანი ვადით, 20 გბ ინტერნეტი 10 ლარად შესთავაზონ. მოქმედი ტარიფებით, 20 გბ “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, “ბილაინში” მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს. კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას.

რომის პაპი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც Covid-19-ის შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად, დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ

რომის პაპი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც Covid-19-ის შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად, დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საჭირო იყო, რომ მათ სხვების ტანჯვა უკეთესად გაეცნობიერებინათ. „ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, ვინც სახლში რჩებოდა, მრავალი ადამიანის ეკონომიკური პრობლემებზე, რომლებსაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩაკეტვებმა, ასევე, ავადმყოფ ადამიანებზე. ისინი ფიქრობდნენ მხოლოდ შვებულებაში გასვლაზე და გართობაზე. ამან ძალიან დამამწუხრა. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება 2021 წელს, მაგრამ რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია, არის ის, რომ ცოტათი მეტი ძალისხმევა გავიღოთ ერთმანეთზე ზრუნვისთვის. არსებობს ცდუნება, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა რომის პაპმა.

შაქარაშვილის საქმეში სამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს: საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ბრალდების მხარე მათ ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა. ბრალდებულებს პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა, საქმის ამ კონკრეტულ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანიც. ბრალდებულების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული. აღნიშნულ 3 პირთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შაქარაშვილის ოჯახი არ აპროტესტებს. "არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, სადაც გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე. 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.

საახალწლო დღეებში ალკოჰოლით 108 ადამიანი მოიწამლა, ჰოსპიტალიზირებულია 44

საახალწლო დღეებში ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო დახმარების ცენტრში 108, ხოლო პიროტექნიკით დაზიანებისთვის 51 გამოძახება დაფიქსირდა. ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 108 გამოძახების ფაქტიდან, ჰოსპიტალიზაცია 44 ადამიანს დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, იგივე პერიოდში – 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის პირველ იანვარს, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი. აღნიშნული შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია -27. რეგიონები- 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.

ირმა ინაშვილი მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსისთვის" მანდატების შეწყვეტას "სამაგალითო დასჯას" უწოდებს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი მისთვის და მისი 2 თანაპარტიელისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერებას "ქართული ოცნების" მხრიდან "სამაგალითო დასჯას უწოდებს". ასე გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი პარლამენტში მათთვის მათივე განცხადების საფუძველზე მანდატების შეჩერების საკითხს. "ეს [მანდატებზე უარის თქმა] განაპირობა "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ პარლამენტში შესვლა არ გვინდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა... "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკური მმართველობის პერიოდს. ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. საქართველოს პარლამენტმა უკვე დააკმაყოფილა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის: ირმა ინაშვილის, გოჩა თევდორაძისა და გიორგი ლომიას განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველ სამ ნომერს  უფლებამოსილება შეუწყვიტა, მომდევნო წევრებმა კი მანდატებზე თანხმობა განაცხადეს

"პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე დღეს მიიღეს. ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, მხარი 80-მდე დეპუტატმა დაუჭირა. პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. სიის პირველი ოთხეულიდან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა მხოლოდ ავთო ენუქიძემ განაცხადა. რადგან პარტიამ ცესკოს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით არ მიმართა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარტიული სიის მომდევნო ნომრებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. ადგილმონაცვლეობის პრინციპით, "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის მომდევნო ნომრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემა ცესკოს სადეპუტატო მანდატების მიღების მოთხოვნით უკვე მიმართეს. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა მას პარტიის დატოვება მოუწევს. "მე "ქართულ ოცნებას" ვარწმუნებ, რომ პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა. ეს კი რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო, არ ჩახსნა პარტიის თავმჯდომარემ სია. თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები კი, რომელთა გვარების ხსენებაც არის, არ არიან პარტიის წევრები," - აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და დასძენს რომ მათი მანდატების სესიაზე განხილვით, უმრავლესობამ პარტიის დასჯა გადაწყვიტა. მმართველ გუნდში განმარტეს, თუ რატომ განიხილა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ""პატრიოტთა ალიანსი" იყო ერთადერთი პარტია, რომლის სიიდანაც არ იყვნენ ჩახსნილები სიის დანარჩენი წევრები და ამავდროულად, სხვა წევრები აცხადებდნენ პარლამენტში შემოსვლის მზაობას. ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, ვიღაცას ეძლევა საშუალება, შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ამ მარტივი პროცედურის გამო, ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს თქმით, პარლამენტის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა. "პროცედურები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ღია პოლიტიკური შეთანხმება. რეგულაციებს და პროცედურებს აქვს მნიშვნელობა და რაც უფრო მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მით უკეთესი. მაგრამ, მთავარია მოლაპარაკებები და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მე-5 რაუნდი გაიმართოს," - აღნიშნავს სერგეენკო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 54-მა წარმომადგენელმა თქვა.

ბრიტანელი ეპიდემიოლოგის თქმით, Covid-19-ის ახალი შტამი ბავშვებისთვისაც სახიფათოა

Covid-19-ის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამი“ საფრთხეს ბავშვებსაც უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დიპტი გურდასანი სოციალურ ქსელ Twitter-ში აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, ვირუსის მუტაცია 1,74-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე SARS-CoV-2 შტამი და საფრთხეს არამხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფსაც უქმნის. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა. ახალ მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.

ნიგერიის ორ სოფელში ისლამისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილის ორ სოფელში ისლამისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ნიგერიის პრემიერ-მინისტრმა, ბრიჯი რაფინიმა ადგილობრივ ტელევიზიაში ისაუბრა გარდაცვლილთა რაოდენობაზე, თუმცა, მას არ უთქვამს, ვინ არის ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შაბათს, მინიმუმ 70 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სავარაუდო ისლამისტი მებრძოლების მიერ ერთდროულად განხორციელებული დარბევის შედეგად სოფელ ჩომბანგუსა და ზარუმდარეიზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი ძალებისა და სახანძრო ტექნიკის მობილიზება ხდება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. „ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დავითიანსა და ნარაზენში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივების კუთვნილ თხილის პლანტაციებს მოედო. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

თამარ გაბუნია: ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება

"ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება" - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, ვირუსის ახალ ფორმას შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები ამ დროისთვის არ არის. "ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა მის უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის, ანუ არ დასტურდება მისი მაღალი დამაზიანებელი ზეგავლენა. სისტემური პასუხი ამ შტამთან მიმართებაში იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გავრცელების შეფერხების მიზნით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ასევე ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებთ სხვა შტამებისთვისაც,“ - აცხადებს თამარ გაბუნია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. 50 წლის პირი საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის ახალ გადაწყვეტილებას რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ, საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის დანიშვნის ფაქტს აფასებენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. "რა საკვირველია ეს პროვოკაცია და აგრესიაა. სიტყვა "პროვოკაცია" უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია. სწორედ ეს არის პროვოკაციაც, უკანონობაც და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვაც“, -აღნიშნავს გია ვოლსკი. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა. მისი თქმით, ქართულმა სახელმწიფომ ამ თემის თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. „ ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით უნდა ვიაროთ. რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, ვფიქრობთ,რომ ეს არის საკითხი,რომელთა მიმართებაშიც სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით, მათ შორის, დავით გარეჯის თემა გახსოვთ. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ და ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა მდინარაძემ. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. "დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას, ასევე, დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა წერეთელი: აღმოჩნდა, რომ ახალი შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ ვირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. "ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად ინფიცირდებიან 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე,“ - განაცხადა ზაზა წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დადასტურდა. მუტივირებული ინფექცია საეჭვო პაციენტებიდან ერთ-ერთს გამოუვლინდა.

პაატა იმნაძე: ახალი შტამის ყველა კონტაქტი მოძიებულია, ერთ-ერთი მათგანი დადებითია, შესაძლოა ის იყოს შემომტანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცის კონტაქტები უკვე დადგენილია. მისივე ცნობით, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში და ტარდება სეკვენირება. „დაინფიცირებულის ერთ-ერთი კონტაქტი, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო, ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია”, - განმარტავს პაატა იმნაძე. იმნაძის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იზოლაციაში იმყოფება და ფაქტობრივად, უკვე მორჩენილია. „დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ამ პაციენტის (ახალი შტამით ინფიცირებული) მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ. ამასთან, იმნაძის თქმით, არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმის ან ლეტარული გამოსავლების სიხშირის მიხედვით არსებული შტამისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა გამოირჩევა უფრო მაღალი გადამდებლობით, ანუ ინფექციურობით. „აქედან გამომდინარე, ისევ ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, პირბადე, რადგან დაცვის ერთადერთი საშუალება გინდა, ახალი შტამი იყოს და გინდა, ძველი, არის პირბადე და დისტანცია. აბსოლუტურად ისევე გადადის, როგორც ძველი შტამი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. საქართველოს დიპლომატიური მისია ბრიტანეთში მყოფ თანამოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ დაწესებული საყოველთაო კარანტინის წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. „დღეს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რაც მოიცავს შემდეგს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.პრემიერმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული ორი ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება და ამ დროის განმავლობაში, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი, მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000 აღემატება. BBC-ის ცნობით, ბორის ჯონსონმა საყოველთაო კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება 4 იანვრის სტატისტიკის შემდეგ მიიღო. 4 იანვარს ბრიტანეთში 58 784 ინფიცირების ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 407 ფაქტი დაფიქსირდა. საყოველთაო კარანტინი შემდეგ მითითებებს მოიცავს: ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმში თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის