ძებნის რეზულტატი:
გალის რაიონში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ, ქართული მხარე მზადაა ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს
ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო. საოკუპაციო რეჟიმმა მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას kavkazr.com ავრცელებს გალის მოსახლეობა სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველ მასალებს აქვეყნებს და წერს რომ სახანძრო მანქანებს ხანძრის ჩასაქრობად წყალი არ აქვთ. რუსული ვერტმფრენები კი არსად ჩანს. „უმძიმესია ამის ყურება ომისგან განადგურებული, ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი სახლ-კარი ისევ იწვის. ნაბაკევი, სიდა, ბარღები, რეფი, ხუმუშკური.... ქარი ისევ ძლიერია. სახანძრო მანქანები არის, წყალი არა. რუსული ვერტმფრენები არსად ჩანს“, - წერს სოციალურ ქსელში გალის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები. როგორც europetime-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ქართული მხარე მზად არის გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ადგილობრივ მეხანძრეებს დახმარება აღმოუჩინოს „გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ - აღნიშნავენ უსაფრთხოების სამსახურში. europetime-სთვის გამოგზავნილი ხანძრის ფოტოები, გადაღებულია წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.
დღეს გახდება ცნობილი ვინ გააკონტროლებს შეერთებული შტატების სენატს
ჯორჯიის შტატში დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს,დღეს გახდება ცნობილი თუ ვინ გააკონტროლებს აშშ-ის სენატს სამომავლოდ. ორი ვაკანტური პოზიციიდან, თუ ერთი რესპუბლიკელი კანდინდატი მოიგებს სენატში უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს.მეორე ტურის წინ ჩატარებული გამოკითხვები დემოკრატთა მცირე უპირატესობას აჩვენებს. თუ ორივე პოსტი დემოკრატმა კანდიდატებმა მოიგეს, სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები 50-50-ზე აღმოჩნდებიან. ამ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტს აქვს ხმის მიცემის უფლება და უპირატესობის მოპოვების შანსი. მომავალ სენატში ამ პრივილეგიის მფლობელი, არჩეული დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სენატს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ცვლილების განხორციელება შეიძლება გართულდეს. ასეთ დროს, ამერიკაში, ტრადიციულად ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმართება, იქნება ეს სამთავრობო ბიუჯეტის დამტკიცება, ჯანდაცვის რეფორმა, ემიგრაციის, თუ სხვა ტიპის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები. დღეს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატში, ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას მოელიან. სამ მილიონზე მეტმა ჯორჯიელმა უკვე ისარგებლა ადრე ხმის მიცემის უფლებით და სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია. ჯორჯიაში ორი თვის წინ, 3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა. ბრიტანეთის პრემიერს ინდოეთში ვიზიტი თვის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი. ჯონსონმა დაგეგმილი ვიზიტი კორონავირუსის გამოწვევებზე ორიენტირების მიზნით გააუქმა. „დღეს დილით პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ნარენდრა მოდის ესაუბრა, რათა გამოეხატა მისი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, ის ვერ შეძლებდა ინდოეთში იანვრის ბოლოს გამგზავრებას.პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდ ბრიტანეთში დარჩენა, საყოველთაო კარანტინის და ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების სისწრაფის ფონზე"- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში. ჯონსონის თქმით, მხოლოდ ინგლისში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით მესამედით გაიზარდა და ეს რიცხვი 40%-ით უფრო მაღალია ვიდრე აპრილში. დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
ჯო ბაიდენი კონსტანტინეპოლის პატრიარქს: ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილი მისწერა, რომელშიც იგი ფანარის მეთაურთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. - ინფორმაციას გამომცემლობა Romfea.gr ავრცელებს. წერილში ჯო ბაიდენი პირობა დადო, რომ გააგრძელებს პატრიარქ ბართლომეოსთან თანამშრომლობას. ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქს საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარი მადლიერება გამოხატა მისალოცი წერილის მიღების გამო, რომელიც მას მისმა უწმინდესობა ბართლომეოსმა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთანავე გაუგზავნა. ჯო ბაიდენი, მადლობას უხდის უწმინდეს ბართლომეოსს კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისათვის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აქამდე არ მიეცა საშუალება ტელეფონით დაკავშირებოდა მას, აგრეთვე აცხადებს, რომ მისთვის „დიდი პატივია“ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი არჩეული პრეზიდენტი და რომ იგი აცნობიერებს „თუ რამდენი სამუშაო ელით მათ წინ“. „არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჰარისი და მე ამოცანების გადაწყვეტისათვის ვიმუშავებთ სერიოზული გლობალური პრობლემების დროს, კორონავირუსიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებებამდე, რომლებიც აუქმებენ საზღვრებს და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვენ. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას ამ რთულ დროს“ - წერს ბაიდენი. მან ასევე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ფანარის მეთაურთან მომავალ დიალოგს, ხოლო პოსტსკრიპტუმში საკუთარი ხელით მინაწერი დაურთო წერილს: „ჯანმრთელად იყავით. ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“.
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატში მეორე ტურის გამართვამდე, ამომრჩევლებს შეხვდნენ
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატში მეორე ტურის გამართვამდე, ამომრჩევლებს შეხვდნენ. - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბაიდენმა და ტრამპმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. "ჯორჯია, მთელი ქვეყანა შენ გიყურებს. ძალაუფლება შენ ხელშია". – განაცხადა ბაიდენმა ამომრჩევლების წინაშე. მისივე თქმით, ერთმა შტატმა შეიძლება შეცვალოს კურსი არამხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ შემდეგი თაობისთვის. "მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ... [ეს] თქვენი უკანასკნელი შანსია, გადაარჩინოთ ამერიკა, რომელიც გვიყვარს". – უთხრა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს. ტრამპმა შეკრებილ ამომრჩევლებს უთხრა, რომ ჯორჯიის მეორე ტური დემოკრატების წინააღმდეგ "უკანასკნელი თავდაცვითი ხაზია".
არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ
არასრულწლოვანი შვილების მშობელ ქალებს, შესაძლოა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოთ, - ამის შესახებ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტის დეტალები რიგგარეშე სესიაზე ინიციატივის ავტორმა, მიხელ სარჯველაძემ განმარტა. „ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება - განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არც ერთს არ მიუცია. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის 5 იანვრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. მორიგი პლენარული სხდომა 11 იანვარს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო შეღავათების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა საგადასახადო შეღავათების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, წესდება კონკრეტული სახის საგადასახადო შეღავათი ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის. დოკუმენტი შემდეგ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს: ექვსი თვით - 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა) გათვალისწინებულ საქმიანობას. ამასთან, შესაძლებელი ხდება, გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე, საჩივრის განხილვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბექა ლილუაშვილის, გოჩა ენუქიძის, მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივაა. ის კანონმდებლებს ბექა ლილუაშვილმა წარუდგინა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან. ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია. წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სოფლებში: ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. მერის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები მეტალურგიული ინდუსტრიის წინააღმდეგ არის მიმართული. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სასანქციო სიაში 17 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მოხვდა. ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. განცხადებაში ნათქვამია,რომ აშშ კვლავ გააგრძელებს ირანის რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე თითოეული იმ პირისა თუ სუბიექტის მიმართ,ვინც შეეცდება რეჟიმს ხელი შეუწყოს აშშ-ის სანქციების თავიდან არიდებაში. აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა.
Apple-მა დააპატენტა MacBook-ის ახალი უკაბელო დამუხტვის ფუნქცია
აშშ–ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნის სამსახურმა ოფიციალურად მიანიჭა Apple–ს ორ პატენტზე უფლება, ორი მიმართულებით დატენვისთვის, ასევე ცნობილი როგორც უკუ დატენვის სახელით (Reverse charging). Apple-ი ამ ფუნქციაზე რამდენიმე წელია რაც მუშაობს, კომპანიამ პატენტზე უფლებები 2016 წლის მარტში მოითხოვა. პატენზე ინფორმაციას Patently Apple-ი ავრცელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილ ილუსტრაციებზე, ჩანს თუ როგორ იმუშავებს მათი ახალი გამოგონება და კონკრეტულად სად იქნება ის მოთავსებული McBook-ში. როგორც ჩანს ახალი მრავალი ინდუქციური დატენვის ხვია(coil) შეიძლება განთავსდეს MacBook– ის ჩარჩოში, რაც საშვალებას მისცემს მომხმარებელს, რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად დამუხტოს, ზედმეტი კაბელების გარეშე.
სამეგრელოს პოლიციამ 10 წლის განმავლობაში ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.მ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა",- აცხადებენ უწყებაში.
ირანმა ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით, ინტერპოლს მიმართა
გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, ირანმა დონალდ ტრამპისა და სხვა 47 ამერიკელი ჩინოვნიკის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა, ღულიამ-ჰოსეინ ესმაილიმ განაცხადა. ინფორმაციას Independent.co.uk ავრცელებს. „ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, - განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა. ღულიამ-ჰოსეინ ესმაილის თქმით, ტერაქტის გამოძიების მასალები, რომლის შედეგად ყასემ სულეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო საქმეების სპეციალურ სასამართლოში გადასცეს. 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.
ბოლივიის ქალაქ სუკრეში წყალდიდობას მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლივიის ქალაქ სუკრეში წყალდიდობას მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ძლიერი სეტყვის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ქალაქის ქუჩები წყლით დაიტბორა. ძლიერმა წყალმა თან გაიყოლა მანქანები, ავტობუსები და ბაზრის დახლები. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქის უდიდესი ფერმერების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სადრენაჟო სისტემები ნაგვით იყო სავსე და წყლის გასვლას ხელს უშლიდა. პრეზიდენტმა ლუის არჩემ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო დელ კასტილომ განაცხადა, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 3 ბავშვია. წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა
დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამით, ისევე როგორც სხვა სპორტულ ფედერაციებს, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ,2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს, აღნიშნული ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ავრცელებს. "ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვამბობთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული."-ამბობს კობიაშვილი. ფედერაციას აქვს- "იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველყოს"-ამბობს კობიაშვილი. მისი თქმით,ფედერაციას ჰყავს ჰყავს სპონსორები, სპონსორების საშვალებით გეგმას ფედერაცია, გააგრძელოს საქმიანობა. კობიაშვილის თქმით, დაფინანსებაზე უარის თქმა ფედერაციამ გადაწყვიტა იმის გამო,რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა პანდემიის გამო, "ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება."- ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი. მისი თქმით, დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში Covid-19-ის ორი, აზიური და ევრპული სახეობაა გავრცელებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორი, აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება. პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ ახალი შტამის ინფექციის გადადება შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობის შედეგადაც მოხდეს, თუმცა ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული. „ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული, შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი, მაგრამ ძირითადი თავდაცვის საშუალება რაც არის, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე. ეს აბსოლუტურად ისევე კარგად გვიცავს ამ ახალი ნაირსახეობისგან, როგორც ძველი ნაირსახეობიდან“,- აცხადებს იმნაძე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმისა და თაბორის მიმდებარედ ტყეში ხანძარია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის. მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა პროცესს ართულებს ძლიერი ქარი. ვინაიდან სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლას, მეხანძრეები იძულებული არიან, ფეხით გადაადგილდნენ, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. „ასევე, ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის. ახალახანს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. რეგიონში მსგავსი სიტუაციაა ონის მუნიციპალიტეტშიც. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ორბელის უღელტეხილზეც, რომლის ლოკალუზება, საბედნიეროდ, დროულად მოხერხდა“, – აღნიშნულია ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, შობის ღამესთან დაკავშირებით კომენდატის საათი ერთი ღამით უქმდება
დღეს, 6 იანვარს, კომენდატიის საათი ერთი დღით უქმდება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. შესაბამისმა უწყებამ გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაუშვა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ. კომენდატის საათი ერთი ღამით გაუქმდა 31 დეკემბერსაც, როცა შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის ღამეს მოიხსნა. .
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები თბილისის დროით 02:26 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავე 3.5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით (ML) მიწისძვრა დაფიქსირდა.
კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონა ვირუსის ტესტირების კარადაკარის პრინციპით ჩატარებისკენ მოუწოდებს
საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს, ამიტომ მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით. ასოციაცია საველე ჰოსპიტალების გაშლის რეკომენდაციასაც გასცემს ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. რეკომენდაციების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ. „პრობლემის არსი: ა) საქართველოს ჯანდაცვის სისტემა (პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კლინიკური სექტორი) პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს!!! ბ) პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი!!! სამოქმედო ღონისძიებები: 1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება ,,კარდაკარის" პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები; 2) ვირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი გახდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა. 3) მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან; 4) აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ; 5) საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი სალფეთქით ან დამუშავდეს მაღალპროცენტული (96%-ნი სწრაფად აქროლადი) ეთილის (სამედიცინო) სპირტით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა
ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად, საქართველოს 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს. თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება), გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.