ძებნის რეზულტატი:
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ხანძარია
ქედაში ხანძარს ებრძვიან. სოფელ ბზუბზუში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი. მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან. ბზუბზუში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ღამით ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს ახალი კერები გაჩნდა. როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტში, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
ირაკლი კობახიძე: ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული
"ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული, მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურადაც, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე რისკების აწონ-დაწონვა ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო. „დღეს კიდევ დაზუსტდება საბოლოო სურათი. არსებული სახით, 1 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა დამატებით გრძელდება დაზუსტება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირი შეშფოთებულია ირანის მიერ ურანის გამდიდრებით და მიზნად ისახავს ბირთვული შეთანხმების გადარჩენას
ევროკომისიამ განაცხადა, დასანანია, რომ ირანმა განაახლა ურანის 20%-იანი გამდიდრება მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტში, რაც არღვევს 2015 წლის ბირთვულ პაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ შეთანხმების დაცვა ღირს. ”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები. მსგავსი ქმედებები არღვევს ირანის ბირთვულ ვალდებულებებს და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს”, - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა ბრიფინგზე. "ეს სამწუხაროა ფაქტია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ხელშეკრულების წესები,” - თქვა მან. ეს ნაბიჯი ირანის მიერ შეთანხმების დარღვევის უახლესი მაგალითია, რომლის დარღვევაც მან დაიწყო 2019 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულებიდან გასვლის და შეერთებული შტატების მიერი ხელახლად დაწესებული სანქციების საპასუხოდ. ირანმა დაანონსა ურანის გამდიდრების გეგმა, მას შემდეგ რაც ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს.
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი პარლამენტში არ შემოვიდა
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული. ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კიდევ უფრო გამწვავდება რაც უფრო დრო გავა და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. „ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შესაბამის ფრთას. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. შეგიძლიათ, მსხვილი ბიზნესმენები იხილოთ „ნაცმოძრაობის“ სიაშიც. მსხვილი ბიზნესმენები არიან სხვა პარტიებშიც, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ ბიზნესის რეკეტი, უბედურება და შანტაჟი იყო 2012 წლამდე ყოველდღიური პრაქტიკა და წარსულს ჩაბარდა. არც ერთი პრეცედენტი აღარ არის. დანარჩენი არის სპეკულაციები. გვესმის, რომ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან ნერვიულობენ. ეს პროცესი დაიწყო და გაგრძელდება. პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კიდევ უფრო გამწვავდება რაც უფრო დრო გავა და საბოლოო ჯამში, მრავალპარტიული იქნება. ორპარტიული კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.
ამერიკელმა ონკოლოგმა პაციენტების დავალიანებები გაანულა
არკანზასელი ონკოლოგის ინიციატივით, მან 200 პაციენტს 650,000 დოლარამდე დავალიანება გაუნულა, მას შემდეგ რაც გააცნობიერა რომ პაციენტებს უჭირდათ დავალიანების გადახდა. ომარ ატიკმა,ონკოლოგმა 40 წლიანი გამოცდილებით,მარტში დახურა თავისი კიბოს კლინიკა პინ-ბლეფში, არკანზასში, თითქმის 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ. კლინიკის დახურვის შემდეგის მუშაობდა დავალიანების შემგროვებელ კომპანიებთან, რათა მიეღო დაგროვილი დავალიანებებიდან თანხა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, როდესაც მიხვდა,რომ მის პაციენტებს უჭირდათ გადასახადის გადახდა. ”დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ გადახდა,” - უთხრა ატიკმა Good Morning America- ს. ”ასე რომ, მეუღლესთან ერთად, როგორც ოჯახი, ვფიქრობდით ამაზე და განვიხილავდი ყველა სესხის პატიებას.”-ამბობს ექიმი ინტერვიუში. საშობაო კვირის პერიოდში, ატიკის 200-მდე ყოფილმა პაციენტმა მიიღო სადღესასწაულო მისალოცი ბარათი, სიტყვებით: ”იმედი მაქვს, რომ ეს წერილი შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას. არკანზასის კიბოს კლინიკა ამაყობს, რომ მოგემსახურებათ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაზღვევა უმეტეს პაციენტებს გადასახადებს უხდის, გამოქვითვები და თანამონაწილეობაც კი შეიძლება მძიმე ტვირთი იყოს. სამწუხაროდ, ამგვარად მუშაობს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არკანზასის კიბოს კლინიკა იხურება 29 წლიანი თავდაუზოგავი პრაქტიკის შემდეგ.კლინიკამ გადაწყვიტა უარი თქვას ყველა ნაშთზე, რაც პაციენტებს კლინიკისთან აქვთ. გილოცავთ შობას და ახალ წელს.”
ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Kommersant.ru ავრცელებს. „სატელეფონო საუბრის დროს, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს შორის კონტაქტი უნდა გაგრძელდეს ", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის კიდევ ერთი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება იყო.
“Wondernet Exspress”-მა აჭარის რეგიონს სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა
საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა აჭარის რეგიონს სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა. საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ ბათუმის რესპუბლიკურ საავამდმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა. "მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. კომპანია “Wondernet Exspress”-სმა (აქციონერები - დიმიტრი აბდუშელიშვილი და ალიშერ იკრამოვი), სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე გადასცა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები -“Superstar 1100” , Nanjing Superstar Medical Equipment Co., LTD (10 ცალი) და CPAP აპარატი DS-8 BIPAP ST-30, Ventmed Technology (2 ერთეული). “Wondernet Exspress Investment Group” საერთაშორისო ტრეიდული კომპანიაა,რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,ხოლო ბათუმის პორტში ამერიკულ უმსხვილეს კომპანია ,, Trammo” -სთან ერთად პორტის ტერმინალს აშენებს.ტერმინალი ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს პოტენციალს იყოს დამაკავშირებელი ჰაბი ცენტრალურ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.
ირანი სამხედრო წვრთნებში დრონებს ტესტავს
ირანმა წვრთნები დაიწყო დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების დრონების გამოყენებით , წერს Reuters-ი. ერაყში შეერთებული შტატების მიერ დრონების საჰაერი დარტყმის შედეგად უფროსი ირანელი გენერლის მკვლელობის წლისთავიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ირანის შეიარაღებული ძალები სემნანის პროვინციაში ორდღიანი სწავლების დროს შეამოწმებენ საბრძოლო დრონებს, რომლებსაც გამოიყენებენ ბომბდამშენებად და ჩაერთვება სადაზვერვო მისიებში, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი მედიასააგენტოზე დაყრდნობით. მეთვალყურეობის გარდა, ირანულ დრონებს შეუძლიათ გადაზიდონ საბრძოლო მასალები და ასევე შეასრულონ „კამიკაძის “ფრენები ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული, რათა გააუვნებელყონ მითითებული სამიზნე. ირანმა ბოლო პერიოდში შეიქმნა შეიარაღების დიდი შიდა ინდუსტრია საერთაშორისო სანქციების და ემბარგოს მიუხედავად, რომელიც მას უკრძალავს დიდი რაოდენობით იარაღის იმპორტირებას. დასავლური სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ირანი ხშირად აზვიადებს მისი შეიარაღების შესაძლებლობებს, თუმცა მისი შორეული ბალისტიკური რაკეტის პროგრამის გამო შეშფოთებამ შეუწყო ხელი ვაშინგტონის გამოსვლას 2015 წელს, თეირანის ბირთვული პაქტიდან. აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა.
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით, 59 ქვეყანაში, მინიმუმ 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 59 ქვეყანაში 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს. „გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა (303) ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ მოდის აზია (145), ევროპა (94), ჩრდილოეთ ამერიკა (32) და აფრიკა (28). პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოვლენის გასაშუქებლად ჟურნალისტებს, მაგალითად, ფრილანსერებსა და ფოტოგრაფებს „ველზე“ უწევთ მუშაობა და ვირუსის წინაშე ისინი ნაკლებად დაცულები არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (93) კორონავირუსს პერუში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (55), მესამეზე კი ინდოეთი (53).
პანდემიის გამო, წელს „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება
პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. გავრცელებული იმფორმაციის თანახმად, წელს არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს შობას მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულეებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. ამასთან აღნიშნულია, რომ საშობაო მსახურება დაიწყება 6 იანვარს, 23:00 საათზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.
ევროკავშირმა პრორუსული დეზინფორმაციის ოცეული გამოაქვეყნა
ევროკომისიის საინფორმაციო პროექტმა EuvsDisinfo-მ, რომლის მიზანია „ფეიკნიუსების“ გამოაშკარავება, 2020 წლის ყველაზე ცნობილი, პროპაგანდისტული ჩავარდნების ოცეული გამოაქვეყნა. ჩამონათვალის პირველ ადგილს კრემლის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმე იკავებს,რომელსაც ექსპერტები უწოდებენ „რუსეთის სახელმწიფოს დიდ სირცხვილს“. სტატიაში საუბარია არა თავად პოლიტიკოსის მოწამვლის ფაქტზე, არამედ იმ ოპერაციის წარუმატებლობაზე, რასაც თან ახლდა „აშკარა არაპროფესიონალიზმი“ როგორც ნავალნის მოწამვლის შემსრულებელთა, ასევე მათი მხრიდან, ვინც „ალტერნატიულ ვერსიას ავითარებდა“. მეორე ადგილზე არის კრემლის მომხრე ორგანიზაციების "Fake News"-ების კასკადი, რომელიც მიზანმიმართული იყო დასავლეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. „EuvsDisinfo“-მ დაითვალა პანდემიისთან დაკავშირებული არარეალური მტკიცებულებებით სავსე დაახლოებით 700-მდე პუბლიკაცია. მესამე ადგილი ეკუთვნის, რუსეთის ოსკაროსან რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს, რომელმაც საკუთარ საავტორო გადაცემაში აჩვენა ბელაურისს პროტესტის გაყალბებული ფოტოსურათი, რომელიც მისი თქმით, იყო გამოყენებული დასავლეთის მიერ,რათა გაეზვიადებინა დემონსტრაციებზე მისული ხალხის რაოდენობა.
ირანში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, France 24-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მკურნალობას კერძო კლინიკაში გადის. ასევე ცნობილია, რომ ირანში დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა
ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა - აშშ-სა და კანადის მერე - რომელიც ხალხს სწორედ ამ ვაქცინით აცრის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა Moderna-ს 6 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. როგორც ცნობილია, ვაქცინა ისრაელს მალე მიეწოდება. ცნობისთვის, 100 000 მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა - მას მოსდევს ბაჰრეინი და ბრიტანეთი.
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის საწინააღმდეგოდ არცერთი ხმა არ დაფიქსირებულა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოზარ სუბარი განმარტავს, კანონპროექტი შეეხება მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე მსჯავრდებულს შეეხება. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები კრიმინალის ზრდას არ გამოიწვევს.
საქართველოს პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცა. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“), მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“), გივი მიქანაძე („ქართული ოცნება“) და თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“). ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კი შევლენ მაკა ბოჭორიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“), ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“). ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), ანა ბუჩუკური („ქართული ოცნება“), ეკა სეფაშვილი („ქართული ოცნება“) და დავით ზილფიმიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: მიხეილ დაუშვილი („ქართული ოცნება“), გიორგი ამილახვარი („ქართული ოცნება“) და დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“). ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), მიხეილ სარჯველაძე („ქართული ოცნება“) და გიორგი ხოჯევანიშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მაია ბითაძე („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“). ხოლო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ირაკლი ბერაია. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი ხელაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: ვლადიმერ ჩაჩიბაია („ქართული ოცნება“), ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) და ფრიდონ ინჯია (დამოუკიდებელი დეპუტატი). საპარლამენტთაშორისო კავშირში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება არჩილ თალაკვაძე. ძირითად შემადგენლობაში შევლენ გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) და ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ლაშხი („ქართული ოცნება“), ხატია წილოსანი („ქართული ოცნება“) და ავთანდილ ენუქიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დავით სერგეენკო. ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კოვზანაძე („ქართული ოცნება“) და ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“), ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება“) და ბექა ლილუაშვილი („ქართული ოცნება“). დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამის) საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“) და დავით მათიკაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და ირაკლი ზარქუა („ქართული ოცნება“). მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) და ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“).
სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას News.am პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელბს. როგორც სომხეთის პრტეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არმენ სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. „სომხეთის პრეზიდენტი ახალ წელს ლონდონში, ოჯახის წევრების წრეში შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა პრეზიდენტს ასევე კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. პრეზიდენტი სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი განიხილა
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტი აქვეყნებს. კანონპროექტის ინიციატორია დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. დაუშვილი საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 18 სექტემბერს მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 1 აპრილიდან და ამავე თარიღით ძალადაკარგულად ცხადდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონი. „შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-11 მუხლის ცვლილება”, - განმარტავს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. კომიტეტის ცნობით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლი თანხვედრაში იქნება იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან. ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-11 მუხლი თანხვედრაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც ამოქმედდება 2021 წლის 1 აპრილიდან. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ დამატებითი კონსულტაციების გავლის შედეგად, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა, პასუხი გაცემულია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვას.
დიდი ბრიტანეთი ბიზნესს დამატებით $ 6.2 მილიარდს სთავაზობს
ბრიტანეთმა 4,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (6,2 მილიარდი აშშ დოლარი) მხარდაჭერის პაკეტი შესთავაზა ბიზნესს, რათა შეამსუბუქოს მოსალოდნელი რეცესია, რომელიც გამოწვეულია COVID-19 შემთხვევების ზრდით. პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 4 იანვარს გამოაცხადა კარანტინის შესახებ. ახალი კარანტინის მიხედვით დაიხურება თითქმის ყველა სასწავლებელი, ხოლო სასტუმროებს სრულიად აეკრძალათ მუშაობის განახლება. საცალო ვაჭრობის, სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სექტორის წარმომადგენლებს, ახალი ინიციატივის ფარგლებში, შეეძლებათ მიიღონ ერთჯერადი გრანტი 9000 ფუნტ სტერლინგის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 600 მილიონი სხვა ბიზნესებისთვისა გათვლილი. ბიზნესების ნაწილმა შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტირება და ისწავლა პანდემიის პერიოდში მუშაობა, თუმცა J.P Morgan-ის ეკონომისტების თქმით,2021 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, მაინც არის მოსალოდნელი ეკონომიკის 2,5%-ანი ვარდნა. ფინანსთა სამინისტროს 280 მილირადი გირვანქას ოდენობის დახმარება უკვე მოქმედებს ბიზნესისთვის,რომელიც აპრილამდე შენარჩუნდება, დამატებითი ფინანსები კი განსაზღვრულია, ბიზნესებისა და სამუშაო ადგილებისთვის დამატებითი,ერთჯერადი დახმარებისთვის. დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი დღეიდან ამოქმედდა.
ქალთა საპატიმროში კორონავირუსით 23 პატიმარი დაინფიცირდა
ქალთა საპატიმროში კორონავირუსი 23 პატიმარს დაუდასტურდა,– ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება და იქვე დასძენს, რომ ისინი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ. „ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან. აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიაში მოქმედ ქსელებში გაიყიდება
შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიაში მოქმედ ქსელებში გაიყიდება. შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. - ამის შესახებ ინფრომაციას ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით, შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში, საერთო ჯამში, 50 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება. "იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა ზრდას განაგრძობს. ამჯერად ქართული კერძი - შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან. შედეგად, გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა. ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.ამგვარი სახის თანამშრომლობა მეტწილად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს საელჩო ძლიერად არის წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ქართული კულტურის პოპულარიზებისათვის.კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას." - ნათქვამია გაცხადებაში.