ძებნის რეზულტატი:
ძლიერი ქარის გამო რაჭაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
ონის მერიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. სოფელ ონჭევში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. “გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა. ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა,სოფელ წოლაში. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია. ადგილზე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
გალში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, სოფლებში გაჩენილი ტყის ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებში, რეპო-ეწერში, სიდასა და ზემო-ბარგებში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო. გალი TV-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ტყის მომიჯნავედ მდებარე სახლებს მოედო. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მონაწილეობდა. „ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.
14 511 ტესტის შედეგად, ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 511 ტესტი ჩატარდა, შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი. გარდაცვლილია 18 ადამიანი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე. ბერდია სიჭინავას ცნობით, „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 14 511 ტესტიდან, 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით ჩატარდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 6 620 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ცნობით 4 012 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. „საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში 105 ხანძრის აქტიური კერიდან, მეხანძრეებმა 100-ის სრულად ლიკვიდაცია შეძლეს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი 105 ხანძრის აქტიური კერიდან, მეხანძრე-მაშველებმა 100 ხანძრის კერის სრული ლიკვიდაცია მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს. ამ დროისთვის სამეგრელოში - 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. რაჭაში - ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში - ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში - 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. გურიაში - 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს, ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს”, - აღნიშნულია განცხადებაში. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თამარ გაბუნია: მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში 2900 საწოლია თავისუფალი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა. "გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა გაბუნიამ.
პაატა იმნაძე: კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის კლინიკური მიმდინარეობით განსხვავება არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, 4 იანვარს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამი კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, როგორც ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ახალი და ძველი შტამით ინფიცირებისგან დასაცავად მთავარი უსაფრთხოების წესების დაცვაა, ეკლესიაში იქნება ეს მაღაზიებში, თუ სხვაგან. იმნაძე ყველას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან დაწესებული რეგულაციები ინფიცირების რაოდენობის ზრიდს შესაჩერებლად. „ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება“, – განაცხადა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძის და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსიის“ პარტიული სიის მომდევნო ნომრების გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პარლამენტში შესული საბუთების მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლე - ფრიდონ ინჯია, ხოლო გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლედ - დავით ზილფიმიანი „გუშინ პარლამენტის 3 წევრს, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს შეუჩერდა უფლებამოსილება, მათი განცხადების საფუძველზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, საარჩევნო სიის მომდევნო ნომერი დეპუტატობის კანდიდატების საბუთები პარლამენტს გამოუგზავნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეც პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთთ აღნიშნულ საკითხი, რომელიც შემდეგ პარლამენტის ბიუროს გადაეცემა“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა მას პარტიის დატოვება მოუწევს. პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის უკვე 54-მა წარმომადგენელმა თქვა.
პაატა იმნაძე: 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება ახალი წლის დღეებში დაიცვეს თუ არა მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში კოვიდინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს საახალწლო სუფრებთან მოქალაქეებმა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ახალი წლის დღეებში, დაიცვა თუ არა მოსახლეობამ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები, ეს 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლით. „თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევები მოიმატებს. თუ წესებს დავიცავთ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისთვის”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა
სამხრეთ კორეა უკვე აგზავნის დელეგაციას ირანში, რათა მოითხოვოს სპარსეთის ყურეში ირანული ძალების მიერ გატაცებული ტანკერის გათავისუფლება. აღნიშნულს წინ უსწრებდა აშშ-ის მორიგი სანქციები ირანის მიმართ,რომელმაც ირანის ხელისუფლების თანხები გაყინა სამხრეთ კორეულ ბანკში. Reuters-ის სააგენტოს თქმით, ინფორმაცია სეულის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ირანის ელჩს დაუკავშირდა და მოუწოდა ტანკერის და მასზე მყოფი მეზღვაურების განთავისუფლება.ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ადრე თეირანის მთავრობის ოფიციალური პირის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩოი იონგ-კუნ უნდა ჩასულიყო ირანში ტანკერის გატაცებამდე, რათა განეხილათ ირანის მოთხოვნა გაყინული თანხების დაბრუნების შესახებ. სეულში აცხადებენ,რომ მოლაპარაკება ასევე შეეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორი ორ ქვეყანას შორის არსებულ „მიმდინარე პრობლემებს“, სამინისტროს სპიკერის თქმით- ”უმოკლეს ვადებში, სამუშაო დელეგაცია რეგიონალური დირექტორის ხელმძღვანელობით გაიგზავნება ირანში, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ამ საკითხის მოგვარება შეეცადოს”, განაცხადა ჩოი იანგ-სამ. ირანის ასევე მედიასივრცეში ვრცელდება სხვა მიზეზები, მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, ირანი დაყადაღებული ტანკერით, აპირებს ბარტერის პრინციპით გაცვალოს ვაქცინის დოზები, გადამზიდი გემის სანაცვლოდ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
თამარ გაბუნია: შობის დღესასწაულზე მოსალოდნელი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ყოველი შობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობაა, წელს კი პანდემიის ფონზე, ასეთი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, უკვე რამდენიმე კვირაა, რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი დაიწყო. „კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. შობის დღესასწაულზე კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვა მოიხსნება, გადაადგილება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. , უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. ოდნავ საეჭვო შემთხვევაშიც კი დროული ტესტირება და იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომ კოვიდინფიცირებულმა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შემთხვევას იკვლევენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში Covid-19-ით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის სამეცნიერო შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვსწავლობთ რამოდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური მასალა. შესწავლილი უნდა იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ რეინფიცირება გამოვლინდეს. ეს ადვილი საქმე არაა, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დამყარებული უნდა იყოს ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე. გადარჩეულია დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,- აღნიშნა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სამსახურის ხელმძღვანელმა ემირ ეზუხბაიას განაცხადებით, გალის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. „ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. მის მასშტაბებსა და ფართობზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორია დაიწვა. დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ხვალ ან ზეგ ცნობილი გახდება”, - აღნიშნა ეზუხბაიამ. მის თქმით, ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეზუხბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-მდე მეხანძრე მონაწილეობდა. შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას აპირებს
პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს. როგორც ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს" აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს. „პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს". ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან - მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. ცნობისთვის, ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა.
პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა
მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა. უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღეს საპროცედურო კომიტეტმა განიხილა და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. ლევან მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61- ე ნომერია. ის ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს - გიორგი გახარიას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 29 დეკემბერს შეუწყვიტა.
სოზარ სუბარი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 1000-მდე ადამიანს შეეხება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები კრიმინალის ზრდას არ გამოიწვევს. მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე მსჯავრდებულს შეეხება. როგორც სუბარი განმარტავს კანონპროექტი შეეხება მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „ განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა ნარკოტიკების ფლობა, თუ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. და დღეს პარლამენტში უნდა გავიდეს მეორე მოსმენით. დაისვა არაერთი კითხვა და წინადადება. შესაბამისად, მათი ნაწილი გათვალისწინებულია. გაფართოვდა როგორც მუხლების რაოდენობა, ისევე იმ პუნქტების შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ეს კანონი. ამნისტიის ეს აქტი შემუშავებულია ისე, რომ კრიმინალის ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, ჰუმანური აქტია, თუმცა ამნისტიას ყოველთვის აქვს ერთი მინუსი ის, რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის ქვეშ ხვდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არანაირად არ ნანობს ან ადამიანი, რომელმაც დღეს დაიწყო სასჯელის მოხდა. წარმოდგენილი რედაქცია დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეეხება“, - განაცხადა სუბარმა.
მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს
მექსიკაში Oxford/Astrazeneca კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24-ი ავრცელებს. ოქსფორდის მიერ შემუშავებული ვაქცინა, უკვე მეორეა, რომელიც ქვეყნის იმუნიზაციისთვის დაუშვა მექსიკამ, მანამდე მხოლოდ Pfizer-BioNTech-ით მიმდინარეობდა აცრები. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 1.45 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 127 757 პაციენტის მკურნალობის პროცესი ლეტალურად დასრულდა. მექსიკამ მასობრივი იმუნიზაციის პროცესი 25 დეკემბერს დაიწყო.
ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო ვალის ზრდა პანდემიამ განაპირობა
"მიზეზი არის მარტივი, ეს არის პანდემია", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, რატომ აქვს სახელმწიფოს ბევრი საგარეო ვალი აღებული. „თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მათ შორის განვითარებული დასავლური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად გერმანიას, მარტო პანდემიის დროს რამდენი ვალი აქვს აღებული. სამწუხაროა, რომ ასეთ შემთხვევაშიც ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საგარეო ვალზე საუბრისას განმარტა, რომ რეალურად, მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება.
სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა
ამ დროისთვის სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა. ხანძარია წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამავე დროს, ხანძარია მარტვილშიც სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი. ყველა დარჩენილ კერაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში, ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება.