ძებნის რეზულტატი:

მეთიუ ბრაიზა: ამერიკის დემოკრატიული სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მან გაუძლო არაკეთილსინდიერ პრეზიდენტს და მის მიერ წახალისებულ კრიმინალებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. ამერიკელი დიპლომატი მომხდარს გადატრიალების მცდელობად აფასებს, ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეპუტაცია მისმა კრიმინალურმა ქმედებებმა გაანადგურა. მეთიუ ბრაიზა უოტერგეიტთან ავლებს პარალელს. "პირველი, რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ კრიზისი დასრულდა. სულ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ "არჩევნები მოჰპარეს, თუმცა მას ყველაზე კარგი პერიოდი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტობის ისტორიაში". მან ასევე თქვა, რომ 20 იანვარს მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას. რამდენიმე წუთით ადრე კონგრესმა დაამოწმა, რომ არჩევნებმა ჩაიარა ყველა წესის დაცვით. გუშინდელი მოვლენები ემსახურებდა სწორედ იმას, რომ ეს პროცესი შეეფერხებინათ, ტრამპა კი ამის პარალელურად მოუწოდა საკუთარ ამომრჩევლებს, მისულიყვნენ კაპიტოლიუმის შენობასთან და გამოეყენებითან ძალა. პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოში ვერ წარადგინა ერთი მტკიცებულებაც კი, რომ არჩევნები იყო გაყალბდა. ამის მიუხედავად, მის ამომრჩევლებს ტრამპის სჯერათ. სწორედ ამიტომ, იმ ხალხს, ვინც გუშინ აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, სჯერა, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. აშშ-ის ისტორიაშია მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს არის ყველაზე სერიოზული სკანდალი, უოტერგეიტის შემდეგ, რომელიც რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობისას, 70-იან წლებში მოხდა. კაპიტოლიუმი არასდროს ყოფილა მსგავსი იერიშის სამიზნე მოქალაქეების მხრიდან, 1882 წელს ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს ბრიტანელებმა დაწვეს თეთრი სახლი, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ეს არასდროს გაუკეთებიათ და არც კაპიტოლიუმში შეჭრილან. პრეზიდენტმა ტრამპა დაარწმუნა და წაახალისა ხალხი, რომ ძალა გამოეყენებინათ და ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა დაემხოთ. ეს გადატრიალების მცდელობაა, რაც, რა თქმა უნდა, არაკანონიერია. ეს ხომ ამბოხებისკენ მოწოდებაა - ძალიან მძიმე დანაშაულია აშშ-ში, ეს ღალატია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ის სიკვდილით ისჯება. სიტუაცია საკმაოდ სახიფათო გახდა გუშინ, თუმცა აშშ-ის დემოკრატიული სისტემა იმდენად ძლიერია, რომ მან თავისი საქმე გააკეთა მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას მართავს არაკეთილსინდისიერი პრეზიდენტი, მცდარი წარმოდგენის, რომელსაც შესაძლოა თვითონაც კი სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინაც კი თუ ის დაარწმუნებს ხალხს, რომ გამოიყენოს ძალა, რათა შეაჩერონ არჩევნების შედეგების გაფორმება, რომელიც მას არ მოსწონს, ამერიკის სასამართლო სისტემა და კონგრესი, ასევე სახელმწიფო მოხელეები არიან იმდენად ძლიერნი, რომ სისტემა არ ჩამოიშლება და პრეზიდენტი უბრალოდ წააგებს. პრეზიდენტი ტრამპი დგას სერიოზული პრობლემის წინაშე, მისი პოლიტიკური კარიერა არის ძალიან დაზიანებული. როდესაც ის დატოვებს ოფისს 20 იანვარს და დაიწყებს ახალ კარიერას, იქნება ეს ახალი პარტიის ჩამოყალიბება, თუ უბრალოდ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანობა, მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარი კრიმინალური ქმედებებით უკვე გაანადგურა საკუთარი რეპუტაცია. მე მადლიერი ვარ რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ უძლებს ამ ყველაფერს", - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. "მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook ფეიჯების Like-ს ფუნქციას აუქმებს

საჯარო ფეისბუქ გვერდებზე Like ღილაკი გაუქმდება. ამის შესახებ კომპანია Facebook Inc-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. Facebook Inc რომელიც აერთიანებს, Instagram-ს, facebook-ს, whatsapp-ს და სხვა სოცქსელებს, facebook-ის მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. "ჩვენ ვშლით Like-ის ღილაკს და უფრო მეტ დროს დავუთმობთ გამომწერებს, რომ ადამიანებს ფავორიტ ფეისბუქგვერდებთან კავშირი გავუმარტივოთ. ფეისბუქგვერდებს მომწონებელთა ნაცვლად, მხოლოდ გამომწერები ეყოლება. მათთვის ასევე შეიქმნება სპეციალური სიახლეების ველი, სადაც ფეიჯები გამომწერებთან და გულშემატკივრებთან ინტერაქციას შეძლებენ. გვერდების სიახლეების ახალ დიზაინში გამომწერები მარტივად მიიღებენ მათთვის საინტერესო სიახლეებს და ინფორმაციას. ცვლილებები შეეხება ისეთ ფეისბუქგვერდებს, როგორებიცაა ცნობილი ფიგურების, ბრენდების, ხელოვანების ოფიციალური გვერდები. განახლებული განლაგება უფრო მარტივი და ინტერაქტიული იქნება”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა

საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. ეპისტოლე ტრადიცისამებრ საშობაო წირვაზე უნდა წაეკითხათ, თუმცა როგორც მოგვიანებით საპატრიარქოში განმარტეს, ეპისტოლეს გამოქვეყნება ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა. საშობაო ეპისტოლეს ტექსტს უცვლელად გთავაზობთ „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება. ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე. საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა. ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს. მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხსნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა. დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო! როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა? მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი. ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა. განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა. რა იყო ამის მიზეზი? პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას. უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული. მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში. და რატომ დაიბადა იგი ამ დროს? მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ… ღვთის შეწევნით, ამ ქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს. დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანნო! შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს. შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი. როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, – ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი. ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო. „ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) – ბრძანებს სახარება. ეს არის უმთავრესი, – საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება. ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს. ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა. ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას. ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო – ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში. ყოველწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება. „ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს… ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“. განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

საშობაო ეპისტოლე: ამპარტავნების მიზეზად იქცევა ქველმოქმედება მათთვის, ვისაც საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი საშობაო ესპისტოლეში მოყვასის სიყვარულის დაკარგვის და ქველმოქმედების ამპარტავნების ცოდვაში გადაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. “უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს. შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება,- ნათქვამია საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება. ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. დღეს პატრიარქის საშობაო წირვაზე ტრადიციული საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. საპატრიარქოში განაცხადეს რომ საშობაო ეპისტოლეს ბეჭდვა და გამოქვეყნება ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცი პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში გადაყვანის შესახე პატრიარქის მდივნის კონტაქტი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონი იყო პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებულის კონტაქტია და არა ინფიცირებული, ველოდებით ტესტის პასუხს არქიმანდიტი გიორგი გურჩიანი: საშობაო ეპისტოლე ტექნიკური ხარვეზის მიზეზით დაგვიანდა

პოლ გობლი: ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში, მას რესპუბლიკელების ჩათვლით ყველა ზურგს შეაქცევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის პოლ გობლის შეფასებით, დონალდ ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში და რესპუბლიკელების ჩათვლით, მას ყველა ზურგს შეაქცევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. "როგორც ამერიკელი ძალიან გაოგნებული და გაბრაზებული ვარ, რომ ტრამპის მიერ წაქეზებულმა ჯგუფმა ხელოვნურად მოაწყო აჯანყება და სცადა დემოკრატიის დამხობა. ამავდროულად, ძალიან ამაყი ვარ, რომ სენატორებმა და ხალხმა კონგრესში, ზედმიწევნით შეასრულეს საკუთარი მოვალეობა და ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აღიარეს. ტრამპი უნდა იყოს იმპიჩმენტის წესით გადაყენებული, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ეს ნაკლებად სავარაუდოა. ფიქრობ, ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში. შედარებით მცირე ჯგუფი ისევ დაუჭერს მხარს მის რასისტულ, ქსენოფობიურ და აშკარა ანტიდემოკრატიულ „ტვიტებს“, მაგრამ უფრო პასუხისმგებლიანი ლიდერები რესპუბლიკური პარტიის ჩათვლით, ახლა ზურგს შეაქცევენ მას, მის მხარდამჭერებს და ხმას ამოიღებენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის რეალურად წარმოადგენს. ბევრს ავიწყდება, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში არის ის, რაც დემოკრატიისათვის დასაშვებია და მოითხოვს კიდეც მის სადავეებში მყოფი ხალხის ცვლილებას. ინსტიტუციურ დემოკრატიებში ეს თითქმის ყოველთვის ხდება მშვიდობიანად. თუმცა გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ასეთ დროსაც კი არის საშიშროება. ოლიგარქია წარმოადგენს საშიშროებას დემოკრატიისათვის, მაგრამ ის არ არის მთავარი საფრთხე", - განუცხადა პოლ გობლმა Europetime- ს. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა "მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდები მინიმუმ ორი კვირით დაიბლოკება

Facebook-ის გენერალური დირექტორის თქმით, სოციალური გვერდი მოქმედი პრეზიდენტის ანგარიშსს მინიმუმ ორი კვირით დაბლოკავს, დაწერა ცუკერბერგმა გვერდის პუბლიკაციაზე. კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას კაპიტოლიუმში. „კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი ინაუგურაციამდე დარჩენილი 13 დღის მშვიდობიანად და დემოკრატიული ნორმების დაცვით გატარება უნდა იყოს.“- ამბობს ცუკერბერგი. ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ისედაც მძიმე პოლიტიკურ ვითარებას დამატებით ამწვავებს. აშშ-ს კონგრესმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი. ამ სხდომას წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილის შეჭრა უძღვოდა, რასაც კონგრესმენთა ევაკუაცია მოყვა. არეულობის დროს მომხდარ შეტაკებებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა მომხდარი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას არჩევნები "მოპარეს", მაგრამ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. "მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საშობაო ეპისტოლე: პრობლემებიც, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა

საშობაო ეპისტოლე: პრობლემებიც, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდსრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში მსოფლიო პანდემით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და ღვთის ნებას უწოდებს. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ადამიანებს ზომიერება მართებთ, ექიმთა რჩევასაც უნდა დაუგდონ ყური, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა. „ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა. ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში

CNN: რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ

მას შემდეგ, რაც ტრამპის მომხრე მომიტინგეები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რესპუბლიკელთა ლიდერებისა და მთავრობის კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა CNN- ს განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი თანამდებობიდან 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ. მათგან ოთხმა მოითხოვა 25-ე შესწორების გამოყენება ტრამპის წინააღმდეგ, ხოლო დამატებით ორმა თქვა, რომ პრეზიდენტი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პრეზიდენტის ქმედებები საკმარისად მწვავე იყო, რომ მან თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს, მიუხედავ იმისა, რომ მის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 13 დღე რჩება. „ვფიქრობ, რომ ეს სისტემისთვის დიდი შოკი იყო“, განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს. ტრამპის იმპიჩმენტით და მოხსნით, მისი ვადის ბოლო ეტაპზეც კი, სენატს შეეძლება ხმა მისცეს, რომ ტრამპს აეკრძალოს ფედერალური თანამდებობის დაკავება. ”დროა მივმართოთ 25-ე შესწორებას და დავასრულოთ ეს კოშმარი”, - თქვა კინცინგერმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. სააგენტოს თანახმად, მთავრობის კაბინეტის ზოგიერთი მინისტრი ატარებს წინასწარ განხილვას 25-ე შესწორების გამოყენების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საკმარისი იქნება თუ არა მომხრეების რაოდენობა ტრამპის გადასაყენებლად. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. "მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეთიუ ბრაიზა: გუშინდელი ტერორისტული თავდასხმის ლიდერი ტრამპი იყო. მან თეთრი სახლი 20 იანვრამდე უნდა დატოვოს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა კონგრესმენ ადამ კინზინგერის მოსაზრებას სრულად იზიარებს იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. მეთიუ ბრაიზას მიერ ამის თქმის საფუძველი კაპიტოლიუმში გუშინ განვითარებული მოვლენები გახდა, რომელსაც ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან საუბრისას ტერორისტული თავდასხმა უწოდა, მის ლიდერად კი მოქმედ პრეზიდენტს მიიჩნევს. ამიტომ, ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აშშ-ის მომავალი პრეზიდენტებისთვის იქნება "მწვანე შუქი" იგივე დანაშაულის ჩასადენად. "კონგრესმენმა კინზინგერმა ახლახან თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, აშშ – ის კონსტიტუციის 25 – ე შესწორების თანახმად. ეს ძალზედ მკაფიო განცხადებაა და მე ვეთანხმები კონგრესმენ კინზინგერს. მკაფიო გზავნილი უნდა გაიგზავნოს განსაკუთრებით "რესპუბლიკელების" მხრიდან, რომ ტრამპის ქმედება მიუღებელი და უკანონოა. თუ დონალდ ტრამპი უბრალოდ დატოვებს ოფისს და დაიწყებს ახალ ცხოვრებას, მომავალში, აშშ- ის პრეზიდენტები იფიქრებენ, რომ მათაც შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა, როგორც ეს ტრამპის შემთხვევაში მოხდა. ტრამპმა პასუხი უნდა აგოს. ეს იყო ტერორისტული თავდასხმა და ტრამპი იყო სწორედ ლიდერი. მან უნდა დატოვოს თეთრი სახლი და დაიწყოს მისი სისხლის სამართლებრივი დევნა", - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ.

4 იანვრის შემდეგ მეხანძრეებმა 252 ხანძრის კერის ლიკვიდირება შეძლეს

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრის ცხრა კერიდან ოთხი ლიკვიდრებულია, სამი ლოკალიზებული, ორზე კი სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში. "მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა. რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის - ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია. იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია. ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. ადგილზე იყო ჩასული და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. 4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 ლიკვიდირებულია, ოთხი ლოკალიზებული“,-აღნიშნავენ უწყებაში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. „დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლინკოლნ მიტჩელი: ტრამპმი არ დასრულებულა. მისი მემკვიდრეობაა პოლარიზებული ამერიკა

ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. "ბევრი ამბობს, რომ ეს არის ტრამპის ეპოქის დასასრული“, "ძალადობის დასასრული“ და რომ „ეს ყველაფერი გვიჩვენებს, სად მივყავართ ძალადობას“, თუმცა მე ვეჭვობ, რომ ეს დასაწყისია - თუ მოსახლეობის 35% თვლის რომ, ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ისინი ჩათვლიან, რომ გუშინდელის მსგავსი ქმედებები ლეგიტიმურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უფრო მეტი და არა ნაკლები, ძალადობა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. ტრამპი არ დასრულებულა. პარტიაში ისევ დომინირებენ მისი მომხრე ძალები და გუშინაც კი არ დაუგმიათ მომხდარი, როგორც ეს საჭირო იყო. ტრამპი აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტია უდავოდ. ჩემი აზრით, რაც დრო გავა, ამას მიხვდება ყველა, ვისაც კი აქვს შეხება პოლიტიკასთან, ან წერს პოლიტიკაზე. 75 მილიონმა ადამიანმა მისცა მას ხმა. გუშინდელი მოვლენების შემდეგ, შესაძლოა, მან გარკვეული მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა არა უმრავლესობის. ამიტომ, შესაძლოა ამერიკელების მესამედი მაინც დარჩეს „ტრამპის კულტის“ მიმდევარი. არ მგონია, რომ მან კვლავ იყაროს კენჭი 2024 წელს, არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ უფრო მისი ჯანმრთელობის გამო, თუმცა ის ეცდება, რომ დარჩეს ამერიკის პოლიტიკის აქტიურ დამკვირვებლად. რაც შეეხება ოლიგარქიას, არ ვიცი ეს სიტყვა როგორ გავიგო, თუმცა ერთ-ერთი მსგავსი რამ, რაც დაკავშირებულია დემოკრატიის საფრთხესთან, არის ის რომ, როდესაც სიმდიდრეს და უთანასწორობას მივყავართ განსხვავებულ შესაძლებლობებთან, განსხვავებულ გამოცდილებებთან ხალხის დიდ ჯგუფებში, სწორედ მაშინ ჩნდება დემოკრატიისთვის საფრთხე. ამერიკაშიც და სხვაგანაც, თუ არ იქნება სოციალური მობილობა, შესაძლებობა, რომ კარგად მოემზადო, სამსახური იშოვო და ცხოვრებაში წინ წაიწიო, მაშინ ეს ყველაფერი დემოკრატიას ძირს გამოუთხრის", - განუცხადა მიტჩელმა Europetime-ს. რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. "მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სინგაპურში კორონავირუსის პირველი ვაქცინა პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, 68 წლის ლი სიან ლუნი პირველი ადამიანი გახდა ქალაქ-სახელმწიფოში, რომელმაც Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავად გაავრცელა ინფორმაცია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლი სიან ლუნს აცრა ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გაუკეთდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურს ამ დრომდე მხოლოდ ერთი, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს დამტკიცებული.

ტრამპი: მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა - თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია - თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ მან Twitter-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვიდეო მისი Twitter-ის გვერდზე 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია. „ისევე როგორც თითოეული ამერიკელი, ძალადობითა და უკანონო ქმედებით აღშფოთებული ვარ. შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა : თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ. ჩვენ ახლახანს გავიარეთ დაძაბული არჩევნები და ემოციები მძაფრია. თუმცა ახლა დროა, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ახლა კონგრესმა დაამტკიცა შედეგები და ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი საჭიროებს განკურნებასა და შერიგებას“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობა რეფორმირებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნდობა მომავალი არჩევნებისადმი. ტრამპის თქმით, მისთვის პატივი იყო, ემსახურა აშშ-ის მოქალაქეებისთვის. მან ასევე თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ „საოცარი მოგზაურობა ჯერ მხოლოდ იწყება“.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. მანამდე გადადგომისკენ პოლიციის უფროსს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოუწოდა. სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება. ხელმძღვანელობის ცვლილების აუცილებლობის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის კავშირის თავმჯდომარემ გას პაპათანასიუმაც ისაუბრა. „კონგრესის არც ერთი წევრი და თანამშრომელი არ დაშავებულია. ჩვენმა ოფიცრებმა თავისი საქმე შეასრულეს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ კი არა“, – აღნიშნულია კავშირის თავმჯდომარის განცხადებაში. ცნობისთვის, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-abkhazia ავრცელებს. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება, თუმცა, ამის საჭიროება ჯერ არ არის. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

კორონავირუსი კიდევ 4 პატიმარს დაუდასტურდა

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46 პატიმრიდან covid-19 ოთხს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "2020 წლის 6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. 7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია. კერძოდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თითოეული ასეთი საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება, ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ".- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.

საქართველოში ბოლო 24 საათში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 728 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 494 კოვიდინფიცირებული.

271 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 837 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. 271 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 კოვიდინფიცირებული.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.