ძებნის რეზულტატი:
ბოლო 24 საათში საქართველოში 28 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 28 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 856 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. 275 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 695-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2694 მოქალაქე.
ემანუელ მაკრონი: ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის
საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკულ დემოკრატიას მხარდაჭერას უცხადებს. „ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, მაგრამ გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიის. ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის”, - აცხადებს ემანუელ მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც მისი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დღეს დილიდან დაიწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო. ტაძარში წუხელ არ წაუკითხავთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და ის სავარაუდოდ, დღეს გავრცელდება. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც. ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება. ვაშინგტონის მერის, მურიელ ბოუზერისა და პოლიციის უფროსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ სამ გარდაცვლილს შორის ერთი ქალი და ორი მამაკაცი იყო. კიდევ ერთი ქალის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მანამდე დადასტურდა. ამასთან, დაშავებულ პოლიციელებს შორის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კონგრესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ქალი აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი იყო. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარის 9 კერაა
ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ფიქსირდება 9 ლოკაციაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის - ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ამ დროისთვის, ძლიერი დაკვამლიანება მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს. 4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა 257 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია
ვაშინგტონში არეულობის დროს მოკლული ქალი შეიარაღებული ძალების ვეტერანი იყო
ვაშინგტონში არეულობის დროს მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია. ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ქალაქ სან-დიეგოს მკვიდრი ეშლი ბებიტია. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ეშლი ბებიტის მეუღლის განცხადებით, ის შეიარაღებულ ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ბებიტი პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მხარდამჭერი იყო.
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერედა
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერედა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს. აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად უკვე დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად საბოლოოდ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს კონგრესმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარებას კენჭი დღეს უყარა და 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად აღიარა. ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, კონგრესის სხდომაზე დონალდ ტრამპმა 232 ხმა მიიღო, ბაიდენმა - 306. სხდომა 6 იანვარს, დღისით დაიწყო, თუმცა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრის გამო ვეღარ გაგრძელდა. კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შეტაკების შემდეგ კონგრესმა სხდომა დღეს ისევ განაახლა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ტრამპი: მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება
დონალდ ტრამპის განცხადებით, 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მისი სოციალური მედიის თანაშემწე დან სკავინო სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები ჩემ განცხადებას ამტიკიცებს, ამის მიუხედავად, 20 იანვარს ორგანიზებული გადაცემა მოხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპრეზიდენტო ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიდი გახდეს“, – აცხადებს ტრამპი.
ბარაკ ობამა: ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს
"ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას". ასე ეხმიანება აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, რომელიც უსაფუძვლოდ იტყუებოდა კანონიერი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას“, – წერს აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.
ბილ კლინტონი: დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციაზე და ქვეყანაზე
"დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციაზე და ქვეყანაზე" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციასა და ქვეყანაზე. თავდასხმა განპირობებული იყო ოთხზე მეტწლიანი მომწამვლელი პოლიტიკით და მიზანმიმართული დეზინფორმაციით, რომელიც ჩვენი სისტემის მიმართ უნდობლობას თესავდა და ამერიკის მოქალაქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა“, – აღნიშნულია ბილ კლინტონის განცხადებაში, რომელიც მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ანგელა მერკელი: დონალდ ტრამპს ეკისრება კაპიტოლიუმში შეჭრის პასუხისმგებლობა
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება ჯერ კიდევ არ აღიარა, არჩევნების შედეგების მიმართ ეჭვები გააღვივა და ხელი შეუწყო იმ მოვლენების განვითარებას, რაც გუშინ კაპიტოლიუმში მოხდა. მერკელის თქმით, კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს ეკისრება. აღნიშნული განცხადებით გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნანახმა კადრებმა ძალიან გააბრაზა და დაამწუხრა. ”გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ აშშ-ის კონგრესის შტურმის შემაშფოთებელი სურათები და ამ სურათებმა გამაბრაზა და დამამწუხრა. ვწუხვარ, რომ ნოემბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება არ აღიარა. დემოკრატიის საფუძველია არჩევნების შემდეგ გამარჯვებულები და დამარცხებულები იყვნენ. ორივე თავის როლს ასრულებს წესიერებით და პასუხისმგებლობით, რათა დემოკრატია დარჩეს გამარჯვებული. ტრამპმა არც ნოემბერში და არც გუშინ დამარცხება არ აღიარა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გააღვივა და ისეთი ატმოსფერო შექმნა, რამაც შესაძლებელი გახადა წუხანდელი მოვლენები”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კინზინგერი ტრამპს: შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება
„დონალდ ტრამპ შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება. შენ არ იცავ ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა twitter-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი კაპიტოლიუმში შეჭრის მოვლენებს. "ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება, ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ ტრამპის თანაპარტიელმა კონგრესმენმა დღეს კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კინზინგერმა მედიასთან საუბრისას აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, გუბერნატორებსა და სენატორებს მოუწოდა, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. რესპუბლიკელი კონგრესმენის შეფასებით, კაპიტოლიუმში შეჭრა არის გადატრიალების მცდელობა, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წაახალისა. „რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო,“- განაცხადა კინზინგერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში. ეს გადატრიალების მცდელობა მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად. „მოვუწოდებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ „რესპუბლიკური პარტიის“ პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად. შემომიერთდით და ერთად დავიცვათ კონსტიტუცია, კანონი და წესრიგი,”- განაცხადა კონგრესმენმა.
არქიმანდიტი გიორგი გურჩიანი: საშობაო ეპისტოლე ტექნიკური ხარვეზის მიზეზით დაგვიანდა
არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანის ინფორმაციით, საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა. როგორც ჟურნალისტებს არქიმანდიტმა განუცხადა საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება. ჟურნალისტების კითხვაზე შობის ღამეს დაცული იყო თუ არა პანდემიოლოგთა რეკომენდაციები არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ეკლესია სულის ცხონებაზე ზრუნავს და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე კი ხელისუფლება „ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს. ჩვენ ვიცავთ ყველაფერს შეძლებისდაგვარად",- განაცხადა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ არქიდიაკონი პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა. საშობაო ეპისტოლის გამოქვეყნების დაყოვნების მსგავს პრეცედენტს ვერ იხსენებენ საეკლესიო მიმომხილველები.
პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებულის კონტაქტია და არა ინფიცირებული, ველოდებით ტესტის პასუხს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ცნობით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს განუმარტა, შორენა თეთრუაშვილი ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი აღმოჩნდა. იზოლაციაში უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კონტაქტი იყო. „კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. ერთ-ერთ ადამიანს დაუდასტურდა ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ტესტი აუღეს და პასუხს ველოდებით. პატრიარქისთვის ტესტი დღეს არ აუღიათ. ამის საჭიროება არ დამდგარა. ღმერთმა დაგვიფაროს! ველოდებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის ტესტის პასუხს. დღეს ღამით, ან ხვალ დილით იქნება“, - განუცხადა europetime-ს კათალიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად. ზურაბიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „შემაშფოთებელი სცენების“ მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს. „30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია. გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, - წერს პრეზიდენტი
გიორგი გახარია კაპიტოლიუმში შეჭრაზე: სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა მიუღებელია, რაც მოხდა შემაშფოთებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში კაპიტოლიუმში, დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს როგორც საქართველოს პრემიერ „twitter“ წერს, კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია. „საქართველო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში არცერთ პატიმარს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ჩატარებული PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ europetime-ს ენიტენციურ დაწესებულებიდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და ამჯერად N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ ტესტირება. დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები. ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/ სჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა. გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში covid-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
პატრიარქის მდივნის კონტაქტი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონი იყო
პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კონტაქტი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონი იყო. როგორც Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია. მისი თქმით, მეუფეს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა. „შორენა თეთრუაშვილს მეუფე ანტონთან კონტაქტი 3 იანვარს ჰქონდა. მეუფე ახლა კლინიკაშია მოთავსებული, პატრიარქის მდივანი - იზოლაციაში. ველოდებით შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხს”, -განუცხადა europetime-ს ცისანა შარტავამ. დღეს პატრიარქის საშობაო წირვაზე ტრადიციული საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. საპატრიარქოში განაცხადეს რომ საშობაო ეპისტოლეს ბეჭდვა და გამოქვეყნება ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცი პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში გადაყვანის შესახებ.
ავსტრალია მოუწოდებს ჩინეთს დაუყოვნებლივ შეუშვას ჯანმოს ექსპერტები ქვეყანაში
"ჩინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს ჩინეთში შესვლის უფლება, რათა მათ შეძლონ კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა."- განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა, პრესკონფერენციაზე, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ექვს იანვარს, ჯანმოს– ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ”ძალიან იმედგაცრუებული” იყო, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ არ მისცა უფლება საერთაშორისო კორონავირუსის ექსპერტთა გუნდს, ჩინეთში შესვლის უფლება. "ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ჩინეთში გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაუყოვნებლად მოხდება”, - თქვა პეინმა. ახალი კორონავირუსი პირველად გაჩნდა ჩინეთის ცენტრალურ ქალაქში, უხანში, 2019 წლის ბოლოს. მას შემდეგ იგი გავრცელდა გლობალურად, რის შედეგადაც დაინფიცირდა 86 მილიონზე მეტი ადამიანი და დაიღუპა 1,8 მილიონი ადამიანი.