ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსის წვრთნებს, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მინსკის უშუალო ჩართვა მოჰყვეს
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსის მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მინსკის უშუალო ჩართვა მოჰყვება. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბელორუსის ტერიტორიას იყენებდა კიევში შეჭრის დასაწყისში, წარუმატებელ წინსვლაში, ბელორუსის ძალებს აქვთ შეზღუდული შეტევითი შესაძლებლობები და არსებობს შემდგომი შანსი, რომ მათ ძალები უკრაინაში განათავსონ“, - წერს დაზვერვა მორიგ განახლებაში.
ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ ლიდერს პოლიტიკური კულტურას უწუნებს. კუბილიუსი აზრით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს. „ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ის სასაუბრო ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე. ევროპული პარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება ვერ მიიღო. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“.
ედუარდ სააკაშვილი: დღეს მამაჩემისთვის პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა - გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო
მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში”. „დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მამამისს იმედი აქვს, რომ მისი საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს. ,,დაახლოებით იგივე მდგომარეობა ჰქონდა რაც წინაზე, ბოლოს მამაჩემი ვნახე ივლისში. რაღაცები გაუარესებულად ჩავთვალე - ძალიან ცოტა ენერგია აქვს და რაღაცები ავიწყდება, ტოვებს ავადმყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას. მას აუცილებლად სჭირდება ღირსეული, ღრმა მკურნალობის კურსი. წონაში უფრო დაიკლო და ენერგიის მხრივ წინასთან შედარებით ნაკლები იყო, წინ წასული არ არის არაფერი. მას აქვს მოლოდინი, რომ საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს, ოჯახისაც და მისი მიზანია, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, იქნებ ეს იყოს ერთი გზა, რომ ამას მივაღწიოთ”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის არმია ერთ-ერთია, სადაც ყველაზე მეტი ქალი მსახურობს
უკრაინის არმია რჩება ერთ-ერთ მათგანთა შორის, სადაც ყველაზე მეტი ქალი მსახურობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკრაინელი ქალები, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში, იცავენ მშობლიურ მიწას და ასრულებენ ურთულეს დავალებებს. ჩვენი არმია იყო და არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ყველაზე მეტი ქალი ჰყავს თავის რიგებში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებს ხელი მოეწერა
9 სექტემბერს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. „ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას, ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო. საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით., - აცხადებს უწყება.
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელეს და მხარი მესამე მოსმენით, 83 ხმით დაუჭირეს. პარლამენტის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება და სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება. „მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყება პროცედურები, შესარჩევი იქნება 9 კაციანი ჯგუფი და ამასთან დაკავშირებით, რეგლამენტის მიხედვით, მე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან პარლამენტში გავივლი კონსულტაციას. ამიტომ მნიშნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 8 სექტემბერს, ქ.თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფეხის არეში დაზიანება მიაყენა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძე ბოდიშის მოხდაზე კუბილიუსის მოთხოვნას პასუხობს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს. ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან ირაკლი კობახიძის თქმით, „კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამიტომ, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი“. „რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა. ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. "მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური. ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. "ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
გერმანია უკრაინას BIBER-ის ტიპის ტანკს და სხვა სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინაში 16 ხიდის ტანკის - BIBER-ის, 10 საზენიტო იარაღის - GEPARD-ის გაგზავნას გეგმავს. „GEPARD-ები მრავალი წელია არ იმყოფებიან ბუნდესვერის სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეცვლა არ არის საჭირო, ისინი უზრუნველყოფილი იქნება ინდუსტრიის მარაგებიდან", - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დევიდ ჰელბოლდმა. მან არ დააკონკრეტა, როდის გადაეცემა ეს ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მანამდე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ „საზენიტო ქვემეხების მეორე პარტია (GEPARD) მალე მიეწოდება უკრაინას“. გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში უნდა გაიგზავნოს - BIBER-ი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მიაწვდის „ზამთრის პაკეტს": ელექტრო გენერატორებს, თერმო ტანსაცმელს, საკვებს და საველე აღჭურვილობას. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაზე, რომელიც ნიდერლანდებთან ერთად განხორციელდება. უახლოეს თვეებში სასწავლო კურსების სპექტრი გაფართოვდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში ლამბრეხტმა გამოაცხადა ახალი ინიციატივა: ნაღმების გაწმენდის ღონისძიებები. „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უკრაინას ძალიან ფართოდ, ძალიან ინტენსიურად ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ლამბრეხტმა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, გერმანია გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს 16 ხიდის დამდგმელი ტანკი BIBER, 10 საზენიტო ქვემეხი GEPARD, ასევე, საბრძოლო მასალა. ინფორმაციისთვის, Biber-ი არის საბრძოლო საინჟინრო მანქანა ატარებს და განათავსებს თავდასხმის ხიდს, რათა დაეხმაროს ჯარისკაცებს ნაკადების, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და სხვა მცირე დაბრკოლებების გადაკვეთაში ბრძოლის ველზე.
არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ - კობახიძე
არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იენს სტოლტენბერგი: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინულმა ძალებმა დონბასში რუსეთის შეტევის შეჩერება, საპასუხო დარტყმა და ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება შეძლეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 51 900 ჯარისკაცი მოკლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს
ყაზახეთი ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, გეგმავს, რომ შავი ზღვით მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთი გაიტანოს. გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. Europetime-თან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალურია. სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო ამ პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნაზე განცხადება, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ეს ყველაფერი ემსახურება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ტვირთების დივერსიფიკაციისთვისაა საჭირო. ვგულისხმობ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც დღეს პრობლემაა. ამ მხრივ ხარვეზებია ყაზახეთის ინფრასტრუქტურაშიც, ასევე პრობლემები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას. ET: რა უპირატესობა აქვს და როდის შეიძლება განახორციელოს ყაზახეთმა შიდა ტერმინალური ქსელების პროექტი? საუბარია ფოთის პორტზე, თუმცა პროექტის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან დიზაინი შემუშავების პროცესშია. თუმცა ყაზახეთისგან ამის გაცხადება, იმას ნიშნავს, რომ სურს პროცესის თანამმართველი იყოს. როგორც თავის დროზე ბათუმის ნავთობტერმინალი შეიძინეს და თავისი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის არხი შექმნეს, ამ ჭრილში სხვადასხვა ტვირთების დივერსიფიკაცია ერთიან ტერმინალში განიხილება. თუმცა ეს ჯერ იდეაა და მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი. ამაზე კონკრეტიკა ახლა მიზანშეწონილი არ არის. ET: პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ აპირებს ყაზახეთის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრის დივერსიფიცირებასა და ევროპის ბაზარზე გასვლას. საუბარია ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთვაზე. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალი ნავთობსადენიც აშენდეს. თუმცა ყაზახეთი საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობს სამომავლო პროექტებზე. ყველაზე მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ყაზახეთმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაცია სჭირდება. ერთ-ერთია ტრანსკასპიური დერეფანი, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის ყაზახეთის საკმაოდ თამამი ნაბიჯი. ET: თუ ფლობთ უფრო ახალ ინფორმაციას, ან თუ არის ცნობილი, უფრო აქტიურად ამ მიმართულებით როდის დაიძვრება პროცესი? როდის და როგორ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურა სასურველ გეგმებთან შეუსაბამოა. ამიტომ პატარა ნაბიჯებიც რომ გადაიდგას და 5-10 წელიწადში მოხდეს იმ ტვირთების მოცულობის გაორმაგება, რაც დღეს ტრანსკასპიურ დერეფანში მოძრაობს, ესეც სერიოზული ნაბიჯია. ET: რა შეუსაბამობაზეა საუბარი და რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემები ამ დრომდე? აქამდე ეს პრობლემები არ წყდებოდა, რადგან ყაზახეთის მხრიდან არ იყო პოლიტიკური ნება. ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფორმირდება ტვირთები და ეს ქვეყანაა ჩინური ტვირთების გამტარიც. რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენი სურვილია, რომ საქართველოზე მეტმა ტვირთმა გაიაროს. იწყება სხვადასხვა პროექტები, იხსნება კერძო ტერმინალები. ასევე იგეგმება სახელმწიფო პროექტების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით. ეს პროექტები უკვე ინტენსიურად არის ყაზახეთის მთავრობის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად ეს მიეხმარება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომ რიგი გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან მიმართებით უფრო სწრაფად მიიღონ, რადგან ნებისმიერ პროექტს სტაბილური მიწოდება და კონკრეტული რაოდენობის ტვირთი სჭირდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მის აღსრულებაზე მიდის მუშაობა. საქართველოს პორტებშიც იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქსელური ტერმინალი მხოლოდ ნაწილია. საგულისხმოა, რომ ეს პროექტები ადრე იყო ჩაფიქრებული თუმცა, მანამდე არ იყო ყაზახეთის პოლიტიკური ნება და შესაბამისად, რთული იყო მათი განხორციელება. ახლა კი გარკვეული პროექტები სწრაფად დაიწყება, ზოგი კი დაიგვიანებს. თუმცა ჯამში, პროცესი დაძრულია. პოლიტიკური ნება ყველა ქვეყანას აქვს და უმოკლეს დროში, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება. ET: ქსელური ტერმინალების პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერმინალით რა ტვირთები გადაიზიდება? ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ნავთობტერმინალზე, არამედ აქ სხვა ტვირთები გაივლის. თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს აქცენტი. ეს ტერმინალი, რა პროექტზეც ახლა ყაზახეთი საუბრობს, საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთებს მოემსახურება, რომლის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა დღეს არ არსებობს. ტვირთები ფოთის პორტის ყაზახურ ტერმინალში კასპიის ზღვით და შემდეგ შუა დერეფნის გავლით მოხვდება. სამიზნეა შავი ზღვით გავლით მსოფლიო ბაზარზე წვდომა. ET: სატრანზიტო ფუნქციის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის საქართველო ყაზახეთისთვის მიმზიდველი? ყაზახეთისთვის ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ბაზრებზე ტვირთების გატანა. დანარჩენი უკვე კომერციული ნაწილია... ტურიზმი და ა.შ. საქართველო ყაზახეთისთვის დიდი ბაზარი არ არის და ამ კუთხით ვერ დავაინტერესებთ, თუმცა გარკვეული პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის, მაგალითად როგორიცაა სასმელი წყალი ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოვყოფთ მთავარ საკითხს, ყაზახეთისთვის საქართველო მსოფლიო ბაზარზე ტვირთების წვდომისთვისაა მნიშვნელოვანი და აქ მთავარი ტრანსკასპიური დერეფანია.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით ისარგებლებენ
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ, რომ არცერთი ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ არსებობდეს „უკანა კარი“, რომლითაც ისარგებლებენ სანქციებისგან თავის არიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დავრწმუნეთ, რომ მსგავსი საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ეფექტიანი იქნება, შევქმნათ ერთგვარი ქსელი, რომელიც იქნება კონტროლის მექანიზმი ექსპორტთან თუ სხვა სანქციებთან მიმართებით“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტების დამატებითი შეკითხვის საპასუხოდ, ელჩმა განმარტა, რომ ირანულ თვითმფრინავზე არ ფლობს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ცნობისთვის, 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა. როგორც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიაა.
პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს
პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშისს ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.
ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის
აშშ-ის სახელმიწო მდივნის განცხადებით, უკრაინა ძალიან მიზანმიმართულად და ძლიერი გეგმით მიდის წინ. კითხვას, რატომ არის დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ მიზეზი მარტივია - ეს არის უკრაინელების სამშობლო და არა რუსების. „რუსეთის ძალებიდან ბევრმა მათგანმა არ იცის, რატომ არიან უკრაინაში. ზოგიერთმა არც კი იცოდა, სად გაგზავნეს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი სულისკვეთება დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს იწვევს არამდგრადობას. ახლა რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი რესურსები, სამხედრო რესურსები, ის მოქმედებს საშინლად, განურჩევლად. ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის პრეზიდენტინ პუტინი ანადგურებს თავის რესურსებს, რესურსებს, რომლებიც შეიძლება, რუსი ხალხის დახმარებისკენ ყოფილიყო მიმართული. საზოგადოებაში, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში, ეს ინფორმაცია არ აღწევს ისე სწრაფად, როგორც შეიძლებოდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება. და, რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ამდენ სიცოცხლეს მსოფლიოში, ცდილობენ დაიკავონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
კელი დეგნანი: ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო
ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა, დღეს სასამართლო სისტემის პროგრამის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. ამ პროგრამის წარმატების აღნიშვნისას ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სასამართლოსთან მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებას. „მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემის 1000 თანამშრომელი მოვამზადეთ და სასწავლო პროგრამით 50 ქართველი მოსამართლე გავგზავნეთ შეერთებულ შტატებში. ვიცით რამდენს ნიშნავს ეს შესაძლებლობები და შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნის საქართველოში წარმატებულად დანერგვის მაგალითებიც გვაქვს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რამდენი მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება უკრაინის აღდგენას
მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და უკრაინის მთავრობის ერთობლივი შეფასებით, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა თითქმის $350 მილიარდი დაჯდება. ამის შესახებ დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის ჯარების მიერ ამ ომში მიყენებული პირდაპირი მატერიალური ზარალი მსოფლიო ბანკის მიერ $97 მილიარდადაა შეფასებული. უკრაინის მშპ 2021 წელს, რუსეთის შემოჭრამდე, $200 მილიარდი იყო. ევროკავშირი დღეს შეთანხმდა გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მთავრობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. „შემოჭრის ზარალს იგრძნობენ თაობები - ოჯახების განცალკევების, პიროვნული განვითარების შეფერხების, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.
ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს
თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, - ნათქვამია ილია მორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. „მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია სამძომრის წერილში. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.