ძებნის რეზულტატი:
ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩაფრინდა
ალექსეი ნავალნი მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტში ჩაფრინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა ლიუბოვ სობოლი, მისი ადვოკატი უკვე დააკავეს. ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ალექსეი ნავალნი დააკავეს
ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს
ალექსეი ნავალნის დაკავები კადრები
ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩაფრენისთანავე დააკავეს. ნავალნი მოსკოვში დღეს ჩაფრინდა.
ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამის შესახებ ინფომაციას Interfax.az-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი. „აეროპორტის შენობა ან წელს აშენდება ან გაისად. მისი მთავარი მიზანია შუშაში უცხოელმა სტუმრებმა შეძლონ ჩამოსვლა. მანძილი ფიზულისა და შუშას შორის დიდი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ფუნდამენტი ჩაეყარა ექვსზოლიანი გზის ოთხ ნაწილს, უცხოელებს შუშამდე მისვლა უმოკლეს დროში შეეძლებათ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.. მანამდე ალიევი ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ორი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგემება. ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა ეწვივნენ ქალაქ შუშასაც (სომხ. შუში), რომელიც აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხებმა არ უნდა დაივიწყონ 44-დღიანი ომი და მისი შედეგები. „თუ სომხეთში ვინმე რევანშზე ფიქრობს, ისევ ჩვენს რკინის მუშტს დავანახებთ. ამ რკინის მუშტმა მოახრევინა მათ ქედი და გაუტეხა თავები. თუ ჩვენს წინააღმდეგ რამე პროვოკაციას წამოიწყებენ, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ინანებენ და მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ალიევმა.
ეკატერინე ტიკარაძე: გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას
თებერვლის ბოლო იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში იგეგმება Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა. „დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და გარკვეული თანხა გვაქვს გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. რაც შეეხება, თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ, ამ „ცივი ჯაჭვის“ არსებობის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ უკან, რათა მათ ჰქონდეთ გარანტია. ორმხრივ გარანტიაზეა საუბარი“, - განაცხადა ტიკარაძემ. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შესანახ მაცივრებსაც ითვალისწინებს, ქვეყანაში უკვე არსებობს. ცნობისთვის, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ იანვრის ბოლომდე ქვეყანა მზად იქნებოდა ვაქცინის მისაღებად.
კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი,უწყების ყოფილი თანამშრომელია.
Samsung-ის ხელმღვანელს სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებით, ლიმ 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული. 52 წლის ჯეი ი. ლი 2017 წელს დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა. ამის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა. მესამე ინსტანციამ კი, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯეი ი. ლის პატიმრობა მიუსაჯა.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Twitter-მა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში Twitter-ის პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევის გამო ჩაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მარჯორი ტეილორ გრინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეკამათა, კონგრესის წევრი ასევე ცნობილია შეთქმულების თეორიების მხარდაჭერით. თავად მარჯორი ტეილორ გრინი Twitter-ს კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში სდებს ბრალს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.
ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 958 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.
234 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 72 შემთხვევა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში, პოლიციამ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათში, პოლიციამ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა
შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი შტამის გამოვლენის გამო, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. „ორ სასტუმროში ვირუსის ახალი შტამის ათამდე შემთხვევა გამოვლინდა. მოსახლეობისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად, ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ჯერჯერობით, უცნობია, ვირუსის რომელი ახალი სახეობა გამოვლინდა სასტუმროებში.
მაიკ პომპეო: შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Ndtv-ი ავრცელებს. პომპეოს თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფიგურების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს. “თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ასპარეზს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას სამაგიეროს მიზღვევას შიშის გარეშე,“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელიც ცდილობს კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბერლინიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს.
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა
„საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. ტიკარაძეს თქმით, მის უწყებაში ამ მხრივ სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობენ. მისი თქმით, მსოფლიოში მიღებულია, რომ საწოლფონდის საჭიროება გაიზომოს იმის მიხედვით, რამდენი საწოლი მოდის 100 ათას მოსახლეზე, საქართველოში კი იმდენი კლინიკაა, შესაძლოა გავზომოთ რამდენი კლინიკა მოდის 100 ათას მოქალაქეზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოში უფრო ჭარბია საწოლფონდი, ვიდრე ბრიტანეთსა თუ გერმანიაში „როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრი ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნას ბიზნეს ინტერესებით ხსნის და აღნიშნავს, რომ საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დიდი ბრიტანეთი, მინიმუმ 15 თებერვლამდე, ყველა სამგზავრო დერეფანს კეტავს
დიდი ბრიტანეთი, მინიმუმ 15 თებერვლამდე, ყველა სამგზავრო დერეფანს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოგზაურებს, რომლებიც ჩავლენ დიდ ბრიტანეთში, გემით, მატარებლით თუ თვითმფრინავით, ასევე უნდა აჩვენონ Covid-19 უარყოფითი ტესტის მტკიცებულება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღონ. როგორც ცნობილია, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაკეთდეს მოგზაურობამდე 72 საათით ადრე და ყველას, ვინც მის გარეშე ჩავა ბრიტანეთში, მას 500 ფუნტ სტერლინგით დააჯარიმებენ. ამავდროულად, ყველა მგზავრს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. როგორც მთავრობამ განაცხადა, სამგზავრო დერეფნის დახურვა ძალაშია მინიმუმ 15 თებერვლამდე.
თამარ გაბუნია: საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა
"საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. "დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით, ამ შემთვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების აღიარება, რამდენიმე აღიარებული ვაქცინაა, ესენია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას" და "მოდერნას" ვაქცინა. ვაქცინაციის გეგმაში ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე, მსგავსი აღიარებით, რა თქმა უნდა, გეგმა იმასაც გაითვალისწინებს. გეგმაში მკაფიოდ არის დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად. ეს არის -80 გრადუსიანი, -20 გრადუსიანი მოდერნასთვის და 2 და 8 გრადუსი, ეს არის რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვი, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია. ამ მხრივ მზაობა არის ძალიან მაღალი, არც სჭირდება დამატებითი ინვესტიცია" - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მზაობის დამადასტურებელი წერილ Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. „ეს კონკრეტული წერილი COVAX-ის პლატფორმაში შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნია: ჩვენ COVAX პლატფორმაში ვაქცინა შეკვეთილი გაქვს მოსახლეობის 20%-სთვის. ეს არის მილიონ ნახევარი დოზა
"ჩვენ COVAX პლატფორმაში ვაქცინა შეკვეთილი გაქვს მოსახლეობის 20%-სთვის. ეს არის მილიონ ნახევარი დოზა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება. "ჩვენ COVAX პლატფორმაში ვაქცინა შეკვეთილი გაქვს მოსახლეობის 20%-სთვის. ეს არის მილიონ ნახევარი დოზა. თუმცა მილიონ ნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება. მოხდება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, მაგალითად 50 000 დოზას, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები. წყვეტა იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა - არ არის, არ იქნება. რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას, "ფაიზერის" ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი. ვარაუდობთ 20 000 დოზას. ეს განკუტხვნილია10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის წარმომადგენლები შეადგენენ. ესეც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ადგენს COVAX-ი, თუ ვინ უნდა მიიღოს პირველი ვაქცინა." - განაცხადა გაბუნიამ.