ძებნის რეზულტატი:
ნინო გაჩეჩილაძე: თუ დარჩენილი ცხოვრების პირბადით გატარება არ გვინდა, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა
„თუ არ გვინდა, პირბადით გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, აუცილებლად მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინა", - ამის შესახებ იმუნოლოგმა და მიკრობიოლოგმა, ნინო გაჩეჩილაძემ „ევრონიუს საქართველოს“ ეთერში განაცხადა. „ვაქცინის გამოცდისთვის, მცირე დრო იყო, მაგრამ ეს პანდემიაც ძალიან მოულოდნელად დაგვეცა თავს. თუ არ გვინდა, პირბადით გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება, აუცილებლად მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინა. სხვა არჩევანი, სხვა ინსტრუმენტი არ არის. კოლოსალური მასშტაბის კვლევები გამოიწვია ამ პანდემიამ - იყო სამეცნიერო გაჯიბრებაც, სამეცნიერო შპიონაჟიც, მუდმივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა სტატია. ამ შეჯიბრში, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა ვაქცინამ. წამლამდე, ჩვენ გვაქვს ვაქცინა. ესაა საშუალება, რომლითაც პანდემიის შეჩერება შეგვიძლია. წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანს სადმე ცხრათავიანი დევის შეხვედრის ეშინოდეს. ბიოლოგია მუშაობს პრინციპით დნმ - რნმ - ცილა. პირიქით ეს ვერ იმუშავებს. გენეტიკური კოდის ცვლილებაზე, ჩიპირებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ნუკლეინის მჟავების ბაზაზე, ათწლეულების განმავლობაში მზადდებოდა ვაქცინების შექმნის ტექნოლოგია“, - განაცხადა ნინო გაჩეჩილაძემ.
მედია: ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს. აღნიშნულ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მათ სამმა ანონიმურმა წყარომ აცნობათ. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის შესაძლოა იყვნენ ეკონომიკურ დანაშაულებებში ბრადლებულები, რეპერები და სხვები. ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებასაც განიხილავდა, მაგრამ CNN-ის ცნობით, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
მაიკ პენსი: ჩვენი ადმინისტრაცია პირველია, რომლის დროსაც ამერიკა ახალ ომში არ ჩართულა
აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-იმ მშვიდობას საკუთარი სიძლიერით მიაღწია. "პირველად აშშ-ის ისტორიაში, ახალი ადმინსტრაციის მეთაურობით, ამერიკა ახალ ომში არ ჩართულა. ჩვენ მშვიდობას მივაღწიეთ, ქვეყნის სიძლიერის წყალობით",- მაიკ პენსი, მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის თქმით ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.
საქართველოს ათ ქალაქში და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლდა
2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეს განახლდა. სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე აჭარის რეგიონში. დანარჩენ სკოლებში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება. სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. როგორც ცნობილია, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ინტერნეტპროვაიდერები მათ 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. პროგრამით სარგებლობისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს პლატფორმაზე http://mobile.emis.ge
ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება
„პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 29-ს ჩამოსცდა. ეს პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი ინდიკატორია. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რუგულარულად ახლებს ქვეყნების მონაცემებს. ბოლო განახლება 15 იანვარს იყო, სადაც მათ აღნიშნეს ჩვენი დადებითი ტენდენცია. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით - პირბადის ტარების მაჩვენებელს. თუ ნოემბერ-დეკემბერში ერთ ინფიცირებულს ვავლენდით და 2-3-ს ვერა, ახლა, ყოველ ერთ გამოვლენილზე დაახლოებით, 1-1,5 არ ვლინდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭო: ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია შეინიშნება, 8,3 %-ია
პანდემიის მიზეზით მოქმედი შეზღუდვების შედეგად, ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია შეინიშნება და დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. როგორც საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აღნიშნული მაჩვენებელი მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. როგორც სხდომაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
კასპში, ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ კასპში მომხდარი ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას.სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია განცხადებაში.
FBI იძიებს, მოიპარეს თუ არა ლეპტოპი ნენსი პელოსის კაბინეტიდან რუსეთში გაყიდვის მიზნით
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო კაპიტოლიუმიდან მოპარული ნენსი პელოსის ლეპტოპის საქმეს იძიებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაიკარგა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის პერსონალური ლეპტოპი, რომლის მოპარვასაც რაილი ჯუნს ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ლეპტოპის მიყიდვას ეჭვმიტანილი რუსეთისთვის აპირებს. ექვს იანვარს გავრცელებულ კადრებში ჩანს რაილი ჯუნი, რომელიც სპიკერის კაბინეტთან იმყოფებოდა. სამართალდამცველების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ბრალდებული მიმალვაშია. რაილი ჯუნის დედის თქმით, მან ბარგი ჩაალაგა და ოჯახი გააფრთხილა, რომ ის რამდენიმე კვირით წავიდოდა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა საგამოძიებო ბიურომ ეჭვმიტანილის მოძებნა. რაილი ჯუნს უკანონო შეღწევა შენობაში და ხულიგნობა ედება ბრალად. აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმი ექვს იანვარს მოხდა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის კი ერთი პოლიციელი დაიღუპა, მომიტინგეებთან შეტაკებისას.
EMC და რელიგიური გაერთიანებები მთავრობას მოუწოდებენ გაუქმდეს რელიგიის სააგენტო
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) რამდენიმე ხელმომწერ ორგანიზაციასთან ერთად სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავარობას მიმართავს და მოუწოდებს, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ამის შესახებ EMC-იმ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ცნობილია, მიმართვას ხელს აწერს: ევანგელურ - ბაბტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ევანგელისტური ეკლესია; პლატფორმა სალამი; სოლიდარობის პლატფორმა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, არსებითია, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ სოფელ ბუკნარში მომხდარი ფაქტის მსგავსი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური მიზეზები და მას რეფორმებით უპასუხონ. „რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს. არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვებული არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. / ამის საწინააღდეგოდ, ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. ჩვენი დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებს (FCNM, ECRI) და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და 1. შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება; 2. შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება; 3. გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება“,- აღნიშნულია მიმართვაში.
ბექა ფერაძე: სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების ტესტირების შემთხვევაში იგეგმება
"საქართველოში სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა პირველი თებერვლიდან მხოლოდ იქ დასაქმებული ადამიანების ტესტირების შემთხვევაში იგეგმება", - ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბექა ფერაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ხარჯებს სრულად სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ ეტაპზე კი განიხილება ბიზნესის თანამონაწილეობის საკითხიც. "დასაქმებულების კონკრეტული პროცენტული წილი იქნება განსაზღვრული, რომელიც გაიტესტება 1 თებერვლამდე. თვითონ სავაჭრო დაწესებულების ადმინისტრაცია შეარჩევს რისკის შემცველ ჯგუფებს და ეტაპობრივად მოხდება ყველა დასაქმებულის მოცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის მექანიზმი ექნება შრომის ინსპექციას. ტესტირება ჩატარდება ყოველ 14 დღეში ერთხელ", - აღნიშნა ფერაძემ.
ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო
ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ცნობა სოციალურ ქსელ Twitter-ში ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ის აეროპორტში დააკავეს.
ნავალნი პუტინზე: იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს
"მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს", განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსე ნავალნიმ ვიდეომიმართვაში. „ერთი წუთის წინ გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. მომიყვანეს აქ, სადაც სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციის განყოფილებაში? რატომ არავის შეატყობინეს? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ის აეროპორტში დააკავეს. ამ წუთებში, ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო.
სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო პროცესის“ შედეგები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი
ოკუპირებულ ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო პროცესი“ მიმდინარეობს. დაკავებული რამდენიმე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. როგორც Europetime-ს სუს-ის პიარში განუცხადეს, გახელაძის სასამართლო პროცესი დღეისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა აამ დრომდე ცხელი ხაზით სასამართლოს პროცესის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. „სასამართლო გადაწყვეტილების დეტალები რამდენიმე საათში გახდება ჩვენთვის ცნობილი“,- განუცხადეს Europetime-ს სუს-ში. გახელაძის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, 11 ივლისს, მსხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა გახელაძე ფეხში დაჭრეს. დაკავებულს ბრალად ედება საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. . სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.
ჯანმო: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა
"პირდაპირ უნდა განვაცხადო: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ამის შესახებ მან სტატუსი Twitter-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. „პირდაპირ უნდა განვაცხადო: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა და ეს მარცხი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ისრაელი Pfizer-BioNTech-ს ვაქცინაციის შედეგებზე ინფორმაციას მიაწვდის
ისრაელი Pfizer-ს დამატებითი დოზების სანაცვლოდ ვაქცინირებული მოსახლეობის სამედიცინო მონაცემებს გაუზიარებს ისრაელმა შეთანხმებას მიაღწია ვაქცინის მწარმოებელ კომპანია Pfizer-BioNTech -თან, რომლითაც ქვეყანა პრეპარატის დოზებს მიიღებს, ხოლო სანაცვლოდ კომპანიას, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის, სადაც ვაქცინაციის პროცესის შედეგები იქნება განხილული. Pfizer-BioNTech -თან, რომლითაც ქვეყანა პრეპარატის დოზებს მიიღებს, ხოლო სანაცვლოდ კომპანიას, ბენიამინ ნათანიაჰუმ, AP News-თან განაცხადა, რომ ისრაელმა და ვაქცინის მწარმოებელმა შეთანხმებას მიაღწიეს. „ისრაელი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-სა და მსოფლიოს გაუზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლაში“, - აცხადებს პრემიერი ინტერვიუში. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაზიარებული მონაცემები გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ვაქცინას - ქვეყანაში ავადობის მაჩვენებლის ცვლილებას, ასევე არის, თუ არა ქვეყანა მზად, რომ განაგრძოს ეკონომიკური აქტივობები და არის თუ არა ეფექტური აცრები, კორონავირუსთან ბრძოლაში. Pfizer-ი მონაცემების სანაცვლოდ, ისრაელს უზრუნველყოფს პრეპარატის დოზების უწყვეტი ნაკადით. ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გადაიხდის ქვეყანა დამატებითი დოზებისთვის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეთანხმებით ორი მხარე კმაყოფილია. ისრაელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ეფექტურად ახორციელებს ვაქცინაციას, ცხრა მილიონიანი მოსახლებოდიდან ქვეყანაში ვაქცინა თითქმის მესამედმა გაიკეთა.
საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $17.3 მლნ მიიღო
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი. საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $17.3 მლნ მიიღო სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. როგორც ცნობილია, მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა. "2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის „სასამართლო პროცესი“ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 11 ივლისს, მსხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი, დღეს გაიმართა. საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს. ekhokavkaza.com-ის ცნობით, სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაკითხეს და შემდგომ შესვენება გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის ჩაინიშნება მომდევნო სხდომა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს. დაკავებულს ბრალად წაუყენს საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წინასწარ პატიმრობაში 7 თვის მანძილზე იმყოფება. სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.
საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა
ჩრდილოეთ ალჟირში აინ სეფრას მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში, საჰარის უდაბნოში, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა და თოვლი მოვიდა. ცნობისთვის, ბოლო 40 წლის განმავლობაში საჰარის უდაბნოში ნალექი მეოთხედ დაფიქსირდა. ბოლოს ქალაქში 2018 წლის იანვარში მოთოვა.
სუს-ი ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამრთლო პროცესი 25 იანვარს ჩაინიშნა. ამის შესახებ Europetime-ს სუს-იდან აცნობეს. "ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს. დაკავებულს ბრალად წაუყენს საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გახელაძე უკვე 7 თვეა საოკუპაციო რეჟიმის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება
"ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება" , ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას. მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. „მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაინერი. ამასთანავე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, „ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებასაც ელოდებიან“. „ჩვენ ასევე ველით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – აცხადებს ევროკომისარი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსეი ნავანლი მოსკოვში ჩავიდა და ის აეროპორტში დააკავეს. დღეს ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო.