ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას, ვისთვისაც აფხაზური ენის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა, აფხაზური ენის დღეს ვულოცავ
„ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის - აფხაზური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულება და პასუხისმგებლობაა, აფხაზური ენის დღეს ვულოცავ!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის - აფხაზური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ჩვენი ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს - აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რათა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცებისა და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
შარლ მიშელი ყაზახეთშია
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. მედიის ცნობით, აეროპორტში მას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, ასევე, დაგემილია აუდიენცია ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ყაზახეთის პრეზიდენტი ყაასიმ-ჟომართ თოყაევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაეცნენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე წყალბადის წარმოებისა და განაწილების ცენტრის მშენებლობას მანგისტაუს რეგიონში. Svevind Group-ის ინვესტორი მწვანე წყალბადის წარმოების აშენებას მანგისტაუს რეგიონში გეგმავს, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2 მილიონი ტონა იქნება. პროექტი მოიცავს 255,000 კუბური მეტრი სიმძლავრის გამწმენდი ქარხნის მშენებლობას და ექსპლუატაციას. ასევე - 40 გვტ განახლებადი ენერგიის წყაროებს (მზის და ქარის ელექტროსადგურები) და ელექტროლიტური წყლის წარმოებას 20 გვტ-მდე ექსპორტისთვის და შიდა მოხმარებისთვის.
ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს მომხდარზე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ სახლში, გარდაიცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამასთან, შეგახსენეთ, რომ 2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „შედეგებისგან“ რუსული საზოგადოების იზოლირება გაუჭირდება
კრემლი რეგიონულ ოფიციალურ პირებს კრებს და რუსეთის რეგიონებში „უსაფრთხოების ზომების შემუშავებაში რთავს“, რათა საზოგადოების კრიტიკა აირიდოს თავიდან. ამის შესახებ დიიდ ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება. 2022 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გაუწევს კოორდინაციას „უსაფრთხოების ზომების შემუშავებას“. „ეს ღონისძიება, სავარაუდოდ, რეგიონების გუბერნატორების უფრო მჭიდრო კავშირს გამოიწვევს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მიმართულია საზოგადოების რეაქციისკენ, რადგან რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, კრიტიკის ქვეშაა“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, კრემლი მსგავს მიდგომას იყნებდა COVID19-ის კრიზისის დროს. თუმცა დაზვერვა ვარაუდობს, რომ კრემლისთვის გათულდება რუსული საზოგადოების იზოლირება უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებისგან“. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი შეიმუშაოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული მედია: რუსეთის ძალები მარიუპოლში მათ მიერ დაზიანებული სახლების ნგრევას იწყებენ
რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, მათ მიერ დაზიანებული სახლების დანგრევას იწყებენ. „ისინი იწყებენ სხვა უბნის დანგრევას, ხოლო ხალხი ცხოვრობს ქუჩაში ან ოკუპირებულ საცხოვრებლებში. რუსებმა უბრალოდ მიიღეს ბიუჯეტის დაფინანსება შენობების დანგრევისთვის. ასე რომ, ისინი ანგრევენ. პრიმორსკის რაიონი... - წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო. უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იმ შენობების სია, რომელთა დანგრევას რუსები მარიუპოლში წელს გეგმავენ. მასში 136 საცხოვრებელი კორპუსი შედის.
პოლონეთს სურს, უკრაინას აეროპორტების აღდგენასა და სარკინიგზო კავშირების გაფართოებაში დაეხმაროს
პოლონეთს სურს, უკრაინას აეროპორტების რეკონსტრუქციაში დაეხმაროს და ასევე მზად არის, გააფართოოს სარკინიგზო კავშირები ორ ქვეყანას შორის. ამის შესახებ უკრაინული მედია ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ვარშავას შეუძლია, კიევს საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურება შესთავაზოს. „ჩვენ ვხედავთ უამრავ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში“,- აცხადებს პოლონური მხარე. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში თანამშრომლობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გადახედვის საკითხი.
სი ძინპინი: მზად ვარ, ვიმუშაო აშშ-სთან ორმხრივი სარგებლისთვის
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის. როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს. „თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყანას თანაბარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსაც. მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი და მშვიდი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი საერთაშორისო სტაბილურობას“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში. ცნობსითვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.
აშშ-მ ჰიპერბგერითი იარაღის კომპონენტები წარმატებით გამოსცადა
აშშ-მ ჰიპერბგერითი იარაღის კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ცნობით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ აშშ-მ და გლობალურმა კონკურენტებმა დააჩქარეს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ტემპი, რომელიც მოწინააღმდეგეებს რეაქციის დროს უზღუდავს.
საია: სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული 4 თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა
სახალხო დამცველმა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, რის საფუძველზეც 26 ოქტომბერს განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შორის არიან ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ. 2022 წლის 28 იანვარს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის იყო ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც. მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ განმცხადებლების პროექტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა. კერძოდ, დებულებით დირექტორატს უფლებამოსილება მიენიჭა, დაფინანსებული პროექტების შესახებ დამფინანსებელს მიმართოს და საგრანტო თანხა მოითხოვოს. დირექტორატს ასევე, უფლება მიენიჭა, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით. მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა აღასრულა. კერძოდ, განმცხადებლებმა 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე განთავსებული პოსტიდან შეიტყვეს, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს სსიპ ეროვნული მუზეუმის სახელით ფონდის კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტის განხორციელების თაობაზე თანხმობა გაეგზავნა და ხელშეკრულებები გაფორმდა. ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა სსიპ ეროვნულ მუზეუმში შექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატი და უკვე ახლად შექმნილი სამეცნიერო საბჭო, არის განმცხადებლების პროექტი. ამით განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდებოდა. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდგომში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ განმცხადებლების მიერ დაფიქსირებული პოზიციებით. შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით მიმართა: - გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს; - მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. ამ საქმეს საია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აწარმოებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. “19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ: - ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა; - 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; - შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით; - შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; - შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს; - ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი. ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს „უსაქმურები“, „ქვეყნის მტრები“ და ა.შ. მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავი დაიწვა
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, 26 ოქტომბერს, გვიან საღამოს ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-თან განაცხადა, რომ რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი, უკრაინული ჯარების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
ევროპაში გაზის ფასი, მარაგების გადაჭარბების გამო ეცემა
ევროპაში გაზის საბირჟო ფასი ეცემა. ერთ დღეში ცვლილებამ კიდევ 1% შეადგინა , რასაც ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები ადასტურებს. ნოემბრის ფიუჩერსებზე (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა ფასის კლებით გაიხსნა და ათას კუბურ მეტრ გაზზე $1020,1 შეადგინა (-5,4%). 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის საფრთხის გამო, ევროპაში, გაზის ფასი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ისტორიულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და ათას კუბურ მეტრზე $3 892 გაუტოლდა. შემცირებული ფასები, ევროპაში გაზის გადაჭარბებულ მარაგზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ევროპას უბრალოდ არ სჭირდება ამდენი გაზი. 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპაში, მიწისქვეშა გაზის საწყობებში მარაგმა თითქმის 102 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საცავების მაქსიმალური სიმძლავრე 108 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვსი საწყობების დაახლოებით 95% -ია შევსებული. (2021 წელს ზამთრის წინა სტრატეგიული რეზერვი არსებული მოცულობის 80%-ს შეადგენდა).
კახეთში მკვლელობა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა კაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემეირის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობოთაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა ჩვენი მოწვევა მიიღო და მოხარულები ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით, ბატონი ორბანის მმართველობის და ლიდერობის დროს, ძალიან წარმატებული ქვეყანაა და ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არამხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში“, - აღნიშნა პრემიერმა. „მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსა და მე, მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“, - აღნიშნა თავის მხივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვქიტორ ორბანი: უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, ამ საკითხში ქვეყნების პოზიციები ემთხვევა და მათი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. „მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს. გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრა. მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე, ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ უნგრელები კითხულობენ, რატომ გვაქვს უნგრული ენა და უნგრული კულტურა, უნდა გვქონდეს სტამბოლის, ბერლინის და სხვა დედაქალაქების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს. ასევე, მინდა, ვთქვა საქართველოს შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან და რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა დაინტერსებულ მხარესთან. ძალიან მოკლედ მინდა, გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.
ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკის მოქალაქის უ.ჟ.ტ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ჯამში 4.131 გრამი და ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (165 აბი, 6 ამპულა,11 კაფსულა ) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261 და 262-ე მუხლებით.
ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთება და მისი წევრობის სურვილია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებ - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოკაევი ასტანაში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლზ მიშელს შეხვდა. შარლ მიშელი ყაზახეთშია მოლაპარაკების დასასრულს ყაზახეთის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყაზახეთში, ქვეყნისადმი მაღალი პატივისცემისა და ნდობის გამოვლინებაა. „მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოლაპარაკებები ახლახან გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას. ჩვენმა შეხვედრამ თბილ და სანდო ატმოსფეროში ჩაიარა. მიღწეულია შეთანხმება ჩვენი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაგრძელებაზე. ჩვენ ასევე დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობა ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში“,- განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, ევროკავშირი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. „30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყაზახეთის ეკონომიკაში ევროკავშირმა $160 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორცოელა. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 43%-ით გაიზარდა და $26 მილიარდი შეადგინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა. თოყაევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებების დროს დადებითი შეფასება მიეცა ორმხრივ კავშირებს ენერგეტიკის, მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „ეს განსაკუთრებით აქტუალური ახალ გეოპოლიტიკურ პირობებშია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას ევროპული სანქციების ფონზე“, - განაცხადა თოყაევმა.
ლიეტუვამ უკრაინაში, შვიდი ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკის Toyota Land Cruiser 200-სა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ განაცხადა. „მეტი მხარდაჭერა უკრაინას! ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში შვიდი ჯავშანტექნიკა Toyota Land Cruiser 200 SUV-ი და სხვა აღჭურვილობა გაგზავნეს", - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე. მანამდე, ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალდემარას რუფშისმა თქვა, რომ ის შესთავაზებდა PzH 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისა და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ ახლა ქვეყნის შესაძლებლობები „ლიმიტირებულია“. იმავდროულად, ევროკავშირმა მოუწოდა ბლოკის თავდაცვის მინისტრებს, კოორდინირება გაუწიონ იარაღის შეძენას, რათა მიმწოდებლებისგან უკეთესი პირობები მიიღონ.
ვიქტორ ორბანი: გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით
„გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. „შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. „ძალიან ბევრი რამე შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით. გვინდა, რომ შედეგი იქონიოს და არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ, ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი უნგრეთისთვის, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით. 24 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. „ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე