ძებნის რეზულტატი:

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში, საგანგებოდ შემუშავებულ კონცეფციას იყენებს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა, რუსეთის მასიურ დარტყმებს, რომელიც 10 ოქტომბრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე განხორციელდა, კრიტიკული მიზნების განადგურების სტრატეგიად განიხილავს, რომელიც რუსეთის სამხედრო დოქტრინას შეიცავს. „ეს არის ალბათ პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციის განხორციელებას“,- ვარაუდობენ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის საგანგებოდ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს დისტანციური რაკეტებით კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის განადგურებას და აქ, ნაკლებად ხდება იერიში სამხედრო ძალებზე. „რუსეთის ამოცანაა მოსახლეობის დემორალიზება და, საბოლოო ჯამში, მიზანია, რომ სახელმწიფოს ლიდერებს კაპიტულაცია აიძულოს. რუსული დარტყმების შედეგად, ხდება ელექტროენერგიის გათიშვა, რაც უკრაინის მასშტაბით მასობრივ ჰუმანიტარულ საკითხებს ამწვავებს“, - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა ბრიტანეთის დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს ამ სტრატეგიის ეფექტურობას, რადგან, მიაჩნიათ, რომ რუსეთმა, ალბათ, უკვე გამოიყენა თავისი სარეზერვო რაკეტების უმეტესობა. „ამიტომ ამ დარტყმების მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება, ვიდრე ომის საწყის პერიოდში, რადგან უკრაინელები მობილიზებულნი არიან“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.   

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სასამართლომ დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 2,000 ევრო (ევრო) არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და მესამე მომჩივანს 9,812.86 ევრო სხვა დანახარჯებისთვის. „სასამართლოს განმარტებით, „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“. იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის", - განმარტეს საიაში. განმცხადებლების თქმით, ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ. ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის[1] საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17 პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა[2], ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)[3]. სამივე განმცხადებელი თავს ტრანს კაცად აიდენტიფიცირებს და მათი სოციალური როლი კაცია. განმცხადებლებს სხვადასხვა სახის, საქართველოს რეალობაში ხელმისაწვდომი, ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურებიც აქვთ ჩატარებული და მდედრობითი სქესისთვის დამახასითებელი სახელებიც შეცვლილი აქვთ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სახელებით. განმცხადებლებმა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის 2014-2015 წლებში მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს ჩანაწერის ცვლილება. სამინისტროს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული უარი კი სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და საქმის განხილვა ორი ინსტანციის სასამართლოში წარუმატებლად დასრულდა. ამავე დროს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არცერთი საქმე წარმოებაში არ მიიღო. ა. დ.-ს და ა. კ.-ს საქმეები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს, ხოლო ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე - 2019 წელს გაიგზავნა. განმცხადებლები დავობდნენ მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.  

ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო

ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა, ანტაკალნისის სასაფლაოზე საბჭოთა ძეგლების დემონტაჟზე მუშაობა დაიწყო. ამ ძეგლების დემონტაჟი, მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიბლოკა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ამის მიუხედავად საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი მაინც დაიწყო. ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა განაცხადა, რომ სამუშაოები სავარაუდოდ სამ კვირას გაგრძელდება. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს ლიეტუვის იუსტიციის სამინისტრო და მერია აცხადებენ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეცდომაში შეიყვანეს იმ არგუმენტებით, რომ ძეგლი შეილახება, ხოლო ნაშთებს, რომლებიც იქვეა, ხელახლა დაკრძალავენ. ვილნიუსის მუნიციპალიტეტი პირობას დებს, რომ დემონტაჟის შემდეგ ძეგლები, ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.   

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 7,95 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქტივები დაბლოკა. ამის შესახებ დღეს, შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა. „2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში დეკლარირებული რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 46,1 მილიარდი ფრანკი შეადგინა. 2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია“, - აღნიშნა SECO-მ. გარდა ამისა, შვეიცარიის ექვს კანტონში რუსეთის მოქალაქეების 15 საკუთრებაა დაბლოკილი.   

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  

მედია: დასავლური სანქციების გამო LUKOIL-ი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს

რუსული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია LUKOIL-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. 2022 წლის დეკემბრიდან, რუსული კომპანია კასპიის საბადოებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით დასავლეთის სანქციების გამო ექსპორტს შეწყვეტს და ნედლეულის ტრანზიტს Caspian Pipeline Consortium სისტემით დაიწყებს, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ხვდება.  „რუსული ნავთობის მიწოდება BTC-ით არ მოხდება, ამის მიზეზი სანქციებია“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ. სხვა წყაროების თქმით, გადაწყვეტილება BTC-ის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება იკრძალება.  

შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი. ცერცვაძის განცხადებით, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს გადაცემას. მისივე თქმით, მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკურ ინფექციურ დაავადებად. "შორს არ არის დრო, როდესაც აინვ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. დღეს ის არის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციური დაავადება. იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში ის გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. 2025 წელს ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ დაძლეულ იქნას შიდსის ეპიდემია. რა იგულისხმება ამაში –  სწორი, ეფექტური და დროული მკურნალობის შედეგად, თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე, ის არ არის გადამდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავისახეთ მიზნად 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი, რომ შიდსი აღარ იქნება, ან თითქმის აღარ იქნება ახალი შემთხვევები. ანუ, ყველა აივ ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი 2025 წლისთვის, ყველა უნდა იყოს მკურნალობაზე, რაც ნულამდე ან თითქმის ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას და აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს. ეს იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, დაძლეულ იქნას აივ ინფექციის ეპიდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.  

ევროპულ ბაზრებზე წვდომის მიზნით, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი გზის მშენებლობას გეგმავენ

უზბეკეთი, ყირგიზეთთან და ჩინეთთან ერთად, გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩის მრჩეველმა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს უზბეკეთმა 2026 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. „ასევე, ამ სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. უზბეკეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორები არიან რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ტექსტილისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელდა“, - განაცხადა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა.   

ყაზახეთი ჩინეთთან საზღვარზე, კიდევ ერთი სარკინიგზო გადასასვლელის გახსნას გეგმავს

ყაზახეთი ჩინეთთან მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა, ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, სატრანზიტო ტვირთების შემდგომი გაზრდის მიზნით, მუშავდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხი აბაის რეგიონის ურძჰარის რაიონში ბახტის რეგიონში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი და საზღვრის გადაკვეთის ტერმინალი აშენდება. ჟუმანგარინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 5 საერთაშორისო სარკინიგზო და 8 საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. აქედან 3 სარკინიგზო და 6 საგზაო დერეფანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ დერეფნებთანაა სინქრონიზებული.  

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა

დღეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია, თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი, სახელმწიფო დუმის ტურიზმისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სანგაჯი ტარბაევი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სვეტლანა ჟუროვა, სახელმწიფო თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი კონსტანტინე ზატულინი. სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას შეხვედრები სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან გაიმართება.

ევროკავშირი უკრაინაში განაღმვისთვის მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთოს მისიისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს, ლოძში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  პოლონეთის ქალაქ ლოძში, დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ყურადღების ცენტრში, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საკითხი იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მინისტრმა დაადასტურა. უკრაინას ეუთოში, წლის მთავარ ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს.   

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7112 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.65 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8278 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8161 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1455 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2911 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება, საქართველოს ციფრულ ჰაბად გადაქცევის წინაპირობაა

„ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე. ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული  ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება. წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.  ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ქსელების მშენებლობა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა - საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ციფრულ ჰაბად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ,  გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია თიბისი ბანკი.  

შესაძლებელია, თებერვალში იყოს გრიპის გავრცელების ზრდა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა, ამიტომ შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. "გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.  

სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვიდეო

სომხეთში, სოფელ ჯრაბერში სლოვენიის მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ასტრახანისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ სომხურ მედიასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. სლოვენიის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი, ზვართნოცის აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი მალევე შეწყდა. ავარიის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.    

მიხეილ ჩხენკელი: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დაწყებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. „დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, 2021-2022 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სამი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 200-მდე საჯარო სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური პროექტის განხორციელების მიზნით. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა ოთხი ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. „2019 წლიდან დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში 121 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.  

სი ძინპინი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრა ევროპისა და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მოლაპარაკების დროს, უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია". „უკრაინის კრიზისის (ომი - რედ.) პოლიტიკური გზით გადაჭრა ევროპისა და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ხუთშაბათს სი ძინპინმა პეკინში მიშელთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, მიშელმა სი ძინპინს  განუცხადა, რომ ევროკავშირი ელის, ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს რუსეთის მხრიდან სასტიკი ნგრევისა და ოკუპაციის დასრულებაში. Euronews-ის ცნობით, შეხვედრა პეკინში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ასევე შეეხო ადამიანის უფლებებს, ტაივანს, სავაჭრო ურთიერთობებს და კლიმატის ცვლილებას. მოვუწოდე პრეზიდენტ სი ძინ პინს, როგორც ეს გავაკეთეთ აპრილში ევროკავშირის ჩინეთის სამიტზე, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე გაეროს წესდების პატივისცემის მიზნით“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე.    

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. „პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი დონორია, რამაც მრავალი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე. შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს წარმატება უსურვა რეფორმების განხორციელებაში და ამ პროცესში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობა გამოხატა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, პაპუშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.