ძებნის რეზულტატი:

ევროკომისია დრონების გამოყენების წესებს განაახლებს

ევროკომისიამ დრონების გამოყენების წესები განაახლებს, უახლოეს მომავალში კი მიიღება ზომები თვითმფრინავების მავნე გამოყენების წინააღმდეგ. კომისიამ განაცხადა, რომ საჭიროა დრონების მავნე გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები, რადგან ისინი მოწყვლადნი არიან ჰაკერებისა და ბოროტად გამოყენების მიმართ. ევროკომისია ასევე დაადგენს კრიტერიუმებს ევროპული ეტიკეტისთვის, რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად მართონ ასეთი თვითმფრინავები. „ჩვენ გვჯერა, რომ თუ ჩვენი სტრატეგია სათანადოდ განხორციელდება, დრონების ბაზარი 2030 წლისთვის 14,5 მილიარდ ევროს (15 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწევს. მას ასევე შეუძლია, შექმნას 145 000 ახალი სამუშაო ადგილი ევროკავშირში“, - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში კომისარმა ადინა ვალეანმა პრესკონფერენციაზე. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ დრონები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, გარემოში, დაზვერვაში, ურბანულ დაგეგმარებაში, უსაფრთხოებასა და ომში, რაც იწვევს შეშფოთებას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, აშშ, ისრაელი, ჩინეთი და თურქეთი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ოთხეულში არიან.      

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი. ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.    

რუსეთისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლებმა, წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს

რუსეთისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლებმა, იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების აკვატორიაზე, წყნარი ოკეანის რეგიონში  ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.  ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსული სარაკეტო მატარებლების ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით რვა საათს გაგრძელდა. „რუსეთის კოსმოსური ძალების Su-30SM-ისა და Su-35S-ის ტიპის თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ საჰაერო ჯგუფის გამანადგურებელ ესკორტს“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. როგორც უწყებამ აღნიშნა, ერთობლივი საჰაერო პატრულირების დროს, რუსული თვითმფრინავი ჩინეთის აეროდრომზე, ხოლო ჩინური რუსეთის აეროდრომზე პირველად დაეშვა.  

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ანექსირებულ მელიტოპოლში ჩავიდა

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან პირადად მოინახულა თანამემამულე მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობენ.  ალან გაგლოევმა მებრძოლებს ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები. გაგლოევის პრესმდივანის ნატალია ბოსიკოვას თქმით, „სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას და ინფორმირებულია პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“.  

კულება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ორ გზას ასახელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტის დაძლევის გზებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუსული სარაკეტო ტერორისგან დაცვის მნიშვნელობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „პირველი ვარიანტი არის ელექტროენერგიის შეძენა ევროკავშირში. მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე უკრაინაში, ამიტომ, საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა. მეორე მეთოდი გულისხმობს უკრაინის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობით, ტრანსფორმატორებით და გენერატორებით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - განაცხადა მინისტრმა. ამ კონტექსტში, კულებამ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ენერგეტიკული აღჭურვილობის სასწრაფო შესყიდვისთვის, 53 მილიონი დოლარის გამოყოფას. მისივე ინფორმაციიტ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ობიექტების მიმართულებით და იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაში კულებაც მონაწილეობს.  

ემანულ მაკრონი აშშ-ს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მას, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს, იტყობინება AFP. მაკრონის თვითმფრინავი ერთობლივ ბაზაზე ენდრიუსში, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვა, ის ორ დღეს გაატარებს აშშ-ის დედაქალაქში, სანამ ახალ ორლეანს ეწვევა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა „ინფლაციის შემცირების აქტი“ (IRA) იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, მაკრონი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეარბილოს ეს კანონი, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს და „არამეგობრულია“. ორი ლიდერის მოლაპარაკებები ასევე ეხება ევროპაში გასაყიდი ამერიკული ბუნებრივი აირის ფასებს და ჩინეთთან კონკურენციას. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში პარასკევს დასრულდება.  

ევროკავშირმა უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ ლაიენის განცხადება განმარტა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინაში ომის მსხვერპლთა შესახებ განცხადებას, ევროკავშირი განმარტავს. ბლოკის განმარტებით, ლაიენი გულისხმობდა დაღუპულებსა და დაჭრილებს, როდესაც 100 000 უკრაინელი სამხედრო ახსენა. დაბნეულობა ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. მთავარი სპიკერის მოადგილემ და ევროკომისიის პოლიტიკურმა კომუნიკაციების დირექტორმა, მალევე განმარტა რომ 100,000 რიცხვი გულისხმობდა უკრაინელი სამხედრო დანაკარგების უხეშ შეფასებას, მათ შორის როგორც დაღუპულებს, ასევე დაჭრილებს.  

Financial Times: ჩინური კომპანიები გეოპოლიტიკური რისკების გამო, სინგაპურში გადადიან

გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 500-მა ჩინურმა კომპანიამ ფარულად შეცვალა რეგისტრაციის ადგილი ან გახსნა ოფისები სინგაპურში, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, მზარდი გეოპოლიტიკური რისკი თავიდან აიცილოს.  ამის შესახებ Financial Times იტყობინება. „ჩინური ბიზნესის დარეგისტრირება სინგაპურში არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ბანკირები განმარტავენ, რომ ახლა ჩქარობენ ჩინური ჯგუფების კომპანიებიდან ჰოლდინგების შექმნას, რათა თავიანთი ბიზნესი, მომავალში აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო, შესაძლო, რისკებისგან დაიცვან“, - წერს გამოცემა.  ავსტრალიაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან სინგაპური ბიზნესის წარმოშობის ქვეყანას თავის საჯარო სტატისტიკაში არ ასახელებს. ერთ-ერთი ფირმის შიდა კვლევის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სინგაპურში წელს 500-ზე მეტი ახალი ჩინური კომპანია შეიქმნა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.  „მოსალოდნელია, რომ სინგაპური ისარგებლებს ამ ტენდენციით, რადგან ცდილობს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.  სექტემბერში მან გადაუსწრო ჰონგ კონგს, როგორც აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს და მესამე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით.  

უსაფრთხეოების სამსახური, სოფელ დრაჩინოში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ კარპატების რეგიონის სოფელ დრაჩინოში, მუკაჩევსკის ეპარქიაში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკა მიმდინარეობს.   კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია უსაფრთხოების სამსახური, მუკაჩევსკის ეპარქიის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთებს ეძებენ და ამოწმებენ მონაცემებს არსებობს თუ არა ეპარქიის „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების საფრთხე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.  27 ნოემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე შევიდა.   

ლარი ისევ გაუფასურდა - ვალუტის კურსი

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7177 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8161 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1458 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2618 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

NATO-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ალიანსის პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გააკეთა. რუმინეთი NATO-ს ორდღიან მინისტერიალს მასპინძლობს. დღეს ბოლო სესიას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტებიც ესწრებოდნენ. „დღეს შემოგვიერთდნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები. NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების საკითხი და თანამშრომლობის გაძლიერების გზები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გავაძლიერებთ მორგებულ მხარდაჭერას რეფორმების, შესაძლებლობების განვითარების, წვრთნების მიმართულებით, რათა გავაუჯობესოთ მათი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამავე პრესკონფერენციაზე უპაუხა მან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ჩვენს ბოლო სესიაზე გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების მიმართულებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. სწორედ ამისთვის ვიყენებთ სასწავლო ცენტრს. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავდნენ. შეგახსენებთ, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი NATO-ს სამიტზე, მადრიდში, ივნისში დამტკიცდა.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „Cyber Coalition 2022“ მსოფლიოში კიბერსფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ათასამდე მონაწილეს აერთიანებს. ხუთდღიანი კიბერსწავლება რეალურ გარემოში სხვადასხვა სცენარების სიმულირებასა და მათზე რეაგირების ალგორითმის შემუშავებას მოიცავს. სწავლება მიზნად ისახავს ქსელების დაცვისა და კიბერსივრცეში ერთობლივი მუშაობის უნარების გაძლიერებას, ასევე პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

უკრაინამ და ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ციფრული ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, ბრიტანეთი,  რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, უკრაინის ეკონომიკას, მხარს დაუჭერს.  ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, როდესაც სამხედრო ოპერაციები და ინფრასტრუქტურის განადგურება ფიზიკურ ვაჭრობას ბევრად ართულებს. გარდა ამისა, არსებობს კრიტიკული საჭიროება, რომ ადამიანებმა შეძლონ ციფრული იდენტიფიკაციის გადაწყვეტილებების გამოყენება მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის დაკარგვის ან საზღვრის გადაკვეთის მიუხედავად. შესაბამისად, შეთანხმება ასევე განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს ორი ქვეყნის ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემების მიმოწერასთან დაკავშირებით. ციფრული ვაჭრობის ხელშეკრულება მოიცავს ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა თანამედროვე სფეროს - ციფრულ სავაჭრო სისტემებს, მონაცემთა უფასო გაცვლას, მომხმარებელთა დაცვას, ღია ციფრულ ბაზრებს, ფინანსურ მომსახურებას, ტექნიკურ თანამშრომლობას.  

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78  ხმით  დაუჭირა. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ამასთან, განხილვის პროცესში ინიცირებულ პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. გარდა ამისა, სახელწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.  

მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება საელჩოსთან მოხდა. ამავდროულად, La Vanguardia-ს ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ აფეთქება თავად დიპლომატიურ მისიაში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოში გაგზავნილ კონვერტში იყო.  სააგენტო Efe-ს წყაროები აცხადებენ, რომ წერილი ელჩის სახელზე იყო, თუმცა ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა. მადრიდის პოლიციამ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. საელჩოს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საელჩოსა და უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

აშშ კატარს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიჰყიდის

სახელმწიფო დეპარტამენტმა კატარისთვის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, $მილიარდიანი გარიგება რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, გააუმჯობესოს მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვანი ძალაა ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. ცნობისთვის, აშშ-მა კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა. ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. ამასთან, ცნობილია, რომ კატარში მდებარეობს აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში.

ყაზახეთმა რუსეთთან შეთანხმების ხარჯზე, სანქციების დარღვევაზე უარი განაცხადა

რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი გაზის კავშირის იდეას, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, ასტანაში ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ყაზახეთი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად და გაზის გაერთიანების პროექტს, სანქციების რისკების გათვალისწინებით შეაფასებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის მოადგილემ რომან ვასილენკომ. „კავშირის იდეა იყო ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდა, ყოფილი სსრკ-ს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით“, - განაცხადა სამშაბათს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. ნოვაკის თქმით, რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალიანსში, ჩინეთისთვის გაზის მიწოდების თვალსაზრისით „დიდ შესაძლებლობებს" ხედავს. „რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს რეალურად ჰქონდათ ერთიანი გაზის ტრანსპორტირების სისტემა საბჭოთა დროიდან. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაგრამ მედია წერს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ახლა ტოქსიკური რუსეთისგან, რომელმაც ომი წამოიწყო უკრაინაში და გახდა მსოფლიო რეკორდსმენი დაწესებული სანქციების რაოდენობით. სექტემბერში ყაზახეთმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და ამზადებს ალტერნატიულ გზას ურანის ექსპორტისთვის, რის წარმოებითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აგვისტოში, ყაზახეთის ხელისუფლების მიერ სანქციების დარღვევაზე უარის გამო, რუსული Sberbank-ი, რომლის შვილობილი კომპანია ყაზახეთში აქტივების მხრივ მეორეა, იძულებული გახდა, ადგილობრივი ბაზარი დაეტოვებინა. ნოემბერში, KAZ Minerals-ის მფლობელმა გაყინა ინვესტიციები ჩუკოტკაში, ბაიმსკაიას მადნის ზონის განვითარების პროექტში, სადაც 2028 წლისთვის, მადნის მოპოვებისა და გადამამუშავებელი ქარხნის (GOK) აშენება იგეგმებოდა.

ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია - პაპუაშვილი

ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან: ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. „დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაურს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი რიჰო უტეგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მხარეებმა ტერიტორიული თავდაცვის შესახებაც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიულ და სამობილიზაციო რეზერვზე, ასევე თავდაცვის მოხალისეებსა და თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საკითხებზე. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ესტონეთის თავდაცვის ლიგის მთავარი სერჟანტი პიტერ ლენდი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრ „პალდოსა“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც მოინახულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა

BBC-ის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი  €13 მილიარდი გაყინა.  „არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული რეფორმების აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა. როგორც BBC-ი იუწყება, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს €5.8 მილიარდს  ვიდრე სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმებს არ განახორციელებს. ამასთან, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დააყადაღონ €7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი იღებს. ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.