ძებნის რეზულტატი:

დევიდ ო’სალივანი თბილისში: გატარებული ზომები ძალიან მყარი გარანტიაა იმისა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება

საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იყო მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება… იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი, 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები,” - განაცხადა ო’სალივანმა. დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო, რომლებიც გამოიყენება რუსული იარაღის გასაძლიერებლად - დასავლეთს აშფოთებს, ხდება თუ არა ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ასევე გაირკვა ამ ვიზიტიდან, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. ხსენებულ საკითხზე თბილისს წინადადებები უკვე წარედგინა.  

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე. მანამდე, ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძე. გვერდის და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის. შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ  განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.  

ზელენსკი: უკრაინის გამარჯვებით, არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით, არაერთი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, კავკასიის ქვეყნები და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვისა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელორუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ. „ასეთ პრინციპს ვთავაზობ უკაინული დოქტრინისთვის, მისი გლობალური უსაფრთხოების კომპონენტისთვის - არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ველოდოთ რუსეთისგან, არამედ, ნებისმიერი სიბოროტისთვის მზად ვიყოთ, რათა რუსეთში ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინასთან ყოველთვის დამარცხდება", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამშვიდობო წინადადებას, რომელიც მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომს გაყინულ კონფლიქტად აქცევს. „რუსეთი ამ ომს წააგებს, ამაში ევროპას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, ხოლო ჩვენ მშვიდობას მივიღებთ, რეალურ უსაფრთხოებას ჩვენი ხალხებისთვის. ყველა ერთად, ერთობით, ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენი ალიანსის გაძლიერებით, კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებით, ევროკავშირისა და ჩვენი საერთო ცხოვრების ევროპული წესის გაძლიერებით”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას.  

ბაიდენის თქმით, „ვაგნერის“ „ამბოხის“ შემდეგ, პუტინი ცალსახად დასუსტდა

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“, - ამბობს ბაიდენი. კითხვას, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”. 26 ივნისს, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.    

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობამ“ „საზღვრის“ დაცვის მიზნით, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ანგარიში ოთხშაბათს „მთავრობის სხდომაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა. ამის „რესი“ იუწყება. ახალი „დოკუმენტის“ მიხედვით, „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვისას, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება. „ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“, - განაცხადა ალიხანტიმ.  

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოზიცია, პეკინისთვის უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, „უფრო და უფრო რთული" ხდება პეკინისთვის. მის კომენტარს CNN ავრცელებს. „პეკინს პირველივე დღიდან უწევდა ამ ძალიან რთული ხაზის გავლა“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება, სიტუაცია მივიდეს ისეთ ნიშნულამდე, როდესაც ჩინეთს შეუძლია დადებითი და პროდუქტიული როლის თამაში, თუმცა ბლინკენს მიაჩნია, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა. ჩინეთმა რუსეთს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობრული მეზობელი და ახალი  სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის შენარჩუნებაში, განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ონლაინ განცხადებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე პეკინმა უარი განაცხადა და სანაცვლოდ, რუსეთისთვის საჭირო დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, ამ პოზიციამ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპაში.  

ირაკლი შოთაძის თქმით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს

„საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 28 ივნისს.  გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ქმედებებზე, რასაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე იმ შედეგებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას აქვს ეფექტიანი რეაგირების კუთხით, რამაც ჩვენი სტუმრების მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ამ მიმართულებით საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში

ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.  ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება.  „ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.   მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

ზურაბიშვილი რუსეთზე, „რბილი ძალის” პოლიტიკაზე, NATO-სა და ევროკავშირზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოსცადოს „რბილი ძალა“. „რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია, შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება, მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება, იყოს მიღებული. ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით. ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია, ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული. ამიტომ, ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იყოს გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სრული მოულოდნელობა იყო ასეთი ფორმით აჯანყების ნახვა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც „ამ მომენტისთვის ნამდვილად დასუსტდა [უკრაინის წინააღმდეგ] ომით“. „სრული მოულოდნელობა იყო იმის ნახვა, თუ როგორ მარტივად შეუძლია ვინმეს საზღვარი გადაკვეთოს და ჯერ როსტოვში შევიდეს და მოსკოვთან ახლოს სხვა ქალაქებში. მოულოდნელობა იყოს იმის ნახვა, რომ ეს აჯანყება დაწყებიდან ასე სწრაფად დამთავრდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რომელიც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა“. მან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია - საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება. „[ევროპული] პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ის ფიქრობს, რომ საქართველოს ვროკავშირში მოხვედრის დიდი შანსები აქვს და ევროკავშირისა და NATO-ს გზები ძალიან პარალელურია, საქართველო ძალიან აქტიური იყო NATO-სთან ურთიერთობებში, აქტიურად იყო NATO-ს მისიების წევრი ერაყსა და ავღანეთში. ჰქონდა NATO-ს წვრთნები ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. „ამდენად, NATO-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოდ ჩანს, ვინაიდანნ, უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა ასოცირებული ტრიოსთვის და ალბათ სხვებისთვისაც (ბალკანეთისთვის) ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. რაც შეეხება NATO-ს, შემდეგ სამიტზე ცენტრალური თემა უკრაინა იქნება, ყველამ ვიცით ეს, და უსაფრთხოების გარანტიები იქნება უკრაინისთვის, არ ვიცი რა ტიპის, და ეს ნორმალურია. ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს იმსახურებს და არანაირი ფორმის შეჯიბრი არ არსებობს და უკრაინის ნებისმიერი წინსვლა ნამდვილად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“.

წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, აღმოჩენილ ნაწილებს ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ. უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა. სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რამაც გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა. წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მას „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა. გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. 23 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.  

გენერალი ზალუჟნი უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ზალუჟნიმ ტლეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ. გენერლის თანახმად, მტრისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა, მას დიდი დანაკარგიც აქვს. „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, - წერს ზალუჟნი. მისივე თანახმად, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა. „შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ატარებენ შეტევით ოპერაციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია. უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ადასტურებენ.  

ოლაფ შოლცი: პუტინი თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს. „ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცის თანახმად, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო: „ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა". გერმანიის კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა". ოლაფ შოლცმა უპასუხა კითხვას, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში. „არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება - მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.  

WSJ: კრემლი „ვაგნერის“ უცხოურ ოპერაციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბოლო წლებში იმყოფებოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები, ამასთან დაკავშირებით, Wall Street Journal-მა (WSJ) ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, შაბათს პრიგოჟინის კოლონის შეჩერების შემდეგ აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა დაემშვიდებინა პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ იქ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ხელმძღვანელობით. „როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, მიითვისოს პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცების ფართო ქსელი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნავს გამოცემა. „ვაგნერი’ დაეხმარა რუსეთს თავისი გავლენის გაძლიერებაში და მთავრობას არ სურს მასზე უარის თქმა“, - იმოწმებს WSJ ჯონ პიტერ ფამს, აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში. WSJ ასევე ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ-ს შეუძლია ისარგებლოს დაბნეულობით და გავლენის ხელში ჩაგდებას შეეცადოს ქვეყნებში, სადაც აქტიური იყო „ვაგნერი“.  

ლიეტუვა ზღუდავს ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტს, რომელიც შესაძლოა, რუსეთსა და ბელორუსში აღწევდეს

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტის დროებითი აკრძალვა, რომელმაც შესაძლოა, რუსეთს ან ბელორუსს მიაღწიოს და რომელიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, იტყობინება Baltic News Agency (BNS). BNS წერს, რომ ეს ნაბიჯი ინიცირებული იყო ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ და მოიცავს 57 ტიპის საქონელს, ძირითადად მიკროელექტრონიკას და ნახევარგამტარულ კომპონენტებს. „ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს საქონელი, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადადის, შეიძლება, გამოყენებულ იყოს უკრაინის ბრძოლის ველზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორია ამისთვის გამოიყენონ და სწორედ ამიტომ ვაწესებთ მსგავს შეზღუდვებს. - ციტირებს BNS ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობის შეზღუდვას, შეიძინოს ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს სამხედრო წარმოებისთვის მესამე ქვეყნების მეშვეობით. უკრაინის ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ პარტნიორებთან ჩიოდნენ, რომ რუსეთი წარმატებით არღვევს სანქციებს და სხვა ქვეყნების მეშვეობით შემოაქვს უცხოური წარმოების კომპონენტები მოწინავე იარაღის შესაქმნელად, როგორიცაა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.  

კვლევა: რუსეთისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, გამოკითხული ამერიკელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს

ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რუსეთისგან თავის დასაცავად და თვლის, რომ ასეთი დახმარება შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ეს არის Reuters/Ipsos-ის კვლევის შედეგები, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც სამშაბათს დასრულდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% დაეთანხმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, მაისის გამოკითხვაში მხარდაჭერა 46%-ს შეადგენდა. გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 76%-ს სჯერა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ჩინეთს და სხვა კონკურენტებს აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ნება და შესაძლებლობა“ დაიცვას ჩვენი ინტერესები, ჩვენი მოკავშირეები და საკუთარი თავი". Reuters/Ipsos-ის ონლაინ გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1004 ზრდასრული ადამიანის პასუხს, მათ შორის 400 დემოკრატი და 383 რესპუბლიკელია. სანდოობის ინტერვალი არის დაახლოებით 4%.   სხვა სოციოლოგიური მონაცემებით, ამერიკელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა - დაახლოებით 70% უფრო მეტად დაუჭერს მხარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს, რომელიც გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

პარლამენტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შსს-ს თანახმად, შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას მხარი დაუჭირა „სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა. მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია NATO-ს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა“, - აცხადებს შსს. NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს „ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სებასტიან მოლინეუსი: აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, ეს განსაკუთრებული პროექტია

მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი რეგიონში თავის ოთხწლიან მისიას ასრულებს. ივლისიდან ის ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გააგრძელებს მუშაობას ინფრასტრუქტურის გლობალური ჯგუფის სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე.  გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში მოლინეუსი საუბრობს 2019 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე და „მადლობას უხდის ქვეყნის მოსახლეობას გულითადი მასპინძლობისთვის და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“. „საქართველოში ყოფნის ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი ვიდეო, ინტერვიუ და მედიაგამოსვლა ჩავწერე. თუმცა, დღევანდელი მიმართვა ალბათ ყველაზე რთულია. რატომ? იმიტომ, რომ თქვენთან დამშვიდობება მიწევს, უნდა გითხრათ ნახვამდის! ეს მართლაც სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი მომენტია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებთ შინ, ვაშინგტონში დაბრუნებას, ჩვენს მეგობრებთან კვლავ შეხვედრას, და მე გავაგრძელებ მუშაობას მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომლის მიზანია სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის, გლობალური ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, ასევე ვიმუშავებ ციფრული განვითარების საკითხებზე, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის და ბანკისთვის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად და წინსვლისთვის. ხოლო სევდიანია იმოტომ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვტოვებთ საქართველოს, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენთვის მართლაც ძვირფას ადგილად იქცა. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში. ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი, მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში. ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. კოლეგებო და მეგობრებო, მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს. დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ. ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის.  და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში. დასასრულს, მსურს, ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ოჯახის წევრებად მიგვიღეთ, და მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, რათა კვლავ გავხდეთ ამ შესანიშნავი საზოგადოებისა და ოჯახის ნაწილი“. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე სებასტიან მოლინეუსს როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება. როლანდ პრაისის შესახებ ამჟამად როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში. პრაისი, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. ის ბანკს წარმოადგენდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ისევე როგორც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე. იგი ახდენდა სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე ის იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. პრაისი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.

ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ჩვენი ყველას უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - NATO რაც შეიძლება ძლიერი გავხადოთ ევროპის ჩვენს ნაწილში. და ძალიან მალე - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ორივე ევროპელმა ლიდერმა ასევე დაარწმუნა ზელენსკი, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს. ნაუსედა იმედოვნებს, რომ კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკვე 2023 წელს დაიწყებს. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.  

უკრაინაში ახალი სახელმწიფო დოქტრინის განხილვა იწყება

უკრაინის პრეზიდენტი ახალი სახელმწიფო დოქტრინის განხილვის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალი ტრანსფორმაციის პრიორიტეტებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს კონსტიტუციის დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების, მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნებზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უკრაინა კორუფციასა და უსამართლობას ებრძვის, მაგრამ ახლა წინ განვითარებისა და პროგრესისკენ დგამს ნაბიჯებს. მისი შეფასებით, უკრაინისთვის, რომელიც გამარჯვებამდე მიდის, ამ დოქტრინამ უნდა უპასუხოს ყველა ფუნდამენტურ კითხვას უკრაინისა და მისი მომავლის შესახებ. „ჩვენ გვჭირდება დოქტრინა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინისა და ჩვენი მომავლის შესახებ ყველა ფუნდამენტურ კითხვას უპასუხებს - ჩვენთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება ახალი სისტემა, ახალი წესები, ახალი შესაძლებლობები. მინდა, რომ შემოგთავაზოთ ძირითადი პუნქტები ეროვნული დისკუსიისთვის: ჩვენი გამარჯვების ფილოსოფია, უკრაინის უსაფრთხოების გლობალური ხასიათი, გმირების პოლიტიკა, სამართლიანობის პოლიტიკა და ტრანსფორმაცია 10 წელიწადში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს ტრანსფორმაცია აუცილებელია შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის. „ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ სიმამაცე იძლევა თავისუფლებას, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ თავისუფლება იძლევა წარმატებას. ჩვენ მას ვაქცევთ უკრაინულ აქსიომად: თავისუფლება იძლევა წარმატებას“. ზელენსკის განცხადებით,  ახალი დოქტრინის უმაღლეს რადაში, თემებში, სხვადასხვა დონეზე განხილვის შემდეგ, ტექსტს სხდომაზე დაამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს მის ლეგალურ საზღვრებში სუვერენიტეტის აღდგენას და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.   

ზახაროვას თქმით, რუსეთი „აფხაზეთისკენ" რკინიგზის აღსადგენად ძალისხმევას არ იშურებს

რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, - განაცხადა ზახაროვამ. მანამდე „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა. ეს თემა განიხილეს რუსეთ- საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე. 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისოს საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები მისი ტერიტორიიდან.