ძებნის რეზულტატი:

ჯანმოს რეგიონული დირექტორი: ვაქცინებით უფრო სწრაფად დავამარცხებთ პანდემიას, თუ მათზე წვდომა ყველა ქვეყანას ექნება

ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ვაქცინების ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინების მიწოდებაზე ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთად იმუშავებენ. კოპენჰაგენის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ პროგრამა, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, მოიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, უკრაინასა და მოლდოვას. მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ვაქცინაციისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, საინფორმაციო კამპანიები, მომარაგება და მედიცინის მუშაკების მომზადება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა დაემატება ევროკავშირში ვაქცინების გაცვლისა და კოვაქსის ფონდის არსებულ პროგრამებს. „პროგრამა მიზნად ისახავს ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მთელ ევროპაში. ვაქცინები საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ პანდემიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე წვდომა ყველა ქვეყანას შეეძლება, მიუხედავად შემოსავლების დონისა“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

15 თებერვლიდან პრობაციონერებისთვის პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება აღდგება

პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული პირების პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 15 თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 15 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან. მსჯავრდებულები 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე პერიოდში საქართველოში „COVID-19“-ის გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის გამო პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. "ამ პერიოდში გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესი მოქმედებდა. კერძოდ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე პერიოდულად ახორციელებდნენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე, ვიზიტის დროს კი პრობაციის ოფიცრის მიერ დაცული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ის პრობაციონერები კი, რომლებმაც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე გათავისუფლდნენ ნებართვის აღების დადგენილი ვალდებულებისაგან. 1 თებერვლიდან იმ რაიონებში, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ბიუროებმაც კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა, მხოლოდ თბილისში, ქვემო ქართლსა და იმერეთში, სადაც კვლავ რჩებოდა ტრანსპორტზე შეზღუდვა, პრობაციონერებსაც შეუნარჩუნდათ შეღავათები. დღეისათვის კი, რადგან ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აღდგენილი, პრობაციის ბიუროები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, პრობაციონერების ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრულად აღდგება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყება Twitter-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშისთვის ავთენტურობის დადასტურებას საკითხს ეხმაურება

„მსგავი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული და დეზინფორმაციული აქტივობების ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშითვის ავთენტურობის დაადასტურების საკითხს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ჰქონდა კომუნიკაცია როგორც ამერიკულ მხარესთან ასევე უშუალოდ კომპანიასთან, რა დროსაც მათ გაეცნოთ ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მსგავი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული და დეზინფორმაციული აქტივობების ნაწილს. მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს მსგავს ფაქტებზე. პრაქტიკაში გვქონია არაერთი ანალოგიური ფაქტი და ჩვენი და პარტნიორების ძალისხმევით გამოგვისწორებულა მსგავსი ხასიათის სხვადასხვა ტიპის დარღვევები ამა თუ იმ საიტზე", - აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, Twittet-მა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ საელჩოს ანგარიშის ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლო მიანიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ავთენტურია. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, სოციალურმა ქსელმა ვერიფიკაციის ნიშანი ანექსირებულ ყირიმში არსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ოფისის ანგარიშსაც მიანიჭა.

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა საცეცხლე ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში. მათ გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. NATO-სთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა. ამ წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი დიდი ალბათობით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დააპირებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სამმა ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. ევროკავშირის მიერ დეკემბერში შემუშავებული ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ნავალნის მოწამვლისთვის რუსეთს შესაძლოა სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვისაც დაუწესდეს. მოსკოვზე ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერდა გასული კვირიდან, როდესაც რუსეთმა ევროკავშირის სამი ქვეყნის დიპლომატი გააძევა. დიპლომატების გაძევების პარალელურად, გერმანია მანამდეც მოითხოვდა რუსეთის დასჯას ნავალნის მოწამვლისთვის. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მხარდაჭერით, გერმანია მოითხოვს,რომ სანქციები არ შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს უკვე დაუწესა სანქციები 2014 წელს, ასევე სანქცირებულია პუტინთან დაახლოებული ექვსი ოფიციალური პირი, ნავალნის მოწამვლის.

გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა

საქართველოში ვაქცინა უახლოეს კვირებში შემოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა, რომლითაც პირველ რიგში მიზნობრივი ჯგუფები აიცრებიან. „ყველაფერი იქნება კარგად, საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირეებში და ვაქცინაციის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ ეროვნული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60 % იყოს აცრილი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური კუთხით. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად, აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა და ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან, მოგეხსენებათ, რომ კოვაქს პლატფორმის წევრები ვართ, ასევე ორმხრივი პირდაპირი ურთიერთობის და მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს პერიოდში საქართველოში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლაზე: ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ

„ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ შეკითხვას. მისი თქმით, წელიწადზე მეტია ისმის და ეს ჩვეულებრივი ჭორებია, რომელიც მოსაბეზრებელი გახდა. „ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც ჟურნალისტებთან დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ, უკვე იუმორის ნაწილია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ზაზა გახელაძეს დავეხმაროთ

"ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი აგხარიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. "მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ", - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გერმანიაში, მეძებარ ძაღლებს კორონავირუსის გამოვლენა 94%-იანი სიზუსტით შეუძლიათ

გერმანიაში ვეტერინარული კლინიკის მიერ გაწვრთნილ ძაღლებს, კორონავირუსის გამოვლენა 94%-ანი სიზუსტით შეუძლია. „ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, სადაც ძაღლები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნიმუშებს ყნოსავდნენ. კვლევის ნიმუშებმა 94%-იანი, საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა", - ამბობს ვეტერინარული კლინიკის უფროსი, ჰოლგერ ფოლკი. მისი თქმით, ძაღლებს თავისუფლად შეუძლიათ უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების გამოვლენა. ქვემო საქსონიის პრემიერის, სტეფან ვეილის თქმით, კვლევის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი თქმით, დამატებითი ტესტირებაა საჭირო, ვიდრე ძაღლებს კორონავირუსის ამოსაცნობად აეროპორტებსა და ღონისძიებებზე გაგზავნიან. აღსანიშნავია, რომ ფინეთისა და ჩილეს აეროპორტებში უკვე გამოიყენებენ ძაღლებს ვირუსის გამოსავლენად.

გიორგი გახარია ნიკა მელიაზე: პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობაა, მეტი არაფერი

"ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას გირაოს შეეხებოდა. მისივე თქმით, აქ არაფერ შუაშია არც „ქართული ოცნება“, არც პროკურატურა და ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა. „რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“ ან პროკურატურა, ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა, ეს ერთი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია ეს ყველაფერი,“- განაცხადა პრემირმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

ჯეჩეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს. „მეორე დოზა გავიკეთე და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე აიცრებიან ჩვენი მოქალაქეები", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თურქეთში 2.88 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.

სერგეი ლავროვი: ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის მზად ვართ, თუ სანქციები ჩვენს ეკონომიკას შეეხება

„მსოფლიოსგან იზოლირება არ გვსურს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. „ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ მიდის თუ არა ?", - ჰკითხა სერგეი ლავროვს ჟურნალისტმა. „თუ კვლავ დავინახავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებს გვიწესებენ ისეთ სფეროებზე, რომლებიც ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაწყვეტისთის", - აცხადებს ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დასძენს, რომ ქვეყანამ უკვე შეძლო, რომ სამხედრო თვალსაზრითი სრულიად დამოუკიდებელი იყოს სხვებისგან. მისი თქმით, ახლა მსგავს შედეგს უკვე ეკონომიკაშიც უნდა მიაღწიონ.

პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა. ამის შესახენ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია. წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და მოუწოდა პარლამენტში შეჭრისკენ, თუ მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ვინაიდან, ულტიმატუმი არ შესრულდა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ შენობის დასაცავად განლაგებულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა, დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოს და კერძო პირთა კუთვნილი ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები. აღნიშნულის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. "კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. როგორც აღინიშნა, 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა.მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა.იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მიმართა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე. აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ჯანმო: პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის 40,000-მდე მუშაკი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პერსონალის ექსპერტის, ჯიმ კემპბელმა ონლაინდისკუსია გამართა, სადაც ჯანდაცვის მუშაკების შესახებ ისაუბრა. კემპბელის თქმით, ჯერჯერობით ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 30,000-დან 40,000-მე ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა. კემპბელი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ ჯანდაცვის მუშაკები მაქსიმალურად დაიცვან. ონლაინდისკუსიაზე ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრეს. "ასეთი მასშტაბის ვაქცინაცია ჯერ მსოფლიოს არ უნახავს",- აცხადებს ჯიმ კემპბელი და მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ვაქცინის განაწილება მაქსიმალურად თანაბრად მოხდეს. დისკუსიისას მიგრაციის თემაც გაჟღერდა, ექსპერტის თქმით, "მიგრაციის საკითხიც გლობალური პანდემიის პერიოდში საკმაოდ საყურადღებოა, ჯანმო მიგრაციის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეს პროცესი განსაკუთრებულად უნდა გაკონტროლდეს". კემპბელის თქმით, პრევენციული ზომებისთვის ქვეყნებმა ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან მიდის

ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ბლოგზე დაწერა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, პერიოდულად საკუთარ მოსაზრებებს დაინტერესებულ ადამიანებს სოციალური მედიით გააცნობს. “თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას. გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო”,- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 10 თებერვალს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაადასტურა რომ, "ევროპულ საქართველოში" შიდაპარტიული ცვლილებები იგეგმებოდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერიამ აღნიშნავს, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. “პარტიის შიგნით დისკუსიის პროცესი კარგა ხანია დაიწყო, ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, მათ შორის ვინმეს პერსონალურ ან გუნდურ გადაწყვეტილებებზე ერთად მოგახსენებთ. შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა, ადგილი აქვს დისკუსიას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში, პარტიამ მუშაობა. არაფერი ამის მიღმა არ ხდება", - აღნიშნა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს, "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიამ დატოვა.

ჯანმო: ვაქცინა ქვეყნებს შორის მაქსიმალურად თანაბრად უნდა განაწილდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ონალინდისკუსია დღეს გამართა. დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო ქვეყნებს შორის ვაქცინის თანაბრად განაწილების აუცილებლობა. ჯანმოს ჯანდაცვის პერსონალის ექსპერტის, ჯიმ კემპბელის თქმით, მსოფლიოს მსგავსი მასშტაბის ვაქცინაცია ჯერ არ უნახავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანაში თანაბრად განაწილდეს. ონლაინდისკუსიისას კემპლბელმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40,000-მდე ჯანდაცვის მუშაკი დაიღუპა.

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმები საქართველოს ეროვნულ არქივში იქნება დაცული

ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ელექტრონული ვერსიები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. როგორც ეროვნული არქივის მიერ გავრცელბულ განცხადებაშია ნათქვამი, 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი) ამიერიდან საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა. ფილმებს შორისაა: „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „ძველი ქართული სიმღერა“, „თუჯი“, „მთვარის ფავორიტები“, „შემოდგომის ბაღები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა. "აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში დაცულია 36 ათასზე მეტი კინოფირი, ასევე ფილმების ციფრული ვერსიები. მათ შორის უძველესია 1909 წელს თბილისში გადაღებული კინოსიუჟეტი და 1912 წლით დათარიღებული პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოები „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეროვნულ არქივში სისტემატურად მიმდინარეობს ფილმების გაციფრება 4k გარჩევადობის კინოსკანერზე და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ციფრული რესტავრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

"არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

"ბულვარი ჩვენია", "არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორი" შენდება მოქალაქეები შეიკრიბნენ და მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მრავალსართულიანი მშენებლობა არღვევს ბულვარის ისტორიულ განაშენიანებას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. ცეცხლი ორსართულინ შენობას გაუჩნდა სადაც "არქიმ ართერემ" არის განთავსებული. მეხანძრეები ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ვლადიმერ პუტინმა  თბილისში მომუშავე დიპლომატი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება დღეს, 12 თებერვალს, გამოქვეყნდა. დიპლომატებს შორის ერთ-ერთი დიმიტრი ტროფიმოვია, რომელიც საქართველოში, შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში, რუსეთის ინტერესების სექციას ხელმძღვანელობს. ტროფიმოვს ორდენი „სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის“ გადაეცა. ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. ამჟამად საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია, ხოლო მოსკოვში - საქართველოს ინტერესების სექცია.