ძებნის რეზულტატი:
"ოცნების" ოფისთან კომენდანტის საათის დროს გამართულ აქციაზე ორი აქტივისტი დააკავეს
კომენდანტის საათის დროს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, დაპირსიპირების შედეგად, პოლიციამ ორი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ. დაკავების პროცესში, მოქალაქეები შენობაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაკავებული აქტივისტები ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე არიან. "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დღეს ღამით ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ქართული ოცნების" ოფისთან ბანერები მიიტანეს წარწერით - "სისტემა კლავს!" დაპირისპირების დროს, აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე,ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. „მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით. 2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა. გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ. მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთომ ოკუპირებულ ცხინავლში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილა
ქართული მხარის ინიციატივით, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საქართველოს დელეგაციამ მკაცრად დაგმო ეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები. ქართული მხარის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე. სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინის დელეგაციებმა, ასევე, კანადის დელეგაციამ, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოთქვეს ზაზა გახელაძის დაკავების გახანგრძლივების გამო და მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. დელეგაციები თავიანთ გამოსვლებში გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს საქმეზე გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსულ მხარეს მისი შესრულებისკენ.
ეუთოში აშშ-ის მისია ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას გმობს
აშშ-ში ეუთო მისიამ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკუპირებული რეგიონის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს. "აშშ გმობს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას, რუსულმა სამხედრო ძალებმა ის დაჭრეს და ამის შემდეგ ექვსი თვით დააკავეს, "სამხერთ ოსეთის" ადმინისტრაციულ საზღვართან. აღნიშნული არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წესებს დაემორჩილებოდა",- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ სოლიდარობას უცხადებს გახელაძეს, მის ოჯახს და ყველა იმ ოჯახს, რომელმაც რუსული ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა. "აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას",- ნათქვამია აშშ-ის ეუთო/ODHIR განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრიტანეთის მთავრობა: საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს
ბრიტანეთის მთავრობა, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ისინი გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. "საქართველოს მოქალქეებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ",- ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატს ძალზედ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და რუსეთს მოუწოდებს, მონიტორინგის პროცესს ხელი არ შეუშალოს. "ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეშფოთებულნი ვართ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებით და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",- ნათქვამია განცხადებაში.
ისრალის ელჩმა რან გიდორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
ისრაელის ელჩმა, რან გიდრომა კოვიდვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ელჩის თქმით, მეორე დოზა მან იერუსალიმში გაიკეთა და ეს "სარაჯიშვილით" აღნიშნა. პირველი დოზა მან 17 იანვარს გაიკეთა.
ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა
ჩინეთმა ქვეყანაში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა. აკრძალვას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ჩინეთის სამთავრობო მაუწყებლის ოპერირების უფლების გაუქმება. ჩინეთი აღნიშნული მოვლენის შესახებ საკუთარ განცხადებაში არ საუბრობს და აცხადებს, რომ BBC ეროვნულ ინტერესებსა და ერთობას ძირს უთხრის. BBC- აღნიშნულზე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მათთვის დასანანია, რომ ჩინეთმა ასეთი გზა აირჩია. კომპანია დასძენს, რომ BBC მსოფლიოში ყველაზე სანდო მაუწყებლობაა და ინფორმაციას სამართლიანად, მიუკერძოებლად ავრცელებს.
ადამ კინზინგერი: რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია
„რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აცხადებს. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიცია უკავია“, - წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე. ამავე თემაზე: აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ წარადგინეს. კინზინგერი: მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
დღეიდან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას შეძლებენ
ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ, რისთვისაც მათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა. 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში. 11 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა.
დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგა
დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით: ნატახტარი - მესტია - ნატახტარი ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი მათივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.
ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი ჩიკ კორია გარდაიცვალა
ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის Facebook გვერდზე გავრცელდა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი იშვიათი ფორმის სიმსივნე გახდა. მუსიკოსი თბილისში 2006 წელს, ჯაზფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა.
გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს
გერმანია, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან შეთანხმებულია და შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება. ”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გამოცემის ცნობით, მერკელის მთავრობას განსაკუთრებულად აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი და ჩეხეთში კი - ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი. გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება გარემოსადმი მეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ეს და სხვა მიგნებები შესულია საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ანგარიშში „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა კავკასიის გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა. კვლევის ძირითადი მიგნებები ასახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ: გამოკითხულთა 98 პროცენტს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ. 94% ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. 91 % აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა და არა მითი. 85% კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა. 72 % ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილება ისეთივე დიდი გამოწვევაა, როგორც სიღარიბე და ინფექციური ან ვირუსული დაავადებების გავრცელება. კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევების რიგში კლიმატის ცვლილება მესამე ადგილს იკავებს. ასეთი მძაფრი შეფასება ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პანდემიის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ეს მიგნება ასევე ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციურ გლობალურ გამოკითხვას Peoples’ Climate Vote, რომელმაც 2020 წელს 1.2 მილიონი ადამიანი და 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოიცვა. ამ კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 68 % თვლის, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური კატასტროფაა. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ან ამ მხრივ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე. გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც სმენია „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ შესახებ 10 % არ აღემატება. კვლევის რესპონდენტები, რომელთაც ბოლო დროს მიუღიათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების თაობაზე, ვერ იხსენებენ ამ ინფორმაციის შინაარსს. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, რომ კლიმატის ცვლილება უშუალო გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, და ამის დასადასტურებლად ისეთ მოვლენებს ასახელებს, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, მეწყერი, კოკისპირული წვიმა და სხვა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კლიმატის ცვლილების შეჩერება, გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად იყოფა. 45% თვლის, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ხოლო 49% დარწმუნებულია, რომ უკვე გვიანაა. რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანების ინდივიდუალურ ქცევას შეუძლია გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების პროცესზე. გამოკითხულთა 65 % ამ მოსაზრებას ეთანხმება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანების ქცევაზე საუბრობს, ხოლო 57 % ამავე შეხედულებას საკუთარ თავზე განავრცობს. კვლევის ავტორები თვლიან, რომ ეს მონაცემი საქართველოს მოსახლეობის „მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე“ მიუთითებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა დამოკიდებულება არ იწვევს მათ მიერ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კლიმატისადმი მეგობრული ცხოვრების სტილის მიმართულებით. პირიქით, მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს, რომ ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოსაზრებებს ავტომობილისა თუ საოჯახო ტექნიკის შეძენისას ან გათბობა-კონდიცირების საშუალებების შერჩევისას. შესაძლოა, ეს წინააღმდეგობა აიხსნება იმით, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად ძვირადღირებულ გადაწყვეტებს ანიჭებს უპირატესობას. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევა „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“ განხორციელდა რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც UNDP აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ახორციელებს, 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.
ლუიზა ვინტონი: ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს
„ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს", - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ, კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს. „კვლევის მიგნებები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს და ასევე აღიარებენ, რომ პლანეტის გადარჩენის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. იმისთვის, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად იქცეს, ადამინებმა უნდა დაინახონ, რომ კლიმატისადმი მეგობრული ქცევა შეიძლება ფინანსურად გამართლებულიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს.
4 ექიმს ყალბი ცნობების დამზადებას ედავებიან
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფრომაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს ამზადებდნენ. „გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 507 ადამიანს დაუდასტურდა, 660 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 908 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264,665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 256,684 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,336 კი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.08%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3,36%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3%. 507 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი -46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 619. საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454. მძიმე პაციენტი: 438. მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 47, იმერეთში - 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 126, მათგან თბილისში - 87, აჭარაში- 7, იმერეთში - 14. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 - თბილისში, 133 - აჭარაში, 19 - იმერეთში. 2 290 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 169, ხოლო აჭარაში - 81. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 746 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647, იმერეთში - 1 355
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, მხოლოდ მშობლის მიმართვის საფუძველზე, პირბადის ტარებისგან გათავისუფლდებიან. “თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, - განაცხადა დგებუაძემ. მისი თქმით, რეკომენდაცია სკოლებს უკვე გადაეგზავნა. ცნობისთვის, 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. გარდა ამისა, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლებმა სკოლაში ყოფნის პერიოდში პირბადეები უნდა ატარონ.
საქართველოს 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურად განაგრძოს
"საქართველოს 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს", - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, მშობლებს გადაწყვეტილების შეცვლა ყოველ ორშაბათს შეუძლიათ. „ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში, იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“,- განაცხადა დგებუაძემ. დაახლოებით 297 767 მოსწავლის 12 პროცენტს სურს სწავლა დისტანციურად გააგრძელოს
რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არჩევანის საშუალება ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა. „აქვე, მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ცნობილია, რა შემთხვევაში დაუბრუნდება სკოლა დისტანციურ სწავლებას
"თუ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება, ჯანდაცვის ცენტრი გადაწყვეტს, კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა", - განათლების მინისტრის მაოდგილე ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში დაფიქსირდება ვირუსი, ეს იქნება მოსწავლის თუ მასწავლებლის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ერთვება სკოლის ადმინისტრაცია, ასევე, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ - მთლიანად სკოლა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლებს მიმართონ და მათი საგნის სწავლება გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე.