ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: 14 წლის გოგოს თვითმკვლელობა ტრაგედიაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რადგან ძალადობა არ წახალისდეს. "14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ბელიაშვილის #179 ნომრის მიმდებარედ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე საბურავები, ორი ამორტიზირებული, მიტოვებული მანქანა, ნაგავი და ბალახი იწვის. უწყების ინფორმაციით, ხანძრი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
სხვილოს ციხესთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია იმართება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხესთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია იმართება . აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მართავენ. ისინი ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ შორის არიან, გენადი ბესტაევი, ლაშა ხეტერელი, რამაზ ბეღელური და ირაკლი ბებუა. აქციაზე იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელმაც ცხინვალის ციხეში 48 დღე გაატარა. ცნობისთვის, 11 ივლისს სწორედ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიაზე დააკავეს ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე. 6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. დაკავებულს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას აპირებს: ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შავაძის განცხადებით, არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი, არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი.. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.
განათლების სამინისტრო აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემიას აწესებს
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცლეებს. როგორც ცნობილია, თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია ენათმეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა. "კონკურსს ორგანიზებას გაუწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოსა თუ უცხოეთის მოქალაქეს", - ნათქვამია განცხადებაში. ამას გარდა, სამინისტროს ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი, ხოლო სტუდენტებისთვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება. როგორც სამინისტრო პრესრელიზში წერს, ეს ინიციატივაც მინისტრს ეკუთვნის. ენათმეცნიერი და აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე 10 თებერვალს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამაზ გამყრელიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ეკავა საპატიო პრეზიდენტის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო თსუ-ს რექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრი. აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს მიღებული აქვს არაერთი ქართული თუ უცხოური ჯილდო. როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, თამაზ გამყრელიძეს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ევროპის ქვეყნები ირანს ურანის ლითონის წარმოების შეჩერებისკენ მოუწოდებენ
ევროპის ქვეყნები საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურანის ლითონის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას გმობენ და თეირანს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Anadoglu ავრცელებს. ევროპის ქვეყნების თქმით, ეს პროცესი ირანის მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს. ”ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ირანს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს საქმიანობა და არ გადადგას ახალი შეუსაბამო ნაბიჯი ბირთვულ პროგრამაში", - ნათქვამია ქვეყნების განცხადებაში. სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ირანის ქმედებები ძირს უთხრის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესაძლებლობას. ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო.
ილია მეორე თამაზ გამყრელიძეზე: წელიწადზე მეტია საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა
"წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა", - საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „91 წლის ასაკში ბატონი თამაზი მარადიული ცხოვრების გზას შეუდგა. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასსხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი, საზოგადო მოღვაწე და მრავალი ფრიად საპატიო რეგალიის მქონე პიროვნება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გახდა მაზიარებელი მორწმუნე. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა; დღეს კი საბოლოოდ ვემშვიდობებით. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თამაზის უკვდავი სული, ხოლო მის მეუღლეს და შვილებს, ოჯახის ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა და მოგცეთ ძალა ლოცვისა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ენათმეცნიერი და აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე 10 თებერვალს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. განათლების სამინისტრო აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემიას აწესებს.
იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა
იაპონიაში მარტოობასა და იზოლაციასთან ბრძოლის სამინისტრო შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას Japantimes-ი ავრცელებს. ახალი თანამდებობის შეთავსება პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრის, ტეცუსი საკამოტოს დაავალა. როგორც ცნობილია, ახალი უწყების შექმნის მიზეზად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, სუიციდის შემთხვევების ზრდა სახელდება. სამინისტროს მთავარი ამოცანა, პანდემიის ფონზე ქალებში მომატებული თვითმკვლელობის პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური ზომების გატარება იქნება. ”ქალები უფრო მეტად განიცდიან იზოლაციას (ვიდრე მამაკაცები) და თვითმკვლელობების რიცხვი იზრდება. იმედი მაქვს, თქვენ ამოიცნობთ პრობლემებს და შესაბამის პოლიტიკას გაატარებთ ”- უთხრა სუგამ საკამოტოს შეხვედრაზე.
ქუთაისში 73 წლის მოხუცი ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს
ქუთაისში, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად მათ უთო გამოიყენეს. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა. მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
საქართველოს საზღვრიდან 122 კმ-ში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 122 კმ_ში, 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფოთში, 4-5 ბალიანი შტორმის შედეგად, კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა
ფოთში, ძლიერი შტორმის შედეგად, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაიტბორა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები შიშობენ, რომ თუ უამინდობა გაგრძელდება შესაძლოა, მათი საცხოვრებელი სახლები დატბოროს. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვის ღელვა 4-5 ბალს აღწევს. ისინი დღის ბოლომდე შტორმის სიმძლავრის დაკლებას პროგნოზირებენ.
ავღანეთში, ორი თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ხუთი პოლიციელი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა
ავღანეთში,ორი თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ხუთი პოლიციელი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირებზე დაყრდნობით Gandhara.rferl.org-ი ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თალიბანის თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 13 თებერვალს, ქვეყნის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში, უსაფრთხოების საგუშაგოსთან დანაღმული მანქანა ააფეთქა. რის შედეგადაც დაიჭრა 12 პოლიცელი. უწყების პრესმდივნის, ტარიყ არიანის თქმით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მიზანში ამოიღეს მანამ, სანამ ის მიაღწევდა პოლიციის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ამავდროულად, ღამით თავდასხმა განხორციელდა აღმოსავლეთში, კუნარის პროვინციაშიც, რასაც ხუთი პოლიციელი შეეწირა,. განაცხადა პროვინციის საბჭოს წევრმა მოჰამედ საფაიმ.
Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს
კომპანია Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company-მ წარმოადგინა.ნიმუში მზედმეტად ძლიერი ქაღალდის გარსისგან არის დამზადებული და შეიცავს პლასტმასის თხელ ხაზს. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა. ბოთლებს პლასტიკური მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა აქვს.
აუდიტის სამსახური: ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით დაავადებული, გადამდები პაციენტებისთვის, არანებაყოფოლობითი იზოლაცია აუცილებელია
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ტუბერკულიოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზე, ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აუდიტის სამსახური შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციას აძლევს ტუბერკულოზის მძიმე ფორმის მქონე, ინფექციის გამომყოფი (გადამდები) პაციენტებისთვის არანებაყოფლობითი იზოლაციაში გადაყვანის და მკურნალობის კონტროლის მექანიზმის შექმნის შესახებ. სახლემწიფო ადუტის სამსახურის შეფასებით, მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირება ხელს უწყობს მკურნალობა შეწყვეტილი პაციენტების რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, სოციალურ და ფინანსურ გავლენაშიც აისახება. შესწავლილი 31 პაციენტის შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ 371,405 ლარით მეტი ხარჯი გასწია. როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, 2016-2019 წლებში ყველაზე რთული ფორმის - ექსტენსიურად რეზისტენტული (XDR-TB) ტუბერკულოზიანი 181 პაციენტიდან 69%-ს (125 პაციენტი) მგბ(+) ფორმა, ანუ გამომყოფი ფორმის ტუბერკულოზი ჰქონდა. აღნიშნული 125 პაციენტიდან 17-მა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობის რეჟიმი, რომელთაგან 6 პაციენტი შეწყვეტის მომენტში, ისევე ტუბერკულოზის გადადების რისკის მატარებელი იყო. „მიუხედავად ამისა, მათ მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმი არ გამოყენებულა. ამგვარი შემთხვევებიდან საზოგადოებისთვის მიყენებული პოტენციური ზარალის შეფასება რთულია, თუმცა არსებითი შეიძლება იყოს როგორც შინაარსობრივად, ასევე ფინანსურად. არანებაყოფლობითი იზოლაცია, როგორც საფრთხის თავიდან არიდებისთვის საჭირო უკანასკნელი მეთოდი, მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჯანმოს მიერ არის აღიარებული. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ტუბერკულოზის ეფექტიანი კონტროლის გზით ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონი მოსალოდნელი საფრთხისთავიდან აცილების მიზნისთვის ერთ-ერთ მექანიზმად არანებაყოფლობით იზოლაციას განიხილავს. ამ მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში, როდესაც როგორც სიკვდილიანობის, ასევე მკურნალობის ხანგრძლივობის, გვერდითი მოვლენებისა და შესაბამისი ფორმის ტუბერკულოზის გადადების განსაკუთრებით მაღალი რისკია. არანებაყოფლობითი იზოლაცია არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. ანგარიშის თანახმად, .ქვეყანაში არ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთხიდან თავის არიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დაშვებული მეთოდის გამოყენების საჭიროება იყო, მისი პრეცედენტი არ დამდგარა. „პაციენტების მკურნალობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევისთვის მნიშვნელოვანი არასამედიცინო პერსონალი (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი) არ არის ხელმისაწვდომი რეგიონებში. მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი სრული სერვისის მიღება. ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს დამყოლობის სამსახურის ერთიანი სისტემა, რაც მუშაობის განსხვავებულ მიდგომებს განაპირობებს. მხოლოდ თბილისში 2019 წლიდან დაიწყო ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი ბაზის წარმოება. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯისა, მნიშვნელოვანია, ბაზის სტრუქტურა იძლეოდეს პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამყოლობის კონსულტანტებისთვის განსაზღვრული უნიფიცირებული მიდგომები. ჯანმოს მიერ რეკომენდებული პირობები, რომლებიც აუცილებელია არანებაყოფლობითი იზოლაციის დასაკომპენსირებლად, არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენებისას აუცილებელია სრულდებოდეს შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს აუცილებელი საჭიროება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 2. დასაბუთებული უნდა იყოს არანებაყოფლობითი იზოლაციის ეფექტიანობა. 3. პაციენტისთვის სათანადოდ უნდა იყოს განმარტებული მოსალოდნელი რისკისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის აუცილებლობის შესახებ. 4. პაციენტის უარი სხვებს რისკს უნდა უქმნიდეს. 5. გამოყენებული უნდა იყოს ყველა სხვა ნაკლებად შემზღუდავი მექანიზმი.6. უნდა იყოს დაცული ყველა ადამიანის ძირითადი უფლება, გარდა გადაადგილების თავისუფლებისა. 7. პროცესის განმავლობაში უნდა იყოს გასაჩივრების ყველა მექანიზმი უზრუნველყოფილი. 8. პაციენტს უნდა დაუკმაყოფილდეს პირველადი საჭიროების მოთხოვნები.9. იზოლაციის პერიოდად უნდა განისაზღვროს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მინიმალურიდრო საქართველოში ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს. ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ აქვს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც განხორციელდება: ეპიდკვლევის ჩატარების დროულობის კონტროლი და ეპიდკვლევის ჩატარების შემდეგ, გამოკვლეული კონტაქტის ექიმთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. დაავადების ადრეული აღმოჩენისათვის, ეპიდკვლევის დროულობასთან ერთად აუცილებელია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების სათანადო მოცვა, რაც ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევის გარკვეულ რაოდენობას გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით ერთ ინდექს-პაციენტზე გამოკვლეული კონტაქტების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების შემთხვევების ოპტიმალური რაოდენობის გამოვლენა“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.
ახალქალაქში მილიონობით სახელმწიფო თანხის საეჭვო ხარჯვის ფაქტები აუდიტმა პროკურატურას მიაწოდა
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის საეჭვო და არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან მასალები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ასეულობით ათასი ლარის ფარგლებში მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და პროკურატურაში აღნიშნული მასალებიც უკვე გადაგზავნილია. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამოვლინდა, რომ 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გაცემული გამარტივებული ტენდერებით. ხშირ შემთხვევაში პროექტები, რომლებზეც მილიონობით და ასიათასობით ლარი დაიხარჯა, დაუსრულებელია, ან იმდენად ხარვეზიანად არის შესრულებული, რომ ვერ ფუქნციონირებს და ახლიდან რეაბილიტაციას, დაპროექტება-განხორციელებას საჭიროებს. ხელშეკრულების დამრღვევი კომპანების და პირების მიმართ, არა თუ არ დამდგარა სამრთელბრივი პასუხსიმგებლობის საკითხი, ახალქალაქის მერიას ამის ინიცირებაც კი არ მოუხდენია. საკრებულოს დაუსაბუთებელი ხარჯები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას საკრებლო დოკუმენტურად ვერ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება. სახელმწიფო ქონების გაქირავება არაუფლებამოსილი პირების მიერ და სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება აუდიტის ანგარიშით ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების გაქირავებით, შემოსავალს იღებენ არაუფლებამოსილი კერძო პირები. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სხვადასხვა მოიჯარის მიერჯამურად გადაუხდელი საიჯარო ქირა შეადგენს 84.9 ათას ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ქონებით მოსარგებლეები არ ასრულებდნენ ხელშეკრულებების პირობებს, მუნიციპალიტეტს მათ მიმართ არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია და არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია კუთვნილი თანხების მისაღებად. გზების და სხვა ინფრაქტრუქტურულ ობიექტების რებილიტაციის დროს გამოვლენილი დარღვევები 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფ. ბარალეთი - სოფ. კოჩიოსგზის მოასფალტების სამუშაოები,12 ღირებულებით – 913.7 ათასი ლარი. მერიამ ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე, რომლებმაც დაადასტურა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი გზა მთელ სიგრძეზე იყო დაზიანებული. მიმწოდებელს მის აღსადგენად ჩატარებული ჰქონდა დამატებითი სამუშაო, თუმცა გზა არ იყო აღდგენილი სათანადოდ. ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა აღდგენილ მონაკვეთებსაც. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ხარვეზი გამოწვეულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ საგზაო სამუშაო დასრულდა 2018 წლის დეკემბერში, დაზიანება კი გამოვლინდა ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული მიუთითებს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რისი პრევენციაც მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო. ანალოგიური მდგომარეობა გამოვლინდა სოფლების ბავრა - კარტიკამი - აბულის და ბარალეთი - იხტილას დამაკავშირებელი გზების დათვალიერებისას. პროექტების ჯამური ღირებულებაა 1,897.7 ათასილარი. ობიექტები დაზიანდა მოწყობიდან მოკლე დროში და მიმწოდებლების მხრიდან საჭირო გახდა რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, რაც სამუშაოს უხარისხობაზე მიუთითებს. გარდა აღნიშნული მაგალითებისა, დათვალიერებით ასევე გამოვლინდა 5 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები. ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ობიექტების რეაბილიტაციაში არაეფექტიანად დახარჯა 243.5 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს. მიმწოდებლებს დასრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ობიექტები არ ფუნქციონირებს, რადგან საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, ინვენტარის შეძენას, კომუნალური კომუნიკაციების მოწესრიგებას და სხვ. მაგალითად:- მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ვარევანში კლუბის რეაბილიტაციის სამუშაო, ღირებულებით 15.9 ათასი ლარი. ხელშეკრულება მოიცავდა მხოლოდ სახურავის შეცვლას, კიბის ბაქანის მოწყობას და კარ-ფანჯრების ბლოკების დაყენებას. მუნიციპალიტეტმა სამუშაო ჩაიბარა 2019 წლის პირველ ივლისს. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ შენობა არ ფუნქციონირებს, დამატებით ესაჭიროება შესაბამისი ინვენტარი, შიდა რემონტის ჩატარებადა სხვა სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტს დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაუგეგმავს და ობიექტი არფუნქციონირებს. ასევე, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 227.6 ათასი ლარი:- ორი კლუბი; - ორი მინისტადიონი; - ორი სოფლის წყალსადენი; - სამი ამბულატორიის შენობა. ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროს, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ხარვეზი კვლავ ფიქსირდება. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა სოფელკუმურდოს საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისა დასოფელ ბარალეთის იუსტიციის სახლის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოს შესყიდვისათვის, ღირებულებით 114.4 ათასი ლარი. წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები 2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ი/მ გევორგ ღალივონჯიანისგან შეისყიდა სოფელ ალათუმნის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ღირებულებით 1.5 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ საპროექტო დოკუმენტაცია შეაფასა დადებითად. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, გამოცხადდა ტენდერი და მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ი/მ გარიკ ზარმარიანთან. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 196.0 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოს დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის სისტემა არ მუშაობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ალათუმნის წყალსადენზე შექმნილი პრობლემა არასწორი საპროექტო გადაწყვეტილების შედეგი იყო და მუნიციპალიტეტს დაევალა თანხის სრულად ანაზღაურება შემსრულებელი კომპანიის მიმართ. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები პროექტის შემდგენი პირის მიმართ. საპროექტო ხარვეზები ასევე დაფიქსირდა სოფელი ხორენიის წყალსადენის ახალი მაგისტრალის გაყვანის სამუშაოების შესყიდვისას. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისას მუნიციპალიტეტის დანერგილმაკონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხო საპროექტოდოკუმენტაციის შესყიდვის პრევენცია. შედეგად, მერიამ 197.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია ობიექტზე, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს, ხოლო 184.1 ათასი ლარისღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურას აღენიშნება დაზიანებები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები საპროექტო ორგანიზაციის მიმართ. 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 724.8 ათასი ლარი. მონიტორინგით გამოვლინდა, რომ წყლის სისტემების მოწყობა რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. იმის გარდა, რომ მუნიციპალიტეტმა სოფელ ალათუმანში 197.5 ათასი ლარით დააფინანსა წყალგაყვანილობის პროექტი და დღემდე საერთოდ არ ფუნქციონირებს, გადაცდომები დაფიქსირდა სხვა პროექტებზეც. სოფლებში: აფნია, აბული, ბუზავეთი, ასევე ქ. ახალქალაქში, წმინდა ნინოსქუჩაზე წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 50.8 ათასი ლარი. სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება. შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ პერიოდში შესყიდვა. შედეგად, იძულებული გახდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეესყიდა 502.6 ათასი ლარის სამუშაო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვისას მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით და დაკარგა 9.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომია. შესყიდვების პროცესის მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა მიწოდების ვადა, ვერ მიიღო 16.1 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხები.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული 24 500 კგ დაავადებული კარტოფილი უკან გააბრუნეს
11 თებერვალს საქართველოში ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელიც ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარტოფილი დაავდებულია. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.
UNICEF-ი: იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება
იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.
აუდიტი: სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ასეულობით ათასი ლარის დაუსაბუთებელი თანხა აქვთ აღებული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რამდენიმე ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, სამუშაო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ასეულ ათასობით ლარი აქვთ აღებული. რამდენიმე მუნიციპალიტეტის შესახებ გამოქვეყებულ დასკვნაში წერია, რომ სამუშაო ხარჯები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო შეხვედრებზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდებოდა, თუმცა ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიპოვა. Europetime აუდიტის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ამოკრეფილ მონაცემებს გთავაზობთ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. გარდაბანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგივე პერიოდში ვანის საკრებულოს არათანამდებობის წევრებს ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 159.2 ათასი ლარი. „მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ანალოგიური სქემით, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ, 190 ათას ლარზე მეტი აქვთ აღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს არათანამდებობის პირებს, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები), 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით სულ მიღებული აქვთ 107.0 ათასი ლარი, მათ შორის, 2018 წელს – 60.7 ათასი, ხოლო 2019 წელს – 46.3 ათასი ლარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქედის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა 100,800 ლარი. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ხულოს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობისპირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, გასცა სულ 104,915 ლარი. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ 124,725. „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამარჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გაწეული სამუშაო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც. „თუმცა მუნიციპალიტეტებმა არ გაითვალისწინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება", - აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
აშშ-ის სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" სანქციები აამოქმედოს
აშშ-ის ორი სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სანქციები, რომლებიც მიმართულია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" სახელით ცნობილი, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის გაჩერებაზე, აამოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰოდან) და ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირიდან) სახელმწიფო დეპარტამენტს 12 თებერვლით დათარიღებულ წერილში მოუწოდებენ, არ დააგვიანოს კონგრესისთვის იმ ანგარიშის მიწოდება, რომელიც საჭიროა გასულ თვეში დამტკიცებული სანქციების ფარგლებში, თავდაცვის ყოველწლიურ ბიუჯეტში. ანგარიში, რომელიც 16 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს, დაასახელებს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობაში, დაზღვევასა და შემოწმებაში. კანონი ითვალისწინებს ჩამოთვლილი კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას. სენატორების წერილში ნახსენებია "პრესაში გავრცელებული ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ წარმოადგინა შეთავაზება, რომელიც აშშ-ისგან მოითხოვს უგულებელყოს კანონით განსაზღვრული სანქციები". რიში და შაჰინი დეტალებზე არ წერენ, თუმცა გერმანიის მედია იუწყება, რომ გერმანიის მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ცდილობდა შეთანხმებას, რათა თითქმის ბოლომდე მიყვანილი გაზსადენი დასრულებულიყო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ აშშ გაზსადენის პროექტს განიხილავს "ცუდ შეთანხმებად, რადგან ის ანაწევრებს ევროპას, და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას სუსტ მდგომარეობაში აყენებს რუსეთის მანიპულაციის წინაშე. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპის მიერვე გამოცხადებულ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების მიზნებთან". ამავე თემაზე: რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი. ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 1709 წლის შემდეგ რეკორდულად შემცირდა
პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წელს რეკორდულად შემცირდა. ინფორმაციას ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცენტრი ავრცლეებს. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს სამსახური 2 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა, ქვეყნის ეკონომიკა კი 9.9%–ით შემცირდა. მსგავსი ვარდნა ბოლოს 1709 წელს დაფიქსირდა, როცა ევროპას გამყინვარების ტალღამ გადაუარა. ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი 300 მილიონი ფუნტის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკა 2013 წლის ნიშნულს დაუბრუნა. მომსახურების სექტორი, რომელიც ქვეყნის მშპ–ს 80%–ს ქმნის, 8.9%–ით შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმს, ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ინდუსტრიაში არსებული ბიზნესების 50%–ს ფულადი ეკვივალენტი მხოლოდ მომდევნო 3 თვეს ეყოფა.