ძებნის რეზულტატი:

Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. სააგენტოს თქმით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს). სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს. ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. 2020 წლის განმავლობაში კი, ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა.

მარიო დრაგიმ იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო

მარიო დრაგიმ იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლეებს. როგორც ცნობილია, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ ფორმალური ხმის მიცემა მომავალ კვირას გაიმართება. მარიო დრაგის იტალიის ყველა მნიშვნელოვანმა პარტიამ, ერთის გარდა, მხარი დაუჭირა. მან პარლამენტში უმსხვილესი ჯგუფის, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის, მხარდაჭერაც მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე დაასახელა მისინტრთა კაბინეტი. ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ლუიჯი დი მაიო, კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ჯანკარლო ჯიორჯეტი ულტრამემარჯვენე ლიგის პარტიიდან - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეა ორლანდო ცენტრისტულ-მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან - შრომის მინისტრი, იტალიის ბანკის მმართველის მოადგილე, დანიელ ფრანკო - ფინანსთა მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი უფროსი, მარტა კარტაბია კი იუსტიციის მინისტრი.

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეების რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებსაიტის მიერ გავრცელებულ ცხრილში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ იტალიას, საფრანგეთს, ისრაელს, ხორვატიასა და საბერძნეთს ჩამორჩება და უსწრებს ისეთ ძლიერ ნაკრებებს, როგორებიცაა სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ლიტვა, თურქეთი და გერმანია. „ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილამდე აღზევდა. ეს გახლავთ ფიბას საკალათბურთო ექსპერტების მიერ შედგენილი კლასიფიკაცია იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც კონკრეტული ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციოში აჩვენებს. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციოში აქამდე გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგო და აღმასვლას განაგრძობს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა წინა კლასიფიკაციის, ანუ ნოემბრის შემდეგ 6 საფეხურით წაიწია წინ. საქართველოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ისრაელმა აჩვენა, რომელიც 8 პოზიციით დაწინაურდა“, - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციაში. საქართველოს ნაკრები წინა რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იყო. ერთბაშად ექვსსაფეხურიანი აღმასვლის მთავარი მიზეზი კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებული თამაშია - ოთხი მოგება ოთხი ტურის შემდეგ და ლიდერის პოზიცია ჯგუფში, სადაც საქართველოს მეტოქეები სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია არიან. ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩს თბილისში გამართავენ. 19 თებერვალს სერბეთის, ხოლო 21 თებერვალს ფინეთის წინააღმდეგ.

ევროკავშირი ჩინეთს BBC World News-ის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევს

ევროკავშირი ჩინეთს BBC World News-ის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ France24 წერს. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინის ნაბიჯმა კიდევ უფრო შეზღუდა „გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მის საზღვრებში“ და დაარღვია როგორც ჩინეთის კონსტიტუცია, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ცნობისათვის, ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა.

უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა 16 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის. ეს გადაწყვეტილება დღეს უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რის შესახებაც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად არის და კიდევ რამდენიმე დღე რჩება, კარგად გაიაზროს გადაწყვეტილება. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნიკა მელიას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. „ჩვენ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვლის, რომ მის წინააღდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური დევნაა და უაკნონოდ მიაჩნია, ამიტომ პროტესტის ნიშნად, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, ამ ფარსში“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. .

სომხეთში მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

სომხეთში, ერევანში დღეს მომხდარმა 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. ამის შესახებ იფორმაციას სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს. სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი კი სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ავრცელებს მიწისძვრის შედეგად დაშავებული ადამიანის შესახებ. დღეს სომხეთში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა. მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით შენობებს ტოვებდა. ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ერევნიდან სამხრეთით, 13 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. დღეს, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს სეისმოლოგიურმა ცენტრმაც გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრის დაშორებით, სომხეთში მიწისქვეშა ბიძგების დაფიქსირების შესახებ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებდნენ, აქციას საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია ორი ადამიანი, მიზეზი კი კახა კალაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერებმა პარტიის ოფისი დატოვეს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონა“, რის შემდეგაც პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებიდან ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებითაა დაკავებული. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები შეხვედრას მართავდნენ. როგორც მისი დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

რუსეთი აშშ-ში ცდილობს საზოგადოების პოლარიზებას ამერიკელი მოქალაქეების დაქირავებით, რომლებმაც რეალურად არ იციან, რა მიზანს ემსახურებიან - მკვლევარი

„2020 წელს გაცილებით მეტი ძალისხმევა [რუსეთის მხრიდან] მიმართული იყო იმაზე, რომ [ამერიკის] საზოგადოება დაეყოთ, პოლარიზაცია შემოეტანათ უკვე არსებული თემების გარშემო და ახალი თემები აღარ შემოეტანათ [დასაპირისპირებლად]“,- ამბობს მარია სნეგოვაია, „ატლანტიკური საბჭოს“ არარეზიდენტი წევრი და რუსეთის ამერიკაში გავლენების შესახებ, უახლესი კვლევის ავტორი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. სნეგოვაიას განცხადებით, რუსეთმა გადაწყვიტა უფრო ჭკვიანურად მოიქცეს და უკვე არსებული პრობლემების გაღრმავება არა ახალი ტროლებითა და ბოტების მეშვეობით, არამედ, თავად ამერიკული ხმების გამოყენებით მოახდინოს. „ისინი ონლაინ ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას ამერიკელი მოქალაქეების დაქირავებით, რომლებმაც არ იციან, რეალურად, რა მიზანს ემსახურებიან“, - ამბობს სნეგოვაია. მკვლევარი ამბობს, რომ ბოტებისა და ტროლების, ასევე, მათი მიმდევრების რიცხვი, საგრძნობლადაა შემცირებული. რაც ამერიკის ეფექტურ სტრატეგიასა და სადაზვერვო სამსახურების კარგ მუშაობაზე მიუთითებს. თუმცა, ისინი, ვინც ონლაინ სივრცეში დარჩნენ, ადაპტირდებიან და ვითარდებიან, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, რომ თავი ამერიკელებად წარმოაჩინონ, აკოპირებენ და იყენებენ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების ტექსტებს და ასე ცდილობენ შეინიღბონ. მარია სნეგოვაია, რომელიც უკვე წლებია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სწავლობს, ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ახალი ტრენდები გამოვლინდა რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიებში. მათ მოუწიათ სტრატეგიის შეცვლა, ვინაიდან სოციალური მედიები და ამერიკის მთავრობა ეფექტურად მუშაობენ. „ის რაც 2016 წელს იყო რეალური საფრთხე, 2020 წელს მხოლოდ შიშად იქცა, ასე რომ, სიტუაცია ამ მხრივ უმჯობესდება“, - ამბობს ის.

სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). დასკვნით ეტაპამდე, სენატორებმა პრეზიდენტის იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროცესზე მოწმეებს აღარ გამოიძახებდნენ. ამის ნაცვლად კი საქმეს დაემატა „რესპუბლიკელი“ ჰერერა ბატლერის წერილობითი განცხადება, რომელშიც ყვება 6 იანვარს დონალდ ტრამპსა და წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერ, კევინ მაკარტის სატელეფონო საუბრის შინაარსს. ჰერერას თქმით, ტრამპი ამ სატელეფონო საუბარში ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში რადიკალი მემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“ წევრები შეიჭრნენ და არა მისი მომხრეები; ამავე საუბრის დროს კი ტრამპი, კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი იყო. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. იმპიჩმენტის დამტკიცებისთვის საჭიროა იყო 67 „რესპუბლიკელის“ ხმა. კონგრესში 50 „რესპუბლიკელი“ და 50 „დემოკრატი“ სენატორია. ბოლო 12 თვის განმავლობაში ტრამპის იმპიჩმენტი უკვე მეორედ არ შედგა.

ირანისა და ავღანეთის საზღვარზე აფეთქება მოხდა

Reuters-ის ცნობით ირანისა და ავღანეთის საზღვარზე საწვავის გადამზიდი სატვირთოები აფეთქდა. აფეთქებისას 60-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ახლომდებარე ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხდა. მხარეების ცნობით, ზარალი მილიონობით დოლარს აჭარბებს. თავდაპირველი მონაცემებით, შემთხვევის მიზეზი საწვავის ტანკერის აფეთქება იყო, თუმცა მალევე ოფიციალურმა პირებმა განცხადება შეცვალეს და თქვეს, რომ მიზეზი უცნობია. ხანძრის დროს 500-მდე ავტომობილი დაიწვა, დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯებით უცნობია.

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ქალაქ ფუკუშიმაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წერს BBC. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შედეგადად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მიწისძვრა 2011 წლის მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია და 18,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ოფიციალური პირების მოწოდებისა, მოქალაქეების ნაწილმა სახლი მაინც დატოვა. ადგილობრივმა მთავრობამ ზარალის შეფასება დაიწყო. ელექტროენერგიის შეფერხების გამო, მაღალი სიჩქარის მატარებლების ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 357 ადამიანს დაუდასტურდა, 652 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დადებითობის მაჩენებელი: 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3.06%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.76%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 557 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 258 093 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 352 გარდაიცვალა. 357 ახალი შემთხვევიდან 150 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 27, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 875, აჭარაში - 170, იმერეთში - 446. მძიმე პაციენტი: 435. მათ შორის, თბილისში - 174, აჭარაში - 39, იმერეთში - 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 105. მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126- თბილისში, 98- აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 900 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 43. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 802 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 675 პირი, აჭარაში - 629, იმერეთში - 1 394.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს. 2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესს ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობის უდიდესი ეტაპი უწოდა

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობის კიდევ ერთი ეტაპი იყო. არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვლია მსგავსი რამ და ეს ნადირობა კვლავ გრძელდება, რადგან ჩვენი ოპონენტები ვერ ივიწყებენ იმას, რომ თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა სულ რამდენიმე თვის წინ მხარი დამიჭირა“, - აცხადებს ტრამპი. განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში „კუდიანებზე ნადირობის“ კიდევ ერთი უდიდესი თავი იყო.

ამირან გამყრელიძე: ზაფხულის ბოლოს მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ

ამირან გამყრელიძემ საქართველოს ვაქცინაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზაფხულის ბოლოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აიცრება, მანამდე კი ვაქცინაციის პიარკამპანია დაიწყება. „ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პროფესორი: ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ურთიერთობები გაუმჯობესდება

ბაიდენის ადმინისტრაციის გათვლებზე საუბრისას, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთზე რამდენიმე წიგნის ავტორი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება. „ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. 6 იანვარს კაპიტოლიუმში ჯგუფის შეჭრამდე რუსები იმეორებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა. მათ ასევე, ბოლო წუთამდე არ აღიარეს ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება“. სტენტს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბაიდენმა კრემლს მეგობრული ხელი არ გაუწოდოს. რუსეთის ინტერესებში კი შედის ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება. ამის საფუძვლად მოსკოვი შესაძლოა „ახალი სტარტის ხელშეკრულების“ განახლებას მიიჩნევდეს. მოსკოვს ასევე სურს დიდ შვიდეულში დაბრუნება. ინდუსტრიული დემოკრატიების ეს ჯგუფი, რომელშიც ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო შედიან, 1997 წელს შეიქმნა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013 წელს რუსეთი ჯგუფის მერვე წევრად მიიწვიეს და დიდი შვიდეული დიდ რვიანად იქცა. თუმცა, ერთ წელში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთი ჯგუფიდან გააძევეს. ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთთან რაღაც სახის სამუშაო ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებას და მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლს ეხება. „ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებიდან და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაიდენი „უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან] ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება“, - ამბობს შეპარდი. ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ექსპერტები ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას ასახელებენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენების წინააღმდეგი იყო. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაგებული მილსადენით უნდა მიიტანოს. კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროექტი მაინც მალე დამთავრდება, რადგან რუსეთი მის ბოლო ფაზას, ძირითადად, საკუთარი რესურსით ამთავრებს და გერმანია პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს.

ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს დიალოგისთვის სოციალურ ქსელ Clubhouse-ში იწვევს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და SpaceX-ის დამაარსებელი, ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს სოციალურ ქსელ Clubhouse-ში დიალოგისთვის იწვევს. ამის შესახებ მასკმა საკუთერი Twitter-ის გვერდზე დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულა რა თემასთან დაკავშირებით აპირებს მასკი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს. მასკმა მოწვევა რუსელ ენაზეც გამოაქვეყნა.

AstraZeneca ვაქცინის ეფექტურობას ბავშვებზე შეამოწმებს

ეფექტურობის გამოსავლენად, AstraZeneca ვაქცინას ბავშვებზე შეამოწმებს. წერს BBC. კვლევის მთავარი მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ეფექტურია პრეპარატი ბავშვებისთვის, კორონავირუსის დასაძლევად. კომპანიის ცნობით, კვლევაში 300-მდე მოხალისე იქნება ჩართული. საცდელი პერიოდის განმავლობაში 240-მდე ბავშვი ვაქცინას მიიღებს, ხოლო დანარჩენს მენინგიტს საწინააღმდეგო პრეპარტს გაუკეთებენ. 16-წლამდე პაციენტებისთვის ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არაა ავტორიზირებული. თუმცა ოქსფორდის ვაქცინის კვლევაში ჩართული პედიატრის, ადრიუ პოლარდის თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაზე ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის დადგენა.

იაპონიამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ, Pfizer-ის ვაქცინას ოფიციალური ავტორიზიაცია მიანიჭა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის პრემიერის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება და პირველად ჯანდაცვის მუშაკები აიცრებიან. კარანტინის ფონზე, ქვეყნის მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობისთვის საკმარის დოზებს შეიძენს. იაპონიაში საშუალოდ შვიდი დღის პერიოდში 1,600 კაცი ინფიცირდება, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის. გასულ კვირას მედია წერდა, რომ შპრიცების პრობლემის გამო, იაპონია Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზას ვერ იყენებს.

ვაქცინაციის საკითხზე სკანდალის გამო პერუს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

პერუს ჯანდაცვის მინისტრი, პილარ მაზეტი გადადგა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ვაქცინის გამოცდის პერიოდში ფარულად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ ჩინური ვაქცინის ორი დოზა საპრეზიდენტო სასახლეში ოქტომბერში გაიკეთა. კანონმდებლები ყოფილ მინისტრს ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულობაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტიც აცხადებს, რომ მინისტრმა ამის შესახებ არ იცოდა. ვისკარა იმპიჩმენტის წესით გაასამართლეს და უფლებამოსილება ნოემბერში კორუფციაში ბრალდებებისთვის შეუჩერეს.