ძებნის რეზულტატი:

ბაიდენი ევროპულ ტურნეს დღეს იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. Reuters-ის თანახმად, ბაიდენი ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ფინეთში შეხვედრებს გამართავს.  ბაიდენის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილია 9-13 ივლისს, ლონდონში მეფე ჩარლზთან და პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან შეხვედრებით დაიწყება: „ჩვენს ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრება. ბაიდენი ლიეტუვის დედაქალაქში ორ დღეს დაყოფს და მონაწილეობას მიიღებს ლიდერებთან შეხვედრებში. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერი სიტყვით გამოვა ვილნიუსის უნივერსიტეტში. ბაიდენი ჰელსინკში 13 ივლისს სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრება. ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა საერთაშორისო მედიის თანახმად, ბაიდენის შეხვედრებზე მთავარი თემები იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, NATO-ში გაწევრიანების საკითხი და აშშ-ის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის დამტკიცება იქნება.  

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების თანახმად, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - წერია ინფორმაციაში.  

გენერალ სირსკის თქმით, უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ

უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად პროგრესს აღწევენ, ხოლო რუსული ჯარები ზოგიერთ მიმართულებაზე „ხაფანგში“ ებმებიან . ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს. მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. 8 ივლისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმტში ინტენსიური ბრძოლები განახლდა და ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში უკრაინულმა ძალებმა პროგრესს მიაღწიეს. ბახმუტთან ბრძოლა 10 თვეზე მეტია, გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

„აზოვსტალის“ დამცველები ფრონტზე ბრუნდებიან

„აზოვსტალის“ რკინისა და ფოლადის ქარხნის დამცველთა მეთაურებმა, რომლებიც თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ, პირობა დადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და თავიანთ სიტყვებს იტყვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თანახმად, ამის შესაზებ „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ ლვოვში ისაუბრა. „მთავარი ის არის, რომ უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა ფრონტის ხაზზე ხელთ იგდო და ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს და ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შეუძლებელესაც კი, ამ პროცესის დასაჩქარებლად, რათა ომი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს,“ - განაცხადა დენის პროკოპენკომ. კითხვას, დაბრუნდნენ თუ არა ისინი ფრონტზე, პროკოპენკომ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ამიტომაც დავბრუნდით უკრაინაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი". „ჩვენ დავბრუნდით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ სამხედროები ვართ, ფიცი დავდეთ," - განაცხადა თავის მხრივ, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან. პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ შაბათს უკრაინაში დააბრუნეს. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე. შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.

პოდოლიაკი კასეტურ საბრძოლო მასალებზე: რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო

„კასეტური საბრძოლო მასალები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ისინი გარკვეულწილად აანაზღაურებენ ჩვენი ჭურვების დეფიციტს და ნაწილობრივ აღადგენენ თანასწორობას ბრძოლის ველზე,“ - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე - პროპორციული ძალით უნდა ელაპარაკო. „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინაში, ეს სულ მცირე სამართლიანია და რეალურად რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო - პროპორციული ძალით“, - აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 7 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების ახალი, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.  

G7-ის მინისტრები უკრაინის აღდგენისთვის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებენ

G7-ის მდგრადი ურბანული განვითარების მინისტრებმა, რომლებიც დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ ტაკამაცუში შეიკრიბნენ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით თანამშრომლობა დაადასტურეს. ამის შესახებ NHK World-Japan წერს. G7-ის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრის დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.   მხარეები სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმების შედგენის ეტაპიდანვე გამოიყენონ.  ცნობისთვის, უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდის მიღებას ელოდება. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი.        

საფრანგეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

საფრანგეთის რესპუბლიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ RFI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება მზადდება, რათა მუდმივად გავითვალისწინოთ უკრაინის მიერ გამოხატული ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები“, - განუცხადა მედიას კოლონამ. კოლონამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი დაცვა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში, შევასრულოთ ეს ვალდებულება,“ - აღნიშნა კოლონამ. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს NATO-ში გაწევრიანებამდე, კოლონამ აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე მოელის, რომ ვილნიუსის სამიტი „უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსის მხარდაჭერის კონსოლიდაციას და მის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას კონკრეტულ მნიშვნელობას მისცემს“.  კოლონას თქმით, საფრანგეთი მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, რათა განსაზღვროს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შეიძლება, უკრაინას მიეცეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. „ამ გარანტიებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მათი მიზანი იქნება ძალიან ნათელი: „მოკლევადიან პერიოდში უკრაინის უზრუნველყოფა თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებით.“  

რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილია, რომ უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. Europetime-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეკრიბა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმაც ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით. ბოლო სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავსი დეკლარაცია გააფორმეს, კანადა, ესპანეთი, ბულგარეთი და პორტუგალია არიან.  უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს სკანდინავიის ქვეყნებმა - დანიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვედეთმა. ასევე, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი მაისში ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციები იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად მიიღო. პოლონეთმა და ლიეტუვამ 28 ივნისს კიევში ვიზიტისას მხარი დაუჭირეს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ლიეტუვის გარდა, მსგავსი დეკლერაცია გაფორმდა ბალტიისპირეთის კიდევ ორ სახელმწიფოსთან - ლატვიასთან და ესტონეთთან. უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს შავი ზღვისპირა ქვეყანა - რუმინეთი. ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. კიევის მიმართ მხარდაჭერა ასევე დააფიქსირეს სლოვაკეთმა, სლოვენიამ და მონტენეგრომ. ყველა სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა მითითებულ დეკლარაციას, მხარს არ უჭერს უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას. ზოგიერთი შეთანხმდა, რომ ის მხოლოდ გაიმეორებს ალიანსის ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინას აქვს ევროატლანტიკური მომავალი და ქვეყანა მომავალში შეუერთდება NATO-ს. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები    

ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორი სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თანახმად, დღეს ორი რაკეტა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა. „ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად, სოფელ ბიტოშში სახერხი ქარხანა მთლიანად განადგურდა," - წერს ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი. მისივე თანახმად, მსხვერპლი არ არის, ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. ბრიანსკის და კურსკის რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმების შესახებ რეგულარულად იუწყებიან, რაშიც უკრაინის არმიას ადანაშაულებენ, რასაც უკრაინის სარდლობა ოფიციალური კომენტარით არ პასუხობს.  

„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი დააკავეს

„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება. 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ.  

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მმართველი პარტიის 55-მა დეპუტატმა [პარლამენტში სულ 101 დეპუტატია] მისცა ხმა. ოპოზიციური კომუნისტების და სოციალისტების ბლოკის დეპუტატებმა პარლამენტის სესიის ამ ნაწილს ბოიკოტი გამოუცხადეს. გადაწყვეტილება პარლამენტის მუდმივმოქმედმა ბიურომ პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მოლდოვა დსთ-ს IPA-ს სრულუფლებიანი წევრი 1998 წლის 2 ივნისს გახდა. ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ თებერვალში განაცხადა, რომ მოლდოვა დსთ-ს რამდენიმე ათეული შეთანხმებიდან გასვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, მოლდოვა არის დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მხარე, რომელთაგან ბევრს გადახედვა სჭირდება. შეგახსენებთ, მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს. 10 აპრილს მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ამ კომპანიისათვის დსთ-ის სალაროში საწევროს გადახდა შეწყვიტა.  

ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის - პოლ გობლი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, პერსპექტივაში წევრებისთვის და მათთვის, ვისი ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე, ვილნიუსის სამიტი გარდამტეხი იქნება. Europetime-თან საუბარში პოლ გობლი ხაზს უსვამს, რომ ამჟამინდელმა წევრებმა სერიოზულად უნდა განიხილონ თავიანთი ორგანიზაციის მიზნები და იმუშაონ მის გაფართოებაზე, რაც უნდა მოიცავდეს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ და შეუძლიათ, სწრაფად დააკმაყოფილონ ნებისმიერი გონივრული პირობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის შეფასებით, განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ თავიანთი ვალდებულება ალიანსის სრულფასოვანი წევრობისადმი და რეგიონში კი უნდა იცოდნენ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე. „ვილნიუსის სამიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ისწრაფვიან წევრობისკენ და სხვებისთვისაც, რომელთა ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე. ამჟამინდელი წევრები სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ კლასიფიცირებას, გადადგან ნაბიჯები მისი გაფართოებისკენ ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, ნებისმიერი გონივრული მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილება. მსურველებმა უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან, იყვნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. რეგიონში კი უნდა ესმოდეთ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე“, - განუცხადა გობლმა Europetime-ს. შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

რა განაცხადა ჰანა მალიარმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით

CNN-ის თანხმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა მიანიშნა, რომ უკრაინული ძალები პასუხისმგებელნი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე შარშანდელ თავდასხმაზე.  ჩამოთვალა რა 12 უკრაინის მიღწევა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მალიარმა Telegram-ზე დაწერა: „273 დღის წინ განვახორციელეთ პირველი დარტყმა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რუსული ლოგისტიკის ჩაშლის მიზნით.“ Telegram-ზე განთავსებულ შეტყობინებაში ასევე ნახსენებია რუსული ხომალდის „მოსკვას“ ჩაძირვა (451 დღის წინ) და გველების კუნძულის გათავისუფლება (373 დღის წინ). CNN წერს, რომ დაუკავშირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. 17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება წაუყენეს. რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქების ორგანიზატორად უკრაინის სპეცსამსახურებსს მიიჩნევდა. კიევმა აფეთქებასთან კავშირი უარყო. ამავე დროს, მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა აღნიშნა, რომ სპეცსამსახური იღებდა გარკვეულ ზომებს ამ ლოგისტიკური გზის გადასაჭრელად. ანა მალიარის გუშინდელ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან უკრაინის მთავრობას „ტერორისტული რეჟიმი“ უწოდა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა კონტრშეტევის ეტაპზეა და პერიოდულად იუწყება დასახლებების გათავისუფლების შესახებ. რუსეთს უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა აღიარეს კიდეც მოსკოვი ტერორიზმის სპონსორად. ბოლო ასეთი ნაბიჯი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გადადგა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს,  ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება, ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე აჩვენა. „ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაგნერელებმა“, შესაძლოა, უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ.  

ზელენსკი: პუტინი მოლაპარაკებების დაწყებას შეეცდება, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს მიუახლოვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობას. Washington Post-ის თანახმადა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს კიევში ვიზიტისას განუცხადეს, რომ კონტრშეტევის მიზანი ოკუპირებული ყირიმის საზღვრებთან მიახლოება და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დაწყებაა. ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით ამერიკული მედიის შეკითხვას უპასუხა. „აბსოლუტურად ნათელი, ლოგიკური რიტორიკაა, რომ იმ მომენტში, როდესაც უკრაინა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულთან, ყირიმთან, ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგს ეცადოს, განსხვავებით სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რადგან ის დასუსტდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“. ამის შესახებ წიქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატის თანახმად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. თეიმურაზ წიქვაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. „საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე წარმოვადგენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის, ინტერესებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და საკითხის ირგვლივ გაკეთებული ზოგიერთი შეფასების საპასუხოდ, მსურს, ყურადღება გავამახვილო საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე. პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს მარწმუნებელსა და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჯერ კიდევ ბრალდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების პერიოდში, მისი ოჯახის წევრის (დედის) თხოვნის საფუძველზე, ჩემმა მარწმუნებელმა უზრუნველყო გიორგი ბაჩიაშვილის დასაქმება მის კუთვნილ სტრუქტურაში. ამ დღიდან მოყოლებული, ბრალდებული დაახლოებით, 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამგვარად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემს მარწმუნებელთან ძალიან დაახლოებულ პირს, რომელმაც მიიღო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საუკეთესო პირობები და შესაბამისად, ბატონ ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით. სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება. ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას. მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით. შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია - იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს. თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს, ერთის მხრივ, სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა. მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით, დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან. იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით). როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით. 2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი - მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა. პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, „მტკვარი ჰესი“ იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა. ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გვევლინება საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის. ვფიქრობ, საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ის გარემოებები/საფუძვლები, რის გამოც ბატონი ივანიშვილი იძულებული გახდა რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აქვე მოკლედ შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, ჩემი მარწმუნებლის მხრიდან მისი დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება უკავშირდება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი. და ბოლოს, ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე. მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“, - აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.  

შალვა პაპუაშვილი: NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ NATO-ს მიდგომაში ცოტა რამ თუ შეიცვალა. „მართალია, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. მისივე შეფასებით, შეუძლებელია, NATO-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია.“ შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. „ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში. შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ NATO-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო NATO-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო NATO-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს NATO-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. ცნობისათვის, რადიო თავისუფლების შეკითხვას, NATO-სკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ამის [ნატოში გაწევრიანების] დიდად არ სჯერა“. „NATO-ს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ NATO არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. NATO-ს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი განაცხადა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [NATO-ს წევრობის] არ სჯერათ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.  

უკრაინის გენშტაბი: გასულ კვირაში გათავისუფლებულია 14კმ²-ზე მეტი ტერიტორია

გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ სამხრეთით 10 კვადრატული კილომეტრი და აღმოსავლეთიდან 4 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 10 ივლისს. ამავე პერიოდში უკრაინული ძალებ წინ მიიწევდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, ზაპოროჟიეს ოლქში, განაცხადა გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრი კოვალოვმა. შეტევის დაწყებიდან, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებით გათავისუფლებულია 169კმ² და იქ ტერიტორიის განაღმვა გრძელდება. დილის განახლებაში გენერალური შტაბი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობდნენ კონტრშეტევის ოპერაციებს სამხრეთ ფრონტის ხაზზე და აღებული პოზიციების გამაგრებას. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ კვირაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან 4კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს აღმოსავლეთში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც, საერთო ჯამში, გათავისუფლებული ფართობი 24კმ²-ია.  

დაესწრება თუ არა ზელენსკი NATO-ს სამიტს

11-12 ივლისს ვილნიუსის NATO-ს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტები განსაზღვრავს, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი სამიტს. „ჩვენ მთელი ეს კვირა და წინა თვეები გავატარეთ ჩვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციაში. პრეზიდენტს ჰქონდა რამდენიმე ვიზიტი. ჩავიდა თურქეთში შესაბამისი მოლაპარაკებების საწარმოებლად და მისი როლი, ვფიქრობ, ასევე გადამწყვეტი იქნება იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც შეიძლება, მიღებული იყოს შვედეთთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ, მეგობრებზეც ვფიქრობთ.“ მოლაპარაკებები, რომელსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - აღნიშნა სტეფანიშინამ. სამიტში მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვას თავად ზელენსკიმაც უპასუხა. ABC news-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, ვიდრე ის NATO-ში არ არის - მხოლოდ ასეთ პირობებში ექნებოდა შეხვედრას აზრი. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები  

„წარუმატებელი აჯანყების“ შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა - ფრანგული მედია

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანახმად, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში დაიბარეს „ვაგნერის“ მთავარ მეთაურებთან ერთად, სადაც ის პუტინის გარდა, როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინსაც შეხვდა.   შეხვედრების დეტალებზე გამოცემა არ წერს. განახლება: „პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.პესკოვის თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, - განაცხადა პესკოვმა.   პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ის რუსეთში დაბრუნდა.