ძებნის რეზულტატი:

ვაკის რაიონის გამგეობა: ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა

ვაკის რაიონის გამგეობის განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. „მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო. რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს, მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან“, - ნათქვამია განცხადებაში. წყნეთში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  

პოლონეთმა სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო

სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული პირველი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი FA-50 პოლონეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. მანამდე თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სამხრეთ კორეის მიერ წაროებული თვითმფრინავების მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა. მთლიანობაში ვარშავა სეულიდან 48 FA-50-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენას აპირებს. ”პოლონეთის არმიისთვის განკუთვნილი პირველი ორი FA-50-ის ტიპის თვითმფრინავი უკვე პოლონეთშია! სამხრეთ კორეაში შეკვეთილი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჩაანაცვლებს პოსტსაბჭოთა აღჭურვილობას, გააძლიერებს საჰაერო ძალების პოტენციალს“, - ამბობს მინისტრი.  

კვლევა: უკრაინელების თითქმის 90%-ს სურს, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს

უკრაინელების დაახლოებით 89%-ს სურს, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ნაწილად ნახოს. ამას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მაისსა და ივნისის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. კვლევის მიხედვით, უკრაინის ყველა რეგიონში აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ასეთ ნაბიჯს: აღმოსავლეთში 79%-დან, დასავლეთში - 93%-მდე. ამავდროულად, გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ისთვის იქნება მისაღები, რომ უკრაინამ მშვიდობისთვის თქვას უარი ალიანსში გაწევრიანებაზე, ხოლო 76%-ისთვის ასეთი „ფასის გადახდა“ მიუღებელია.   2022 წლის მაისში გამოკითხულთა 39% დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ხოლო 42%-მა მიიჩნია, რომ მის ნაცვლად „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფა იყო მისაღები. „თუმცა 2023 წლის მაისისთვის საზოგადოების აზრი შესამჩნევად შეიცვალა - NATO-ში გაწევრიანებაზე დაჟინებით მოთხოვნილების წილი 58%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, მათ წილი, ვისთვისაც „უსაფრთხოების გარანტიები“ მისაღები იქნებოდა, 29%-მდე შემცირდა. ყველა რეგიონში უფრო მეტი რესპონდენტი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას“, - წერს UKrinform-ი კვლევაზე დაყრდნობით.   კვლევის დროს 2509 ინტერვიუ ჩატარდა. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი 2,4%-ს არ აღემატება.

უკრაინის დაზვერვა რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაურის მკვლელობის შესახებ იუწყება. უკრაინის დაზვერვა მას მოიხსენიებს სერგეი რჟიცკად, რუსული სააგენტოების ცნობით, კი მოკლულის სახელი სტანისლავია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ ერთ-ერთია პროექტ „ვარშავიანკის“ 6 გემიდან. აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“. უკრაინული მედიის ცნობით, წყალქვეშა ნავი „კრასნოდარი“ შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობდა. უკრაინის დაზვერვა მისი პასუხისმგებლობის შესახებ არაფერს წერს, თუმცა აცხადებს, რომ რჟიცკის 10 ივლისს, დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ქალაქ კრასნოდარის პარკში გარბენისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო პარკში ხალხი არ იმყოფებოდა, ამიტომ, მკვლელობას მოწმეები არ ჰყავს. რუსული სააგენტოები ადასტურებენ, რომ 10 ივლისს მოკლული მე-2 რანგის კაპიტანი სტანისლავ რჟიცკი წყალქვეშა ნავის მეთაური იყო, ბოლო დროს კი, კრასნოდარის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.  

გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Europetime-თან აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით. ელჩი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული სტრუქტურა ჩამოყალიბდება და გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ „მეგობარ ქვეყნებთან“, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ თავიანთი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლონ. „ვილნიუსის სამიტი ალიანსის ტერიტორიის დაცვისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს. ჩვენ მივესალმებით ახალ წევრებს - ფინეთს და უკვე ძალიან მალე - შვედეთს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებულ სტრუქტურას და გავაღრმავებთ თანამშრომლობას ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ შეძლონ, დაიცვან თავიანთი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ასევე გაეცანი:  Europetime-ის ვრცელ ინტერვიუს გერმანიის ელჩთან  ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება. NATO-საქართველოს ურთიერთობები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თობიას ლინდნერი საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, ლინდნერი 2023 წლის 12 ივლისს სამუშაო ვიზიტით ჩამოვა საქართველოში და შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის თბილისი „პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა საუბრის თემა იქნება ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  

საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს შორი რადიუსის რაკეტები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება მაკრონმა ვილნიუსში გააკეთა, სადაც NATO-ს სამიტი იმართება. მაკრონმა განმარტა, რომ პარიზი კიევს უგზავნის SCALP-ის ტიპის რაკეტას, რომელიც უკრაინას გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მიაწოდა და რომელიც Storm Shadow-ს სახელით არის ცნობილი.  

დანილოვი: პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი. მისივე ინფორმაციით, უსეთის რეგულარულ არმიაში პრიგოჟინის მხარე ბევრმა ადამიანმა დაიკავა, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ბევრი ისეთი მეთაურია, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიმართ კარგად არის განწყობილი. გარდა ამისა, მათ აღარ სურთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.  

გრიგოლ გიორგაძე: „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება

„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან განმარტა. „დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია. „შესაბამისად, პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება“, - ამბობს გიორგაძე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად, ალტერნატიულ შრომით სამსამსახურს დაექვემდებარება. „საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს, აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურში, სხვა კონფესიების მსგავსად, მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს. ჩვენი პასუხი არის, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, სწორედ, ასე მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყების ცნობით.  დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.  

სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას

NATO-ს მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნა, რათა უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში განაცხადა. მისივე თანახმად, უკრაინამ დიდი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმა. „უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის NATO-სთან, ამიტომ, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს NATO-ს გადაწყვეტილებებში აისახოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ვილნიუსში NATO-ს ლიდერების სამიტის წინ. „ნათლად განვმარტავთ, რომ უკრაინა გახდება წევრი, ჩვენ გავაუქმებთ წევრობის სამოქმედო გეგმას, (...) გავუგზავნით ძალიან ძლიერ და პოზიტიურ გზავნილს NATO-ს მხრიდან უკრაინას“, - ამბობს სტოლტენბერგი. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები ალიანსის განმდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება NATO-ს წევრი. „ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად NATO-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის, ლიეტუვისთვის და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. სამიტზე ჩვენ ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნათელ გზავნილს ვუგზავნით უკრაინას, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ველით, რომ მოკავშირეები ასევე გაიმეორებენ თავიანთ ვალდებულებას, სამხედრო მხარდაჭერით დაეხმარონ უკრაინას მეტი მიწის გათავისუფლებაში. წევრობის საკითხთან დაკავშირებით, მე ასევე ველი, რომ მოკავშირეები კიევს გაუგზავნიან მკაფიო და პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მე წარმოვადგინე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უფრო პრაქტიკული მხარდაჭერით, მრავალწლიანი პროგრამით უკრაინის ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს დააახლოებს უკრაინას NATO-სთან. NATO-უკრაინის საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და შემდეგ მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნას. ეს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს. ამდენად, ეს ყველაფერი პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირეები ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ NATO-ს შეკავება და თავდაცვა ახალი თავდაცვის გეგმებით და მაღალი მზადყოფნის მეტი ძალებით. „მე ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციების დაპირებაზე, სადაც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯვა იქნება მინიმალური ზღვარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება „მხოლოდ ტექნიკური საკითხია“ - სიიარტო

უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიცირება "მხოლოდ ტექნიკური საკითხია", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 11 ივლისს. ჩვენი პოზიცია შვედეთთან მიმართებაშიც ნათელია: მთავრობა მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, რის გამოც ამ საკითხზე წინადადება პარლამენტს მრავალი თვის წინ წარვუდგინეთ“, - წერ სიიარტო Facebook-ზე. ეს განცხადება ერთი დღის შემდეგ გაკეთდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტოკჰოლმის განაცხადს დათანხმდა. ივლისის დასაწყისში სიიარტომ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი შვედეთის საკითხს არ დააყოვნებდა.  

გერმანია ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის $770 მილიონის ღირებულების პაკეტს წარადგენს - მედია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ მხარდაჭერის პაკეტს წარმოადგენენ. პაკეტი მოიცავს ორ Patriot-ის გამშვებს, 24 leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 20000 საარტილერიო ტყვიას. დახმარება ასევე მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს. NATO-ს მოკავშირეები ვილნიუსში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, რათა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომი მხარადჭერა განიხილონ.  

პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს

„უკრაინა NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ვილნიუსში მიმდინარე სამიტზე თუ არ მიიღებს, ის მას მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე, მიიღებს“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა. „ამის ალბათობა 100%-ით არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ დროისთვის რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს თავის სუბიექტურობას და შეწყვეტს არსებობას, როგორც ქვეყანა, რომელსაც ომების წარმოება შეუძლია", - განაცხადა პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას ომი 2024 წლისთვის მოგებული უნდა ჰქონდეს.    

ნაუსედას თქმით, NATO-მ რუსეთის საზღვარზე მუდმივი ბაზები უნდა შექმნას

NATO-მ უნდა დაარსოს მუდმივი სამხედრო ბაზები რუსეთის საზღვართან, უარი თქვას 1997 წლიდან დადებულ პირობაზე, განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 11 ივლისს. ნაუსედას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას ადრე აღებულ შეზღუდვებზე და რუსეთის საზღვართან მუდმივი სამხედრო ბაზების ორგანიზება მოახდინოს. მისივე თქმით, რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმად, ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს. „რადგან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ეს აქტი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენ კვლავინდებურად სტრატეგიული ამბივალენტობის რუხ ზონაში დავრჩებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელ აქტს ხელი 1997 წელს მოეწერა. ნაუსედა: ბალტიის რეგიონში NATO-ს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს  

ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ NATO-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე მიმდინარეობს. ზელენსკი აცხადებს, რომ აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას ზელენსკის შეფასებით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO-ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ. ზელენსკის თქმით, როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO-ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად. უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს, რომ „ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბროს.“ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა.  

კობახიძე უკრაინის NATO-ში MAP-ის გარეშე შესაძლო მიღებაზე: არ უნდა შეგვშურდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ NATO-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია. „უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს“, – განუცხადა მედიას კობახიძემ. „ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა NATO-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებდა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. 11 ივლისს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას, რაც მისი თქმით, უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს.

ნორვეგია უკრაინის სამხედრო დახმარებას წელს $239 მილიონით ზრდის

ნორვეგია უკრაინის სამხედრო დახმარებას წელს 2,5 მილიარდი კრონით (239 მილიონი აშშ დოლარი) გაზრდის, განაცხადა სკანდინავიური ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს, 11 ივლის. უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ასევე გაზრდის წვლილს უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ NATO-ს ფონდში. საბოლოო ჯამში, 2023 წლისთვის დახმარება 10 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 960 მილიონი დოლარი) გაიზრდება. ნორვეგია უკრაინას 7.2 მილიარდ დოლარზე მეტ სამოქალაქო და სამხედრო დახმარებას გაუწევს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში 144 000 დოლარს გამოყოფს უკრაინის რეფორმების მხარდასაჭერად უკრაინას ფინანსური დახმარების დაპირების გარდა, NATO-ს მოთხოვნის საფუძველზე, ნორვეგია ასევე ვალდებულია, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-მდე. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის ხარჯების ზრდაზე ასეთ პირობას მოკავშირეები სამიტის განმავლობაში გასცემენ.  

შვედეთის NATO-ში წევრობაზე ანკარის თანხმობის ფონზე, აშშ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემის საკითხს წინ წასწევს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა როვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს,  სალივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან მედიას შეახსენა ბაიდენის განცხადება, რომ ის თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას მხარს უჭერს. ზოგიერთი დიპლომატის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის წევრობაზე დისკუსიას იყენებდა ზეწოლის მიზნით, თუმცა ოფიციალურად ამას ორივე მხარე უარყოფს. 10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.  

რობერტა მეცოლამ თბილისში „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა დაგმო

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო „პრაიდ ფესტივალის„ „ძალადობრივი ჩაშლა“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, 8 ივლისს უნდა გამართულიყო. „გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვნახეთ „თბილისი პრაიდის” ძალადობრივად ჩაშლა. ამ დებატებში ანტი-ლგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის. „ლგბტქ+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნაზე. „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი დააკავეს  

სტოლტენბერგი ბაიდენთან შეხვედრაზე: უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვდა. სტოლტენბერგმა ბაიდენს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა, რამაც მისი შეფასებით, ალიანსი კიდევ უფრო გააერთიანა გააძლიერა. „სამიტი უკრაინას გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ „ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმდენ ხანს, რამდენის საჭირო იქნება. სამიტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში და ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვითი ინვესტიციების ახალ პირობაზე,“ - განაცხადა სტოლტენნერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან კომენტარის დროს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და „ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით“. „ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის შეხვედრებს წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა.  ასევე მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკრიანას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებას შესთავაზებენ. მანამდე, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს გაიხსნა.