ძებნის რეზულტატი:

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობს

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. „აბასი და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პოლიტიკური მეტოქეები არიან. აბასი ხელმძღვანელობს პარტია „ფათაჰს“, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს. ის ასევე არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ხელმძღვანელი. საუდის არაბეთის მხარდაჭერა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება. მოლაპარაკებები ისრაელს, საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობდა. მისი მიზანი რიადსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის ესკალაციამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მძიმე დარტყმა მიაყენა. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობას ესკალაციაზე ისრაელს დააკისრა,“ - წერს BBC. შეგახსენებთ, კონფლიქტის ფონზე, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პალესტინის ელჩმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს. ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ელჩის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თქმით, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

პრემიერი: აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად იწყებს პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, „რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას.“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას, ბიზნესს, საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიაკზე დაყრდნობით შემუშავებული წინაადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში, ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან, თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, ზოგადად, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა, ორივემ ერთად. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე,” - განაცხადა პრემიერმა.  

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, განაახლონ მუშაობა IPRM-ის ფორმატში

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, წინადადებების პაკეტს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სოხუმში ვიზიტის დროს წარუდგენენ. „აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას პოვებს საქართველოში და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, - აღნიშნა ტუჟბამ. მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ფორმატის გასაახლებლად. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია - ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი. ჩვენ 2021 წელს ოფიციალური წინადადება წარვადგინეთ, რომელიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ“, - განაცხადა ტუჟბამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. შეხვედრები გალში, რომლებშიც მონაწილეობენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ ჩატარებულა. შეერთებული შტატები „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“  

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო Facebook-ზე აქვეყნებს. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლევან წულაძემ სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა. ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა. ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე - საზღვარგარეთ. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.  

ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯაფაროვსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა. „საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ მუდმივი კონტაქტები და გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობის სულისკვეთებით, ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.  

ნიინისტო: ფინეთ-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა სავარაუდოდ, „გარე ქმედების“ შედეგია

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სამშაბათს განაცხადა, რომ გაჟონვა, რომელსაც ამ შაბათ-კვირას ესტონეთიდან ფინეთისკენ გამავალი ბუნებრივი აირის მილსადენის დახურვა მოჰყვა, სავარაუდოდ, გარე აქტივობით იყო გამოწვეული. ფინეთი-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა კვირას დაფიქსირდა. „სავარაუდოდ, როგორც გაზსადენის, ასევე სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანება გარე აქტივობის შედეგია,“ - განაცხადა ნიინისტომ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ორივე ქვეყანა თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების პროცესში. ნიინისტომ განმარტა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუკავშირდა და NATO მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას. ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა კვირას, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა.  

NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვის წყლები იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი განიხილავენ ერთობლივი ძალების შექმნას, რათა გააუვნებელყონ ნებისმიერი ნაღმი, რომელიც მათ წყლებში მოვხდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. NATO-ს სამი წევრი ჯერ კიდევ ამუშავებს დეტალებს, მაგრამ შესაძლოა, დანაყოფი მომავალ თვეში დააარსონ. შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და NATO შავ ზღვაში ახალი ხომალდების გაშვებას არ აპირებს. უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. ეს არ არის ალიანსის ოპერაცია, თუმცა შავი ზღვის აუზის სამი ქვეყნის პირველი ასეთი გაერთიანება იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინაში შეიჭრა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოკავშირეები რეგიონში რუსეთის მზარდ პროვოკაციულ ქცევას აწყდებიან. როგორც ცნობილია, NATO-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე მონიტორინგი გააძლიერა.    

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6793 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6793 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6675 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8393 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8078 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0315 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რუმინეთში უკრაინელ პილოტებს მოამზადებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში დღეს ჩავიდა. „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: რუმინეთში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელ პილოტებს გაწვრთნიან. იქმნება პილოტების მომზადების ცენტრი. მე და პრეზიდენტმა იოჰანისმა განვიხილეთ ტრენინგის დაჩქარების გზები და შევთანხმდით, რომ უკრაინელი მფრინავების მონაწილეობით პირველ ტალღას დავიწყებთ,“ - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. დღესვე უკრაინამ და რუმინეთმა მთავარ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს აფიქსირებს. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასევე საუბარია უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე.  

ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა

იმ დროს, როდესაც ისრაელის წინააღმდეგ ათასობით რაკეტა გაუშვეს, ქვეყანა თავისი მოქალაქეების დასაცავად, კვლავ „რკინის გუმბათის“ სისტემას ეყრდნობოდა. ამის შესახებ ისრაელის საჰარეო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ. „რკინის გუმბათი“ ისრაელს რაკეტებისა და ჭურვებისგან იცავს. ანალიტიკოსების თქმით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ისრაელის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა კონფლიქტის დროს, უამრავი სამოქალაქო პირის სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვითი ფარის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისრაელის პოლიტიკოსებს უძლეველობის განცდას უჩენს და ისინი მშვიდობის მიღწევას კი არა, კონფლიქტის მენეჯმენტს ცდილობენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მაისში, სისტემის 95,6%-იანი წარმატების მაჩვენებლით ამაყობდნენ, როდესაც ტეროროსტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მიერ რაკეტების გასროლის დროს, ეს სისტემა უაღრესად ეფექტიანად მუშაობდა.  რკინის გუმბათი შექმნილია შემომავალი ჭურვების ჩამოგდებაზე. აღჭურვილია რადარით, რომელიც ამოიცნობს რაკეტებს და შემდეგ იყენებს ბრძანება-კონტროლის სისტემას, რომელიც სწრაფად ადგენს, წარმოადგენს თუ არა შემომავალი ჭურვი საფრთხეს ან სავარაუდოდ, მოხვდება თუ არა ის დაუსახლებელ ზონაში. თუ რაკეტა ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს დასახლებული პუნქტისთვის, „რკინის გუმბათი“ მის გასანადგურებლად მიწიდან ჰაერში უშვებს ანტირაკეტებს. როგორ მუშაობს ისრაელის „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემა მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა შედგება 10 ბატარეისგან, რომელთაგან თითოეული სამიდან ოთხ მანევრირებადი რაკეტის გამშვებს ატარებს. მათი სტრატეგიული განლაგება უზრუნველყოფს თავდაცვით ბარიერს რაკეტების, ნაღმტყორცნებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ - 60 კვადრატულ მილამდე დასახლებულ ტერიტორიებზე. „რკინის გუმბათი“ არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად იყენებს. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს. საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტეს. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4000 რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „რკინის გუმბათი“ 2007 წელს, ისრაელის კომპანია „რაფაელს“ დაუკვეთეს. ოთხ წელიწადში უკვე სამხედრო მზადყოფნაში იყო, რაც შეიარაღების სისტემისთვის ძალიან მცირე დროა. მას შემდეგ სისტემა რამდენჯერმე განახლდა. თავდაცვითი სისტემის შექმნა ნაწილობრივ ამერიკამაც დააფინანსა. ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შესაბამისად, „რკინის გუმბათს“ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუწია გამკლავება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მასირებული ზეწოლის პირობებში გარღვევა შესაძლებელია. ომის დროს, რკინის გუმბათის მუშაობის ფასი შეიძლება, სწრაფად გაიზარდოს. თითოეული რაკეტა დაახლოებით, $40,000 ღირს, ასე რომ, ათასობით შემომავალი რაკეტის დაჭერა უფრო ძვირდება. აშშ-ის მთავრობამ $1,5 მილიარდზე მეტი დახარჯა Iron Dome-ის პროგრამასა და მასთან დაკავშირებულ კვლევებზე. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შაბათის თავდასხმის შემდეგ, ისრაელი, სხვა სამხედრო დახმარების გარდა, სავარაუდოდ, მოითხოვს დამატებით „ჩამჭრელებს“ ვაშინგტონისგან.  

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" და კიდევ ერთი "თანამდებობის პირი"

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულია „ჰამასის“ „ეკონომიკის მინისტრი.“ „ჰამასის“ გავლენიანი წევრი ჯავად აბუ შამალა ისრაელის საჰაერო იერიშებისას დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შამალა დიდი როლს ასრულებდა „ჰამასის“ მიერ ტერორიზმის დასაფინანსებლად თანხების გამოყოფაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასევე ლივიდირებულია ზაქარია აბუ მუამარი - ტერორისტული დაჯგუფების შიდა „ურთიერთობების ხელმძღვანელი.“ ის ასევე იყო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი და კოორდინატორი ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის.  

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”) ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს. „მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”). ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას − შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. მე ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას. დიდი მადლობა, გილოცავთ!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. „მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!“- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

UEFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა - რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე ვერ ითამაშებენ

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას კვლავ ვერ მიიღებენ. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, რუსეთის 17 წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება უნდა მისცემოდათ, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნისა და დროშის გარეშე. ინფორმაციას Sky News-ის რეპორტიორი, რობ ჰარისი ავრცელებს. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია ბოიკოტს უცხადებენ UEFA-მ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ვერ იპოვეს ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა.“ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი  მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.  

ზელენსკი: „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ მოლდოვის გავლით რუმინეთში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მალე ამოქმედდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, რუმინეთსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბიზნესის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და  სახელმწიფოები ერთად ძლიერდებიან. უკრაინა-რუმინეთი-მოლდოვის სამკუთხედში ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ძალიან ძლიერი საფუძველი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების, არამედ, მთელი ევროპის განვითარებისთვის. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ შედეგს ამ სამკუთხედში ლოგისტიკის განვითარების თვალსაზრისით, მარცვლეულის დერეფანი უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტ, კლაუს იოჰანისთან ერთად, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე.  

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის არჩევას ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის არჩევას ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში. ევროპის ქვეყნებიდან იქ წარმოდგენილი იქნებიან ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები. რუსეთი კონკურენციას უწევდა ალბანეთსა და ბულგარეთს საბჭოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ორი ადგილისთვის. შეგახსენებთ, რომ კრემლმა საბჭოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 7 აპრილს, გაერომ რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მედია

ისარელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა უარით უპასუხა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიწვევას და არ შეუერთდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში, დღეს საღამოს იმართება. „ვიდრე ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების წყარომ Times of Israel-ის ცნობით. მედია წერს, რომ იერუსალიმის სიგნალი ფოკუსირებულია ომზე და არა დიპლომატიურ ინიციატივებზე. კოენი გააგრძელებს სატელეფონო საუბარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

გერმანი უკრაინას დამატებით, 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას 1 მილიარდი ევროს (1,1 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ამ ახალი „ზამთრის პაკეტით“ ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნას,“ - ნათქვამია მის განცხადებაში. პისტორიუსის თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ისა და IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კიდევ სამ Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღსა და 10 Leopard 1A5-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს. განცხადება გაკეთდა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. ოთხშაბათს, ბრიუსელში მოკავშირეები, უსაფრთხოების სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.  

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თიურქმა განაცხადა, რომ ღაზაში ბლოკადის შემოღება საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, დაშავებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე. „ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, რა დროსაც ისინი რჩებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების გარეშე, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით,“ – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა. მისი შეფასებით, ადამიანების გადაადგილებისა და მათთვის პროდუქტების შეზღუდვა ბლოკადის მოსაწყობად, უნდა იყოს გამართლებული სამხედრო საჭიროებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლექტიური დასჯის ტოლფასი. ადამიანის უფლებათა კომისარმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ გაიზარდა შაბათის შემდეგ სიძულვილის ენა და ძალადობის წაქეზება, რამაც გამოიწვია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია რეგიონში და გლობალურად.“„ჩვენ მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი და საბოლოოდ, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან ფასს,” - განაცხადა თიურქმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული ყველა ვითარებაში. კომისარმა გავლენის მქონე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით. თიურკის თქმით, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. „მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.“ უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ის „ღრმად შოკირებული და შეძრწუნებული იყო ბრალდებებით მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ შემზარავი მასობრივი მკვლელობების შესახებ.“ „მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა და დღემდე პატიმრობაში იმყოფება. მძევლების აყვანა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ „ჰამასის“ შეტევას ისრაელზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია, ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია, ხდება.ვფიქრობ, აქ შეიძლება, ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ, იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელში „ჰამასის“ ტაქტიკა ისეთივეა, როგორც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა.  

ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილებს შორის ამერიკელებიც არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განმავლობაში აყვანილ მძევლებს შორის ამერიკელებიც არიან. „ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მოქალაქეები არიან „ჰამასის“ პატიმრობაში მყოფთა შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა განმარტა, რომ მან თავის გუნდს უბრძანა „მოხდეს დაზვერვის გაზიარება და განათავსონ დამატებითი ექსპერტები შეერთებული შტატების მთავრობიდან, რათა კონსულტაციები გაუწიონ ისრაელელ კოლეგებს. როგორც ცნობილია, ისრაელში “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან. ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა.