ძებნის რეზულტატი:

ალიევი ტრამპის სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს ვაშინგტონში შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვაშინგტონში ილჰამ ალიევის ვიზიტი აშშ-სა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განსახილველად კარგ შესაძლებლობას აჩენს.  მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესსა და რეგიონული მშვიდობის დღის წესრიგზე. შეხვედრამდე, ალიევისა და უიტკოფის თანდასწრებით, აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარსა“ და ამერიკულ კომპანია „ექსონმობილს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბაროვმა და ExxonMobil-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ არდილმა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში უმასპინძლებს.  

ისრაელის „ლევიათანმა“ ეგვიპტესთან, გაზის ექსპორტზე ისტორიული, $35 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

ისრაელმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს ისტორიულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, ისრაელის საბადო 2040 წლამდე ეგვიპტეს 130 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მიაწვდის. ისრაელის "ლევიათანის" ბუნებრივი აირის საბადომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საექსპორტო შეთანხმებას მოაწერა ხელი - ეგვიპტე 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ "ლევიათანის" ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანია NewMed-მა განაცხადა. NewMed Energy-ს განცხადებით, ეს შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპია და ეგვიპტის, როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ენერგოჰაბის როლს აძლიერებს. ეგვიპტე 130 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.  პირველი ეტაპი დაიწყება 2026 წელს — 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზით; მეორე ეტაპი ამოქმედდება ლევიათანის გაფართოებისა და ახალი მილსადენის აშენების შემდეგ და მოიცავს დარჩენილ 110 მილიარდ კუბურ მეტრს. ხელშეკრულების მიზანია ეგვიპტისთვის გაზის სტაბილური მიწოდება ენერგოკრიზისის ფონზე. NewMed Energy, რომელიც ლევიათანის ერთ-ერთი ოპერატორია, შეთანხმებას რეგიონისთვის სტრატეგიულ ნაბიჯად აფასებს.  

გერმანული Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავები პოლონეთში განლაგდნენ

ხუთი გერმანული Eurofighter-ი პოლონეთში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, საჰაერო პატრულირებას გააძლიერებს.  ხუთი გერმანული Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავი პოლონეთის 23-ე ტაქტიკურ საჰაერო ბაზაზე, მინსკ-მაზოვიეცკიში რამდენიმე კვირით განთავსდება. NATO-ს განცხადებით, ეს განლაგება აჩვენებს შეკავებისა და თავდაცვისადმი საერთო ერთგულებას, რაც ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.  

სამხრეთ კორეა ხელოვნური ინტელექტის საკუთარ მოდელს შეიმუშავებს

სამხრეთ კორეამ ხელოვნური ინტელექტის (AI) საკუთრი მოდელის შემუშავების მიზნით ეროვნული ინიციატივა წამოიწყო. მისი მიზანია უცხოურ სისტემებზე დამოკიდებულების შემცირება და აშშ-სა და ჩინურ ტექნოლოგიებთან კონკურენცია. მეცნიერებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთი კონსორციუმი შეირჩა, რათა ძირითადად ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნან. პროექტი სეულის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თითქმის თვითკმარი ხელოვნური ინტელექტის სექტორის შექმნას და ახალი თაობის ტექნოლოგიების ლიდერად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.  

წელს 16 ქვეყანაში, ჩიკუნგუნიას ვირუსის 240 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფიცირებული კოღოს მიერ გადამდები ვირუსული ცხელების, ჩიკუნგუნიას შემთხვევები იზრდება და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში დაახლოებით 240 000 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები ივლისამდე პერიოდში, ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ევროპის 16 ქვეყანასა და რეგიონში დაფიქსირდა, რამაც 90 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. შემთხვევების უმეტესობა ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა, ხოლო აზიაში 34 000-ზე მეტი ინფექცია დადასტურდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან, მავრიკიიდან, სინგაპურიდან, პაკისტანიდან, ტაივანიდან და ჰონგ-კონგიდან. ჩიკუნგუნიას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკაში ფიქსირდება: ბრაზილიაში 185 553, ბოლივიაში 4 721, არგენტინაში 2 836 და პერუში 55 შემთხვევა დაფიქსირდა. აზიაში, ვირუსული დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა - თითქმის 8 000 - წელს ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში, გუანდუნგში დაფიქსირდა.  სინგაპურსა და ტაივანში ასევე დაფიქსირდა ინფექციის 17-17 შემთხვევა, ინფიცირებულთა უმეტესობას დაზარალებულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. აფრიკის რეგიონში ჩიკუნგუნიას შემთხვევები სენეგალსა და კენიაში დაფიქსირდა. ამასობაში, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებმა იმპორტირებული შემთხვევები დააფიქსირეს სხვა აფრიკული ქვეყნებიდან, როგორიცაა, მადაგასკარი და სეიშელის კუნძულები.  ჩიკუნგუნიას ვირუსი ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ვრცელდება და ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სიცხე და სახსრების ტკივილი. ვირუსი იშვიათად არის ფატალური შედეგის გამომწვევი, მაგრამ ახალშობილები, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.  

იტალია სიცილიაზე, მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდის მშენებლობას გეგმავს

იტალიაში საბოლოოდ დამტკიცდა 13.5 მილიარდი ევროს (15.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების პროექტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დაკიდებული ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ნაგებობა სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან დააკავშირებს. დიზაინერები აცხადებენ, რომ ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში უნდა აშენდეს, მიწისძვრებს გაუძლებს. მესინის ხიდის პროექტის დასაწყებად, ეს იტალიელების კიდევ ერთი მცდელობაა. წლების განმავლობაში რამდენჯერმა სცადეს, მაგრამ პროექტის გეგმები მოგვიანებით, ხარჯების, გარემოსდაცვითი ზიანის, უსაფრთხოების ან სხვა მიზეზების გამო შეჩერდა. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ხსენებული პროექტი „იტალიის აწმყოსა და მომავალში ინვესტიციად“ მიაჩნია. საბოლოო პროექტის თანახმად, მესინის სრუტეზე გამავალი ხიდი 3.3 კმ-ის (2.05 მილი) სიგრძის იქნება და ორ 400 მეტრიან (1300 ფუტი) სიმაღლის კოშკს შორის იქნება გადაჭიმული, შუაში ორი რკინიგზის ხაზით და ორივე მხარეს, მოძრაობის სამი ზოლით.  

AP: სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო დერეფანი, სავარაუდოდ, მოიცავს სარკინიგზო, ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზებსა და ენერგორესურსებს

8 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე“ უმასპინძლებს. მანამდე, სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ მოსალოდნელი შეთანხმებები მოიცავს მნიშვნელოვან გარღვევას რეგიონში სატრანზიტო დერეფნის შექმნის კუთხით. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს, სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება. ის აზერბაიჯანს, მის ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს, რომელიც ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიანი (20 მილის) მონაკვეთით არის გამოყოფილი. AP წერს, რომ სავარაუდოდ, სატრანზიტო დერეფანი საბოლოოდ მოიცავს რკინიგზას, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხაზებს, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებს, რაც ტვირთებისა და საბოლოოდ, ადამიანების გადაადგილებას უზრუნველყოფს. შეთანხმება ითვალისწინებს არა აშშ-ის მიერ სატრანზიტო დერეფნის მშენებლობის დაფინანსებას, არამედ, კერძო კორპორაციების მიერ მისი განვითარების უზრუნველყოფას.  

ფაშინიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

თეთრ სახლში დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სომხეთის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შედეგად, სომხეთსა და აშშ-ს შორის დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ეს იყო ფაშინიან-ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.   

ისტორიული სამიტის დღეს, ტრამპმა ალიევი თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურად მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა ორმხრივი დისკუსიებით გაგრძელდა შეხვედრების დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადებები ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებისთვის გაკეთდება.  მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტი დაიწყება, რომელსაც ტრამპი მასპინძლობს. როგორც მედია წინასწარ წერდა, სამიტის ფარგლებში მხარეები ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ასევე მედიის ცნობით, სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის სამხრეთში დაგეგმილი "ტრამპის მარშრუტის" ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ფარგლებში აშშ-სთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებასაც მოიცავს. დერეფანს „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი,“ აკრონიმით TRIPP დაერქმევა. ფაშინიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა გამოცემა Axios-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის გაცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.   ასევე Axios-თან საუბრისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ.  

ისტორიული სამიტის შედეგები, რა შეთანხმებები გაფორმდა თეთრ სახლში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.    აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმება ასევე გააფორმეს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა.   ტრამპის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლითაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. „ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა რამეს ცოტათი მაინც დაეჩრდილა ის, რაც დღეს მოხდა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება, დაიჩრდილოს. ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.  „სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველანაირი ბრძოლა, გახსნან ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებას ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში. „ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.“ „ეს დიდი საქმეა,“ - განაცხადა ასევე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისტორიულ სამიტზე.  შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება - „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.   „თქვენ ისტორიაში შეხვალთ“ - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ისტორიული დღეა.   ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას - ჩანაწერს, რომელიც კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას.   „ჩვენ გადავშლით დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გვერდს და უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  „დღევანდელი განცხადებები... იძლევა ნდობას და გარანტიას, რომ ჩვენ ვხსნით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თავს,“ - განაცხადა თავი მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.    რას გულისხმობს კონკრეტულად შეთანხმებები    შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში გამავალ სტრატეგიულ სატრანზიტო დერფანზე, რომელსაც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება. არც ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია და არც აშშ-სთან ცალკეული ორმხრივი შეთანხმებები არ გამოქვეყნებულა. Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, თუ როგორ გადაჭრის პარასკევს ხელმოწერილი შეთანხმება ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა, საერთო საზღვრების დემარკაცია და ბაქოს მოთხოვნა ერევნის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ.     

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მალე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მალე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამ შეხვედრის ადგილმდებარეობაც მალე გახდება ცნობილი. „მე ძალიან მალე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს უფრო ადრეც მოხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებზე მუშაობაც, სამწუხაროდ, ხალხს უწევს,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს პუტინის ბოლო შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა: „არ მომწონს ტერმინის „ბოლო შანსის“ გამოყენება“. მოგვიანებით მან თქვა, რომ უკრაინის სიტუაცია შეიძლება, ძალიან მალე მოგვარდეს.  

ალიევი ფაშინიანს: ერთად წარვადგინოთ პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიაზე

თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, ერთად წარადგინონ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. „სხვა ვინ იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი?!“ - განაცხადა ალიევმა. „იქნებ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, რომ გავუგზავნოთ ერთობლივი მიმართვა ნობელის კომიტეტს, რათა პრეზიდენტ ტრამპს მიენიჭოს ნობელის მშვიდობის პრემია,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ მიმართვის ავტორები იქნებიან ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ახლა სწორედ დონალდ ტრამპის დამსახურებით მიაღწიეს მშვიდობას. მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სრულიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას. „ის იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას. ჩვენ ამას ... ხელს შევუწყობთ. დღევანდელი მოვლენა ამის ნათელი გამოხატულებაა.“ „იმედი მაქვს, მოგვიწვევთ [დაჯილდოების ცერემონიალზე]“ - მიმართა ფაშინიანმა ტრამპს. „წინა რიგებში,“ - უპასუხა ტრამპმა.  

ტრამპი: სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს

სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის, ეს დიდი ამბავია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე განაცხადა. ტრამპის თქმით, აღნიშნული დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა და რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნახიჩევანის რეგიონზე და ამავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს.” „ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც დიდი პატივია, ეს არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნახიჩევანის [რეგიონზე] და ამავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს… სომხეთი ასევე ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან ამ დერეფნის გასავითარებლად, რომელიც 99 წლამდე შეიძლება გახანგრძლივდეს… მოველით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ორ ქვეყანაში შესვლას და ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ… დამატებით, აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოვოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში… ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. ეს დიდი ამბავია… მათ [აზერბაიჯანელებს] ძალიან უხარიათ ეს, ისევე როგორც მე,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიამნდე. ისტორიული სამიტის შედეგები, რა შეთანხმებები გაფორმდა თეთრ სახლში  

რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია

8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ.“  ამ დეკლარაციით, მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის მიმართ. დეკლარაციას ხელი მოაწერეს სამ ეგზემპლარად, ტრამპმა კი, ხელი მოაწერა მოწმის სტატუსით. 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმდა სულ 7 დოკუმენტი. კერძოდ:  სამმხრივი დეკლარაცია – სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მიმართვა OSCE-ს – მინსკის ჯგუფის დასასრულებლად აზერბაიჯანი–აშშ-ის მემორანდუმი ზერბაიჯანი–აშშ-ის დეკლარაცია სომხეთი–აშშ-ის მემორანდუმი სომხეთი–აშშ-ის დეკლარაცია 1. გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს, რომლის საბოლოო რატიფიცირება ჯერ კიდევ წინ არის. აღინიშნა ორმხრივი სურვილი მშვიდობის განმტკიცებისა და მეზობლური ურთიერთობების ფორმალურად დამყარების შესახებ.  2. მინსკის ჯგუფიდან გამოსვლა მხარეებმა განაცხადეს, რომ ხელს აწერენ ერთობლივ მიმართვას ეუთოს (OSCE), რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობა ოფიციალურად დასრულდეს. მოუწოდეს ყველა ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა მინსკის პროცესში, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ.   3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გახსნა მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო გზები გაიხსნება, რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური კავშირის გასაძლიერებლად. აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის (აზერბაიჯანის ექსკლავი) შორის გზა გაიხსნება სომხეთის გავლით, ხოლო სომხეთსაც ექნება სარგებელი ამ კომუნიკაციიდან.    4. ახალი პროექტი – TRIPP შეთანხმდა თანამშრომლობა ახალი პროექტის ფარგლებში: "Trump Route for International Peace and Prosperity" (TRIPP) – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სატრანსპორტო/ეკონომიკური ინიციატივა.  TRIPP მოიცავს ზუსტად იმ გეოგრაფიულ მარშრუტს, რაც ადრე ზანგეზურის დერეფნის სახელით იყო ცნობილი – ნახიჩევანი (აზერბაიჯანის ექსკლავი) ←→ აზერბაიჯანი, სომხეთის სიუნიქის (ანუ ზანგეზურის) გავლით.  საკვანძო განსხვავება ისაა, რომ: TRIPP არ მოითხოვს სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას; არ გამოიყენება ტერმინი "დერეფანი" სუვერენული კონტროლის გარეშე (როგორც ამას ადრე აზერბაიჯანი მოითხოვდა); ყველა მარშრუტი იქნება სრულად სომხეთის იურისდიქციის ქვეშ, უბრალოდ გარანტირებული და გამჭვირვალე მიმოსვლის პირობებით — საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვით. სომხეთი იმუშავებს აშშ-სა და სხვა მხარეებთან ამ პროექტის განხორციელების თაობაზე, საკუთარ ტერიტორიაზე. პროექტი სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდება, მაგრამ შეერთებული შტატები მშენებლობისა და მართვის ზედამხედველობისთვის, მიწას კერძო ამერიკულ კომპანიას იჯარით გადასცემს.     5. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას (გეოგრაფიულად 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიხედვით). უარი ითქვა ძალის გამოყენებაზე ან შურისძიებაზე — ომის დასრულების იდეა ხაზგასმით დადასტურდა.     6. ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობის საფუძველი შეხვედრა აღიარეს, როგორც მტკიცე საფუძველი მომავალი მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის. დამოუკიდებელი, ორმხრივი შეთანხმებები სომხეთი – აშშ 1. მემორანდუმი თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ეკონომიკური განვითარებისთვის დასახელება: Memorandum of Understanding on the Implementation of the TRIPP Corridor in Armenia მხარეები: რესპუბლიკა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შინაარსი: სომხეთი თანხმდება TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) პროექტში მონაწილეობაზე; იწყება ტექნიკური სამუშაოები მარშრუტის განსაზღვრისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისთვის. 2. დეკლარაცია მშვიდობის პროცესის მხარდაჭერაზე დასახელება: Joint Declaration on Support for Peacebuilding Efforts in the South Caucasus მხარეები: სომხეთი – აშშ შინაარსი: აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას; მზადაა ითანამშრომლოს შიდა განვითარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აზერბაიჯანი – აშშ მემორანდუმი რეგიონული კომუნიკაციების მხარდაჭერაზე დასახელება: Memorandum of Cooperation on Regional Connectivity and Trade Facilitation მხარეები: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შინაარსი: მხარეები თანამშრომობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; მხარს უჭერენ ნახიჭევანის დერეფნის გახსნას რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. 2. დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე დასახელება: Strategic Partnership Declaration between the United States of America and the Republic of Azerbaijan მხარეები: აზერბაიჯანი – აშშ შინაარსი: უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოება; აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.  დასკვნა: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული სისტემა გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან, ასევე გზას გაუხსნის მეზობელ თურქეთს სომხეთთან საზღვრის ხელახლა გახსნისთვის, რომელიც მან 1993 წელს დახურა. შეთანხმება, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეერთებული შტატების გავლენას რეგიონში და კიდევ უფრო დაარტყამს რუსეთისა და ირანის ავტორიტეტს.  

ზელენსკი: უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ

„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკრაინის კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ ვაჩუქებთ,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ალასკაზე შეხვედრისთვის მზადების შესახებ გამოაცხადა. ძალიან შორს ამ ომისგან, რომელიც ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მძვინვარებს და რომელიც ჩვენს გარეშე, უკრაინის გარეშე ვერ დასრულდება. პუტინმა არ დაიჯერა ჩვენი ხალხის და ამიტომ მიიღო უიმედო გადაწყვეტილება, უკრაინის ხელში ჩაგდება სცადა. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა - უკრაინელების არგათვალისწინება. მე მჯერა ჩვენი ხალხის. უკრაინელები ძლიერები არიან. უკრაინელები იცავენ იმას, რაც მათ ეკუთვნით. მსოფლიოში ბევრმა, ომის დროს უკრაინას დაუჭირა მხარი. მათაც კი, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იციან, რომ რუსეთი ბოროტებას სჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთს არ დავაჯილდოებთ იმისთვის, რაც ჩაიდინა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას. მაგრამ ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და ის რუსეთმა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაიწყო და რუსეთი აჭიანურებს მას, ყველა ვადას უგულებელყოფს და ეს არის პრობლემა და არა სხვა რამ. უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე უკრაინის კონსტიტუციაშია. ამისგან არავინ გადაუხვევს და ვერც ვერავინ შეძლებს. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ. უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგაა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად, მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებია. ისინი ვერაფერს მოიტანენ. ეს მკვდრადშობილი გადაწყვეტილებებია. ეს არის არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები.ჩვენ ყველას გვჭირდება რეალური და ჭეშმარიტი მშვიდობა. მშვიდობა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპთან, ყველა ჩვენს პარტნიორთან ვითანამშრომლოთ, რეალური და, რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობისთვის. მშვიდობისთვის, რომელიც მოსკოვის სურვილების გამო არ დაინგრევა. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ხალხს ერთად ყოფნისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ჯარისკაცს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. მტკიცედ დადექით, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ ვართ უკრაინა,“ განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პუტინს ალასკაზე, 15 აგვისტოს შეხვდება. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დასასრულებლად „რაღაცაზე ხელის მოსაწერად მზად უნდა იყოს“.  

საგარეო ვაშინგტონის დეკლარაციაზე: იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის, „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით“ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. განცხადებაში, წერია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.“ „ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით,“ წერია განცხადებაში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეზობელ ქვეყნებს ისტორიულ შეთანხმებას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება. „დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და მის ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.  

ირანი "ტრამპის მარშრუტს“ ეწინააღმდეგება

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ირანი „არ დაუშვებს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით.  ველაიათის თქმით, პროექტის განხორციელება „შეუძლებელია და არ შედგება“ და ეს ტერიტორია „ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა.“ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის განცხადებით, აღნიშნული დერეფანი ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი არ არის და პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ. ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი ასევე ამბობს, რომ დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს.” „შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს,” - განაცხადა ველაიათიმ. „თურქეთის გარდა, რომელიც NATO-ს წევრია, NATO -ს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. NATO-ს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” - განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა. რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს  

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი ალასკაზე პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა - Reuters

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩასატარებლად, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შაბათს. თუმცა ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თეთრი სახლი პუტინთან ორმხრივ შეხვედრას გეგმავს მისივე თხოვნის შესაბამისად. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე, 15 აგვისტოს გაიმართება. ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება, გადაწყდეს უკრაინის გარეშე. ზელენსკი: უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ  

უკრაინამ სუმის ოლქის სოფელი ბეზსალივკა გაათავისუფლა - გენშტაბი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის სოფელი ბეზსალივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და სრულად გაწმინდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე დაწერა. ოპერაციაში 33-ე ცალკეული თავდასხმის პოლკის და 24-ე ცალკეული თავდასხმის ბატალიონის ნაწილები მონაწილეობდნენ.  

შუა დერეფანი: ჩინური კომპანია აზერბაიჯანი-ყაზახეთი-საქართველოს ერთობლივ საწარმოს შეუერთდა

ჩინური კომპანია China Railway Container Transport Corp. Ltd (CRCT) აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ სარკინიგზო საწარმოს, Middle Corridor Multimodal Ltd-ს შეუერთდა. ამის შესახებ Trend-ს Azerbaijan Railways CJSC (ADY)-ის წყარომ განუცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება AZCON Holding-ის შემადგენლობაში შემავალი ADY-ის თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ ახლად დანიშნული გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძისა და ყაზახეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის, ტალგატ ალდიბერგენოვის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთხმად მიიღეს. განიხილეს Middle Corridor Multimodal Ltd.-ის შვიდთვიანი საქმიანობის შედეგები, რომელიც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის კომპანიებს შორის შუა დერეფნის განვითარებაზე ეფექტიანი თანამშრომლობისთვის შეიქმნა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, მარშრუტზე მომსახურების დიგიტალიზაციის გაფართოებას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო დროს ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მზარდი ტენდენცია შეინიშნება.