ძებნის რეზულტატი:
საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქალთა უფლებების დასაცავად "ათასი მშობლის მარში" იმართება
დღეს, "მომისმინე - პროტესტის 100 დღე" კამპანიის ფარგლებში, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქცია "ათასი მშობლის მარში" იმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანია აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმიანებიან ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს, გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაზეც სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგად საქართველოში გოგოებსა და ქალებს აუპატიურებენ და ზოგის სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება. ქალაქებში - თბილისი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ხარაგაული, ახალციხე, რუსთავი, მარნეული და თელავი, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით. თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მსვლელობა მთავრობის კანცელარიისკენ მიემართება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა. საპროტესტო კამპანიის მონაწილეები ასევე მოითხოვენ თვითმკვლელობის მიზეზით დაღუპული 14 წლის გოგოს საქმის, პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ყველას შემოუერთდეს "ათასი მშობლის მარშს", რათა სახელმწიფომ ნათლად დაინახოს რომ ცვლილებების დროა.
მირიან ნიკოლაძე: ერთადერთი მოლოდინი, რაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს. როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე Europetime-თან საუბარში აცხადებს, ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ. ,,ერთადერთი მოლოდინი, რაც ოჯახს გააჩნია ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგის დედამ დააფიქსირა თავისი და მისი მეუღლის პოზიცია სასამართლოს წინაშე და მოითხოვა ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა. ასე რომ, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა ოჯახს სხვა მოლოდინი არ აქვს", - განაცხადა ნიკოლაძემ. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი: სასამართლო ხვალინდელ პროცესზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ სასამართლო ხვალინდელ პროცესზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. Europetime-თან საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში განხილული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არათუ დაკავებულების ბრალეულობა, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა ისიც არ დასტურდება. ,,იქიდან გამომდინარე, რომ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით მტკიცებულებებს, რაც წარმოადგინა სასამართლოში ბრალდების მხარემ და გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც დაადასტურებდა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშმყოფის ბრალეულობას, ასევე სხვა ნებისმიერი პირის, რომელიც ბრალდებულია ამ საქმეზე, მოლოდინი გვაქ რა თქმა უნდა, რომ გამამართელებელი განაჩენი დადგება. სასამართლოში ბრალდების მხარემ არამხოლოდ ის ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დანაშაულთან, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა, ისიც ვერ დაადასტურეს. გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი სასამართლო გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანს, დაცვის მხარე კანონით მონიჭებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს. ,,ამ ეტაპზე რადგან იურისტები ვართ სამართლებრივ ჭრილში ვუყურებთ საკითხს და რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავთ, რომ სხვა შედეგი შეიძლება დადგეს და თუ მაინც სხვაგვარი შედეგი დადგება, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, კანონით მონიჭებული უფლებები, რაც არის. ჯერ საქართველოში და მერე ვნახოთ. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რა შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი: მოლოდინი მაქვს, რომ პროკურატურას მოუწევს განაჩენის გასაჩივრება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემდეგ ინსტანციაში ბრალდების მხარეს, პროკურატურად მოუწევს, რადგან საქმეზე ზ.ხ-ს გამამრთლებელი შედეგი დადგება. როგორც გელხაურმა Europetime-ს განუცხადა, სასამართლომ არ შეიძლება, განაჩენი ბრალდების მხარის ვერსიებზე დაყრდნობით გამოიტანოს. „სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის მაქვს, რომ ექნება პროკურატურას და მას მოუწევს ამ განაჩენის გასაჩივრება, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიებზე არ შეიძლება იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახით იქნება მიუღებელი, შემდეგ ინსტანციებში მოხდება გასაჩივრება", - განაცხადა გელხაურმა. ადვოკატის ინფორმაციით, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის „ბრალად შერაცხულ ქმედებას". ,,ჩვენ დაახლოებით 300 საათი, შესაძლოა, უფრო მეტი ამ საქმის განხილვას მოვანდომეთ, მტკიცებულებების გამოკვლევას. დეტალურად მოხდა ყველა იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ამ მტკიცებულებებს თუ შევაჯამებთ და ანალიზს გავუკეთებთ, არც ერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას არასრულწლოვანისა და გიორგი შაქარაშვილის. არც მოწმის ჩვენება, არც ექსპერტიზის დასკვნა, ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც დაადასტურებს, თუ რა ვითარებაში მოხდა იმ დაზიანების მიყენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა სხეულზე და შემდეგ უკვე, როგორ აღმოჩნდა წყალში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვერსიები რომ, სავარაუდოდ, ეს პირები ჩაიდენდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას, ეს არის აბსურდი და სასამართლო ეჭვებსა და ვარაუდებზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ მიიღებს, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ იქნება ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება ეს არის გამამართებელი განაჩენი არასრულწლოვანთან მიმართებაში", - განაცხადა გელხაურმა. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ.
ანდრია ჯაღმაიძე: ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, "ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან". როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გარედან შეჭრის მცდელობა იყო. „მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვიწრო აივანზე არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. „ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა. იყო ეს ხმამაღალი საუბარი. სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ძალიან ვიწრო აივანი. ბევრი ხალხი იყო ასული. არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს", - აცხადებს დეკანოზი. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
კახა კალაძე ,,ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე: ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა
,,ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა", - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა და ასე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ ,,ეს არის არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. თუ მომდევნო დღეების, თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ. მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ - არ მივიღებ, ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დღეს ადრეა ამაზე საუბარი. ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე, უამრავ პროექტს ვახორციელებთ, თქვენ ხართ ამის მოწმე. გადაწყვეტილება როგორიც იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია", - განაცხადა კალაძემ.
ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია - კახა კალაძე
„ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. ფარულ ჩანაწერებზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და რაც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია. მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თქვენც საზოგადოებაც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კოსმოსში გასამგზავრებლად შანსი ქართველებსაც ეძლევათ
ჰოლანდიური ფონდი არტექო, მისი დამფუძნებლის - დალი უბილავა-დე გრააფის ინიციატივით ( რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA/ESTEC/Space Expo თანამშრომელიცაა) აანონსებს საერთაშორისო კონკურსის პირობებს 2023 წელს მთვარეზე ტურისტული მისიის „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) ქართველი წევრების შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას! მათ შორის, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართველებსაც ეძლევათ უნიკალური შანსი კოსმოსში გასამგზავრებლად. "მკაცრი სელექციის შემდეგ შეირჩევა 8 ყველაზე შემოქმედებითი, ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იაპონელ მილიარდერთან იუსაკუ მაეზავასთან ერთად ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“ განახორციელებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ, ერთკვირიან ტურისტულ მოგზაურობას მთვარეზე.მილიარდიანი ბიუჯეტის მისიაში „ჩემო მთვარევ“ მონაწილეობა შერჩეული წევრებისთვის უფასოა, რამდენადაც მისია უკვე დაფინანსებულია იაპონელი მილიარდერის მაეზავას მიერ. მისიის შესახებ ამბავი 2018 წელს დაიწყო, როცა იაპონელმა მილიარდერმა, ხელოვნების ქომაგმა და კოლექციონერმა იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ ის ილონ მასკის „სფეის X“-თან თანამშრომლობით 2023-ში აპირებდა მთვარეზე გაფრენას რვა მხატვართან ერთად, მაგრამ ეს წინადადება ახლახანს მან კიდევ უფრო გააფართოვდა და ის ეძებს არა კონკრეტულად მხატვრებს, არამედ ამბიციურ, ნიჭიერ და მისიისთვის შესაფერის შემოქმედებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან. მაეზავას კოსმოსური მოგზაურობის თანაგუნდელები, რომელებიც თავისთავად, უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო ტექნიკურ მოთხოვნებს, შერჩეულნი იქნებიან 2 უმთავრესი კრიტერიუმით: 1. კანდიდატმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი კრეატიულობა კოსმოსში მოგზაურობის დროს სხვათა (საზოგადოების) შთაგონებისთვის. 2. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარონ/მხარი დაუჭირონ თავიანთ თანაგუნდელებს.” ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რვა მგზავრის შერჩევისას” - ამბობს მაეზავა. მისიაში მონაწილე კანდიდატების სელექციის პროცესიც სწორედ მის მიერ იქნება წარმართული. პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ძალიან ამბიციურად ჟღერს ასევე მისიის კანდიდატების შერჩევის პროცედურაც. ვფიქრობთ, ქართველები ჩვენი ხასიათით და შესაძლებლობებით, ვპასუხობთ მაეძავას მოთხოვნებს და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ნამდვილად აღმოჩნდებიან კოსმოსური მისიისთვის საჭირო მონაცემების, ტექნიკური ცოდნის და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ის ადამიანები, ვისაც იაპონელი მილიარდერი შანსს მისცემს მთვარეზე გასამგზავრებლად - განაცხადა დალი უბილავა დე გრააფმა. ორ წელიწადში, ანუ 2023 წელს მთვარეზე პირველი კომერციული პილოტირებული მისია „ჩემო მთვარევ“ (Dear Moon) შესრულდება. მისიის ფარგლებში იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა და მის მიერ საბოლოოდ შერჩეული 8 ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში მთვარის გარშემო იმოგზაურებენ. ადგილები უკვე დაჯავშნილია, ბილეთები ყველა მგზავრისთვის უკვე ნაყიდია, მთვარის მისია „ჩემო მთვარევ“ დაფინანსებულია მაეზავას მიერ. კონკურსის პირობები. რეგისტრაცია მთვარის ტურისტულ მისიაში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ლინკზე: https://dearmoon.earth/pre-reg.html რეგისტრაციის დედლაინია 2021 წლის 14 მარტი, 19.00 (საქართველოს დროით) შერჩევის პროცესი რეგისტრაციის შემდეგ, ყველა დარეგისტრირებული კანდიდატი ელ.ფოსტით მიიღებს წერილს, დეტალური ინფორმაციით სელექციის პროცესის შემდგომი ეტაპების შესახებ. შემდგომი და უმთავრესი პროცედურების თანმიმდევრობა კი ასეთია: 2021, მარტი - კანდიდატების ე.წ. სქრინინგი, 2021, აპრილი/მაისი - ონლაინ ინტერვიუების ეტაპი, 2021, მაისის ბოლოს - საბოლოო გასაუბრებები და სამედიცინო გამოკვლევები, 2021, ივნისის ბოლოს - გამარჯვებულების, მისიის მონაწილეების საბოლოო გამოცხადება, 2021, აგვისტოდან - დაიგეგმება გამარჯვებული კანდიდატების საწვრთნელი და მომზადებული სამუშაოები ამერიკის, იაპონიის, ევროპის, კოსმოსურ სააგენტოებში. „სთარშიფი“ 2023 წელს იუსაკუ მაეზავა და მისი 8 თანაგუნდელი ამერიკიდან მთვარისკენ გეზს აიღებენ ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით „სთარშიფი“. კოსმოსური ხომალდი „სთარშიფი“ ამჟამად ტესტირების პროცესშია. მასკი დარწმუნებულია, რომ 2023 წლისთვის კოსმოსური ხომალდი სრულ მზადყოფნაში იქნება: ”დარწმუნებული ვარ, რომ „სთარშიფი“ უსაფრთხო იქნება 2023 წლისთვის ადამიანების მთვარისკენ ტრანსპორტირებისთვის.” მილიარდერი მაეზავა ასევე ამბობს, რომ მას სრული ნდობა აქვს ილონ მასკის და მისი კომპანიის „სფეის X“ და მოუთმენლად ელის ისტორიულ კოსმოსურ მოგზაურობას. "ცოტათი მეშინია კიდეც ", - აღიარებს იგი, "მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერია და ის იმარჯვებს". დამატებითი ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში კოსმოსის ათვისება კოსმოსური სააგენტოების და მათი ასტრონავტების პრეროგატივა იყო, შესაბამისად ფინანსდებოდა კოსმოსური სააგენტოების /სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.ერთი ადამიანის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო მთვარეზე გამგზავრება - რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. 2008 წლიდან ილონ მასკის კომერციული კომპანია „სფეის X“ უკვე ახორციელებს უპილოტო, ხოლო 2019 წლიდან პილოტირებულ (ასტრონავტების) მისიებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სფეის X-ს დაგეგმილი აქვს კოსმოსური ტურიზმის განვითარების სხვადასხვა კომერციული კოსმოსური მისიები და ადამიანების ტურისტების სტატუსით მოგზაურობა კოსმოსში: 2021 წლის ბოლომდე დედამიწის გარშემო, 2023 წელს მთვარისკენ და შემდგომში მარსისკენ. ბაზარზე არიან ასევე სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე კოსმოსური ტურიზმით არიან დაინტერესებულნი და წლის ბოლომდე გეგმავენ პირველი ტურისტების კოსმოსში გამგზავრებას.
სასურველია, რომ ქალები უფრო აქტიურად გამოჩნდნენ სასამართლო სისტემაში და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზეც - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანას მიღწევები აქვს, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო. როგორც ელჩმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საჭიროა, რომ ქალები სხვადასხვა ინსტიტუციასა და სახელმწიფო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმდნენ. მისივე თქმით, სასურველია, რომ ქალები უფრო აქტიურად გამოჩნდნენ სასამართლო სისტემაში და ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზეც. მან ასევე ხაზი გაუსვა თუ რამდენად უფრო აქტიურად არიან კაცები მსგავს პროცესებში ჩართულნი, ვიდრე ქალები. ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ გენდერული კუთხი და იმ საკანონმდებლო ნორმებზე ისაუბრა, რომელლებიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის კუთხით გადაიდგა. „ჩვენ ვისწრაფვით ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც ჩვენი შვილების ცხოვრებას ვისურვებდით, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, თავისი წვლილი შეიტანოს და სარგებელი მიიღოს საზოგადოების წინსვლითა და განვითარებით. შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით; 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს - კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2019 წელს - სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული; განსაკუთრებით - სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს
ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს და აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლება შეუწყვეს ხელი. ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს რომ ეს ადამაიანები არიან მართული კონკრეტული ძალის მიერ და რაც ხდება ეპარქიაში დღეს არის საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ქმედება. შეკრებილი მრევლი კი მეუფეს შეძახილებით შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ამ წუთებში მრევლი ადგილზე რჩება მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ მეუფემ ეპარქია დატოვოს. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა
2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე. „ჭყონდიდის მღვდელმთავრის მოწოდებაზე, მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობის თაობაზე, დიაკვნებმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა არ ინებეს თავისი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება. მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად, მათ უცნაური „მიმართვა“ გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ „ძალა არ შესწევთ“, „ღვთისგან“ მათზე „დაკისრებული სადიაკვნე მსახურების“ ჭყონდიდის მიტროპოლიტის „გვერდით აღსრულებისა“. ამ „მიმართვის“ მიღების შემდეგ, ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი, ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა, მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულებელჰყვეს, რის გამოც იძულებული ვართ ჭყონდიდის ეპარქიაში კეთილმსახურებისა და საეკლესიო წესრიგის აღსადგენად: 1. ვიხელმძღვანელოთ წმ. მოციქულთა 39-ე, მეოთხე მსოფლიო კრების მე-8, კართაგენის კრების მე-8 და ორგზისი კრების მე-13 კანონით და ავუკრძალოთ დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა. 2. მღვდელმსახურებაში მათი აღდგენის საკითხი განიხილება მხოლოდ მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში. 3. ბოლო გაფრთხილება ეძლევა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით, გამოცხადდა მსახურებაზე. მოვუწოდებ მას, დაემორჩილოს მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მასაც ავუკრძალოთ მსახურება. 4. მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებაში. ამასთან, „აღნიშნული ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“, - ნათქვამია ბრძანების დასასრულს.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ განაცხადა. სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა. "მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბელორუსის პრეზიდენტს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბელურსში არსებული მმართველობის სისტემა გააკრიტიკა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა. ბლინკენის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას და გმობს ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას. ლ „2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მარია კოლესნიკოვამ ქვეყნის მასშტაბით ქალების მობილიზება მოახდინა, რათა პროტესტი გამოეხატათ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ევროპის უკანასკნელი დუქტატორის მმართველობის წინააღმდეგ. აშშ განაგრძობს მისი და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო სიმამაცისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალების დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიაზე. 2020 წლის 9 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია . ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს.
სერბეთის შს მინისტრის თქმით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა
7 მარტს სერბეთის შს მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა. მისი თქმით, შსს-მ უკანონო სატელეფონო მოსმენის 1 572 ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. პრეზიდენტთან ერთად, ბოროტმოქმედები მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი. პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. როგორც ბრნაჩბიჩმა აღნიშნა, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული. ბრნაბიჩის თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ საქმეში ყველას როლი შეისწავლოს.
კელი დეგნანი: საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია - ეს პრობლემაა
"საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია. ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმის გახსნისას. ელჩის თქმით, მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებისა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალების ანაზღაურებასაც. "მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შემცირდა, ქალები ჯერ კიდევ კაცებზე სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეტიც - ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ თურქული ვერტმფრენების პაკისტანისთვის მიწოდებას ბლოკავს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 თურქული წარმოების ATAK ვერტმფრენის პაკისტანისთვის მიწოდებას ხელი შეუშალა, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა. ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს. როგორც კალინმა აღნიშნა, თურქეთმა S-400 აშშ-ის პოზიციის გამო შეიძინა, რომელმაც უარი თქვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ანკარასთვის ხელსაყრელი პირობებით მიწოდებაზე.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის": მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს
"მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს", - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მარტვილში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. „8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა. გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დროულად შეისწავლოს დღევანდელი ფაქტები. "მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", - ნათქვამია განცხადებაში. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა. ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ევროკავშირის სამედიცინო უწყების მაღალჩინოსანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული ვაქცინის ნაადრევი დამტკიცებისგან თავი შეიკავონ
ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნული დამტკიცებისგან, მანამ სანამ სააგენტო არ განიხილავს მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, რომლების გადახედვაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე ამჟამად არ გვაქვს მონაცემები ... ვაქცინირებული ადამიანების შესახებ. Sputnik V შეგვიძლია ბაზარზე გვქონდეს მაშინ, როდესაც შესაბამისი მონაცემები განიხილება. მონაცემები მოგვდის რუსი მწარმოებლებისგან და, რა თქმა უნდა, მოხდება მათი შესწავლა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. როდესაც ყვალაფერი იქნება დადასტურებული, მაშინ პრეპარატის დაშვებული გახდება ევროკაცშირში“, - განცხადა EMA-ამ მართვის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტა ვირტჰამერ-გოშმა. ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნული დამტკიცებისგან
ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ევროპის საბანკო მარეგულირებლის (EMA) განცხადებით, მათი ელ.ფოსტის სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმის საფრთხე დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ევროპის საბანკო ადმინისტრაციის განცხადებით, მისი სერვერებიდან პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია. უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს, სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს და ზარალს აფასებს. ”EBA მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა მონაცემებზე იყო წვდომა,” - ნათქვამია განცხადებაში. Microsoft Exchange-ის სერვერები ფართოდ გამოიყენება ელექტრონული ფოსტისთვის მსხვილი ბიზნესის და მთავრობების მიერ. „ამ დროისათვის EBA-ს საფოსტო ინფრასტრუქტურა დაცულია, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მონაცემთა გატანა არ მომხდარა და არ არსებობს ნიშანი, რომ ზიანი ჩვენი საფოსტო სერვერების საზღვრებს გასცდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია მიიჩნევს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან დგას Hafnium-ი - ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდამსხმელთა ჯგუფი. პეკინი უარყოფს ამ კიბერთავდასხმაში რაიმე მონაწილეობას.