ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის საელჩო: თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 9 მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ და მათი საქმიანობა აშშ-საქართველოს პარტნიორობას ყოველდღიურად აძლიერებს. ,,ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ. მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.მადლობას ვუხდით ელჩ კელი დეგნანს, ელჩის მოადგილე რაიან ჰარისს, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის, გამოძიების ფედერალური ბიუროს იურიდიულ ატაშე დაიეპ შუმეიკერს, საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერს, კონსულ კეტრინ აბეიტს, ნარკოტიკებთან ბრძოლის ატაშე ჯენიფერ სვიდერს, რეგიონული ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მრჩეველ როზიცა პეტროვსა და ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამის დირექტორ რებეკა ჰანტს მათი ლიდერობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი სოციალურ მედიაში საინფორმაციო კამპანიას „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“ იწყებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საინფორმაციო კამპანიას „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“ იწყებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საინფორმაციო კამპანია მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კარლ ჰარცელის თქმით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას. მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია. საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში. სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით ”ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით. მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა. გილოცავთ ქალთა დღეს!“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, კამპანია „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, ჩატარდება სოციალური მედიის მეშვეობით. კამპანია ხაზს გაუსვამს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საქართველოში და, ასევე, წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან. კამპანია გაგვაცნობს ლიდერ ქალებს, წარმოგვიდგენს თუ როგორ უმკლავდებიან ქალები COVID-19-ით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, ასევე ხაზს გაუსვამს იმ სირთულეებს, რომლებიც კვლავაც აქტუალურია.

ოპოზიცია ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება

გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, ამ თემაზე სამსჯელად დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან. როგორც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წევრები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ, შეჯერდებიან საერთო პოზიციაზე. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია ოპოზიციას ერთიანი, შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს. ,,ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის კუთხით, მოლაპარაკებები ჩატარების კუთხით, ასევე ვიმსჯელებთ ჩვენ საერთო პოზიციებზე და შევჯერდებით ძალიან ბევრ საკითხზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. ვთვლი, რომ მორალურად და ეთიკურად ძალიან მძიმეა ღარიბაშვილთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, მათ შორის, როდესაც ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის ობიექტი", - განაცხადა დეკანოიძემ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასევე გამოეხმაურა ,,ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კონკრეტულად კი, დღეს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვებას. დეკანოიძე ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი ძვრებია და სავარაუდოდ ვასილ მაღლაფერიძე არ სურს პოლიტიკური ,,ფსკერისკენ" წასვლა. ,,არ მაქვს ინფორმაცია ბატონი ვასილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ძვრები ხდება მმართველ პარტიაში, რომელიც ფსკერისკენ მიდის, ადვილი შესაძლებელია, რომ ბატონ ვასილს არ უნდოდეს ამ ფსკერისკენ წასვლა და რაღაც მიზეზი მოიგონოს. მე არ მგონია, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა დიდ ფიზიკური დატვირთვას მოითხოვს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ფრანგი მილიარდერი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი პოლიტიკოსი და მილიარდერი ოლივიე დასო ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. BBC წერს, ავიაკატასტროფას პილოტიც ემსხვერპლა. ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა. მილიარდერი თავის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა. ოლივიე დასო სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის კომპანიაც „რაფალის“ სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებდა და გაზეთ „ფიგაროს“ ფლობდა. Forbes-ის მიხედვით, ოლივიე დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 361-ე ადგილს იკავებდა.

ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით, ,,ლელომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა

მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით, პარტია ,,ლელომ" საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა. როგორც პარტიის წევრმა და იურისტმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რადგან გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. „ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სიახლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, – განაცხადა კოჟორიძემ. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეები კოვიდვაქცინით შემოდგომაზე აიცრებიან

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ აშშ-ში, საშუალო სკოლის მოსწავლეები კოვიდვაქცინით შემოდგომისთვის აიცრებიან. ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებითი სკოლების მოსწავლეების ვაქცინაცია სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი. ფაუჩი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის პოზიციაზეა, ასევე განუცხადა CBS- ს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაიწყო. მან მოუწოდა არჩეულ ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ ნუ გააუქმებენ შეზღუდვებს. გასულ კვირას, მისისიპისა და ტეხასის გუბერნატორებმა თავიანთ შტატებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: Covid19-ის ვაქცინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარდასაჭერი საშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისგან მხარდაჭერილი ონლაინგამოცემები Covid19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შტაბებმა სამი ონლაინგამოცემის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც მათი ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. Wall Street Journal (WSJ) პირველად იტყობინებოდა სავარაუდო კამპანიის იდენტიფიცირების შესახებ კვირა დღეს. კრემლის სპიკერმა უარყო აშშ-ის პრეტენზია, რომ რუსეთი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ვაქცინების შესახებ WSJ- სთვის.

რომის პაპმა ერაყში ისტორიული ვიზიტი დაასრულა

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა, რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ისტორიული ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან კონფლიქტის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა, შეხვდა მუსლიმ და ქრისტიან ლიდერებს. ერაყში ყოფნისას მან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე იქადაგა. პაპმა ფრანცისკემ თვითმფრინავში ჩასხდომისას კაბინიდან ვატიკანისა და ერაყის დროშები ააფრიალა. პაპის მოგზაურობის დროს, მან დაათვალიერა ოთხი ქალაქი, მათ შორის მოსული, ყოფილი ისლამური სახელმწიფოს დასაყრდენი, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები კვლავ ნანგრევებად არის ქცეული და ერაყელებს უთხრა, რომ ,,მშვიდობას უფრო ძალა აქვს, ვიდრე ომი". მან ასევე აღნიშნა, რომ ერაყი ყოველლთვის მის გულში დარჩება. ცნობისთვის, რომის პაპმა ერაყში ოფიციალური ვიზიტ 5 მარტ დაიწყო. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი იმ რეგიონში ჩავიდა, რომელიც სამი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო.

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა" დააფუძნა

პარტია ,,ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა" დააფუძნა. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას. მისივე თქმით, სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობაა. „ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია იყოს წარმატებული და მდიდარი. 3 მილიონ 700 ათასიანი მოსახლეობიდან 400 ათასი სოციალურად დაუცველია, 300 ათასი მოვალეთა რეესტრშია, 600 ათასს ლომბარდის ვალი აქვს. 2012-2019 წწ-ში 760 ადამიანია ქვეყნიდან წასული. 2018 წლის „იუნისეფის“ დასკვნით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 69% ღარიბია. კოვიდით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, შესაძლოა, დამატებით 160 ათასი ადამიანი აღმოჩნდეს სიღარიბეში, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. ბოლო 8 წლის განმავლობაში სურსათზე ფასი დაახლოებით 48%-ით გაიზარდა, მედიკამენტებზე კი 65-70%-ით. 2012 წლიდან საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის 46 ქვეყნიდან 44-ე ადგილზე ვართ. ამ ყველაფრის პარალელურად, ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც თავს დავიცავთ. პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს, პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს, სუს-ი კი ადამიანების შანტაჟითა და კონტროლით არის დაკავებული. პარლამენტი ერთი კაცის საქებრად შეკრებილ 96 სუბიექტს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა. სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით და მკაფიო გეგმით. დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო. მოგვაწვდინეთ ხმა“,-აცხადებს ხოშტარია ვიდეომიმართვაში.

თავის დროზე ვესაუბრებოდით შევარდნაძეს და აბაშიძეს - გიგა ბოკერია მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ იზიარებს პოზიციას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იყოს წარმოდგენილი. მისი თქმით, ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი და ჩადენილი აქვს. ბოკერიამ აღნიშნა, ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა მეტად შემზარავად ხატოვან დეტალებში, რამდენად საშიშია ეს ხალხი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. „ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად და სასურველია, არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევისა და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, დრამატული ბედი ელოდებათ. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც ამ ხელისუფლების წასვლაა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო, იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი და ჩადენილი აქვს - გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღაღიბაშვილი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა იყოს.

ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებზე - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებზე და არა კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვაზე. ალიანსის გენერალური მდივანი AFP-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიესალმება ბრიუსელის მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხარჯების გაზრდისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაუმჯობესებისკენ. „მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის მცდელობებს თავდაცვის სფეროში, რადგან თავდაცვის ხარჯების ზრდა, ახალი სამხედრო შესაძლებლობები კარგი იქნება ევროპული უსაფრთხოებისათვის, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ყველასთვის”, - განუცხადა მან AFP- ს. „ევროკავშირის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი NATO-ს წევრ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ალიანსის თავდაცვის ხარჯების მხოლოდ 20 პროცენტი მოდის NATO-ევროკავშირის წევრებზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO ბევრი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის არის რუსეთის მხრიდან მეზობელი სახელმწიფოების უფლებების ხელყოფა, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერშეტევები. „არ მჯერა მხოლოდ ევროპის. მე არ მჯერა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის. მჯერა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საერთო სტრატეგიული სოლიდარობის NATO-ში. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანას ან რომელიმე კონტინენტს მარტო შეუძლია, მართოს ჩვენ წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. კავშირის შესუსტების, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა, არამარტო დაასუსტებს NATO-ს არამედ გაყოფს ევროპას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ენტონი ბლინკენი: აშშ-ისა და NATO-ს ჯარების მიერ ავღანეთის დატოვების შემდეგ, შესაძლოა, ,,თალიბანი" გააქტიურდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და NATO-ს ჯარები ავღანეთს დატოვებენ, ,,თალიბანი" შესაძლოა გააქტიურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BCC ავრცელებს. თალიბანსა და ტრამპის წინა ადმინისტრაციას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, დარჩენილი აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქვეყანა მალე უნდა დატოვონ. BBC-ის მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის გაუგზავნა, სახელმწიფო მდივანი 90 დღის განმავლობაში ძალადობის შემცირების მოწოდებით გამოდის და აღნიშნავს, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევა გაეროს ზედამხედველობით უნდა წარიმართოს. იანვარში, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაიდო თალიბებთან. გარიგების თანახმად, დარჩენილი 10 000 აშშ-ს NATO-ს სამხედრო ძალები ქვეყნიდან უნდა გავიდნენ პირველამდე მაისამდე, თალიბანის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. თეთრმა სახლმა ახლა განაცხადა, რომ სურს დარწმუნდეს, რომ ავღანეთის შეიარაღებული დაჯგუფება შეასრულებს თუ არა თავის ვალდებულებებს. ცნობისთვის, „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.

კურორტ "გოდერძიზე" საბაგირო გაიხსნა

კურორტზე „გოდერძი" სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებზე ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი. „შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს. რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლად გახსნილი სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს იღებს სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყო

სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მხარდამჭერებმა თბილისში ავტოკოლონების მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტებმა მსვლელობა ნიკა მელიას გლდანში მდებარე ოფისიდან დაიწყეს და გლდანი-ნაძალადევის გამგეობასთან მივიდნენ. მათ გამგეობასთან წარწერები, "იკა ტრიი, ტრიი, ტრიი" გააკეთეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რამდენიმე ადგილზე აპირებენ მისვლას, მათ შორის მივლენ მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: სამხრეთ კავკასიაში დინამიკის შეცვლა მოითხოვს დასავლეთის უფრო ძლიერ ყოფნას

"დინამიკის შეცვლა სამხრეთ კავკასიაში მოითხოვს დასავლეთის უფრო მკაცრ ყოფნას" , - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ Twitter-ზე განაცხადა. "სამხრეთ კავკასიაში დინამიკის შეცვლა მოითხოვს დასავლეთის უფრო ძლიერ ყოფნას და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და სამართლიაი არჩევნები", - წერს ევროპარლამენტარი.

USAID: მხარს ვუჭერთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს

USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს. დღეს, აშშ. ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. „USAID/PROLoG, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ყოველწლიურად უჭერს მხარს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ქალთა გაძლიერების ფორუმს იმ სირთულეებზე სასაუბროდ და გამოსავლენად, რასაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები აწყდებიან.წელს, ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ტარდება ონლაინ და მოიცავს ორ ძირითად თემას: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“, - ნათქვამია USAID-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ომბუდსმენი: ვიწვევ პარლამენტს, მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის

"მე ვიწვევ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის", - საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქალთა გაძლიერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც USAID/PROLoG-ის მიერ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. ფორუმის პირველ სესიაზე, თემით „მე ვიწვევ - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს და მათ შორისაა, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, სექსუალური შევიწროება და ქალთა მიმართ ძალადობა. "შემთხვევითი ნამდვილად არ არის, როდესაც სახალხო დამცველი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს, ჩვენ თანასწორობის შესახებ საუბარს ვიწყებთ ქალთა თანასწორუფლებიანობის თავით, რადგან თანასწორობის უფლების რეალიზაციის კუთხით, ქალები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს ქვეყანაში. 2020 წლის განმავლობაში სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული მომართვიანობიდან ყველაზე მეტ ( 18%) შემთხვევაში ეს განცხადებები შეეხებოდა სქესის, გენდერის ნიშნით უთანასწორო მოპყრობას. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო სექსუალური შევიწროება. მე ვიწვევ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის. გადაუდებლად აუცილებელია დაიწყოს საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, გაიზარდოს ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების რაოდენობა, გაძლიერდეს სამართალდამცავ უწყების კადრების კვალიფიკაცია და ხელი შეეწყოს უწყებებს შორის დროულ და ეფექტურ კოორდინაციას; რათა არ მივიღოთ ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც ბავშვის თვითმკვლელობის ანდა 13 წლის ბავშვის მშობიარობის ფაქტია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორუმზე გამოსვლისას. ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებმა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა. მარტვილის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის მეორე სართული, რა დროსაც მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაშავებულები გადაყვანილები არიან კლინიკაში. დაპირისპირება მოყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობდა და განიხილებოდა ორი სასულიერო პირის, დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები – ზ.ხ. და ა.ქ. როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე Europetime-თან საუბარში აცხადებს, ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ. ,,ერთადერთი მოლოდინი რაც ოჯახს გააჩნია ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგის დედამ დააფიქსირა თავისი და მისი მეუღლის პოზიცია სასამართლოს წინაშე და მოითხოვა ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა, ასე, რომ გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა ოჯახს სხვა მოლოდინი არ აქვს", - განაცხადა ნიკოლაძემ. პროცესთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს საქმეზე დაკავებული რაგბისტის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველს, ბექა ნემსიწვერიძეს. Europetime-თან საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოში განხილული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არათუ დაკავებულების ბრალეულობა, არამედ საერთოდ დანაშაული, რომ მოხდა, მკვლელობა ისიც არ დასტურდება. ,,იქიდან გამომდინარე, რომ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვიკვლევდით მტკიცებულებებს, რაც წარმოადგინა სასამართლოში ბრალდების მხარემ და გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც დაადასტურებდა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშმყოფის ბრალეულობას, ასევე სხვა ნებისმიერი პირის, რომელიც ბრალდებულია ამ საქმეზე, მოლოდინი გვაქ რა თქმა უნდა, რომ გამამართელებელი განაჩენი დადგება. სასამართლოში ბრალდების მხარემ არა მხოლოდ ის ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს რაიმე შემხებლობა აქვთ აღნიშნულ დანაშაულთან, არამედ საერთოდ დანაშაული რომ მოხდა, მკვლელობა, ისიც ვერ დაადასტურეს. სახეზეა, რომ გარდაცვლილია გიორგი შაქარაშვილი და ეს უდავოა,უდავოა რომ მას დაზიანებები ჰქონდა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს დაზიანებები რომელიმე პირის მოქმედების შედეგად ჰქონდა მას მიყენებული და მითუმეტეს რომ გარდაცვალება გამოწვეული იყო ამ პირების ქმედების შედეგად , ასეთი მტკიცებულება საქმეში არც პირდაპირი და არც ირიბი არ არის. ვთვლით, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი, თუ რა თქმა უნდა სასამართლო სამართლებრივად მიუდგება ამ საქმეს და არ დაექვემდებარება საზოგადოებრივ აზრს, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ", - ამბობს ნემსიწვერიძე. გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი სასამართლო გამამართლებელ განაჩენს არ გამოიტანს, დაცვის მხარე კანონით მონიჭებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს. ,,ამ ეტაპზე რადგან იურისტები ვართ სამართლებრივ ჭრილში ვუყურებთ საკითხს და რა თქმა უდნაარც კი განვიხილავთ, რომ სხვა შედეგი შეიძლება დადგეს და თუ მაინც სხვაგვარი შედეგი დადგება ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, კანონიტ მონიჭებული უფლებები რაც არის. ჯერ საქართველოში და მერე ვნახოთ. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რა შედეგს მივიღებთ", - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეეხება საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანებს, ერთ-ერთი ბრალდებული ზ.ხ-ს უფლებადამცველი გიორგი გეხლაური Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ ,,ჩვენ დაახლოებით 300 საათი, შესაძლოა უფრო მეტი ამ საქმის განხილვას მოვანდომეთ, მტკიცებულებების გამოკვლებას. დეტალურად მოხდა ყველა იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ამ მტკიცებულებებს თუ შევაჯამებთ და ანალიზს გავუკეთებთ, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე სახის შემხებლობას არასრულწლოვანისა და გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის. არც მოწმის ჩვენება, არც ექსპერტიზის დასკვნა, ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც დაადასტურებს თუ რა ვითარებაში მოხდა იმ დაზიანების მიყენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა სხეულზე და შემდეგ უკვე, როგორ აღმოჩნდა წყალში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვერსიები რომ, სავარაუდოდ, ეს პირები ჩაიდენდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას, ეს არის აბსურდი და სასამართლო ეჭვებზე და ვარაუდებზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ მიიღებს, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ იქნება ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება ეს არის გამამართებელი განაჩენი არასრულწლოვანთან მიმართებაში", - განაცხადა გელხაურმა. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემდეგ ინსტანციაში ბრალდების მხარეს, პროკურატურად მოუწევს, რადგან საქმეზე ზ.ხ-ს გამამრთლებელი შედეგი დადგება. ,, სიმართლე, რომ გითხრათ მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის მაქვს, რომ ექნება პროკურატურას და მას მოუწევს ამ განაჩენის გასაჩივრება, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიებზე არ შეიძლება იქნას გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის რაიმე სახით იქნება მიუღებელი, შემდეგ ინსტანციებში მოხდება გასაჩივრება. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დიეგო კოლასი: 8 მარტი ქალთა უფლებების აღნიშვნის, უკვე მიღწეული პროგრესის და ჯერ კიდევ საჭირო ძალისხმევის დღეა

„8 მარტი ქალთა უფლებების აღნიშვნის, უკვე მიღწეული პროგრესის და ჯერ კიდევ საჭირო ძალისხმევის დღეა“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი Twitter-ზე წერს. „8 მარტი ქალთა უფლებების აღნიშვნის, უკვე მიღწეული პროგრესის და ჯერ კიდევ საჭირო ძალისხმევის დღეა. განურჩევლად სქესისა, ერთად ვებრძოლოთ ცრურწმენებს, სტერეოტიპებს, დისკრიმინაციას. ვერავინ შეძლებს ჩვენი პოტენციალის გაფლანგვას ამის გამო“, - წერს ელჩი Twitter-ზე.