ძებნის რეზულტატი:

რომის პაპი ერაყში, იმ რეგიონში ჩავიდა, რომელიც სამი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო

ერაყში რომის პაპის ისტორიულ ვიზიტის მესამე დღეა. დღეს ის ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა, რომელიც 2017 წელს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) გაანადგურა. მლოცველები შეიკრიბნენ ეკლესიის ეზოში, რომელიც ერთ-ერთი უძველესია იმ 14 ეკლესიას შორის, რომლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაანადგურა. პაპმა სთხოვა ერაყელ, ახლოაღმოსავლელ ქრისტიანებს, დარჩნენ სამშობლოში. პაპის თქმით, ქრისტიანთა „ტრაგიკული“ გამოსვლა რეგიონიდან არამხოლოდ საკუთრივ მათ და მათ თემს, არამედ იმ საზოგადოებასაც აყენებს ზიანს, რომელსაც ტოვებენ. მოსულში ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. პაპი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა. რომის პაპმა უკვე იქადაგა იმის შესახებ, რომ რელიგიის სახელით ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. „მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა“, - განაცხადა რომის პაპმა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ლიეტუვა და სხვა ევროპული ქვეყნები ჩემს ექსტრადირებას არ დაუშვებენ

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ იგი ლიეტუვაში თავს უსაფრთხოდ გრძობს და ფიქრობს, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ტიხანოვსკაიას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ლიეტუვა და სხვა ევროპული ქვეყნები მის ექსტრადირებას არ დაუშვებს, რადგან ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ,, მე არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ ლიეტუვა და სხვა ევროპული ქვეყნები არ დაუშვებენ ჩემს ექსტრადირებას, რადგან ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უსაფრთხოდ ვარ", - განაცხადა ოპოზიციონერმა. აღსანიშნავია, რომ 5 მარტს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება.

თელავში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თელავში ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე: 9 მარტიდან ვიწყებთ კვლევას პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 9 მარტიდან კორონავირუს გადატანილი ადამიანების კვლევა დაიწყება. ცერცვაძის თქმით, კვლევის მიზანია, დაადგინონ პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე კოვიდგადატანილ პაციენტებში. მისივე ინფორმაციით, უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა კვლევაში პაციენტების ჩართვა. 9 მარტიდან ჩვენ ვიწყებთ დიდ, ძალიან სერიოზულ კვლევას პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფებზე. რა არის პოსტკოვიდური სიმპტომი – როგორც მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, კოვიდგადატანილი ავადმყოფების მნიშვნელოვან ნაწილს, ემპირიულად ნახევარზე მეტს, დაავადების გადატანისთანავე რჩება რაღაც ჩივილები და გამოვლინებები, ან დაავადების გადატანისთანავე ის განიკურნება, არაფერი აწუხებს, მაგრამ დაავადების დამთავრებიდან 1 ან 2 თვის შემდეგ უჩნდება სიმპტომი სხვადასხვა გამოვლინებით. ამას მსოფლიოში დაარქვეს პოსტკოვიდური სიმპტომი. თუ ეს ჩივილები და სიმპტომები ჩნდება დაავადების გადატანისთანავე, პირველი თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად, ავადმყოფი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან, მაგრამ რაღაც ჩივილები უგრძელდება, მაგალითად, ტემპერატურის მატება, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, ნევროლოგიური სიმპტომები, გული და სხვა, მაშინ ამას ვეძახით გახანგრძლივებულ კოვიდს. თუ ეს იწყება დაავადების დამთავრებისთანავე და გრძელდება პირველი თვის მანძილზე, ვეძახით გახანგრძლივებულ კოვიდს. ხოლო თუ პაციენტი კოვიდის შემდეგ გაჯანმრთელდება, არაფერი აწუხებს და ერთი თვის შემდეგ ეწყება ეს გამოვლინებები, მას ქვია პოსტკოვიდური სინდრომი. ამ სინდრომზე ძალიან დიდი ინტერესია, რადგან ადამიანებს აწუხებთ ეს და არ იციან, როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ, რომელ ექიმს, არ იციან, ეს საშიშია, თუ არა, არ იციან, ადრე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებაა, კოვიდის მიერ პროვოცირებული, თუ ორგანოთა სისტემების რაღაც ახალი დაზიანებაა გამოწვეული კოვიდის ვირუსით, რომელიც მანამდე, კოვიდამდე არ იყო. ამ ყველაფრის დასადგენად საჭიროა კვლევები. ჯერჯერობით, მსოფლიოში დადებულია მხოლოდ ორი ძალიან სერიოზული კვლევა, მხოლოდ ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებული, სადაც ინგლისის მოსახლეობის მაგალითზე დადებულია მონაცემები, თუ რა არის პოსტკოვიდური სინდრომი, რა პერიოდში, როგორ ვლინდება, რა შედეგები აქვს და სხვა. საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, არადა ეს ძალიან საინტერესოა იმ უბრალო მიზეზით, რომ შემდეგ ექიმებმა იცოდნენ, როგორ უნდა მართონ კოვიდური სინდრომი და რა სერვისები უნდა მიაწოდონ ასეთ ავადმყოფებს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, კოვიდგადატანილი პაციენტების რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, როგორია პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე ქალებსა და კაცებში. ასევე, როგორ ნაწილდება პოსტკოვიდურო სინდრომი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, როგორია ამ სინდრომის სიხშირე იმ პაციენტებში, ვინც ჰოსპიტალიზებული იყო და იმათში, ვინც ბინაზე გადაიტანა ან შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა. ბოლოს ყველაზე მთავარი, პოსტკოვიდური სინდრომის რა გამოვლინებები, რა სიხშირით ხვდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა და მისი 5 თანამებრძოლი დააკავეს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. ინფორმაციას რუსული მედისაშუალებები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, სპეცსამსახურები ავიძბას იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დე ფაქტო კანონმდებლობით მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნოისთვის, ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.

EMC: აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი შესაძლოა უკანონო გზით იყოს მოპოვებული, თუმცა მასში საუბარია სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს,,, ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ,,სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს". ,,ადამიანის უფლებების სწავლებსა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 6 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით. სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს. ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი. პირველადი დაკვირვებით ჩანაწერების ნაწილი მაინც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ. აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო. როგორც აღინიშნა, ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, კერძოდ, ძალადობის, მუქარის, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ. ცხადია, ჩანაწერის ავთენტურობა, მისი ჩაწერის დრო და კონტექსტიც სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუმცა, სამწუხაროდ აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე. სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოება და მათი შინაარსით საზოგადოების თუ ცალკეული პირების პოლიტიკური მანიპულირება წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მახასიათებლად და მახინჯ ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში იშვიათად თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რასაც თან არ ახლდა უკანონო ჩანაწერების გავრცელება, ან მათი გავრცელებით შანტაჟი. ჩანაწერების შინაარსი სხვადასხვა დროს, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე მიუთითებდა, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ არც ერთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოძიებულა. ფარული ჩანაწერების გავრცელების სიხშირე და მასშტაბი ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების არაეფექტურობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნების არქონაზე, გამოძიებულიყო მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტები. წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და გამოყენების ტოტალური პრაქტიკები მძიმედ იყო გაკრიტიკებული საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური აქტორების მიერ. მოქმედი ხელისუფლება ამ პრაქტიკას ასევე ემიჯნებოდა, თუმცა ჩვენ მალევე ვიხილეთ არსებული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის გამოქვეყნების პრაქტიკები და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. არც ერთ ამ საქმეზე ხელისუფლებას სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია, რაც პირველ რიგში პოლიტიკური ნების არქონასა და ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყნარებას და პოლიტიკის წარმოების ლოგიკად ქცევის სახიფათო ნიშნებს აჩვენებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფის ნიშნები, რაც შეუძლებელს ხდის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის გატარებას სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას უკიდურესად აზიანებს. აღნიშნული კრიტიკა პირველ რიგში პროკურატურას უკავშირდება, რომლის მიმართაც უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილება და განცდა, რომ ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოიძიებს. სამწუხაროდ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ქართული ოცნება: მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და პარტიაში აცხადებენ, რომ მიზანი არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლა. მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნისნულია, რომ ,,ქართული ოცნება" მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. „გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი, არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული. მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, ,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა". ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი შესაძლოა უკანონო გზით იყოს მოპოვებული, თუმცა მასში საუბარია სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაისვას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. ,,ვეხმაურებით ,,ტვ პირველის" ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან. ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს. გავრცელებული ჩანაწერის ერთერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე დროს, რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან. ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად", - აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საზოგადოება და ბანკები მწვანე ალტერნატივა საქართველოს ატლანტიკური საბჭო მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ცენტრი ემპათია ღია საზოგადოების ფონდი მედიაკლუბი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

სუსი: ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. „უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“, - განუცხადეს Europetime-ს სუსში. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი“, - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ხურვალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, EUMM-ის ცხელი ხაზი გააქტიურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.

ხურვალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, EUMM-ის ცხელი ხაზი გააქტიურდა

ხურვალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, EUMM-ის ცხელი ხაზი გააქტიურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი“, განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის, უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" მორალურად ვერასოდეს ამაღლდება და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის“ სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“, – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ში. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

სუსი: ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. ამის შესახებ Europetime-ს უწყებაში განუცხადეს. ,,ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა", - აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ცნობისთვის, დღეს საღამოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს.

ჯო ბაიდენი ირანისთვის დაწესებულ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლის ახანგრძლივებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და მალე კონგრეს გადაეგზავნება. ,,ირანის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა - მათ შორის რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული და ჩვეულებრივი შეიარაღების შესაძლებლობების გავრცელება და განვითარება, რეგიონალური აგრესიის ქსელი და კამპანია, ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა და ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსის მავნე საქმიანობა. მისი სუროგატები - განაგრძობენ უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის. ამ მიზეზების გამო, 1995 წლის 15 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს 2021 წლის 15 მარტის შემდეგ. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების ეროვნული კანონის მუხლების შესაბამისად, აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ირანის მიმართ 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შვეიცარიამ საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვის აკრძალვას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმის შედეგები ცნობილია. შვეიცარიელებმა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შვეიცარიელმა ამომრჩეველმა დაამტკიცა აკრძალვა სახის სრული დაფარვის ჩათვლით, ნიკაბისა და ბურკის ჩათვლით, თითქმის ყველა საზოგადოებრივ ადგილზე რეფერენდუმში მონაწილეთა 51.2%-მა აკრძალვას მხარი დაუჭირა, 48.8% კი წინააღმდეგი იყო. საგამონაკლისო სივრცეები იქნება წმინდა ადგილები. სახის დაფარვა ასევე დაიშვება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნითაც. საკითხი გააკრიტიკეს შვეიცარიის რიგმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ჯგუფებმა, ასევე ფედერალურმა მთავრობამ. შვეიცარიის რელიგიის საბჭომ, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიის ყველა მნიშვნელოვან რელიგიურ თემს, დაგმო წინადადება ამ წლის დასაწყისში და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლება რელიგიურ თავისუფლებაზე ასევე იცავს რელიგიურ წესებს, როგორიცაა ჩაცმულობის კოდექსი. რეფერენდუმი ამ თემაზე რამდენიმეწლიანი დებატების კულმინაცია იყო და 12 წლის შემდეგ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სახის დაფარვის აკრძალვები უკვე მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში. საფრანგეთმა პირველმა აკრძალა ბურკები საზოგადოებრივ სივრცეებში 2011 წელს. 2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მუსლიმი ქალების უფლებებს . ცნობისთვის, დღეს შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე: ეს იყო გამიზნული პროვოკაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები გამიზნული პროვოკაციაა და ამ ჩანაწერს ,,იუმორის გარეშე ვერ მიიღებს". როგორც ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი აცხადებს, რომ საზოგადოება შეაფასებს ამ ბრალდებას. „ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება - ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების", - განაცხადა ჩუბინიძემ. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ვასილ მაღლაფერიძე ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც თავად მაღლაფერიძე აცხადებს, პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს. „მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook გვერდზე. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის წევრად დაასახელა.

ჰარცელი: დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს გაძლიერებაში

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს და იწყებს ამ დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ჩატარდება სოციალური მედიის არხების საშუალებით. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით სოციალურ მედიაში დაიწყო საინფორმაციო კამპანია „ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო“, რომელიც მთელი მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას. მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია. საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით ”ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო”. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას და შემოგვიერთდებით.მიზანი ნათელია, ისევე როგორც პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა.გილოცავთ ქალთა დღეს!", - აღნიშნულია განცხადებაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა, 193 გამოჯანმრთელდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.88 %-ს შეადგენს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 210 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 998-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.54 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 1.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 591 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 7, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 949 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 19. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 560 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 245 პირი, აჭარაში - 505, იმერეთში - 738.

მეგან მარკლის თქმით, სამეფო ოჯახმა მის ვაჟს ტიტული კანის ფერის გამო არ მისცა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია СBS-თვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მარკლი აცხადებს, სამეფო ოჯახმა იგი თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანა. მარკლი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახში მისი შვილის კანის ფერს განიხილავდნენ. მისივე თქმით, როცა პირველ შვილზე, არჩიზე ფეხმძიმედ იყო, სამეფო სახლში იყო შეშფოთება და საუბრები, თუ რამდენად მუქი იქნებოდა ბავშვის კანის ფერი და რომ მას არ ექნებოდა პრინცის ტიტული და დაცვა, რომლითაც სამეფო ოჯახის წევრები სარგებლობენ. ,,ეს ჰარისგან გადმომცეს, ეს იყო საუბრები, რომელიც ოჯახს მასთან ჰქონდა ", - აცხადებს ინტერვიუში მარკლი. მან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ თავისი მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ. „უბრალოდ აღარ მინდოდა მეცოცხლა, ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს შემდეგ ბუკინგემის სასახლეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ყოფილ მსახიობსა და ფოტომოდელზე, ამერიკელ მეგან მარკლზე 2018 წლის მაისში დაქორწინდა. 2019 წლის მაისში მათ შეეძინათ პირველი ვაჟი, არჩი. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. 2020 წლის იანვარში, ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრთა ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე და დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გადაწყვიტეს.

თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზეა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს. თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა. ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. „თუ თქვენ ეძებთ კულტურას, ბუნებას, ჯანმრთელობას, გასტრონომიულ მრავალფეროვნებებს, ან უბრალოდ, საშოპინგოდ პოპულარულ საქალაქო ტურისტულ მიმართულებას, თბილისი - საქართველოს დედაქალაქი იდეალურია 2021-ის არდადეგების გასატარებლად. რატომ უნდა აღმოაჩინოთ თბილისი 2021-ში? როგორც არასდროს, ახლა ვიცით, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შეუძლებელია, გამორჩეული მოგზაურობები გადავდოთ. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით, ძალიან სწრაფად და პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი Covid-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ კარანტინისა და დამატებითი ტესტირების მოთხოვნის გარეშე, ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, - აღნიშნულია EBD-ის ოფიციალურ ვებგვედზე. „საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ. „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს. ორგანიზაციის რეიტინგები და სამოგზაურო სტატიები შუქდება ისეთ წამყვან პლატფორმებზე, როგორებიცაა: Forbes, Lonely Planet, Con De Nast, Independent, Euronews, Tripadvisor და სხვა“, - იტყობინება თბილისის მერია.