ძებნის რეზულტატი:

აშშ შუა დერეფანში ტაჯიკეთის მონაწილეობას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შუა დერეფნის პროექტში ტაჯიკეთის ჩართვაზე თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. აშშ-ის ელჩმა დუშანბეში მანუელ მიკალერმა ასევე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს „C5+1“ დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებსა და მის ხუთ პარტნიორს ცენტრალურ აზიაში. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით ამ პარტნიორებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევაში და მსოფლიო ბაზრებზე წვდომაში „C5+1“ პლატფორმის მეშვეობით,“ - აღნიშნა ელჩმა. ამავე ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ტაჯიკეთის მთავრობასთან, რათა მიაღწიოს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დეკლარირებულ მიზანს და იპოვნოს ბალანსი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გზით. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს  

ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში

„მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ - კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია.“ „ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.“ „ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს.“ ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ შეკითხვას - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის, როცა ხელისუფლებას შეუძლია, იძულებით დაარეგისტრიროს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებლები და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმოს კიდეც. რა გზავნილი გაქვთ ახლა როგორც „ქართული ოცნების“, ისე იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა?“ ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ „საუბარია იძულებაზე: „ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია, აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია.“ ამ თვეების განმავლობაში როგორ აისახება ეს კანონი იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები და როგორ იქნება ის აღქმული? ამერიკელი დიპლომატი ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს: „კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება, ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს, ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი, საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს.“ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს. ამერიკული ორგანიზაციების - NDI-ისა და IRI-ის მისამართით გაისმა ბრალდებები თბილისშიც, თითქოს, ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს და პოლიტიკურ პროცესში ერევიან. რას ფიქრობთ ამ ბრალდებებზე და რამდენად გაშფოთებთ თავად მოსკოვის შესაძლო გავლენა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე კენჭისყრის დღესა თუ მის შემდეგ პროცესებზე? ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია, ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ - მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. და ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს. - გაშფოთებთ შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში? მინდა, იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი - ევროპასა და შეერთებულ შტატებში - საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.  

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი, სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი ტომას სოუჩეკი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებული 73-ე მატჩი საკუთარ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“, – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში. „ზოგჯერ მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეებივით ვიქცეოდით. ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მიდიოდნენ კარისკენ და გოლები ასე გაიტანეს. მატჩის შემდეგ ჩვენ რაღაც გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაგრძო სოუჩეკმა. ჩეხები საქართველოს ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. ივნისში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. „საქართველოს წინააღმდეგ ისე გვსურდა გვეთამაშა, როგორც ევროზე, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ თავი საუკეთესო კუთხით გვაჩვენეს და აშკარად გვჯობდნენ. ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ქართველებთან საშინაო თამაშში რევანში ავიღოთ,“ – ამბობს სოუჩეკი. საქართველოს გარდა, B1 ჯგუფში ჩეხების მეტოქეები უკრაინა და ალბანეთი არიან. ისინი მომავალ კვირას უკრაინას „ედენ პრაღაში“ დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში გუნდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან. ტურნირის პლეი ოფში გავა ოთხი საუკეთესო გუნდი, რომელიც კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს. „მატჩის შემდეგ გასახდელში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩეხეთის ნაკრებში ასე თამაშის უფლება არ გაგვაჩნია. ერთია შეცდომის დაშვება, მაგრამ სხვა საკითხია პასუხისმგებლობის აღება და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება, რაც ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ამის შესახებ უკრაინასთან მატჩამდე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. მე მაინც მჯერა, რომ გუნდს აქვს საკმარისი ძალები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ასეთი თამაშით, რადგან ასე ჩვენ ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფშიც ვეღარ მოვხდებით,“ – ამბობს სოუჩეკი. ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის სტარტზე საქართველოსთან დიდი ანგარიშით 4:1 დამარცხდა.  

კობახიძის თქმით, არასამთავრობიებისთვის გრანტს სახელმწიფო გამოყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ამასთან, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. „საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ.“ პრემიერის განცხადებით, „საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.“ „საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ე.წ. უცხოური აგენტების კანონით, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.“ თუ ორგანიზაციამ, რომელიც აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა - საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრი სიბიგამ, საქართველოდან დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინის გაიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგას თქმით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, რისი მიზეზიც „ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ გახდა. „კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი. ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მინისტრმა ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები - კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. სიბიგას განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან. ხსენებულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გაწვევა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის საკითხთან. „მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან. ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს ამასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო. 2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი, ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 2023 წლის ივლისში კიევი საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.  

CASCA+-ის სატრანსპორტო დერეფანი: რა პროტოკოლს მოეწერა ხელი საქართველოში

5-6 სექტემბერს, ბათუმში, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების რეგულარული ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ განვითარებას ეძღვნებოდა. თურქმენეთის საელჩოს ცნობით, CASCA+-ის მონაწილე ქვეყნების რკინიგზების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, თურქმენეთის დელეგაციას რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე სილაპბერდი ნურბერდიევი ხელმძღვანელობდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დისკუსიები ეძღვნებოდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას და საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე, გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრად განვითარებაში სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეკრება მულტიმოდალური მარშრუტის შემდგომი განვითარებისა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა. მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია - Central Asia, South Caucasus and Anatolia) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივაა. დასახელებაში "+" ნიშანი ახალი მონაწილეების მიღების მზაობის სიმბოლოა. CASCA+ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, კერძოდ, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთ-ევროპის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში შეიქმნა. მარშრუტი ცენტრალურ აზიას თურქულ ანატოლიასთან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. 2022 წლის დეკემბერში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა სპილენძის კონცენტრატით გაიარა CASCA+ მარშრუტზე (უზბეკეთიდან ბულგარეთში). უზბეკეთმა საკონტეინერო მატარებელი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მაშინ პირველად გაგზავნა. მატარებელი შედგებოდა 46 ვაგონისა და 91 ერთეული 20 ფუტიანი კონტეინერისგან.  სატრანზიტო მანძილი შეადგენს 4000 კმ-ზე მეტს. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკონტეინერო მატარებლები რეგულარულად მოძრაობდნენ ამ მარშრუტზე. ოპერატორების მიზანია, კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 30 ათას კონტეინერამდე გაიზარდოს. გასული წლის ნოემბერში მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის CASCA+ წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ლოგისტიკურ სტრუქტურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას, რომლის მიზანია CASCA+ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება და მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზების მიზნით. (წყარო - traceca.ge)  

Politico-ს ცნობით, კუბილიუსი შესაძლოა, უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი გახდეს

განახლებულ ევროკომისიაში, უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების კომისრის პიზიციას, სავარაუდოდ, ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს. Politico ამ დასკვნამდე ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს, ასევე ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ მივიდა. გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა ადრე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხების კომისრის ახალი თანამდებობა უნდა მიეცეს ვინმეს აღმოსავლეთ ევროპიდან. ანდრიუს კუბილიუსი არის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რომელიც ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრემიერ-მინისტრად. კუბილიუსს ეს თანამდებობა ორჯერ ეკავა. Politico წერს, რომ კუბილიუსი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის ხუთ წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მას დიდ პატივს სცემენ, რადგან მართავდა ლიეტუვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ასევე ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო. კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაფართოება უნდა მოახდინოს და პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის მიღება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „უკრაინის გაფართოებისა და უკრაინის აღდგენის“ საკითხების აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნება ლატვიელი პოლიტიკოსი ვალდის დომბროვსკისი.  

ამერიკის ელჩი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით

აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა ბათუმში, სადაც განახლებული ამერიკული კუთხე გაიხსნა. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი,“ აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, ე.წ. უცხოური აგენტების კანონით, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.“ თუ ორგანიზაციამ, რომელიც აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა - საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

ევროკავშირი და სომხეთი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს იწყებენ

9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ დიალოგი ევროკავშირ-სომხეთის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებების წარმატებულ განხორციელებას ეფუძნება, რამაც მრავალი სომეხი მოქალაქისთვის 2014 წლის პირველი იანვრიდან, მოგზაურობის პროცედურები გაამარტივა. ამჟამად, ევროკავშირის ყველა მოქალაქე სომხეთში შესვლისას ვიზის მოთხოვნისაგან თავისუფლდება. ევროკომისიის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. ეს პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს - პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის. „ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყება არის ჩვენი ერთგულების აშკარა დემონსტრირება სომხეთთან მობილურობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი. ეს წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი საერთო მიზნებისკენ, რაც გულისხმობს სომხეთისა და ევროკავშირის ხალხის დაახლოებას, ასევე, სომხეთის ძალისხმევის აღიარებას ევროკავშირთან კავშირებისა და საერთო ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპის მშვიდობის ფონდის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ სომხეთის რესპუბლიკას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ," განაცხადა თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით გრძელდება დისკუსიები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. „აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და სრულყოფილად მივუდგეთ. აქ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების რჩევების მოსმენა," - აღნიშნა ფაშინიანმა. ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყება მოჰყვა რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას. 2024 წლის აპრილში, ევროკომისიამ წარმოადგინა 270 მილიონი ევროს მოცულობის გეგმა (2024-2027 წლებისთვის) სომხეთისთვის, რომელიც სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაზრდას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, 2024 წლის 22 ივლისს საგარეო საქმეთა საბჭო მიესალმა კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი სომხეთთან.  

პრეზიდენტი: მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი უპასუხა შეკითხვას: თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. „მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით.“ მანვე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი, სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.“ კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა. ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა - დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა - ომი თუ ლგბტ საკითხი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. „არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია, ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება, საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან,“ - აღნიშნავს პრეზიდენტი. ცნობისთვის, 2018 წლის 16 დეკემბერს (სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებით, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. მას 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრი შედის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ წევრებს საკრებულოების დეპუტატებისგან აკომპლექტებენ. საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საარჩევნო წელს საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება (დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ). შესაბამისად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის დეკემბერში ან 2025 წლის იანვარში ჩატარდება.  

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-11 სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ Trend-ს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განუცხადეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და მისმა თურქმა და ქართველმა კოლეგებმა იაშარ გიულერმა და ირაკლი ჩიქოვანმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. უწყების ცნობით, კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს. „ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა,“ წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია

მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პარტიის 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენენ. სიაში, ასევე მოხვდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის სია ასეთია: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა მაკა ბოჭორიშვილი   გენო პეტრიაშვილი   სოზარ სუბარი   მარიამ ქვრივიშვილი   ანრი ოხანაშვილი   ნიკოლოზ სამხარაძე   ეკა ჭიჭინაძე   შოთა ბერეკაშვილი   ლევან მახაშვილი   მიხეილ ყაველაშვილი   გიორგი გაბუნია   ლიკა შარტავა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.  

ისტორიული დებატები ჰარისსა და ტრამპს შორის -პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარი გზავნილები

ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საპრეზიდენტო დებატები შედგა. 90 წუთი 2 სარეკლამო ჭრით, 2 წუთი საპასუხოდ და 1 წუთი პასუხზე რეაგირებისთვის, კანდიდატებმა არ იცოდნენ კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხათ - ასეთი იყო დებატების წესები. აუდიტორიაში მაყურებლები არ ისხდნენ. დებატები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის დევიდ მუირს და ლინდსი დეივისს მიჰყავდათ. დებატები კანდიდატებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს. ჰარისმა განაცხადა, რომ ხალხი ტრამპთან შეხვედრებს ადრე ტოვებს "დაღლილობისა და მოწყენილობის გამო."  BBC-ს ცნობით, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ჰარისმა დებატები მოიგო, მაგრამ ტრამპის შეფასებით, რომ ჰარისმა "ძალიან ცუდად წააგო." ეს არ არის ამერიკის ისტორიაში პირველი დებატები, როდესაც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობს, თუმცა ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში ქალი ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობს. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესში მეორე საპრეზიდენტო დებატებია. პირველი დებატები მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შედგა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ივლისში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, კამპანიაში კამალა ჰარისი ჩაერთო. დებატების დროს, კამალა ჰარისი ხშირად იმეორებდა კამპანიის გზავნილს, რომ წარსულში დაბრუნება არ სურს, რომ დროა, ქვეყანა წინ წავიდეს და რომ ქვეყანაში სიახლეების დროა. დონალდ ტრამპი კი, ყველაზე ხშირად საიმიგრაციო საკითხებს უსვამდა ხაზს და საზღვრის უსაფრთხოებაზე საუბრობდა. ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები გამოკითხვების მიხედვით, ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორისაა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად აწუხებთ. კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას და იმას, რომ თავად საშუალო კლასის წარმომადგენლების ოჯახში გაიზარდა. შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ კარგად ესმის ამ ფენის გამოწვევები და აპირებს, სწორედ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოს. პრეზიდენტმა ტრამპმა კი, განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაუარესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არალეგალური იმიგრაციაა, რომ უკანონო იმიგრანტები ამერიკის ეკონომიკას ძირს უთხრიან, სამუშაოს ართმევენ რიგით ამერიკელებს და რომ ის სწორედ ამ საკითხის მოგვარებას აპირებს. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გადასახადებს შეამცირებს. აბორტის უფლება აბორტის უფლება ბოლო პერიოდში ამერიკაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი გახდა. 2022 წელს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „რო ვეიდის წინააღმდეგ“ - ისტორიული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ამის შემდეგ, შტატებს მიეცა უფლება, თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა აბორტი. ტრამპმა განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და რომ ექვსმა მოსამართლემ, რომელმაც ხმა დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, სწორი ნაბიჯი გადადგა. ექვსიდან სამი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, მისი დანიშნულია. ტრამპის თქმით, ის აბორტის ეროვნულ დონეზე აკრძალვის შემოღებას არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან შტატები ამ საკითხს უკვე თავად აგვარებენ. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აბორტის უფლების მომხრეა. ის ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არავინ უნდა ეუბნებოდეს ქალებს, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ სხეულს. მან რამდენიმე მძიმე მაგალითი მოიყვანა, როდესაც ქალებს, აბორტის აკრძალვის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გაპრეზიდენტის შემთხვევაში, ის კვლავ აამოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ გადაწყვეტილებას. უკანონო იმიგრაცია და საზღვრის დაცვა იმიგრაციის და საზღვრის კვეთის თემაზე, დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან. კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესში იყო წარდგენილი და რომელსაც საზღვრის არალეგალური კვეთის, მათ შორის, საზღვარზე ფენტანილის და იარაღის არალეგალური გადატანის საკითხი უნდა მოეგვარებინა, რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილმა დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის ჩარევით მოხდა. ამაზე დებატებზე თავად კამალა ჰარისმაც ისაუბრა. ჰარისმა ტრამპი საზღვარზე არსებული მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ კანონპროექტის დაბლოკვით, ტრამპი საკუთარ ამომრჩევლებთან ქულებს იწერს, მან პრობლემის მოგვარებას არჩია, ეს საკითხი საარჩევნო პლატფორმის ნაწილად ექცია. ტრაპის თქმით კი, დემოკრატები კრიმინალებს და დამნაშავეებს ამერიკის საზღვრის კვეთის უფლებას აძლევენ და ეს ქვეყანას ვნებს. ტრამპი დებატების დროს, ასევე ამტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დამნაშავეობის დონე დაბლა იწევს, ამერიკაში პირიქით, მატულობს. თუმცა, მოდერატორმა იქვე შენიშნა, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, ეს ინფორმაცია სწორი არაა და ამერიკაში კრიმინალის დონე კლებულობს. საიმიგრაციო საკითხებზე საუბრისას, კამალა ჰარისმა ტრამპს მოუწოდა, არ ესაუბრა იმიგრანტების სავარაუდო კრიმინალურ საქმეებზე, როდესაც, მას თავად აქვს რამდენიმე ათეული ბრალი წაყენებული. ტრამპი მის წინააღმდეგ წარმოებულ და დაწყებულ სასამართლო საქმეებსა და განხილვებს ძალაუფლების იარაღად გამოყენებას უწოდებს. მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრამპი "კუდიანებზე ნადირობად" თვლის და ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სასამართლოს თავისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტრამპი უარყოფს თავის ჩართულობას 2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, მის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეში. მის წინააღმდეგ ამის გამო სასამართლო საქმეც მიმდინარეობს. ტრამპმა დებატების დროს თქვა, რომ თავის სიტყვით გამოსვლაში, მოქალაქეებს მოუწოდა, „მშვიდობიანად და პატრიოტულად“ მოქცეულიყვნენ. შეკითხვაზე, ნანობს თუ არა 6 იანვარს თავის საქციელს, ტრამპმა თქვა: „მე არაფერი გამიკეთებია“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხი კანონმდებელ ნენსი პელოსის და ვაშინგტონის მერს უნდა მოეთხოვოთ. შეკითხვას, აღიარებს თუ არა, რომ მან გასული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ის დღემდე თვლის, რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა. ისრაელ - „ჰამასის“ ომი „ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს,“ - თქვა კამალა ჰარისმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და მოქმედი ადმინისტრაცია განაგრძობენ მუშაობას იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რომ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების გამოსავალი არსებობდეს. ჰარისი ამბობს, რომ ისრაელს ყოველთვის მისცემს თავდაცვის საშუალებას, მაგრამ აუცილებელია ღაზის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ღაზის თავიდან აშენებაც. „მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა,“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არც უკრაინაში ომს არ დაუშვებდა. ტრამპი ამტკიცებდა, თითქოს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს სძულს ისრაელი და ამავდროულად, არაბი მოსახლებაც, რასაც ჰარისმა ტრამპის მხრიდან ნათქვამი ტყუილი და სიმართლიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. რუსეთ-უკრაინის ომი „მე ომის შეწყვეტა მინდა, სიცოცხლეების გადარჩენა,“ - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას, სურს, თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს. ტრამპმა გაიმეორა თავისი ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულება შეუძლია, რომ კარგად იცნობს, როგორც ვლადიმერ პუტინს, ისე ვოლოდიმირ ზელენსკის და რომ მას მოლაპარაკების შესაძლებლობა აქვს. კამალა ჰარისმა კი, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო და თქვა, რომ ომის დროს ამერიკის პრეზიდენტი რომ ტრამპი ყოფილიყო, პუტინი ახლა უკვე კიევში იჯდებოდა. კანდიდატებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის თემაზე, ქვეყნიდან ამერიკისა და NATO-ს ჯარების გამოყვანაზე, ასევე რასობრივ პრობლემებზე, ჯანდაცვის საკითხებზე და კლიმატის ცვლილების თემაზე. დებატები საპრეზიდენტო კანდიდატთა დასკვნითი მიმართვით დასრულდა, რომელშიც მათ საკუთარი საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები გაიმეორეს. წყარო  

პრეზიდენტი: რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს არამხოლოდ უკრაინაში, საქართველოშიც, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტის ,,ყირიმის პლატფორმის” მეოთხე სამიტზე მიმართვისას განაცხადა, რომ „თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს.“ „რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან, 10 წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკს ომს აწარმოებს. დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში - ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა. მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, ვიმედოვნოთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ. უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა - სასტიკი, დაუნდობელი კამპანია, რომელსაც არამხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები ჰყავს მიზანში ამოღებული, არამედ განსაკუთრებით, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და უკრაინული საზოგადოება მთლიანობაში. ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს - იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს. ამ ბარბაროსობის წინაშე, უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა საოცარი სიმამაცე და სიმტკიცე და მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელების სიძლიერისა და გამძლეობის შემსწრე, რომელიც შეიძლება მხოლოდ გმირობად შეფასდეს, ეს ჩვენთვის, ყველასთვის შთამაგონებელია. უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ რუსეთის დაუმარცხებლობა მითი იყო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაპყრობა ვერც 3 და ვერც 900 დღეში, ვერ შეძლო უკრაინული საზოგადოების დასუსტება, ან უკრაინის დაშორება ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერისგან. ეს იმიტომ, რომ ყველანი ვაცნობიერებთ - უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან. უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს - არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში. ძალიან დიდი ხანია მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება. როგორც ყველამ ვიხილეთ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე - ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული. ეს ომი მართლაც ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას იცხოვრონ მშვიდობიანად. და იმ დროს, როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენ გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმებს, „რათა სიცივე იარაღად გამოიყენოს უკრაინული ერის წინააღმდეგ.” „სწორედ ამიტომ დღეს ახალი დაფინანსების 325 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ვაცხადებთ უკრაინული ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღსადგენად“, - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში „დიდი შვიდეული პლუს“ სხდომა გაიმართება, რომელიც ასევე უკრაინის ენერგეტიკას მიეძღვნება. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ასევე 290 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს საბაზისო საჭიროებებისთვის - უსაფრთხო სასმელი წყლისთვის, საკვებისთვისა და მედიკამენტებისთვის - მილიონობით ადამიანისთვის უკრაინაში და რეგიონში, ვინც იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა. „და, საბოლოოდ, დამატებითი დაფინანსების 102 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ვაცხადებთ ჰუმანიტარული განაღმვისთვის, რათა დავეხმაროთ სახმელეთო ნაღმებისა და საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციისთვის, რომელიც რუსეთმა მთელი უკრაინის მასშტაბით დატოვა,“ - განაცხადა ბლინკენმა, რომელიც დღეს ჩავიდა კიევში.  

ერდოღანი: ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის მხარდაჭერას. ამ შინაარსის ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. „ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა,“ - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიდეომიმართვაში, ყირიმის პლატფორმის ლიდერთა მეოთხე სამიტზე. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს არასოდეს უღიარებია ყირიმის ანექსია, რამაც გაამწვავა რეგიონის ხალხის ტანჯვა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა ყირიმელი თათრების უფლებებს, იცხოვრონ „თავისუფლად, უსაფრთხოდ და მშვიდად საკუთარ სამშობლოში.“ გამოსვლის ბოლოს, მან იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმის ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებს. „ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაეფუძნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს და ანკარა განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2022 წლის აგვისტოში, ერდოღანმა ასევე გაიმერა, რომ თურქეთი მხარს უჭერს „სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.“ 2022 წელს, თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $781 მილიონის დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან კიევში ერთობლივი ვიზიტისას განაცხადა. ლემის განცხადებით, 242 მილიონი გირვანქა სტერლინგი 2024-2025 წლებში იქნება გამოყოფილი გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სასტაბილიზაციო საჭიროებებისთვის, ასევე რეფორმების მხარდაჭერისთვის, აღდგენასა და რეკონსტრუქციისთვის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის გამყარების მიზნით, მსოფლიო ბანკის კრედიტებისთვის 484 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საკრედიტო გარანტიები იქნება გამოყოფილი. მისივე თქმით, აღნიშნული სახსრების მიზანი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მხარდაჭერა, მათ შორის, სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობის მხარდაჭერა, სახელმწიფო მოსამსახურეების ხელფასების გადახდა და პენსიების ფინანსირება. „დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენი ვალდებულება 600 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოვყოთ, უკრაინის ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერაში უახლესი ნაბიჯია. ეს უზრუნველყოფს უკრაინელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლებიც უწყვეტი რუსული თავდასხმების პირობებში აგრძელებენ ყოფნას,“ - განაცხადა ლემიმ.  

ფაშინიანი საქართველოს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა, - ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, იუწყება სომხური მედია. მისივე ინფორმაციით, ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ისინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადება გაკეთდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.  

შუა დერეფანი: რას ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთის ერთობლივი მემორანდუმი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ.“ ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს. „მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას, დავამყაროთ უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ქვეყანაში და ასევე, გავზარდოთ ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს ჩინეთის მხარის მზაობას და დაინტერესებას, აქტიურად გამოიყენოს შუა დერეფანი როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასთან დასაკავშირებლად. შედეგად შევძლებთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი ჩვენს დერეფანში, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, მნიშვნელობას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის უფრო მეტად გააქტიურებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით. „მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების ზრდას და ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას,“ იუწყება ქართული მხარე. მემორანდუმზე ხელმოწერამდე, ლევან დავითაშვილმა და ჭაო ჩენსინმა საქართველოს - ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. „აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა დეკლარაციამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორი ქვეყნის ურთიერთობები თანამშრომლობის გაცილებით მაღალ დონეზე გადაიყვანა. ასევე დადებითად შეფასდა მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას,“ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ამასთანავე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპა - აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რკინიგზის მოდერნიზაციაზე, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აღინიშნა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. „აღინიშნა, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შუა დერეფნის უპირატესობებს დღეისათვის მეტი ყურადღება ექცევა. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ მარშრუტის მეტი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარის ჩართულობის გაზრდა, მათ შორის, რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედების კუთხით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფანში ტვირთნაკადის ბოლოდროინდელი მზარდი დინამიკა - 2024 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განახვილდა ყურადღება ორი ქვეყნის ინტერესზე, ხელი შეწუყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და მისი შემადგენელი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივ განვითარებას,“ აღნიშნულია ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს