ძებნის რეზულტატი:

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები. "ბევრს ვმუშაობთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ. ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თავად პარტიები უნდა წავიდნენ ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ დახმარებას ვცდილობთ",- განაცხადა შარლ მიშელის წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტისას შედგა. ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს გუშინ ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

გიგა ბოკერია: თუ ყველა საკითხი მოგვარდება, მზად ვართ, პლებისციტის კომპრომისზე წავიდეთ

"სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, უახლოეს ორ დღეში გაირკვევა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმების გზით მიდიან თუ დაპირისპირების. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა, თუ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა შსრულდება, ვადამდელი არჩევნების გარდა, „ევროპული საქართველო“ მზადაა, ვადამდელი არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების კომპრომისზე წავიდეს. "თუმცა ვფიქრობთ, რომ პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უფრო ადეკვატური გზაა. მიუხედავად ამისა, თუ ყველა სხვა საკითხი გვარდება - მელია და რურუა თავისუფალი იქნება, საარჩევნო სისტემის რეგულაციის თემა მოგვარების პროცესშია და მხოლოდ ესაა საკითხი, ჩვენს მოქალაქეებს ნორმალური არჩევნების პირობებში ვკითხავთ, უნდათ თუ არა ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა ბოკერიამ. ბოკერიას თქმით, შარლ მიშელის შემუშავებული საკითხებიდან ნაწილი გრძელვადიანია, თუმცა არის თემები, რომლებიც მყისიერად უნდა გადაწყდეს. ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.

საფრანგეთმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ Johnson & Johnson -ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, ერთი დღით ადრე აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაცია ევროკომისიამ მისცა. როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელ უწყებაში განმარტავენ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია, 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, მათ შორის 65 წელს გადაცილებულებში. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება სჭირდა. „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ უკვე მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 090 ტესტის შედეგად ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 240 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 145 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურ3ებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 721-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 004-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 - თბილისში, 29 - აჭარაში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 136, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 609 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 613 პირი, აჭარაში - 499, იმერეთში - 702.

პროკურატურამ ყვარელში მომხდარ ტრეფიკინგის ფაქტზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაკავებულს, ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც Europetime-ს პროკურატურიდან აცნობეს, ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა. უწყების ცნობითვე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა. „საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. - მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე ექიმებს მოუწოდებს, მოქალაქეებს ვაქცინით აცრის მაგალითი მისცენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები შემოვიდა. ამირან გამყრელიძემ, კოლეგა ექიმებს მოუწოდა, მისცენ მაგალითი დანარჩენ საზოგადოებას, როდესაც ვაქცინაცია დაიწყება ქვეყანაში. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში. პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი იწყება. პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის, ამიტომ ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ექიმებს გვედით, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი აიცრას. "ასტრაზენეკას" პირველი პარტია, რომელიც საქართველოში დღეს შემოვიდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ როდესაც ორშაბათიდან ვაქცინაცია დაიწყება მისცენ მაგალითი საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ რაც კი კაცობრიობას მოუგონია, ამ 200 წლის განმავლობაში. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის COVID პანდემია. გთხოვთ, რომ ყველა სოლიდარული და მობილიზირებული ვიყოთ, რომ ეს პროცესი კარგად წარიმართოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ყველა აცრილ ადამიანს ორენოვანი ცნობა გადაეცემა

"ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, ეს იქნება ორენოვანი დოკუმენტი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. „ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანით დაკომპლექტდება. ამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, „კოვაქსიდან “ გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა. „ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Astra zenekas 129 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოიტანეს.

ამირან გამყრელიძე: წელს საქართველოში მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას

„ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით. "ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს. გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა „კოვაქსიდან“ , რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის“,-აცხადებს გამყრელიძე.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება 82 სამედიცინო დაწესებულებაში

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში შემოვიდა კოვაქს პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. „დღეს დღეობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის მიხედვით, განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალისთვის. დღეს დღეობით დარეგისტრირებული არის 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის პროცესზე ზრუნვაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ სეგმენტს რა თქმა უნდა, ეს ვაქცინების ნაწილი განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით საქართველოში შერჩეული არის 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ყველა დაწესებულებაში ჩატარებული არის შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებული არის ის შესაბამისი აღჭურვილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებას და შემდეგ განთავსებას. „ეს პროცესი დღეს დღეობით არის დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მაკონტროლებელ და მარეგულირებელ დაწესებულებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი ეს არის, როგორც ხშირად ამბობენ, დასასრულის დასაწყისი და ეს აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია ინფორმაციით, გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულდა. თოვლიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"–ში გომის მთიდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა. მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ოპოზიციის ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შედეგებს აფასებენ

ოპოზიციის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შედეგებს აფასებენ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ხვალ საღამოს ეცოდინებათ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სურს მოლაპარაკება, თუ "მოლაპარაკებობანას თამაში". მისი თქმით, 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული. ევროპული საქართველოს წარმომადგენლის დავით ბაქრაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მიღებულ 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტი განიხილეს. „ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩვნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება. „ლელოს“ დამფუძნებლის და ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო და ფიქრობს რომ სრული ურთიერთგაგება მოხდა. „რაც ყველაზე მთავარია, ბატონი დანიელსონისგან არის ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა, არამარტო წლევანდელ ასპექტში და ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, არამედ, ის ძალიან ღრმად არის გათვიცნობიერებელი ჩვენი ქვეყნის წინა კრიზისებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავკეთოთ მომავალზე, იმიტომ რომ გამოსავალი არის მომავალში, ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“ მხრიდან, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს, აღქმული უნდა იყოს ეს პროცესი ისე, რომ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის მომავალ მშენებლობაში და ეს არის ახლა ჩვენი ყველას ფოკუსი, აქ არ უნდა იყოს დამარცხებული, ან გამარჯვებული. გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას, თუ ჩვენ მოვახერხებთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია და მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ქვეყანა დაიწყებს ნამდვილად ევროპული გზით ცხოვრებას“, - განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს, ხაზარაძე განმატავს, რომ ამის ფიქრის საფუძველს, მას დღევანდელი შეხვედრა აძლევს. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რიგგარეშე არჩვენების გარშე, შეთანხმებას მიაღწიონ, ხაზარაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ჩვენ ამ კრიზისს ვერ დავძლევთ. „ ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან. ქვეყანა არის გაჩერებული, ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისში, ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩვენები, ქვეყანას სჭირდება, კონკრეტული, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ. „გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები არის ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობა. „როდესაც ჩვენ ვიძახდით, მშვიდობაა დასამყარებელი მხარეებს შორის-მეთქი ეს იყო სასაცილო. დღეს ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოსული სტუმრები და ყველა. დაპირისპირების დასრულების გარეშე, თითოეული ის პუნქტი, რაზეც კითხვებს სვამთ, არარეალურია. ჯერ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, იმისთვის, რომ დაიწყო საუბარი, ამის საშუალება უნდა მოგეცეს“,-აცხადებს მეგრელიშვილი. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და 14 მარტამდე შხვედრებს გამართავს. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. ყველა მხარესთან განმეორებითი შეხვედრები გრძელდება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა მათი ამოცანების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ, ბუნებრივია დეტალებზე ან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა რაც არის, ამ ამოცანის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და შეხვედრებია“,- განაცხადა ბოკერიამ. "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია არის პლებისციტის ჩატარება. „ამ შეხვედრიდან გამომდინარე შეუძლებელია მსჯელობა იმაზე „ქართული ოცნება“ რა პოზიციებზე იქნება. დღეს იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. დანიელსონმა ყველაფერი დეტალურად იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში. აინტერესებთ უბრალოდ ჩვენ როგორ ვხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს. დეტალებში ახლა არ წავალ. ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არის ჩამოსული და ჩართული არის ამ მოლაპარაკებებში, მე პირადად მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ. დრო არის ძალიან ცოტა, ფაქტობრივად ორი დღე გვაქვს, რადგან ორშაბათს უკვე მიფრინავს. დღეს და ხვალ უნდა მოვასწროთ რაღაცაზე შეთანხმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

45 ქვეყანა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ათეულობით სახელმწიფო რუსეთს მოუწოდებს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. 45 სახელმწიფო რუსი ოპოზიციონერის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევს და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებას მოითხოვენ. ათეულობით ქვეყნის ერთობლივი განცხადება, ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოში პოლონეთის წარმომადგენელმა წაიკითხა. მათი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ მიუღებელი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო. განცხადებაში, შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავების გამო. „მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი და ყველა უკანონოდ ან თვითნებურად დაკავებული, მათ შორის ისინი, ვინც დააკავეს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებების განხორციელებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფოების განცხადებაში. ალექსეი ნავალნის მოწამვლის და უკანონოდ დაკავების გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციებიც დაუწესა.

15 მარტიდან ფიტნეს ცენტრები გაიხსნება

ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს, როგორც აქამდე იყო დაანონსებული. „დღეიდან შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ-მოლები, არასასურსათო ობიექტები და ბაზრობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ ობიექტებში. გარდა ამისა, შაბათ-კვირა არის ტრადიციულად შოპინგის დრო და ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გაზრდის როგორც ვაჭრობის სექტორის შემოსავლებს, ასევე ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ აუცილებელი ნივთები შევიძინოთ ჩვენთვის მისაღებ და სასურველ დროს. გარდა ამისა, ორშაბათიდან მუშაობას იწყებენ ფიტნეს ცენტრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებთან უნდა დაიბრუნონ ჩვეული ფიზიკური ფორმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის თანახმად, დღეიდან მუშაობა განაახლეს არასასურსათო საცალო ვაჭრობის ობიექტებმა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, ხოლო სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა. „დაპირებისამებრ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გატანილ იქნა აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 13:46 საათზე დაფიქსირდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ვაქცინაციის მსურველები ვებ-პორტალ Booking.moh.gov.ge -ზე შეძლებენ დარეგისტრირებას

გამოქვეყნდა ვებგვერდის მისამართი, სადაც მოსახლეობა ვაქცინაციის მიზნით დარეგისტრირებას შეძლებს. ვებგვერდზე - Booking.moh.gov.ge შესვლის შემდეგ დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი ადგილი უნდა მიუთითოს და ვაქცინაციის ჩასატარებლად ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება შეარჩიოს. პირველ ეტაპზე საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ, რადგან ვაქცინების პირველი დოზა სამედიცინო პერსონალზე განაწილდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.

ვაქცინა არის უფასო და ყველა პროცედურას სახელმწიფო აფინანსებს - ამირან გამყრელიძე

"ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აცრის ბარათში მითითებული იქნება მეორედ დოზის გასაკეთებლად როდის უნდა მივიდეს ადამიანი. „ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო, როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს. უკვე აღვნიშნე, ვაქცინა ორ დოზიანია და ბარათში მიუთითებენ მეორედ როდის უნდა მობრძანდეს ადამიანი ასაცრელად. რადგან პირველ ეტაპზე ჩემი კოლეგები, მედიცინის მუშაკები იცრებიან, კიდევ ერთხელ მივმართავ და ვთხოვ ყველას, რომ მაგალითი მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. რამდენად მობილიზებული იქნება სამედიცინო სფერო ამ მნიშვნელოვანი პროცესის ქვეყანაში განსახორციელებლად, რომელმაც უნდა დაამთავროს ჩვენთან ეპიდემია და მთელ მსოფლიოში პანდემია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის პლატფორმაზე პირველი 73 წლის ექიმი თამარ გიორგაძე დარეგისტრირდა

ვაქცინის გაკეთების მიზნით, 75 ათასამდე ექიმი და სამედიცინო პერსონალი წინასწარ დარეგისტრირდა სპეციალურ ვებ-პორტალზე. რიგების მართვის პორტალი ახლა ჩაირთო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ცნობით, კოვიდ ვაცქინით ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვინც აიცრება 73 წლის თამარ გიორგაძეა, რომელიც 40 წელზე მეტია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს და ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებული თანამშრომელი. "თამარ გიორგაძე 73 წლისაა და ამბობს, რომ აცრით სხვებს მაგალითს აძლევს. 13 და 14 მარტს საქართველოში შემოსული 43 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა ჩავა ყველა რეგიონულ ცენტრში, სადაც დაცულია ე.წ. ცივი ჯაჭვის სისტემა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. დღეს დილით, საქართველოში AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სპეციალურ მაცივრებში უკვე დააბინავა.

ეკატერინე ტიკარაძე: თუ ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ AstraZeneca-ს გამოყენება უნდა შეჩერდეს, საქართველოც შეაჩერებს

"თუ ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ AstraZeneca-ს გამოყენება უნდა შეჩერდეს, საქართველოც შეაჩერებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში შემოსულ AstraZeneca-ს ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. „რაც შეეხება AstraZeneca-ს მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგებლებთან. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ვაქცინებს გააჩნიათ სერიული ნომრები, საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს AstraZeneca-თი ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის, ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”, - განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კიდევ ერთი, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, საქართველოში, თბილისის დროით 14:55 საათზე, ონთან, იმავე ეპიცენტრულ ზონაში, (13:46 სააათის ონის მიწისძვრის ეპიცენტრი), 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იფნრომაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.