ძებნის რეზულტატი:
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის
მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში, მან ხაზი გაუსვა მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. „მოლდოვის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდგომ წინსვლას თავისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტებს მოქალაქეებისთვის. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მზადყოფნა ჩვენს მთავრობებს შორის დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია მოლდოვეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და განმტკიცება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნავს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.
შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. გი პარმელენი ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას თქვენი საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, ასევე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. შვეიცარიას და საქართველოს აქვთ ახლო ისტორიული კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მეგობრობასა და სამაგალითო ორმხრივ ურთიერთობებს. საერთო ღირებულებების საფუძველზე ჩვენ შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებით პროდუქტიული თანამშროლობა საკითხების ფართო სპექტრზე. ჩემი ქვეყანა ამაყობს, რომ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში. შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ჩვენი მეგობრობა და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
ომბუდსმენი "TV პირველის" საქმეზე: სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. "2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნებართვა გასცა საგამოძიებო ორგანოს მიერ ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩასატარებლად, რათა გამოძიებამ მოიპოვოს ტელეკომპანიისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი ან სხვა შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მოწყობილობა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მოპოვებულია ჟურნალისტის კონფიდენციალური წყაროს გამოყენებით. ჟურნალისტის უფლება, არ დაასახელოს წყარო და არ გადასცეს გამოძიებას პროფესიული საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, პირველ რიგში, დაცულია შიდა კანონმდებლობით. მასმედიაში ჩხრეკა-ამოღების განხორციელება დაშვებულია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა „არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, [..] უფლების ხელყოფას“. სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ძირითადი პრივილეგიის დარღვევაა. კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესად აღიქვამს. ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში - სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. თბილისის საქალაქო სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, განჩინების აღსრულება ხომ არ გამოიწვევდა ჟურნალისტის ხელთ არსებული სხვა წყაროს ვინაობის გამჟღავნებას, რაც მეათე მუხლის დარღვევის დამატებითი საფუძველია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი: ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის გაცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დეფინფორმაციის გავრცელება კონტრპროდუქტიულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულნი და შტატები აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამის შესახებ მან კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა. „ვიზიარებ კონგრესმენების შეშფოთებას ვაქცინების შესახებ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე, რასაც მათ შორის რუსეთიც აკეთებს. ეს ძალიან სახიფათო და საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დეზინფორმაციულ კამპანიაშია ჩართული, რადგან ისინიც ვერ იქნებიან დაცული, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრას არ გაიკეთებს. ჩვენ ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ და მკაფიო განცხადებები გავაკეთოთ, როდესაც ვნახავთ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, განზრახული გვაქვს გავაძლიეროთ მხარდაჭერა
,,განზრახული გვაქვს, გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკის მიმართულებით", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა. მისი თქმით, შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. ,,მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და ვაპირებთ გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა, უსაფრთხოების თუ ეკონომიკის საკითხებსა და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ბლინკენმა.
IRI-მ 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიის ანგარიში გამოაქვეყნა
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისიის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ცხადყოფს არჩევნებში მოსახლეობის გაზრდილ მონაწილეობას და რეფორმების გაგრძელების საჭიროებას. IRI-ს ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. შესაბამისი ტექსტი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა. "2020 წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა არჩვენებში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა“. აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი. "მისიის განმავლობაში, ანალიტიკოსები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით ხვდებოდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციას. საბოლოო ჯამში, ინსტიტუტმა შეაფასა საარჩევნო პროცესი და აღნიშნა რომ ის, ძირითადად მშვიდობიანი, კონკურენტული, პოლიტიკურად უფრო მრავალფეროვანი და გამჭვირვალე იყო, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნები. IRI-ს გუნდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ COVID19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის. გარდა ამისა, მართალია, 2016 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობამ საგრძნობლად იმატა, მაგრამ საარჩევნო პროცესში სხვა დარღვევებიც გამოჩნდა. მისია მოუწოდებს ქართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქო: სიცრუეა, თითქოს სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ
საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ და განცახდებას ავრცელებს. "დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა ქალაქ მცხეთის სამღვდელოებას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ საჯარო სივრცეში გაჟღერებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოს წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას. საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ამ ინფორმაციას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამგვარი სიცრუის გავრცელება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა წმინდა ქალაქ მცხეთისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდს - ქალაქის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს და, ცილისმწამებლების წარმოდგენით, უკავშირდება ამ პროექტის ზოგიერთ ქალაქგეგმარებითს გადაწყვეტას. ამასთან, ამგვარი ან მსგავსი პროვოკაციული ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს ეკლესიის მხრიდან მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პირადი გასაუბრების მეშვეობით, ისე ფოტო ან ვიდეომასალის მოწოდებით), რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთ ფაქტებთან", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„TV პირველთან“ დაკავშირებით ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ოპოზიციური პარტიები „TV პირველთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშულია, რომ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს, როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს „ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით. რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა, ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოჰგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. „TV პირველმა“, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ „ლელო“ „თავისუფალი საქართველო“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ტრიბუნა“ „სახელმწიფო ხალხისათვის“ „რესპუბლიკური პარტია“ „პროგრესი და თავისუფლება“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ „თავისუფალი დემოკრატები“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ მოძრაობა „დროა“ „გამარჯვებული საქართველო“ „ევროპული დემოკრატები“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „ლეიბორისტული პარტია“ „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ „ემსახურე საქართველოს“ ირაკლი ღლონტი ცნობისთვის, დღეს სასამართლომ პროკურატურას ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.
საერთაშორისო გამჭირვალობა: სასამართლოს განჩინება „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ,,TV პირველთან" დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას საშიში პრეცედენტად მიიჩნევს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განჩინება „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას „TV პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩვენების შემდეგ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლება მისცა. აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს. საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა. ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს სასამართლომ პროკურატურას ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.
თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 15 მარტიდან, ქვეყანაში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო იქნება. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. ,,საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის რიგი წესები და პირობები: 15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი.ამასთან, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. ,,HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. გამოცემის ინფორმაციით, Johnson & Johnson გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ. კომპანია Janssen-ის მიერ შემქნილი ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო. ევროკავშირმა უკვე უზრუნველყო ვაქცინის 400 მილიონი დოზა, რომელიც EMA– ის მიმოხილვაში იყო 2020 წლის დეკემბრიდან. გლობალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19-ის სხვადასხვა შტამების პრევენციისთვის ვაქცინას 66%-იანი ეფექტურობა აქვს, მძიმე ინფექციების განვითარებისგან ადამიანების დასაცავად კი 85%-ით ეფექტურია.
მამუკა მდინარაძე: IRI-ს შეფასება ადასტურებს, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ყველაზე თავისუფალი იყო
,,საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის ანგარიშმა დაადასტურა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა", - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშმა კიდევ ცხადჰყო, რომ ოქტომბრის არჩევნები ყველაზე დემოკრატიულად ჩატარდა, „IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე. ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკო-მ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. „რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ – სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისიის ანგარიში გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
,,TV პირველის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას. ცნობისთვის, 10 მარტს, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ. მისი განმარტებით, ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში. სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილი სრულ უპირატესობას ფლობდა და ფედერერს პარტია ისე მოუგო, რომ შვეიცარიელმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ქართველმა პირველი ბრეიკი მატჩში მეორე გეიმში შეასრულა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილი ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოვიდა – 0:40-დან მოიგო საკუთარი მოწოდება. მეექვსე გეიმში ნიკამ სეტში მეორე ბრეიკიც აიღო და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მესამე სეტში მეტოქეები დიდი ხანი ვერ მიდიოდნენ ბრეიკ-პოინტამდე და დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. ნავსი ბასილაშვილმა გატეხა, როცა მეშვიდე გეიმში ერთბაშად სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება. უწყების ინფორმაციით, კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ,,ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2021 წლის 9-11 მარტის სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა. კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი (მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება) დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ივანე მერაბიშვილს სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი. 2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო დასკვნების მიღება. კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, რაზეც კონსულტაციები გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.კომიტეტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეფუძნოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდას.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მეთიუ ბრაიზა: ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად დავეხმაროთ საქართველოს, შეაჩეროს პოლარიზაცია, რომელიც უფრო ღრმავდება
,"ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მეტად დავეხმაროთ პოლარიზაციის შესაჩერებლად, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე - ,,სამხრეთ კავკასია და დასავლეთი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს, რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სხვა მდგომარეობა აქვს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანამშემწე ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩასვლა დიდი დახმარებაა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესაჩერებლად. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მეტად დავეხმაროთ პოლარიზაციის შესაჩერებლად, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება. კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შესანიშნავია სიგნალია. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩასვლა დიდი დახმარებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ბრაიზამ სიტყვით გამოსვლისას ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა ,,ერთიანი ნაციონალური ლიდერის" ნიკა მელიას დაკავებაზე. მისი თქმით, ეს იყო მოულოდნელი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და პოლიტიკური ვითარების დეესკალაციას არ ემსახურებოდა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის პროგრესისათვის აუცილებელია ინსტიტუტებს შორის ბალანსი და საქართველოს ტრანსატლანტიკური კურსის გასაღრმავებლად საჭიროა მეტი გზავნილები.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ე.წ სამაშველო გეგმას ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1,9 ტრილიონ დოლარიანი სტიმულირების გეგმას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ცნობისთვის, კონგრესმა ამერიკის ე.წ სამაშველო გეგმა გუშინ დაამტკიცა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკას ნახტომისებურად წაწევს წინ, პანდემიას გაუმკლავდება და თითოეულ ამერიკელს დაეხმარება. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა. $25 მილიარდი რესტორნებს, $170 მილიარდი სკოლებს - ამავე თემაზე რას მოიცავს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი აშშ-ის სენატმა კოვიდპანდემიის პირობებში ეკონომიკის დახმარების გეგმა დაამტკიცა
Forbes - ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა
ბიზნესმენისა და პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და ის ამჟამად 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, 2020 წლის იანვარში ივანიშვილიმა განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის "მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა" დანარჩენ ქონებას კი მის საკუთრებაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. მან ისიც განაცხადა, რომ Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებები რეალობისგან განსხვავდებოდა.
ლუკ კოფი: კარგი იქნებოდა, თუკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩავიდოდა და მხარეებს კომპრომისის მოძებნაში დაეხმარებოდა
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ეწვევა და მხარეებს კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება. როგორც კოფმა კონფერენციაზე ,,სამხრეთ კავკასია და დასავლეთი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთად და დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე. ,,საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთობლივად უნდა დაეხმარონ. კარგი იქნებოდა, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში ჩავიდოდა და მხარეებს კომპრომისის მოძებნაში დაეხმარებოდა. ეს ყოველივე კი, სიტუაციას ჩვეულებრივ, ნორმალურ კალპოტში დააბრუნებდა", - განაცხადა კოფმა.
კრისტიან დანიელსონი კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე, ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „ის იქნება სამი ინტენსიური დღე და მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ელის. ამის შესახებ დანიელსონმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. „ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, - განაცხადა დანიელსონმა. კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.