ძებნის რეზულტატი:
ეკონომიკის სამინისტრო "ნამახვანი ჰესის" მშენებლობის შეჩერებას უარყოფს
"ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე "ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს "ნამახვანი ჰესის" მშენებლობა შეჩერდა", - ამის შესახებ ინფომაციას ეკონომიკის სამინისტრი ავრცელებს. "განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები. ეკონომიკის მინისტრმა ასევე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდება. მმართველი გუნდიდან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა იმყოფებიან. ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში არ იქნება ჩართული
ვახუშტი მენაბდე: დანიელსონთან ვადამდელ არჩევნებზე არ გვისაუბრია, რადგან ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია და პოლარიზაციისგან ვერ დაგვაზღვევს
“ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება მყარი და წინდახედული ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისა და პრობლემებისგან, რომლებიც ახლა არის“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, არასამთავრობოს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კრისტიან ანდერსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. „ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში. ჩვენ რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, „საიას“ სახელით მე ელჩებსა და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოში არსებობს. ეს არის პოლარიზაცია და ის გზები, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია. ერთ-ერთი ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნაში. ასევე საარჩევნო სისტემა და თვითმმართველობის რეფორმა. კრიზისული პოლიტიკური სისტემა უნდა დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები. "კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვსაუბრობდით კონკრეტულ რეფორმებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია კრიზისის განსამუხტად, რომ ქვეყანა წინ წავიდე. იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს ეს დაპირისპირება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლოში, პროკურატურაში. აქ ერთი მხრივ საუბარია, როგორ განიმუხტოს კრიზისი და მეორე მხრივ, როგორ მიგვყავს ქვეყანა წინ, ქვეყანა კი მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად წავა წინ“. „სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით, პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს.
საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა
ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე. პიტერ სიიარტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. "შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სატრანსპორტო კავშირებისა და ტურიზმის სფეროში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება ავიაკომპანია „ვიზეარის“ მზადყოფნას, აღადგინოს საერთაშორისო რეისები საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. პიტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრი, მისთვის ხელსაყრელ დროს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. საუბრისას განიხილეს COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები და ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს და აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებსა და უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის საჭირო დოზები მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა განათლება. მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და უნგრეთს შორის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეთანხმებები, რომლებსაც შეხვედრის შემდეგ ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ მოაწერეს, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. საქართველოს მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას - განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), ხოლო უნგრეთის მხარიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი განახორციელებს", - ნათქვამია ადინისტრაციის მიერ გავრცელებ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და COVID-19 პანდემიაზე ისაუბრა. ,,დიდებული შეხვედრა გაიმართა თურქეთის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და COVID-19 პანდემიაზე. ჩვენი ერთობლივი რეგიონული პროექტების წარმატება არის ჩვენი ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება", - წერს ღარიბაშვილი Twitter-ში.
UNICEF: ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას
საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადებას UNICEF ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველო COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით მიიღებს. "გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა", - ნათქვამია განცხადებაში. UNICEF-ის განცხადებით, ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს. ”დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ველოდებით COVID-19 ვაქცინების პირველ პარტიას. გაეროს ბავშვთა ფონდი,ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ერთად (GAVI) მოხარული არიან, დაეხმარონ საქართველოს მთავრობას COVID-19-ის ვაქცინის შეძენაში. წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის და სხვა დაუცველი ჯგუფების იმუნიზაცია საშუალებას მოგვცემს, თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურებების მიღება. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება”, - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსიმ. საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, არასამთავრობოს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია განიხილავს ყველა რაციონალურ წინადადებას, რომელსაც დიალოგის ფორმატში მოისმენენ. კობახიძე ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც დანიელსონის ვიზიტი დასრულდება, საზოგადოება მოლაპარაკებების მეტი დეტალის შესახებ გაიგებს. ,,მადლობა ევროკავშირის პრეზიდენტს, ასევე ბატონ კრისტიან დანიელსოს, რომ ჩამოვიდა საქართველოში და მიზანი აქვს, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას. იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ,,ქართული ოცნება" როგორც კონსტრუქციული ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს. რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმება გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რომ ამ დეტალებზე ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერცერთი განცხადება. დიალოგი უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი, მანამდე დეტალებთან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთდება. საზოგადოება ელოდება პასუხს დიდი ხანია და დღესაც ალბათ დაგვაცნიან, ამის შემდეგ საზოგადოებას უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ იმასთან დაკავშირებით თუ რაიყო მხარეების პოზიცია და როგორ დასრულდა. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ, ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნება" ამ პასუხისმგებლობებით იმოქმედებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს.
არჩილ თალაკვაძე: დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები
„დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები", - ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრა მშვიდი და საქმიანი იყო. „ეს იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიან პირობებზე შევთანხმდებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როდესაც რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, რომელიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობს, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, თუ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ამომრჩეველთა ინტერესები იქნება დაცული, გადავდგამთ ნაბიჯებს შეთანხმებისკენ. ვფიქრობ, რომ ასეთია ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი. ცდროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. როგორც მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომელიც არსებობს, და გადავერთოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საკითხებიდან, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში. „ჩვენ მიგაჩნია, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში. დეტალებზე არ ვისაუბრებთ. არა იმიტომ, რომ არ გვაქვს პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, წინასაწრი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!
წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. დღეისთვის შეჩერებულია სამი დიდი ელექტროსადგურის ნენსკრა, ნამახვანჰესის და ხუდონჰესის მშენებლობა, რომლებიც ქვეყანის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდიდა და ექსპორტიორ ქვეყნადაც აქცევდა. თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის საპირწონედ დგას სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ დაყენება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, უნიკალური მიკროკლიმატური ზონების შეცვლა და რაც მთავარია ჰესის, წყალსაცავის უსაფრთხოება წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მიმართ მოსახლეობის და გარემოს დამცველების აღნიშნული შიშები გამოწვეულია სახელმწიფო კვლევითი და საექსპერტიზო ინსტანციების მუშაობის ხარისხის მიმართ, უნდობლობით. ასევე სხვა ახალ აშენებულ ჰესებზე მომხდარი ავარიებით. რა ენერგო პოტენციალი აქვს საქართველოს? ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ამ სიტუაციიდან სად არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა დიდი ჰესების უსაფრთხოდ აშენება და ამისთვის რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime ენერგეტიკის აკადემიის წევრს პაატა ცინცაძეს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატური თანხა იხარჯება ნამახვანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე? პროექტის ხარჯების შემცირება, ხომ არ ხდება პროექტის უსაფრთხოების ხარჯზე? ასეთი დიდი ნაგებობის უსაფრთხოება განისაზღვრება სამ ეტაპზე. პირველი - ეს არის პროექტირების სტადია, რომელიც უნდა გაკეთდეს აუცილებლად მაღალ დონეზე. მეორე არის მშენებლობა, მესამე ეს არის ექსპლუატაციის პერიოდი. როცა უკვე ჰესი მუშაობს. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაღალი კაშხლების ასოციაცია ICOLD, შვეიცარიაში აქვს შტაბბინა. მათი მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ყველაზე ხშირად, ჰიდროსადგურებზე ავარიები ხდება პირველ 3-5 წლიან ინტერვალში. ამ ვადაში გამოჩნდება ხოლმე პროექტირებისას და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები. შემდეგ, 50 წელი ძალიან იშვიათობაა ავარიები და 50 წლის შემდეგ, ისევ ჩნდება ავარიების საშიშროება იმიტომ, რომ აქ უკვე იწყება გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების ე.წ დაღლილობა, დაძველება და ამან შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე ავარია. თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს. დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, ასეთ პროექტებზე ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში. _მიზეზი რა არის? შესაბამისი სამსახურების არარსებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თუ კიდევ სხვა სახის დამატებით პრობლემებთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაციის საკმარისი კადრები არ გვყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ, როცა გავაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა 1987 წელს და გახარებულები ვიყავით ამით, ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი მიღწევა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხუდონის მშენებლობა იცით როგორ იყო დაგეგმილი? ენგურჰესის მშენებლობა 1983 წელს დამთავრდა. ენგურჰესზე ჩამოყალიბდა ჰიდროტექნიკური მშენებლობის უზარმაზარი სკოლა. 15-18 წელი შენდებოდა ენგურჰესი და ინჟინრების, მშნებლების და ტექნიკური პერსონალის მთელი თაობები გაიზარდა. ამის გარდა, გაჩნდა უზარმაზარი სამშენებლო ბაზა და ტექნიკა. ხუდონჰესის გაჩერებასთან ერთად ეს ყველაფერი ჩვენ მოვკალით. ჩვენი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი. ისეთი საქმე გავაკეთეთ, მტერს რომ მოესურვებინა ის ვერ დაგვიშავებდა ამდენს. ხუდონჰესს 1.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა. ამით არსებულ დეფიციტს შევავსებდით, ხუდონს კიდევ დამატებით სხვა, ძალიან ბევრი პლიუსი ჰქონდა. მისი აშენების შემდეგ, ენეგურჰესზეც გავზრდიდით წარმოებას. ენგურჰესის წყალსაცავი ილამება. ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესის ექსპლუატაციის პერიოდი დაახლოებით 100 წლით გაიზრდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობა 2 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზარდა. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევუწყვეტთ ელექტროენერგიის მიწოდებას და ამაში ხუდონჰესს განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ერთი სიტყვით ხუდონჰესის გაჩერება იყო მომაკვდინებელი დარტყმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რომლის ნაყოფსაც ახლა ვიმკით. ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების რეალური შესაძლებლობა არსებობს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაკეთდება. სჯობს ადრე გაკეთდეს. ნამახვანსაც იგივე ეხება. ორივეს აშენება, რა თქმა უნდა შეიძლება. უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ პროექტების ექსპერტიზის და მშენებლობის ზედამხედველობა თანამედროვე სისტემა გამართული და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. _ახლა რა ხარისხის პროექტიც არის და რა დონის ექსპერტიზა, ზედამხვედველობის სისტემა, ამ მოცემულობით რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანჰესის აშენება? ჰესის მშენებლობა სახლის მშენებლობას არ ჰგავს. პროექტირება ფაქტობრივად სრულდება, მაშინ როდესაც მშენებლობა სრულდება. მაგალითად, ენგურჰესზე მშენებლობის დროს, 200 კაცი მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, რომელიც იყო განთავსებული ენგურზე. მშენებლობის მიმდინარეობისას პერიოდულად ცვლილებები შედიოდა პროექტში, ანუ პროექტირება მშენებლობის დროსაც გრძელდება. ამიტომ, დღევანდელი მონაცემებით კი ბატონო, შეიძლება მშენებლობის დაწყება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს. _ერთ-ერთ ექსპერტის მოსაზრება იყო, რომ თუ არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება გარკვეული მოცულობის თანხა, აქამდე წარმოებული ენერგიის 20-25 პროცენტამდე გაზრდა შესაძლებელია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას, რამდენად რეალისტურ გათვლებს ეფუძნება და განსახორციელებლად რამდენად რეალისტურია? რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომც მოხდეს, 25 პროცენტით მაინც ვერ გაიზრდება. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, მაგალითად ლაჯანურჰესის წყალსაცავი რომ გავასუფთაოთ, რომელიც დალამულია. კატასტროფულად ძვირი დაჯდება. ძალიან რთულად განსახორციელებელი საქმეა. გაწმენდა ასე იოლად არ ხდება. სად უნდა წავიღოთ ამდენი ლამი და ქვიშა, მაგაზე ვინმე პასუხს გვეუბნება? რა არის გასაკეთებელი, სად არის ეს რეზერვი, რომელ ჰესზე? თუ საუბრობენ კონკრეტულადაც უნდა თქვან. ენგურჰესის რეაბილიტაცია ახლა კეთდება. გვირაბიდან წყლის გაჟონვის გამო დაახლოებიტ 300 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იკარგებოდა. იმედია რეაბილიტაცია სწორად ჩატარდება და 300 მილიონ კილოვატ საათს დავიმატებთ. სამწუხაროდ 300 მილიონი, ჩვენი ჯამური წარმოების ელექტროენერგიის 3 პროცენტიც არ არის. არავითარი რეაბილიტაცია ამას არ უშველის. ის ელექტროენერგია, რაც დღეს გვაკლია, მთლიანად, რეაბილიტაციის ხარჯზე რომ დავფაროთ, შეუძლებელია. _რაც შეეხება ნამახვანჰესს, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიშები ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების კუთხით და მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით? რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს მოსახლეობა და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები? ახლა ნამახვან ჰესზეა საუბარი, თორემ ყველაფერი დაიწყო ხუდონიდან. როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ჰესები უნდა ავაშენოთ, ამის ქვეშ ხშირად არის საუბარი, რომ მოდი მცირე ჰესები ავაშენოთ, 13 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურებზეა საუბარი. ასევე საშუალო სიმძლავრის 50 მეგავატამდე სადგურებზე. მცირე და საშუალო სიმძლავრის სადგურებს წყალსაცავები არ სჭირდება. წყალსაცავი სჭირდება დიდ ჰესებს. ჩვენი მდინარეები არის სეზონური. ზაფხულში ბევრი წყალია, ზამთარში ცოტა. ბევრ წყალს ვკარგავთ. წყალსაცავი საჭიროა სწორედ იმისთვის რომ ზამთრისთვის მოხდეს დაგროვება და ზამთარში ამ წყლის მარაგის გამოყენება. აქ არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, ავაშენოთ წყალსაცავიანი ჰესები და ზაფხულში მდინარეების ჭარბნადენი დავაგროვოთ, ამ წყალსაცავებში. შემდეგ გავხარჯოთ ეს ენერგია ზამთარში, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდეს. დღევანდელი მონაცემებით, იმპორტს ვახორციელებთ წელიწადში 9 თვე. ასეთი მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვს. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, ადაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. მისი თითქმის ნახევა რი ამ ორ მდინარეზე . ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას. ევროკავშირის „ენერჯი კომუნითის“, წევრი საქართველო 2016 წელს გახდა. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენერგეტიკა შევიდა ევროკავშირში. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, რომელსაც „ენერჯი კომუნითი“ ითხოვს წევრებისგან. პირველ რიგში ეს არის ელექტროენერგისს ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენტული გარემოს შექმნა, სექტორში და თვითკმარი ენერგეტიკული სექტორის არსებობა. არავის არ უნდა მიიღოს ისეთი წევრი რომელიც, ასე ვთქვათ იქნება ევროკავშირის სარჩენი. მით უმეტეს წევრი, რომელიც ენერგეტიკულად არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ჩვენ ელექტროგადამცემი ხაზებით პირდაპირ დაკავშირებული არ ვართ ევროკავშირთან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. _რატომ ვერ ხერხდება ამ ელექტროგადამცემი ხაზების აშენება, თანხების გამო, თუ თვითონ ევროკავშირიც არ აქტიურობს ამ კუთხით და მისთვის სტრატეგიული ღირებულება არ აქვს? როგორც ნავთობ და გაზსადენებზე მოხდა, უცხოური ინვესტიციებით, მშენებლობა, ელექტროენერგიის დერეფნის კუთხით რატომ ვერ ხერხდება? ასეთი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ჩვენ ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანას არ ვესაზღვრებით. ერთი, ძალიან რთული გზაა თურქეთის გავლით შევძლოთ ევროპის ბაზარზე გასვლა, რასაც თურქეთი კატეგორიულად ეწინააღდეგება. მეორე გზა არის შავი ზღვის ფსკერზე, სადენების გაყვანა, რაც ასევე ძალიან ძვირი და ძალიან რთული პროექტია. რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინახავენ რომ საქართველოში ამისთვის რამე კეთდება. ჩვენ 30 წელია არაფერი ახალი არ აგვიშენებია. ჰესებს ვგულისხმობ, მწვანე ენერგიაზეა აქ საუბარი. მათ არ სჭირდებათ თბოსადგურების საშუალებით მიღებული ელექტროენერგია. თუ იქნება წარმოებული დიდი რაოდენობის მწვანე ენერგია, რომელიც შიდა ბაზარსაც დააკმაყოფილებს და ექსპორტის საშუალებაც იქნება, ამ შემთხვევაში ამ საკითხის დასმა შეიძლება. მაგრამ ახლა ევროკავშირში ხედავენ, რომ საქართველო ორ მეგავატიანი სადგურის აშენებასაც ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ ქსელის აგების პროექტიც დღის წესრიგში არ დგას. რისთვის უნდა აშენდეს? თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენ საზრუნავი არ გახდეს. _თუ ელექტროგადამცემი ხაზით ვერ ვუკავშირდებით ევროპას და თურქეთსაც ვკარგავთ, როგორც ელექტროენერგიის პოტენციურ შემსყიდველს, საქართველოში დიდი ჰესების აშენება კიდევ საჭირო ხდება? რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მხოლოდ თურქეთზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი. მოხმარება იზრდება, რა ვქნათ, ეს მოხმარება უნდა დავაკმაყოფილოთ, ან საკუთარი წყაროებიდან, ან ვიყიდოთ სხვა ქვეყნისგან. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს. არის კიდევ ერთი გზა, რომ თბოსადგურები ავაშენოთ, მაგრამ თბოსადგურების აშენების შემთხვევაში, გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, არსებობს, დამოკიდებულების ზრდა აზერბაიჯანზე. ჩვენ არ გვაქვს ეს გაზი და აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიტანოთ. ასე რომ, ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე.
გაუმართლებლად მიმაჩნია, ვაქცინირებულ ადამიანებს ქვეყნის შიგნით კოვიდრეგულაციების შემსუბუქების კუთხით რაიმე შეღავათი ჰქონდეთ - ბიძინა კულუმბეგოვი
უნდა სარგებლობდნენ თუ არა კორონავირუსზე ვაქცინირებული ადამიანები რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან რაიმე სხვა აქტივობის კუთხით შეღავათებით, ამ თემაზე Europetime-ის შეკითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხ. კითხვაზე რიგ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათები არსებობს, რამდენად რელევანტურია მსგავსის არსებობა საქართველოში, კულუმბეგოვი გვპასუხობს, რომ მას რაიმე სახის პრივილეგიების არსებობა ქვეყნის შიგნით წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიაჩნია. ,,პრივილეგიებს სხვა ქვეყნები აწესებენ უფრო და საერთაშორისო მგზავრობას შეეხება, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს იქ უვიზო მიმოსვლა და ეს შეიძლება იყოს მწვანე ბარათი, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ. „ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია", - განაცხადა კულუმბეგოვმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა და საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.
თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე
„ენერგომომარაგების მიმართულებით, თურქეთი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა, თურქეთში რუსეთის მიერ ატომური ელექტრო სადგურის „აკუიუს“ მესამე ბლოკის მშენებლობის დაწყების ფაქტის შეფასებისას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის აშენების შემდეგ, თურქეთი გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და იმპორტს შეამცირებს, მისი ენერგოდამოუკიდებლობა ამით არ გაიზრდება. „პირიქით, უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე, რადგან სავარაუდოდ სადგურის მუშაობა, მთლიანად რუსეთის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ფინანსური ინტერესისა, რუსეთის მთავარი ინტერესი სწორედ ეს იყო. სადგურზე ატომური საწვავის, შეტან ,და ნარჩენების უტილიზაცია დიდი ალბათობით რუსეთის მიერ მოხდება. ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ენერგომომარაგების კუთხით, თურქეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე “, - განაცხადა პაატა ცინცაძემ. Europetime-თან საუბრისას, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი ასევე განმარტავს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის აშენებამ. პაატა ცინცაძის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად მილიარდ ნახევრამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. „უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს. ვიდრე ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა იყო და თურქეთი ჩვენგან ყიდულობდა ელექტროენერგიას. მაგრამ ბოლო წლებში, საქართველოში იმდენად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ტურიზმის განვითარების გამო, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ყველას მომსახურების სფეროს სჭირდება კონდიციონერი და სხვა სახის სერვისი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამიტომ, ელექტროენერგიის იმპორტი დავიწყეთ. ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს და ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. ინტერვიუ სრულად ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ - ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!
გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა
გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი. „მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია, გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაქცინის გაკეთების მსურველებმა აცრამდე სპეციალური კითხვარი უნდა შეავსონ
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე რამდენიმე საათი დარჩა. Astrazeneca-ს ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილით ელოდებიან. Сovid19-ის ვაქცინაციის დაწყებამდე უნდა გაიარონ თუ არა რაიმე სამედიცინო პროცედურა აცრის გაკეთების მსურველებმა, ამ და ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებით, Europetime-მა ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა. „საერთოდ, ვაქცინაცინაციასთან მიმართებით რაიმე წინასწარი გამოკვლევები არც ერთ ქვეყანაში არ კეთდება, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. ერთადერთი, რაც ვაქცინასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები და ა.შ. ამიტომ, აუცილებლობად მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ვაქცინას გაიკეთებს, ჯერ შეავსებს სპეციფიკურ კითხვარს, რომელსაც გააცნობენ: ალერგიის ანამნეზი ისტორიულად ხომ არ ჰქონდა რომელიმე წამალზე, მედიკამენტზე; ხომ არ გადაიტანა ეს დაავადება; რაიმე ქრონიკულ დაავადებას ხომ არ ატარებს, ან ახლა ხომ არ აქვს ამ დააავადების გამწვავება? ბუნებრივია, ეს კითხვები გათვალისწინებულია და არსებობს საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი (ქალბატონი მაია გოთუა და მეორე ავტორი მე ვარ), აქაც არის ეს კითხვარი მოცემული. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ტრენინგი ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ჩაატარებენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამიტომ, ეს ყველაფერი, რაც ხდება სტანდარტულად, ადამიანის ჯანმრთელობის გამოკითხვა აუცილებლად მოხდება, მექანიკურად ვაქცინა არავის არ გაუკეთდება“. _არიან თუ არა რაიმე რისკჯგუფები, რომლებისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის? ცალსახად, ვაქცინის ჩატარება არ ხდება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში არიან მცირე ასაკის, ანუ 18 წლამდე ბავშვები, ასევე, რომლებიც არიან ორსულობის სტადიაში. მათთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ გამოიყენება. ასევე, ალერგიის კუთხით არსებობს ასეთი წინაღობა, ვაქცინაში არსებობს შემავალი კომპონენტები, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი, თუ მათ მიმართ ადამიანს ანამნეზში დადგენილი ალერგია აქვს ალერგოლოგის მიერ, რადგანაც ვაქცინები ამ ნივთიერებებს შეიცავენ ასეთი პერსონებისთვის და პიროვნებებისთვის ვაქცინები არ შეიძლება. მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის ალერგია არ ჰქონია არასოდეს და ეს ვაქცინები ორდოზიანია და პირველ დოზაზე იქნება ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა ასეთ ადამიანებს პირველი დოზის ალერგიის შემთხვევაში აღარ გაუმეორდებათ. ჯერჯერობით, მხოლოდ ესენი არიან, ვისთვისაც არ შეიძლება - ასაკობრივი ჯგუფები, ორსულები და უკვე ცნობილი ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ვაქცინაში შედის. _რა რეკომენდაციებია გათვალისწინებული ვაქცინირებული ადამიანებისათვის, არის თუ არა რაიმე წესები, რაც ვაქცინაციის შემდეგ უნდა დაიცვან? არა, რაიმე წესები ვაქცინაციის შემდგომ არ არსებობს. ვაქცინაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ვაქცინაციის ადგილზე ტკივილი, შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე 2 ან 3 დღის განმავლობაში, ტემპერატურული რეაქცია საშუალოდ 10%-ს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათ ეძლევათ რეკომენდაციები როგორ მოიქცნენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გამოიყენონ. მეტი რეკომენდაცია არ არსებობს. _როგორც ვიცით, რიგ ვაქცინირებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებულებისთვის გარკვეული პრივილეგიები არსებობს, მაგალითად აშშ-ში, დახურულ სივრცეში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ პირბადე არ ატარონ? როგორ ფიქრობთ, საქართველოში ვაქცინირებულ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ თუ არა კოვიდრეგულაციების დაცვის კუთხით შეღავათები და რამდენად რეკომენდებულია მსგავსი ზომები? ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია.
პრეზიდენტი: ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას
„ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს, თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი - კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დღის ბოლოს, როცა პირველი რიგის შეხვედრები უკვე დასრულებულია, მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა დაწყებული პროცესის მნიშვნელობას და მადლობა მოვახსენო მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისათვის“, - სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები. ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული, როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე. არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არამხოლოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს“ სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7(7):6(3), 6:1 დაამარცხა. ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს სძლია. დოჰას ტურნირის ფინალი 14 მარტს, თბილისის დროით საათზე გაიმართება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ როჯერ ფედერერი დაამარცხა.
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს. გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას განცხადებით, ამჟამად ახალგაზრდების ხევიდან ამოყვანისა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. სახოკიას განმარტებით, რამდენიმე საათია, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რასაც რთული რელიეფი და ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ქარბუქისა და თოვლის მაღალი საფარის გამო ოპერაციაში ავიაცია ვერ ერთვება და მაშველებს ფეხით გადაადგილება უწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.
NATO-ს ხომალდი შავ ზღვაში შევიდა
NATO-ს ხომალდი შავ ზღვაში შევიდა. ბოსფორის სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სრუტეები ესპანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვილმა ფრეგატმა, „კრისტობალ კოლონმა“ გაიარა. ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეორე მუდმივი საზღვაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის.
ჯანმოს რეგიონული დირექტორი საქართველოსთვის ვაქცინების გაგზავნის პროცესს დაესწრო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინების გამოგზავნის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ევროპის რეგიონში საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც COVAX-ის პლატფორმით ვაქცინებს მიიღებს. UNICEF-ის წარმომადგენელს შევხვდი ზუსტად მაშინ, როდესაც მიწოდების დანაყოფი ვაქცინების პარტიის გაგზავნისთვის ემზადებდა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ. UNICEF-მა დღეს განაცხადა, რომ ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას.
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. ფოტოები UNICEFის წარმომადგენელემა გაავრცელა. მანამდე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი საქართველოსთვის ვაქცინების გაგზავნის პროცესს დაესწრო. UNICEF-მა დღეს განაცხადა, რომ ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. საქართველოში COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველ პარტია, 43 200 დოზით შემოვიდა. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება. „გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა", - ნათქვამია განცხადებაში. UNICEF-ის განცხადებით, ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს. ”დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. ველოდებით COVID-19 ვაქცინების პირველ პარტიას. გაეროს ბავშვთა ფონდი,ჩვენს პარტნიორებთან, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან ერთად (GAVI) მოხარული არიან, დაეხმარონ საქართველოს მთავრობას COVID-19-ის ვაქცინის შეძენაში. წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის და სხვა დაუცველი ჯგუფების იმუნიზაცია საშუალებას მოგვცემს, თანდათან დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურებების მიღება. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება”, - თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსიმ.
ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა
ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდ „შაჰრეკორდზე“ ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო კომპანიის პრესსპიკერის, ალი ღიასიანის განცხადებით, საკონტეინერო ხომალდი ირანიდან ევროპის მიმართულებით გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ეკიპაჟმა მალევე ჩააქრო. გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ გემის კორპუსი დაზიანდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.