ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება. პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ჯო ბაიდენი: 4 ივლისს ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ვირუსისგან დამოუკიდებლობის აღნიშვნას დავიწყებთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმით, 4 ივლისისთვის აშშ ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. როგორც ბაიდენმა Covid-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვისას განაცხადა, პირველი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ამ ხანგრძლივი რთული წლის შემდეგ, ეს დამოუკიდებლობის დღე იქნება ნამდვილად განსაკუთრებული, რა დროსაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ დავიწყებთ ამ ვირუსისგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღნიშვნას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება. პრემიერთან შეხვედრამდე იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლესი შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 332 ადამიანს დაუდასტურდა, 343 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 377 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 764, გარდაიცვალა 3 634 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,24%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1,49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1,72 %. 332 ახალი შემთხვევიდან 185, თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 656, აჭარაში - 134, იმერეთში - 258. მძიმე პაციენტი: 275. მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში - 20, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 75, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 8. 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში. 1 513 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245, ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 147, ხოლო აჭარაში - 17. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -23 601 პირი. ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 456 პირი, აჭარაში - 502, იმერეთში - 684.

პოლიტოლოგი: კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს და იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი, კრისტიან დანიელსონი, მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან. როგორც Europetime-ს კორნელი კაკაჩიამ განუცხადა, ის ფაქტი, რომ კრისტიან დანიელსონი შეარჩიეს მედიატორად, რომელიც კარგად ჩახედულია ჩვენი რეგიონის პოლიტიკაში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარმატებული მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. „თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და პანდემიით გამოწვეული გართულებები. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომელიც ეცდება ქვეყანა გამოიყვანოს ამ შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენ კიდევ, ჭრილობაზე მარილის მიმოყრასავით გამოგვდის. თუ ორივე მხრიდან იქნება კეთილი ნება, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი. ეს ჯერჯერობით არ ჩანს და ამიტომ ხდება ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმატებული მედიაცია, თვითონ ევროკავშირის ინტერესებში შედის, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ, ევროკავშირს რეგიონში თავისი შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია. როგორც Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, როდესაც დასავლეთი ფაქტობრივად არ მონაწილეობდა მიმდინარე მოვლენებში. „როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, თავისი როლის წარმოსაჩენად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება ევროკავშირსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება ორმხრივი უნდა იყოს. თუმცა, თვითონ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა საერთაშორისო მედიატორი მიიღებს. უბრალოდ, ისინი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელ პლატფორმას ქმნიან და ორივე მხარეს ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, მათ ნაცვლად ამას ვერავინ გადაწყვეტს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად დანიშნა. შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისს დღეს ეწვია. 2013 წელს დანიელსონი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

22 მარტს ევროკავშირი ჩინეთს, რუსეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანას სანქციებს დაუწესებს

22 მარტს ევროკავშირი ჩინეთისთვის, რუსეთისთვისა და სხვა სახელმწიფოებისთვის ადამიანების უფლებების დარღვევების გამო, სანქციების დაწესების საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას Euobserver-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკავშირი ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერიტრეას, ლიბიისა და სამხრეთ სუდანის მაღალჩინოსნებს დაუწესებს სანქციებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი მაღალჩინოსნები მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში. კონკრეტულად კი სანქციები შეეხება აქციების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს.

სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა, გამოსავლის მოსაძებნად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონს შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი ახლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

კრისტიან დანიელსონი: საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა, ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია. პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი ახლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ეფექტური იქნება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მოკლე დროში დასრულდება. როგორ ღარიბაშვილმა დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი აქვს და ,,ქართული ოცნება" მოლაპარაკებებში იქნება მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ,,როგორც მოგეხსნებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი იმყოფება ვიზიტით საქართველოში, პირველ რიგში მე მინდა გულწრფელი მადლიერებით ავღნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესებში. მოგეხსენებათ, რომ მისი ჩართულობა არ არის სისტემატიური და ხშირი შემთხვევა არაა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და სწორედ მისი ჩართულობა ევროკავშირის ინტერესს ადასტურებს ჩვენს მიმართ. ეს ხაზს უსვამს რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის , ეს რა თქმა უნდა არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი სახელმწიფოსადმი. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ჩვენ ასეთი პათოსით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით განმსჭვალულები უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს კიდევ ერთხელ მე მინდა სრული მზაობა დავადასტურო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთი ფორმატის ფარგლებში. ბატონი დანიელსონი არის გამოცდილი დიპლომატი, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ ველით ეს პროცესი ძალიან მოკლე დროში დასრულდება იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგისა და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია. მე პირადად ვარ დაზარალებული

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა. „რატომ მისმენდნენ მაშინ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. მაშინ არც პოლიტიკა არსებობდა, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს. ჩვენ, ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. სწორედ ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა და რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, გავრცელებულმა მასალამ დაადასტურა, რომ 11 წლის წინ ტოტალური მოსმენები მიმდინარეობდა. „მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე. კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას. რაც შეეხება თავად ამ საკითხს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმე არის ის, რომ ვიფიქრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ თავად ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ფაბრიკაცია ჩეულებრივი. საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის – მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის, არაერთი შეხვედრა მქონდა გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან, შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები თითქოს 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველმოკლებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში არ იქნება ჩართული

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში არ იქნება ჩართული. როგორც თავად მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ,,ქართული ოცნების" გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიალოგში მმართველი პარტიის მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან. „ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროკურატურა: მ.შ-მ საკუთარ ყალბ facebook ექაუნთს დაარქვა თამარ ბაჩალიაშვილის სახელი და პირად პროფილს ამ ექაუნთით სწერდა

საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე მ.შ-ს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება მტკიცებულებებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება. პროკურატურის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. "აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე.საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა. მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლის მიერ მ.შ. გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მას ჰქონდა სოციალურ ქსელ facebook-ის messenger-ით ურთიერთობა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. ასევე მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მ.შ.-მ დაადასტურა გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ როცა ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები დამზადებულია უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ.მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პრემიერი: ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღესაც

ნიკა მელიას შეუძლია გირაო გადაიხადოს და ნებისმიერ დღეს გამოვიდეს ციხიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რაც შეეხება ნიკა მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმერო, რომ პროკურატურამ გააკეთა ძალიან ნათელი და მკაფიო განმარტება, - ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს ან მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვლას დააკავა.

კახა კალაძე: მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება"  არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გამოაცხადებს

თბილისი მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად "ქართული ოცნება" მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად, ზურაბ პოლოლიკაშვილს დაასახელებს. კალაძის განმარტებით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და პარტია არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე დაასახელებს კანდიდატს. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ის მონაწილეობს კონსულტაციებში, რომელზეც თვითმმართველობის არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარეობს მსჯელობა. „არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე. თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები მაინც, როცა 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატი გინდა ოპოზიციის, გინდა მმართველი პარტიის მხრიდან?! რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ კონსულტაციებში, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნებიან საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატები სხვადასხვა რაიონებში, შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება იქნება პარტიაში მიღებული კანდიდატთან დაკავშირებით, ერთი თვით, თვენახევრით ადრე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კრისტიან დანიელსონი: ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. მისივე თქმით, ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება და ამიტომაც, მისი, როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის როლი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესს დაეხმაროს. ,,მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, მე უკვე რამდენჯერმე ვარ ამ ქვეყანასი ნამყოფი, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში. ახლა მე ვიმყოფები, როგორც შარლ მიშელის ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ , როგორც მისი პირადი წარმომადგენელი. ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგნელის როლი არის არის, რომ დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება, რომ ყველა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე მხარეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისათვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმართ ყურადღება აქვს გამახვილებული. აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, სამწუხაროდ, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკური მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ კომპრომისების სახით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლელად. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი როლი ისევე, როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის არის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ იპოვნონ ჩვენი დახმარებით გამოსავალი იმისათვის, რათან ამ სიტუაცია გაუმკლავდნენ და ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ", - განაცხადა დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

კრისტიან დანიელსონი: მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა

,,მთავრი პუნქტი, საიდანაც უნდა დაიწყოს პროცესი, არის მოსმენა", - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიასასუალებებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, შედეგი დადგეს, აუცილებელია ნაყოფიერი მუშაობა. „ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ. მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით უკვე შეხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – განაცხადა დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ამერიკის საელჩო ,,TV პირველზე": გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ,,TV პირველთან" დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საელჩო მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. ,,ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სასამართლომ პროკურატურას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. აღნიშნულ განჩინებას კი ტელეკომპანია გაასაჩივრებს.

მაია ბუწაშვილი: კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე კოვიდტესტირება საჭირო არ არის

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე რამდენიმე საათი დარჩა. საინტერესოა ქვეყანაში Сovid 19-ის ვაქცინაციის დაწყებამდე ვაქცინის ჩატარების მსურველებმა რაიმე სამედიცინო პროცედურა უნდა გაიარონ თუ არა. ამ კითხვით Europetime-მა ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს მიმართა. როგორც ბუწაშვილი აცხადებს, ვაქცინაციის ჩატარებამდე არანაირი სამედიცინო გამოკვლევა, ან პროცედურა არ არის საჭირო. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებამდე არანაირი სამედიცინო გამოკვლევა, ან პროცედურა საჭირო არ არის. ეს არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყანაში ტარდება. არ არსებობს ისეთი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციამდე რაიმე ტესტირება უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ კოვიდის ანტისხეულების არსებობა, ან არარსებობა, ან თუნდაც თვითონ კოვიდის არსებობის შემთხვევაშიც კი, რაიმე ისეთი გართულება არ არის მოსალოდნელი, ამიტომ, ეს გამოკვლევა არ არის პროტოკოლის ნაწილი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა და საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.

დავით ზალკალიანი: IRI-ს ანგარიში დასტურია იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, IRI-ს ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვები არ აქვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ზალკალიანი 11 მარტს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს და აცხადებს, რომ IRI-ს შეფასება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული და თავისუფალი არჩევნებია, სადაც დაცული იყო საერთაშორისო სტანდარტები. „ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები სათანადოდ არის შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“ -აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული არგუმენტები, რომელთაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ არ შევიდნენ პარლამენტში და ბოიკოტი გამოაცხადონ, არაა კავშირში არც საპარლამენტო არჩევნებთან, არც საერთაშორისო შეფასებებთან და ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან. უმჯობესია მათ გაითვალისწინონ როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ისე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ როგორც წინასწარი დასკვნა, ისე ოდირის საბოლოო დასკვნა იქნებოდა ისეთი, რომელიც მისცემდა შესაბამის შეფასებას ამ არჩევნებს, როგორც დემოკრატიულს, კონკურენტულს, სადაც დაცული იყო ყველა თავისუფლება,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. დავით ზალკალიანის თქმით, იმ ხარვეზების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბარია ეუთო/ოდირის დასკვნაში, უკვე გათვალისწინებულია, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსის ინიცირებით და საქართველოს დემოკრატიზაციის განვითარების გზაზე ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი.

ნათია თურნავა: კომპანია არ დაიწყებს ,,ნამახვან ჰესის" ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ ჩავატარებთ

,,შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ,,ნამახვან ჰესთან" დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი. „კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“,- განაცხადა თურნავამ.