ძებნის რეზულტატი:
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სავარაუდოდ, 14:00 საათზე შეხვდება. დანიელსონს დღეს უკვე შეხვდა აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1 842 ადამიანმა გაიკეთა
12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1 842 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 4 935 მედპერსონალი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს
კახეთის გზატკეცილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს. როგორც ცნობილია, გასროლა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა და ესროლეს პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანერს. ამ ეტაპისთვის სხვა დამატები ინფორმაცია უცნობია. ადგილზე ელოდებიან სამართალდამცველებს და უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია კამერებმა მოახერხა თუ არა სავარაუდო თავდამსხველის დაფიქსირება.
დავით ბაქრაძე: დღევანდელ მოლაპარაკებებში გიგა ბოკერია იქნება, არ მიმაჩნია სწორად, წარმოვადგენდე პარტიას, რომლის დატოვების შესახებ განვაცხადე
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ბაქრაძე აცხადებს, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე და მათი მოთხოვნაა, რომ პარტიიდან ერთი ადამიანი იყოს წარდგენილი, ამიტომაც ,,ევროპულ საქართველოს" გიგა ბოკერია წარმოადგენს. ბაქრაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ის მალე პარტიას დატოვებს. "მინდა წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს “ევროპული საქართველოს” ლიდერად დარჩენას. წარმატებულ მოლაპარაკებებს ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს და კოლეგებს. მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე ჩემს პოზიციებსა და შეფასებას აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას. აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პოლიტიკური და პიროვნული რესურსით ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინსვლა, დემოკრატია, სტაბილურობა და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს." - წერს ბაქრაძე Facebook-ზე.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAL COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და შინაგან საქმეთ სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. „ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. NATO-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.
პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს. განიხილეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე. შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული, ისე - უსაფრთხოების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება.დევიდ სასოლიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს.
ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. "მარინა კალიურანდმა პრემიერ-მინისტრს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წარმატებული შედეგები მიულოცა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მიმართოს ძალისხმევა, რათა პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და მიღწეული იყოს კონსენსუსი. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით იხელმძღვანელონ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთავის ციხესთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ციხესთან ავტოკოლონით მივიდნენ. დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პირველად შეძლეს ნიკა მელიას დანახვა. ნიკა მელია მიესალმა მხარდამჭერებს. მხარდამჭერება კი ის შეძახილებით გაამხნევეს. "მე დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე დატოვებს საკანს და ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომლის გამორჩეული ლიდერიც არის.", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, ნიკა მელია და გიორგი რურუა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.
პრემიერ-მინისტრი მარინა კალიურანდთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა. „შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდს შეხვდა
მარინა კალიურანდი: ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებასა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამომრჩევლის მიერ მიღებული მანდატით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა ისარგებლა. ამის შესახებ კალიურანდიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ჩემი მოწოდება ეხება ორივე მხარეს, რა თქმა უნდა ორივე მხარემ უნდა იპოვოს კომპრომისი. ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი. ასე რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი სურვილი, მანდატი მიანდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და დაიწყონ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობა. სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას არ უსარგებლია ამით, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიკავა ადგილი. ეს ადგილები არ არის შევსებული, როგორც ეს ქართველ ხალხს სურდა. კომპრომისები შესაძლოა გულისხმობდეს არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან. ვერ მოითხოვ დათმობას მხოლოდ ერთი მხრიდან. შეთანხმება არის კომპრომისი, კომპრომისი ზოგჯერ გულისხმობს არაპოპულარულ ნაბიჯებს, თუ ეს არის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესში. მე არ შევალ დეტალებში, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვურჩიო მხარეებს რამე კონკრეტული. ეს პოლიტიკურ ლიდერზეა დამოკიდებული, დაინახონ ის, როგორ და სად შეიძლება იყოს კომპრომისი. მიყვნენ მედიაციას და მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა კალიურანდმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს დღეს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე, სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. მისი თქმით დამატებით კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. „დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს დღეს , სავარაუდოდ, 16:00 საათზე შეხვდება.
ევროპარლამენტის მომხსენებელი: ევროკავშირის მედიაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდამ გახსნილი არ იქნება
ევროკავშირის მედიაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდამ გახსნილი არ იქნება", - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გააანალიზონ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მაშინ მათ მოუწევთ შემდეგი შესაძლებლობების ფანჯრის გამოჩენამდე ლოდინი. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გააანალიზოს სიტუაციის სირთულე. „ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მიშელი ჩაერთო პროცესში, დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდამ გახსნილი არ იქნება. საქართველოში პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გააანალიზონ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მაშინ მათ მოუწევთ შემდეგი შესაძლებლობების ფანჯრის გამოჩენამდე ლოდინი. შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი დანიელსონი თბილისშია და ამ მედიაციის უკან ევროპული სტრუქტურები და მათ შორის ევროპარლამენტი დგას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მიქსერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო რჩევაა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში
"საერთო რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ევროპარლამენტში ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა. მისი თქმით, შეხვედრისას გამოითქვა გამოკვეთილი პოზიცია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახოს საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. "დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს უკეთესი მომავლით. მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახოს საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტერთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული უკეთესი მომავლით ჩვენი ქვეყნის. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ, რაც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის. ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელზეც ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა იმ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ამ წუთებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. ხელისუფლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
თორნიკე შარაშენიძე: ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის მარცხად აღიქვა და არა კომპრომისის გზად
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და ყველა განცხადებაში, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ ეუთოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები საქართველოში, იყო თავისუფალი და კონკრენტუნარიანი. შეიცვალა თუ არა დასავლეთის საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება? რა ეტაპზეა ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებები და რამდენად რეალურია კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების პრორუსულობის საფრთხეებზე ალაპარაკდა, თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერას ასე ადვილად არ დაკარგავდა და მის დაბრუნებას შეეცდებოდა. შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების და ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, დღეს როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას? - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დასავლეთის მისკენ შემობრუნება. მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს არ იყო გასაკვირი, რადგან "ოცნებას" ჰყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც დასავლეთთან მუშაობა იცის. დიდი ხნის განმავლობაში, დასავლეთთან ურთიერთობაში, "ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აშკარად სჯობნიდნენ ახლა ეს მონოპოლია დაკარგეს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საპარლამენტო გუნდი გადაახალისა და ისეთი ხალხი შემოიკრიბა, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ბოლო მოვლენების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ძალიან გაუჭირდება დასავლეთში კიდევ ვინმეს დარწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. - ხელისუფლების მხრიდან, დასავლეთის კეთილგანწყობის დაბრუნება, ევროკავშირის მედიატორობით დაწყებული დიალოგის პროცესში გამოვლენილმა ფაქტორებმაც ხომ არ განაპირობა, შარლ მიშელის და კრისტიან დანიელსონის მხრიდან კონკრეტული გარემოებების საფუძვლიანად გაცნობამ, ოპოზიციისა და ხელისუფლების რეალური მოტივების გაგებამ? - ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ "ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია".. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. - მიმდინარე დიალოგის პროცესზე რა შეიძლება ითქვას? რა მოლოდინები გაქვთ? ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შეთანხმების მიღწევის რა პერსპექტივა იკვეთება? მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიწია. - დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა, რადგან მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია. ამას მოწმობს ის, რაც გუშინ მოხდა, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის დამარცხებად აღიქვა. - ბორელის განცხადებებზე გამოხმაურებას გულისხმობთ? - დიახ. ბორელის განცხადებები მათ აღიქვეს ისე, რომ „აი, ევროპამ ზურგი შეგვაქცია“. დღის ბოლოს ამას, ასეთი გიჟური განცხადებებიც მოჰყვა, თითქოს ევროპამ საქართველო რუსეთს გადააბარა. ეს პოზიცია კომპრომისად კი არ აღიქვეს, აღიქვეს ისე, რომ ევროპამ ხელისუფლების მხარე დაიჭირა. ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგა. ვერც შედგებოდა კომპრომისი, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომელიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა. - თუმცა, რაღაც მომენტში, როდესაც დანიელსონი ახალი ჩამოსული იყო, გიგა ბოკერიამ განაცხადა - "მზად ვართ პლებისციტი განვიხილოთ, თუ ყველა სხვა საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთო, გულისხმობდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, ასევე პატიმრების გათავისუფლებას". ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის კომპრომისის ნიშნები გაჩნდა, სხვა პარტიების განცხადებებშიც. -ძალიან ჭკვიანური იყო, ის რომ ბოკერიას პარტია მაინც წავიდა პლებისციტზე და მასზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა წამგებიანი. პლებისციტზე უარის თქმა ნიშნავს, ხალხის უზენაესი ნების გამოხატვაზე უარის თქმას. ჭკვიანურად მოიქცნენ, მაგრამ, რადგან არ ვიცით, მერე რა მოხდა შიგნით, მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ამაზე ვერ ვიმსჯელებ. - შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ, ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გავრცელდა, რადგან ოპოზიციაში კონკრეტულ ძალებს შეთანხმების მიღწევა არ სურთ და სხვა სცენარი ურჩევნიათ. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტებს? - აღნიშნული ფარული ჩანაწერების გავრცელება, აშკარად ემსახურებოდა ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ ბრალდებაშიც არის სიმართლის მარცვალი. - ამის გათვალისწინებით, შეიძლება იმის თქმა, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწონა ამ მოლაპარაკებების პროცესში სხვა პარტიების პოზიციები? - ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა და მთლიანდ ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი შეუძლია, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“. -რა რეკომენდაციას მისცემდით, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. თქვენი პირადი მოსაზრებით რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, ოპოზიცია, რა არის მნიშვნელოვანი, რისთვის უნდა იბრძოლოს? და ხელისუფლებამ რა უნდა დათმოს? რა იქნება უფრო სწორი, რეალისტური, პრაგმატული და გამართლებული? - აზრი არ აქვს, მე ან სხვა რას ურჩევს, იმიტომ, რომ ოპოზიციამ თავიდანვე დააწესა წითელი ხაზები დ აქედან გამომდინარე უჭირს მანევრირება. ასე რომ, მე რაც არ უნდა ვურჩიო და ვინც არ უნდა, რა გენიოსობაც არ უნდა მოიფიქროს ურჩიოს, არ გამოვა.
"არ იკვეთებოდა ჩივილი" - ჯანდაცვის სამინისტრო სასტუმრო „ანაკლიაში“ გალიდან გადმოყვანილი პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი შუახნის ქალის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება . ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქალს გადმოყვანის შემდეგ ელექტროკარდიოგრაფია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან "არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი". „16 მარტს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტით შუახნის ქალი გადმოიყვანეს. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია და შეფასდა მისი სასიცოცხლო პარამეტრები. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად, პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არ ჩათვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან რამე სახის ჩივილი არ იკვეთებოდა. ქალი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში - სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულ ბრიგადას შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტმა კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა კიბერდანაშაულზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას და მასთან დაკავშირებულ ინიაციატივებს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 76 ხმით მიიღეს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. “სისხლის სამართლის კოდექსს” ემატება ორი ახალი დანაშაული: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა. კანონის პროექტით, აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობა და სანქციები განისაზღვრება. კანონპროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული მუხლები უზრუნველყოფენ კანონმდებლობაში ისეთი დანაშაულების სრულყოფილად ასახვას, როგორიცაა კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა და კომპიუტერთან დაკავშირებული გაყალბება. მუხლი, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, დასჯად ქმედებად აცხადებს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმას, შეცვლას, წაშლას, დაფარვას ან/და კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევას თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარის ზევით მიყენებული ზიანი, ხოლო დიდ ოდენობად - 10 000 ლარის ზევით მიყენებული ზიანი. კანონპროექტის მიხედვით, ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემების მიღებას, მის ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, ან მის გასაღებას და გამოყენებას. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-წლამდე, ხოლო ჩადენილი არაერთგზის ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთით ვადოთ 3-დან 6-წლამდე.
ილია მეორე: მეორედ მოსვლა გარდაუვალია, ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათის ქადაგებისას მრევლს დიდი მარხვის დაწყება მიულოცა და განაცხადა, რომ "მეორედ მოსვლა გარდაუვალია, ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა". პატრიარქის თქმით, სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, აქვს კურთხევა რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ. "გილოცავთ დიდი მარხვის დასაწყისს. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ – ავადმყოფობა, ნაკლებობა. არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს თავის დასასრულს და გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ, ღვთის მადლი და ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება. ხშირად საუბრობენ, გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და ბოროტი ძალა უძლური იქნება. ამის შესახებ კარგად აქვს ნათქვამი პავლე მოციქულს. პავლე მოციქული სწერს ეპისტოლეს მოციქულ ტიმოთეს და მინდა, ახლა წავიკითხოთ ამ ეპისტოლის ერთი თავი. კარგად დავაკვირდეთ და შინაც წაიკითხეთ. აქ ბევრი საიდუმლო იქნება ახსნილი ჩვენთვის. ახლა მოვისმინოთ ეპისტოლე პავლე მოციქულისა ტიმოთეს მიმართ II, მე-3 თავი: 1. „ხოლო ეს იცოდე, რომ უკანასკნელ დღეთა დადგომისას მოიწევა ბოროტი ჟამი; 2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, დედ-მამის ურჩნი, უმადლონი უღირსნი, 3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, 4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო მეტად განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმერთისა, 5. მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი; მათგან შორს დაიჭირე თავი. 6. რადგანაც ამათთაგანი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში, და აცდუნებენ ცოდვით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; 7. ერთთავად რომ სწავლობენ, და ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენი უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას; გონებაგახრწნილი კაცნი, სარწმუნოებაში უმეცარნი; 9. მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ამათი უგუნურება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი. 10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, განზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთბინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითბინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტერში და ყველაფრისგან მიხსნა მე უფალმა. 12. და ყველა ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება აგრეთვე. 13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი უარესს მოიმოქმედებენ: სხვებსაც აცთუნებენ და თავადაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; იცოდე ვის მიერა ხარ განსწავლული. 15. ეგეც არ იყოს, სიყრმითვე იცნობ საღმრთო წერილს, რომელსაც ძალუძს შენი გაბრძნობა, რათა ცხონდე რწმენით, ქრისტე იესოში. 16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო - სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად, 17. რათა სრულქმნილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული (II ტიმოთე 3,1-17). ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა და მადლი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ბოროტმა გაიმარჯვოს. ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელ საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის წესი. მცირე აიაზმის კურთხევის შემდეგ სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს თავის სახლებს, თავის შვილებს, ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ. ღმერთმა ძალა მოგცეთ. ღმერთმა ძალა და მადლი მოგვცეს! " - ილია მეორე.
საპატრიარქო: ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია
ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით ხელმძღვანელობს. „ბოლო პერიოდში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია. დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, საიდანაც ვკითხულობთ: „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.