ძებნის რეზულტატი:

საქართველოში გერმანიის საელჩოს საკონსულო და სავიზო განყოფილება სამი დღით დაიკეტება

"გარკვეული მიზეზების გამო საკონსულო და სავიზო განყოფილება 2021 წლის 15 მარტიდან (ორშაბათი) 18 მარტამდე (ხუთშაბათი) ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. "გარკვეული მიზეზების გამო საკონსულო და სავიზო განყოფილება 2021 წლის 15 მარტიდან (ორშაბათი) 18 მარტამდე (ხუთშაბათი) ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება. სატელეფონო კონსულტაციის მიღებაც არ იქნება შესაძლებელი. გადაუდებელ შემთხვევებში დაგვიკავშირდით მეილით მისამართზე visa@tifl.diplo.de. ბოდიშს გიხდით ამ გარემოების გამო. 2021 წლის 19 მარტიდან (პარასკევი) კვლავ გავიხსნებით და ტელეფონითაც (+995 32 243 53 99) შეძლებთ ჩვენთან დაკავშირებას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჯანმო: გააგრძელეთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ. ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინასა და თრომბებს შორის კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. სწორედ ამ მიზეზით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება. როგორც ცნობილია, ჯანმო-ს უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან, რათა დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხი. ამასთანავე, საკითს განიხილავენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც (EMA), რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნებს დასკვნას. ევროკავშირის მარეგულირებული უერთდება ჯანმო-ს მოწოდებას, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ.

ალექსეი ნავალნი: "ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი" - ასე ვუწოდებ ჩემს ახალ სახლს

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, პოკროვის № 2 კოლონიაში გადაყვანის შემდეგ, თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ნავალნის პოსტში არის ნათქვამი, რუსეთის ციხის სისტემამ მისი გაოცება შეძლო. "უნდა ვაღიარო, რომ რუსეთის ციხის სისტემამ შეძლო ჩემი გაოცება. წარმოდგენა არ მქონდა, რომ შესაძლებელი იყო ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკის მოწყობა მოსკოვიდან 100 კმ-ში. მე ჯერ არ მინახავს რაიმე ძალადობა და არც ამის ნიშნები. თუმცა, მსჯავრდებულთა დაძაბული პოზით, როცა გამართულები დგანან და ზედმეტად თავის გატრიალების ეშინიათ, მარტივად მჯერა იმ მრავალრიცხოვანი ისტორიების, რომ აქ, № 2 გამოსასწორებელ კოლონია "პოკროვში", ადამიანებს სიკვდილამდე ხის ჩაქუჩებით სცემდნენ. ახლა მეთოდები შეცვალეს და გულწრფელად ვიტყვი, ვერ ვიხსენებ ისეთ ადგილს, სადაც ყველა ასე ზრდილობიანად და რაღაც მხრივ გულღიად საუბრობს", - წერს ნავალნი. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოლონიაში ზედმიწევნით ემორჩილებიან "დაუსრულებელ წესებს". აკრძალულია გინება და საუბრისას ჟარგონების გამოყენება. ამავდროულად, კოლონიაში ყველაგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ყველაფერს აკვირდებიან და მცირე დარღვევის შემთხვევაშიც ანგარიშს წერენ. თუმცა ალექსეი ნავალნი წერს, რომ თუ ადამიანი სიტუაციას იუმორით მიუდგება, "ცხოვრება შეიძლება" და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. როგორც თავად აღნიშნავს, "შავ-თეთრ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფერადი მომენტებიც კი არის". "ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი - ასე ვუწოდებ ჩემს ახალ სახლს". – წერს პოლიტიკოსი.

შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტის გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; • ქ. გორი, სამების ქ. N1; • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242“, - ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აქედან 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელია

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილს, ბუსა ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლომ 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა. ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს.

ლადო კახაძე: ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი

"ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლადყოფნის პერიოდში", - ასე გამოეხმაურა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირში გამარჯვებას. "ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლადმყოფ პერიოდში და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას. ვულოცავ მის მშობლებს და ყველა იმ ადამიას, ვინ გულშემატკვრობს. მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი - თქვენი გესლი და წინააღმდეგობა ნიკოლოზ ბასილაშვილში გარდაიქმნება იმ პოტენციალში, რომ ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირებდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი. ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ვისაც ამ გამარჯვებამ სიხარული და სიამოვნება მიანიჭა, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ჩვენი საკეთებელი საქმე მუხლჩაუხრელად ვაკეთოთ და რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებული ვიყოთ. თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნა არამარტო საკუთარი თავის კარგად ყოფნაა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა და შეკავშირებაცაა", - განაცხადა კახაძემ.

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენ აქ ვართ 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ

"თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში შემოსვლამდე თქვენს გამონათქვამებს, ბატონო ალეკო, თქვენ თქვით ასეთი რამ: პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ. ეს თქვენი სიტყვებია. ახლა ჩვენ აქ ვართ, 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ", - ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ "მის ადგილას დილიდან საღამომდე იტირებდა". "ახლა რაც შეეხება კულტურას, თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო, ვითომ წუხხართ ახლა თქვენ ბათუმის... რა გაცინებთ, თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, აი, რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ კაცო, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი, წევრი, ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო", - თქვა წულუკიანმა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა და პარლამენის სხდომაზე განაცხადა, რომ "ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემთ ქრთამს, დაიდგამს კორპუსს თავზე და ისე ივლის". როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, "როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს".

ავღანეთში უნივერსიტეტის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

სამშაბათს, შეიარარებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც უნივერსიტეტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა მძღოლი და სტუდენტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ბაღლანის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ხუმრის გარეუბანში მოხდა. ავტობუსს ბაღლანის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები გადაჰყავდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ავტობუსში 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სამინისტრომ თავდასხმაში თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ შეიარაღებულმა ჯგუფმა უარყო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ევროკომისიაში პირისპირ შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. "პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მონაწილეობდნენ. ისაუბრეს COVID- 19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და სირთულეებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაციის მნიშვნელობა პანდემიის დამარცხების პროცესში და ყველა ქვეყნისთვის ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის ძალისხმევას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობას დიალოგის პროცესში, როგორც უშუალოდ, ასევე - პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეშვეობით. პრემიერის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებულ პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ასევე - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა 79 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება. გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ახალი კომიტეტი - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი შეიქმნება.

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე დაამტკიცა. ნათია კუკულაძე 79 ხმით (ერთი - წინააღმდეგი), ხოლო ეკატერინე იმედაძე 81 ხმით (ორი - წინააღმდეგი) აირჩიეს. საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრად პირს 6 წლის ვადით ირჩევს. კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი. კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე - ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები. კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატები მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსზე შეირჩა.

ალეკო ელისაშვილი ბასილაშვილზე: ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ "დოჰას" ტურნირის მოგებას. ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საზოგადოება მას „კორტნის“. „ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერი… ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს არის სპორტიც, ხელოვნებაც, პოლიტიკაც… დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, როგორც ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა მეორე ქართველს, თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი გაიტანა მთელ მსოფლიოში. მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით...“, – აცხადებს ელისაშვილი.

ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირებაა საჭირო. საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს - უცხოელი დიპლომატების წერილი

,,ზღვარზე მყოფი ქვეყანა - საქართველოს მხარდაჭერის საქმე", - ამ სათაურით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, შეიმუშაოს თავისი პოლიტიკა, რათა დაეხმაროს დემოკრატიას. დასავლეთის მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიციები შესაძლოა, შესუსტდეს. "ქვეყნის მეზობელი ჩრდილოეთიდან, რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს არალიბერალური პერიფერია, რომელიც მას იზოლაციაში მოახდენს დემოკრატიული სამყაროსგან. ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს", - ნათქვამია სტატიაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გაიმართა, ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რათა ქვეყანა ამისთვის მზად იყოს. საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ- მინისტრმა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირისთვის ამ საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს დიალოგის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და უკანონო პატიმრობის ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას

"ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით",- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური წერს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას. „ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას“, - წერს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. თავდაპირველად, არასრულწლოვნებს ზ.ხ.- სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ. განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. 9 მარტს ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მათგან სამ სრულწლოვანს ამავე დღეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, არასრულწლოვნების სასჯელის გამოცხადების პროცესი კი გადადგო.

ოლივერ ვარჰეი: განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გადაწყვეტის საჭიროება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და გადაწყვეტის საჭიროებებზე ისაუბრეს. „შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე. განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და გადაწყვეტის საჭიროება, ასევე ბრძოლა Covid-19“-ის წინააღმდეგ და ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდგომ“, – წერს ევროკომისარი Tweeter-ზე ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის დღეს შეხვდა. იქამდე, ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან.

18 მარტს სალომე ზურაბიშვილი ვაქცინას გაიკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, კიბერთავდასხმის გამო, www.parliament,ge-ზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. "პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე", - აღნიშნავენ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, კიბერთავდასხმის უკან ვინ დგას.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები  სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებენ. დაცვის მხარე არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავს. ადვოკატების თქმით, მტკიცებულებებთან მიმართებაში დარღვევებია. ბევრი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია და არც ერთი გარემოებითა და არც ერთი მტკიცებულებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული არ დასტურდება. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.