ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს. „ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისა და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას იმ ამბიციური მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომა ჰქვია. ყურადღება დაეთმო პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა, რომ „კოვიდ-19“-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა სავაჭრო ბრუნვაზე, რომლის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. პრემიერის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა და ვაჭრობის დივერსიფიცირება მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპელ ინვესტორებს და მზად არის, ხელი შეუწყოს მათ საქართველოში ბიზნესის წარმოებასა და განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, მათ შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით, რაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეხუთე დღეზე ინფორმაციას ავრცელებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეხუთე დღეს დანიელსონმა განაგრძო მუშაობა და დაესწრო სადილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. ,,ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტის მეხუთე დღე. დღევანდელი დღის ყურადღების ცენტრში მოექცა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. ბატონმა დანიელსონმა დღის განმავლობაში გააგრძელა მუშაობა და დაესწრო სადილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. ამით ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო. „არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო“, – წერს ვალდის დომბროვსკისი Tweeter-ზე.
გიგი უგულავა: ნურავინ დაგვიწყებს იმის სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რა ხდება ევროპაში
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციამ იცის რისი უფლება აქვს, ამიტომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის სწავლება არ სჭირდებათ. მისივე თქმით, ბორელმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნა დაამახინჯა. „რაც შეეხება ბრიფინგს, ბატონმა ბორელმა ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია მოახდინა, პირდაპირ ვთქვათ, დაამახინჯა ეუთო-ს დასკვნა. ეუთო-ს დასკვნაში ეს ასე არ წერია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნახოს. ასე რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბორელი არ არის მომლაპარაკებელი, არ არის ჩართული მხარეც, ჩართული მხარე არის შარლ მიშელი და მისი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, ბორელი საუბრობდა იმ საერთო სურათზე, საერთო წარმოდგენებზე, საერთო ინფორმაციაზე, რაც მას აქვს. ეს ბრიფინგი არ ასახავს იმ თემას, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს იყო ბევრად მეტად ასოცირებაზე, უბრალოდ რაღამც მიმდინარე კრიზისს დაემთხვა, ამიტომ ღარიბაშვილსაც და ბორელსაც მოუწიათ საუბარი მიმდინარე კრიზისზე, ოღონდ ნაწილობრივ“, – განაცხადა გიგი უგულავამ. ამასთან, უგულავამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ტოლობის ნიშნის დასმა კონსტიტუციით, ჯანსაღი აზრის ფარგლებითაც მინიჭებული პროტესტის ფორმების უფლების რეალიზაციასა და იმ უკანონობასთან, რაც მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. „მინდა, გამოვეხმაურო ბატონ ბორელსაც, ქალბატონ ფონ კრამონსაც და ა.შ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, მიუღებელია, როდესაც კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით და ჯანსაღი აზრით მონიჭებული პროტესტის ფორმები, პროტესტის გამოხატვის ფორმები, მათ შორის ბოიკოტი, მანიფესტაცია და ასეთი რამ, ტოლობის ნიშანი ისმევა მაგალითად იმასთან, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი რომ შტურმით აიღო და პრაქტიკულად მოლაპარაკების მაგიდიდან ასე მძევლად აიყვანა ნიკა მელია. ვერც ერთი პატივცემული ევროდეპუტატი ამას ვერ დაამტკიცებს და ნამდვილად ეს ასე არ არის. ნამდვილად ვერავისგან, პირდაპირ გეტყვით, მამაზეციერი რომ ჩამოვიდეს, ვერ და არ მივიღებ ტოლობის ნიშნის დასმას კონსტიტუციით, კანონით, ჯანსაღი აზრის ფარგლებითაც მონიჭებული პროტესტის ფორმების უფლების რეალიზაცია დავაყენო იმ მამაძაღლობასთან, იმ სადიზმთან და უკანონობასთან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაატრიალა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა უგულავამ. გარდა ამისა, ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბიოგრაფიის მიხედვით, ჟოზეფ ბორელი პიკეტებში, მანიფესტაციებში და ბოიკოტში მრავალგზის მონაწილეობდა. გიგი უგულავას განცხადებით, ნურავინ ასწავლით, რა არის ბოიკოტი, რისი უფლება აქვთ და რისი – არა. „ბატონი ბორელი ესპანეთის სახალხო სოციალისტური პარტიის წევრია, სპეციალურად ვნახე მისი ბიოგრაფია, პიკეტებში, მანიფესტაციებში და ბოიკოტებში მრავალგზის მონაწილეობდა. ასე რომ, ახლა ბიუროკრატიული ჟინით ნუ დაგვიწყებს ნურავინ იმის სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რა ხდება ევროპაში, ან რა არის ბოიკოტი, ან რა წერია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში, ან რა წერია ჩვენს საკუთარ კონსტიტუციაში, რისი უფლება გვაქვს და რისი – არა“, – აღნიშნა უგულავამ.
პარტია ,,ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება
,,არ შეგარჩენთ 20 ივნისს" - ამ ლოზუნგით პარტია ,,ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია- მსვლელობა იმართება. როგორც სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი აცხადევს პიკეტირება, სირცხვილის დერეფნები თუ პროაქტიული მოქმედებები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ,,ქართული ოცნება" არ დასრულდება. „უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გავაძლიეროთ ბრძოლის მეთოდები. ჩვენ დაწყებული ბრძოლა, რომელიც ითვალისწინდებდა სისტემისთვის პრობლემების შექმნას, პიკეტირებას, სირცხვილის დერეფანს თუ პროაქტიულ მოქმედებებს ბოლომდე გავაგრძელებთ, ყველგან ჩავალთ. „ქართულმა ოცნებამ“ რა სისტემაც ააშენა, ამას მხოლოდ ერთად დგომით დავასრულებთ. ახლა აღარ არის დრო გაჩერების, ბრძოლის დროა“,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
დავით ზალკალიანი: ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი არანაირ ადრეულ არჩევნებს არ განიხილავს. „ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა და მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს და მან კიდევ ერთხელ მოიყვანა მაგალითად ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების თემა ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.
დავით ზალკალიანი: NATO-სგან ველოდებით ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ძალიან მკაფიო განცხადებებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებებს მოელის და ასევე იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას. „ასევე ველოდებით იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ აღიარებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საბოლოო წევრობისთვის. ველოდებით ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე ძალიან მკაფიო განცხადებებს. ველოდებით იმას, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ვუთხრათ, რას აკეთებს ქვეყანა რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც NATO-ს დასაყრდენისა და საიმედო პარტნიორის ფუნქციას, როგორ ახორციელებს და ბუნებრივია, ველოდებით იმას, რომ მათი მხრიდანაც არის მზაობა, რომ ეს პროგრესი იყოს შესაბამისად ასახული უახლოეს ღონისძიებებში, მაღალი დონის შეხვედრებში, რომელიც არის დაგეგმილი წელს და მომავალ წელს. წლევანდელი წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი, მომავალი წლის დიდი სამიტისთვის“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, რის გამოც ენერგომომარაგება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეეზღუდა
ენერგომომარაგება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეეზღუდ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს. „საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო“.
კრისტიან დანიელსონი: ჩემი მოლოდინია, რომ კონსტრუქციულობა გაგრძელდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღესაც გაგრძელდება მუშაობა. დანიელსონი ამ ეტაპზე არ საუბრობს მოხდა თუ არა მხარეებს შორის რიგ საკითხებზე პოზიციების დაახლოება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეების კონსტრუქციულობა გაგრძელდება. ,,დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება“, – განაცხადა დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა NATO-ს გენერალურ შტაბ-ბინაში გაიმართება. ღარიბაშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.
აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასაცემად რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს COVID-19 ვაქცინების დამატებით დოზებს. ამის შესაახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ბაიდენმა პირობა დადო, რომ სხვა ქვეყნისთვის ვაქცინების გადაცემამდე, აშშ უზრუნველყოფს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. ,,ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რამდენიმე ქვეყანასთან კორონავურისის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასაცემად”, - განაცხადა ბაიდენმა. გამოცემის ინფორმაციით, მექსიკამ აშშ-ის მიმართა თხოვნით, გაუზიაროს მას AstraZeneca– ს ვაქცინის დოზები, რომლებიც აშშ-ის აქვს მარაგში. როგორც მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მართა დელგადომ განაცხადა, ვინაიდან აშშ-ის ჯერ არ დაუმტკიცებია AstraZeneca– ს ვაქცინა, ეს იქნება კარგი ვარიანტი მექსიკისთვის შესათავაზებლად, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო.
სავარაუდოდ, თურქეთი საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს გაუძვირებს - ენერგეტიკის აკადემიის წევრი
ენერგეტიკის აკადემიის წევრის პაატა ცინცაძის განცხადებით, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თურქეთი სავარაუდოდ, საქართველოს ელექტროენერგიას გაუძვირებს, რადგან ატომური სადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება.. როგორც Europetiem-ს პაატა ცინცაძემ განუცხადა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად 1.5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. საქართველო წლიურად 12 მილიარდამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. მისი თქმით ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში მძლავრი ჰესი არ აშენეებულა და ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო ბოლო წლებში, იმპორტიორ ქვეყნად იქცა, რის გამოც სხვა ქვეყნებიდან ენერგომომარაგებაზეა დამოკიდებული. „უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა იმპროტირებული ელექტროენერგია გაგვიძვირონ, თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შეიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს,ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს, რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენი საზრუნავი არ გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ. გუშინ ღამით, თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო. რამდენიმე სათით, ენერგომომარაგება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეეზღუდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 167 ტესტის შედეგად ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,41 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 067-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.34%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 716, აჭარაში - 145, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, თბილისში - 126, აჭარაში - 19, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 53, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 20. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 677 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 617 პირი, აჭარაში - 352, იმერეთში - 728.
NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს ცალკე ქვეთავი მიეძღვნა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს ცალკე ქვეთავი მიეძღვნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში 16 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშში შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში. აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელ პრინციპს და ალიანსის ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში. გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს. ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, NATO-ს და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის ანგარიში ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭო: 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევას ცდილობდა
აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და იუწყება, რომ შესაძლოა, მოსკოვს მომავალ კვირაში სანქციები დაუწესდეს. გამოცემის ინფორმაციით, 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ და ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ მიულერმა მანამდე დაასკვნეს, რომ რუსეთი ასევე ერეოდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში.
არასამთავრობოები ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს სთავაზობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს სთავაზობენ. როგორც დოკუმენტის ხელმომწერი ორგანზიაციები აღნიშანვენ, დოკუმენტის მიზანი სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების/რეფორმის შესახებ საზოგადოებისთვის სისტემური ხედვის შეთავაზებაა. დოკუმენტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარად დაგეგმვაში დაეხმარება, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ინსტიტუციური თუ ფუნქციური პრობლემები, რომლებიც აფერხებს მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად განხორციელებას. "დოკუმენტის ავტორთა ხედვა ეფუძნება სასამართლო ხელისუფლების რეფორმის იმ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგის მიღწევას, არსებული ინსტიტუტების გარდაქმნისა და გაძლიერების გზით. კონცეფციის დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა; მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; სასამართლოს ჩაკეტილობა, ახალი ნაკადის შედინება და მოსამართლეთა დანიშვნა; გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის შრომის ანაზღაურება; სასამრთლოს თავმჯდომარეები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სასამართლო რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოღია საზოგადოების ფონდიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაადამიანის უფლებათა ცენტრიპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის .
Reuters-ი: აშშ-მ მოსკოვს სანქციები შესაძლოა, მომავალ კვირას დაუწესოს
Reuters-ი ინფორმაციით, აშშ-მ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევის გამო, შესაძლოა, მოსკოვს სანქციები მომავალ კვირას დაუწესოს გამოცემის ცნობით, 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ და ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ მიულერმა მანამდე დაასკვნეს, რომ რუსეთი ასევე ერეოდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში.
ანდრია ჯაღმაიძე: ვაქცინაციის პროპაგანდა ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიმართვას პასუხობს და აცხადებს, რომ ეკლესია ვაქცინის პროპაგანზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ვაქცინის ჩატარების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა და კომპეტენციაა. „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - წერს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, რომ ექიმების გვერდით დადგნენ ვაქცინაციის პროცესში.
ესტონეთი AstraZeneca–თ ვაქცინაციას აგრძელებს
ესტონეთი AstraZeneca– ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას აგრძელებს. როგორც ცნობილია, იმუნოპროფილაქტიკის კომისიამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა ვაქცინის სარგებლობიანობის შესახებ. „ესტონეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, AstraZeneca– ს ვაქცინის გამოყენების სარგებელი, შესაძლო ზიანს, აღემატება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინა თრომბს იწვევს“, – განაცხადეს კომისიაში.
გოგი წულაია დააკავეს
სამართალდამცველებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. წულაია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ.- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.