ძებნის რეზულტატი:
გიორგი ვაშაძე: არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული
"მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, რომ nothing is agreed until everything is not agreed - ანუ, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი მარტივად არ მიდის. მისი თქმით, შეთანხმებას ხუთივე საკითხზე უნდა მიაღწიონ. „ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შედგეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. იმედი მაქვს ამ კვირაში ხუთივე საკითხზე შევთანხმდებით. უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზეც, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც, საარჩევნო რეფორმაზეც, სასამართლო რეფორმაზეც, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს კონკრეტული ტექსტი და კონკრეტული გადაწყვეტილება. ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ვაშაძემ.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს პარტნიორები თქვენი ოპოზიციის ლიდერის დაკავებით შეშფოთებული არიან
"ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებას საქართველოში, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი NATO-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა. “NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ძირითად ღირებულებას - კანონის უზენაესობას, ადამიანის თავისუფლებას, დემოკრატიას და, რა თქმა უნდა, ეს ღირებულებები ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისთვისაც. ეს არის მიზეზი, რის გამოც მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების დანერგვას უკავშირდება. რეფორმებს არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ სასამართლო და სხვა მიმართულებებითაც. NATO და მისი პარტნიორები არაერთი წელია, მიესალმებიან ამ ძალისხმევას. ეს არის ამასთანავე მიზეზი, რის გამოც პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა განვითარებაც მათ საქართველოში იხილეს. მათ შორისაა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხიც. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამ სირთულეებისა და დაპირისპირების გადაჭრა. გვსურს, რომ იყოს გამონახული გზა, რომლითაც საქართველო გააგრძელებს რეფორმების იმპლემენტაციას და თქვენს დემოკრატიას ეყოლება ფუნქციონირებადი პარლამენტი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის ლიდერობით მიმდინარეობს. მე და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი დღეს ჩვენს შეხვედრაზეც განვიხილეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ბატონ ირაკლისთან მომდევნო შეხვედრებზეც გაამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელებას ნატო აქტიურად უჭერს მხარს.
არჩილ თალაკვაძე: ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება
"ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი დრო ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების განხილვაზე დახარჯეს. "ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა, არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ინიშნება. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ერთად შეგვესწავლა, თუნდაც მათი ხელმძღვანელობით გამოგვეძიებინა ფაქტები, რაზეც ისინი აპელირებდნენ და ბრალდება, რომელსაც ისინი ასახელებდნენ. ამაზე უარი თქვეს, ამიტომ დღეს ჩვენ უკვე გადასული ვართ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო მომავალ რეფორმებს. ძირითადი ძალისხმევა, ძირითადი დრო ჩვენ დავხარჯეთ სწორედ ამ საკითხებისა და ამ რეფორმების განხილვაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კრისტიან დანიელსონი: ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
"ყველაფერი ძალიან კარგად მიდის", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. დღეს ბევრი და გულმოდგინედ ვიმუშავეთ. ბევრი საკითხი განვიხილეთ“, - განაცხადა დანიელსონმა.
ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ბრიუსელში საქართველოს შესახებ არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნება
"შევთანხმდით, რომ შევქმნათ გარკვეულწილად არფორმალური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც თვალს მიადევნებს შარლ მიშელის მისიას საქართველოში შექმნილი კრიზისის გადაჭრის პროცესში, შემდეგ ფასილიტაციას გაუწევს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უფრო უკეთეს ურთიერთგაგებას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები", – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. კუბილიუსის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის კარგი საშუალება იქნება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქართველ პარტნიორებთან შეხევდრაც დაიგეგმოს. მისი განცხადებით, მხარეებმა უნდა გააცნიბიერონ, რომ კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა. „ეს არის ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობა და თუ ვერ მოახერხებთ კომპრომისის პოვნას, მაშინ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, სასოლიმ მიგვიწვია სხვადასხვა ჯგუფის და პარლამენტის სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლები. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნათ გარკვეულწილად არფორმალური, საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც თვალს მიადევნებს შარლ მიშელის მისიას ამ კრიზისის გადაჭრის პროცესში, შემდეგ ფასილიტაციას გაუწევს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უფრო უკეთეს ურთიერთგაგებას, იმისთვის რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები. ჩვენ მუდმივად ვართ ჩართულები, მაგრამ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავად ევროპარლამენტში უნდა გვქონდეს უკეთესად ინფორმირებული კოორდინაცია, რადგან წარმოვადგენთ სხვადასხვა დელეგაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა კონტაქტები გვაქვს. ელჩმა კარლ ჰარცელმა ინფორმაცია მოგვაწოდა არსებულ ვითარებაზე, რა ხდება ამ მომენტში. ჩვენ შევთანხმდით და ეს პრეზიდენტ სასოლის წინადადება იყო, რომ გვექნება გარკვეულწილად არაფორმალური კონტაქტჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, რამდენად შესაძლებელია რეგულარული შეხვედრები გვქონდეს აქ, პარლამენტში, რომ გავცვალოთ ინფორმაცია და თუ შესაძლებლობა იქნება, მოხარულები ვიქნებით შევხვდეთ ქართველ პარტნიორებს საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა კუბილიუსმა.
აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა
აშშ-მა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამვლის გამო ადრე შემოიღო, გააფართოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტრს განცხადებაშია ნთქვამი, 18 მარტს, აშშ წყვეტს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტსა და რეექსპორტზე აკრძალვებში მოქმედ გამონაკლისებს. საქმე ეხება თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვებს. ამასთანავე, ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის საავიაციო და კოსმოსურ დარგებს. მათთვის ამერიკული ექსპორტი 2021 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება. ამავე დროს, ინსტრუქცია აშშ-ის ხელმძღვანელობას უტოვებს გამონაკლისების გაკეთების უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ის მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საექსპორტო გარიგების დამტკიცება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.
აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში დაიბარეს
აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ანატოლი ანტონოვი რუსეთში დაიბარეს რომ „რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ანალიზზე კონსულტაციების გაიმართოს.“ "ახალი ამერიკული ადმინისტრაცია ხელისუფლებაში უკვე ორი თვეა, ახლოსაა სიმბოლური 100 დღეც, და ეს კარგი მოტივია შეფასდეს, რა გამოსდის ჯო ბაიდენის გუნდს და რა - არა. ჩვენთვის კი მთავარია, გაირკვეს, რა გზები არსებობს რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორებისთვის, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება. ცნობისთვის, აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. ამასთანავე, კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა
Air Baltic-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს
28 მარტიდან Air Baltic-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში ორჯერ შესრულდება. მაისიდან რეისები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს შესრულდება.
კახა კალაძე: მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია. მილანიდან ჩამოვედი. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას
"მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია, მილანიდან ჩამოვედი. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, აპირებს თუ არა ის "ქართული ოცნების" დატოვებას. "მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. ჩემი მოღვაწეობა სპორტში დავამთავრე და დღეს ვარ პოლიტიკაში. მე მგონია, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სჭირდება ჩემს ქვყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა კალაძემ.
ჰუბერტ ქნირში: ტერმინზე,"პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ
"ტერმინზე, "პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" საავტორო გადაცემაში "კიდობანი" ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრებზე დასმული შეკითხვის საპასუხდოდ განაცხადა. მისი თქმით, "არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული". "არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული. ტერმინზე, "პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ... მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსშიც და ევროკავშირმა ისინი ოფიციალურად აღიარა, ისინი ნამდვილად არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა ქნირშმა.
უკრაინაში სასულიერო პირების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
უკრაინაში სასულიერო პირების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ შევჩუკიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიხაილოვსკის ოქროს გუმბათოვანი მონასტრის არქიმანდრიტმა, ლავრენტი ჟივჩაკმა. 16 მარტს სასულიერო პირები კიევში შეიკრიბნენ და მრევლს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდეს. "არ არსებობს რელიგიური საფუძველი ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ", - თქვა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა. "ეკლესია არ უარყოფს და იღებს ვაქცინაციას, ამ საშინელი დაავადების გავრცელების გადასალახად ან, თუნდაც შესაზღუდად", - განმარტა არქიმანდრიტმა, ლავრენტი ჟივჩაკმა.
"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს. ინფრორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “ მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირს საპრეზიდენტო არჩევნები არ დაურეგისტრირა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს რაგბის კავშირს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაურეგისტრირა. 10 მარტს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ყრილობიდან ერთ კვირაში რეესტრმა მორიგი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. თუ იანვრის დასაწყისში, ირაკლი აბუსერიძის დაურეგისტრირებლობის მიზეზად ყრილობის უკანონოდ ჩატარება დასახელდა, ამჯერად, საჯარო რეესტრი ტყემალაძისა და ახალი გამგეობის არჩევას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს და დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ 10 მარტის ყრილობაზე რაგბის კავშირს წესდების შეცვლის უფლება არ ჰქონდა. „ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, არ არსებობს მათი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. რაც შეეხება ახალი წესდების რეგისტრაციას - ვინაიდან ეს საკითხი არ იყო ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი, ყრილობის მიერ ის მიღებულია კანონმდებლობისა და კავშირის მოქმედი წესდების დარღვევით. შესაბამისად, წესდების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების თანახმად შედგენილი და დარეგისტრირებული სარეგისტრაციო დოკუმენტი“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელ ვადად საქართველოს რაგბის კავშირს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
თავდაცვის მინისტრი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა
აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალი კავოლი ესტუმრა. 15-17 მარტს გენერალ კავოლის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალმა კავოლიმ და მინისტრმა ბურჭულაძემ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, მათ შორის 2021 წლის ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაზე „მტკიცე სული“. "გენერალმა კავოლიმ შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GRDP) წარმატებით განხორციელების საკითხზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა GRDP-ის შემდგომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც. გენერალმა კავოლიმ დადებითად შეაფასა ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში ქართული მხარის მზარდი ლიდერის როლი და გაზრდილი შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში გენერალი კავოლი ვაზიანშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს წვრთნის შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარებიან. საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს მაღალი დონის მომზადებას საერთაშორისო მისიებისთვის და GDRP-T ხელს უწყობს საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, ასევე აძლიერებს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებს. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ ამაყად მსახურობენ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთსა და მთელს მსოფლიოში", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს დღესაც შეხვდებიან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღესაც შეხვდება. გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ დენიელსონმა აღნიშნა, რომ "ყველაფერი ძალიან კარგად მიდის".
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდვ 369 ადამიანს დაუდასტურდა, 378 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 384, გარდაიცვალა 3 674 პაციენტი. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.55 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.33%. 369 ახალი შემთხვევიდან 190 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 727, აჭარაში - 155, იმერეთში - 246. მძიმე პაციენტი 266. მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 20, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 82. მათგან თბილისში - 51, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 786 იმფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 689 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404, იმერეთში - 763.
კრისტიან დანიელსონი: წინ ბევრი სამუშაო გვაქვს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს დღესაც შეხვდებიან. ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. „ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რომლისთვისაც აქ ვიმყოფები - მედიაციის პროცესზე. გვქონდა შეხვედრები გუშინ და მოლაპარაკებებს დღესაც გავაგრძელებთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა დანიელსონმა.
დღეს ეკატერინე ტიკარაძე ილია მეორეს შეხვდება
დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს
"იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს" - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "ჩვენ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არავითარი საფუძველი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ბრიუსელში გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე ევროკავშირსა და ნატოში. გვქონდა წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმისა და პროგრესის, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრესი აღიარებულია ყველას მიერ, და ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართულია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები, ოკუპაცია, უმუშევრობა და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლების მიხედვით, ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს პარტია ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაცია Cbnc ავრცელებს. "თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია", რომელსაც რიუტე უდგას სათავეში, დაახლოებით ხმების 23%-ს აგროვებს და შეიძლება 150-ადგილიან პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვოს. მარკ რიუტე, გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხე ვადით დაიკავებს ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, რომელიც 2010 წლიდან უკავია. მე-2 ადგილზეა პარტია „დემოკრატია-66“, რომელიც ამჟამინდელ კოალიციაში შედის. მე-3 ადგილს კი თავისუფლების პარტია იკავებს, რომლის თავმჯდომარე გერტ ვილდერსი ანტიისლამური რიტორიკითაა ცნობილი.