ძებნის რეზულტატი:

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება, განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კორონავირუსზე ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაცია მულტიპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება, სადაც რეანიმაციული განყოფილებები არის. „ქვეყანას აქვს მოულოდნელი გვერდითი რეაქციების მართვის შესაძლებლობა და ჩვენ ასევე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში. გუშინდელი შემთხვევაც კლინიკაში მოხდა, ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს არც ტრანსპორტირებაზე და არც იმაზე, რომ პაციენტს დროულად მიეღო შესაბამისი დახმარება. სადაც იმუნიზაცია ტარდება, ყველა კაბინეტი აღჭურვილია შოკის მართვის შესაძლებლობებით. როდესაც ეს ამბულატორიაში ხდება, გარკვეული დრო შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როდესაც სტაციონარში ხდება, რაც გუშინ მოხდა, ამ შემთხვევაში არცერთი წუთი არ დაკარგულა. სამომავლოდ რომ გადაზღვეულები ვიყოთ, სადმე დრო რომ არ დაიკარგოს, გვირჩევნია ეს ყველაფერი გაგრძელდეს მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თამარ გაბუნია: სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ანაფილაქსიური რეაქციების სიაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური მაჩვენებლებლების რეაქციების გამოვლენის სიაში საქართველო ერთ-ერთი პირველი მოხვდა. როგორც გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებში აქამდეც იყო მითითებული, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ,,ის, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ამის შესახებ ვაქცინის გვერდით მოვლენებში აქამდეც მითითებული იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან ადრე და ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ამ ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და გამოსავალიც ასეთი ცუდი მივიღეთ", - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რა გადაუდებელი ღონისძიებებია საჭირო ანაფილაქსიური შოკის დროს და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ანაფილაქსია ყველაზე რთული ალერგიული რეაქციაა, რომელიც ვითარდება ალერგენთან შეხებიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში. მისივე თქმით, პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია, უვითარდება სიწითლე, ე.წ. „ჭინჭრის ციება“ ანუ ურტიკარია და შეიძლება მას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება კულუმბეგოვის თქმით, დახმარების პირველი წამალი ადრენალინია. „პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია, უვითარდება სიწითლე, ე.წ. „ჭინჭრის ციება“ ანუ ურტიკარია და შეიძლება მას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე. თუმცა ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის. ანაფილაქსია არის სწორედ ის რეაქცია, როდესაც კანის ალერგიას ემატება ერთი რომელიმე დამატებითი ნიშანი ორგანოთა სისტემების: შეიძლება მას განუვითარდეს სუნთქვის გართულება ანუ მსტვინავი ხასიათის სუნთქვა ან ჩასუნთქვითი ხმიანობა. შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული გართულებები, წნევის დაქვეითება - ბაზალური წნევის 30%-ით დაქვეითება, ეს უკვე ანაფილაქსიური შოკია. ასევე პულსის აჩქარება ანუ ტაქიკარდია. შესაძლებელია 30-40%-ში კანთან ერთად პაციენტს დაეწყოს მოულოდნელად მუცლის ძლიერი ტკივილი და გულისრევისა და ღებინების განვითარება. აი ეს ნიშნები: კანი, სასუნთქი სისტემა, პულსი და წნევა ერთად არის ანაფილაქსიური რეაქცია", - განაცხადა იმუნოლოგმა. კულუმბეგოვის თქმით, პაციენტი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები გულთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და იმ წუთშივე დაიწყოს ღონისძიებები. ,,შემდგომი უკვე არის დექსამეტაზონი და ყველა სხვა პრეპარატი. შემდგომ ჟანგბადის მიწოდება, სითხეების გადასხმა. ეს არის ძირითადად დახმარების გზები. პაციენტი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები გულთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და იმ წუთშივე დაიწყოს ღონისძიებები. ადრენალინი კეთდება წონისა და ასაკის მიხედვით. თუ წნევა არ იმატებს და სუნთქვა არ უმჯობესდება, მეორდება 5-15 წუთში და აი, ამ დახმარებების შემდეგ ანაფილაქსიების 95% სტაბილურდება, რაღაც პროცენტი რთულდება და უკვე ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგი ერთვება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვნი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვნი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 5 ასრულწლოვანიდან 4-ს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მახარაძეს, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, "ტოიოტა ქამრის" მართავდა, შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ედავებოდნენ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

სახელმწიფო მინისტრი: დათა პაპა არის მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო

"დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო", - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპას გარდაცვალებას ეხმიანება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, „დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა": „სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი. დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა. სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას. ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს", - განაცხადა მინისტრმა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპა გარდაიცვალა, მისი ოჯახის წევრები დაკრძალვაზე ვერ მიდიან

ვალერი გელბახიანი: გოგი წულაია ლოყაზე კოცნის გამოა დაჭერილი

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშმყოფი ,,ლოყაზე კოცნის გამო" დააკავეს. როგორც გელბახიანი აცხადებს, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია. „გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა", - განაცხადა გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის ერთ-ერთ სკვერს ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელი მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ერთ-ერთ სკვერს ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი საკრებულო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ერთ-ერთი სკვერისთვის ბულგარეთის დედაქალაქის სახელის მინიჭება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობის დადასტურებაა. „დღევანდელი დღე ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობების მაგალითია. ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბულგარეთის ელჩს, რომელმაც პირადად დიდი სამუშაო ჩაატარა საქართველოს ინტერესების დასაცავად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად. თბილისში ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელობის სკვერის არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს სარეკრეაციო სივრცე თბილისის გამორჩეულ უბანში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, სკვერი ადგილობრივების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. მადლობა ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ღირსეული მეგობარია და ეს სკვერი ქართულ-ბულგარული ურთიერთობების დაახლოებას ხელს შეუწყობს. „ბრატისლავას და ბუენოს-აირესის შემდეგ, ბოლო პერიოდში ეს მესამე სკვერია დიდუბის რაიონში, რომელსაც თბილისის პარტნიორი ქალაქის სახელი ერქმევა. ბულგარეთი ჩვენი ღირსეული მეგობარია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. მჯერა ეს სკვერი ქართულ ბულგარული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან წერტილად იქცევა. თბილისი არის ევროპული ტიპის, მეგობრული, მულტიკულტურული ქალაქი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნების, ასევე ევროპის და მისი ფასეულობების ქართულ ყოველდღიურობაში დამკვიდრების გზაზე,“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა. "საქართველოში ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გეოგრაფიული ობიექტი მარტში გაიხსნა, რადგან ამ თვეში ბულგარეთის ეროვნული დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. სკვერის გახსნას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენი: 27 წლის მედდა ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა - ოკუპაციის

"27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა - ოკუპაციის. არ დაგვავიწყდებით", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 27 წლის მედდისა და 88 წლის დათა პაპას გარდაცვალების ფაქტს. აღნიშნული მან Facebook-ზე დაწერა. "მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება საქართველოს ღირსეული მოქალაქეების, მეგი ბაქრაძის და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. 27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა - ოკუპაციის. არ დაგვავიწყდებით“, - წერს ნინო ლომჯარია.

ვაქცინაციის პროცესი, რომელიც აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეჩერდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში შეჩერდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში და სწორედ ამას უკავშირდება აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ამბულატორიულ დონეზე ვაქცინაციის შეჩერება. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურსა და შუახევში დროებით შეჩერდა. ბათუმსა და ქობულეთში კი ვაქცინაცია ჩვეულებრივ გრძელდება.

საქსტატი: 2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1 314.7 ლარია

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 %-ით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. წინა წელთან შედარებით 5 ლარით შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით); ⦁ მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8 პროცენტით); ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით);

პრემიერმა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად თეა წულუკიანი დანიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა კულტურის, სპორტის და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას კენჭი უყარა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანის დანიშვნის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

საქსტატი: 2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების - 1 581.5 ლარით განისაზღვრა

2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების - 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშში წერია, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

თამარ გაბუნია: გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა, რაც ბუნებრივია კორონავირუსით ვაქცინაციას არ უკავშირდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და ბუნებრივია, ეს არ უკავშირდებოდა აქამდე კორონავირუსის ვაქცინას. ამის შესახებ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სტატისტიკაში დაახლოებით 40-60 შემთხვევაა აღწერილი და გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების ფაქტია აღრიცხული. „ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანსა და უნდობლობას მოსახლეობაში, ამიტომ შევეცდებით სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირებით“ , - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დავით ზალკანიანი: ბატონი დათა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის,  მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო

"ბატონი დათა წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო", - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპას გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები, ბატონი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი დათა წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო საოკუპაციო პოლიტიკისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ოჯახებს მოუწიათ გაყოფა და საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრება. ამასთან, გრძელდება უკანონო დაკავებები და ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა სამწუხაროდ კრიტიკულია. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი დათას ოჯახს!", - წერს ზალკანიანი.

ამირან გამყრელიძე: შემოსულია ინფორმაცია, რომ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს განუვითარდა

გვერდითი მოვლენების კომიტეტში ერთ-ერთი კლინიკიდან შემოსულია ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალთან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებას საჭიროებს. ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გავცემ, მაგრამ ვადასტურებ, რომ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი. ასეთი ინფორმაცია შესულია გვერდითი მოვლენების კომიტეტში. კლინიკამ დაწერა ასეთი დიაგნოზი, თუმცა საბოლოო სიტყვა, ნამდვილად იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოვლენების კომიტეტს ეთქმის. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებას საჭიროებს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა კარგად არის“, - განაცხადა გამყრელიძემ. 27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი: უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექთნის მეგი ბარბაქაძისა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა. მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი: დათა ვანიშვილი გვაჩვენებდა, რომ ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს. მისი თქმით, დათა ვანიშვილი იყო ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ,,დათა ვანიშვილი იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს. გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს. მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!', - აღნიშნულია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილი: დათა ვანიშვილი გვაჩვენებდა, რომ ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს

ISFED "ქართულ ოცნებას" ორგანიზაციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდბს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე და მმართველ პარტიას მოუწოდებს შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ. ამის შესახებ განცხადებას ISFED ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას "კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება", - ნატქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს  სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის საელჩო დღეს გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა