ძებნის რეზულტატი:
ნიკა მელია: სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირზე ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, რაც დასანანია
"სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, გული დაწყდა, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც საზოგადოებას ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააცნო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დაინახა. "ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის. სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე ვთხოვდი საზოგადოებას ყველამ გავიაზროთ, ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენეთ, რომ დღეს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე შეიკრივა და ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ში აზიური წარმოშობის მოქალაქეებზე ძალადობა დაგმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, აშშ-ში აზიური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეების მიმართ, რასობრივ ნიადაგზე სიძულვილის ენა და ძალადობის ფაქტები დაგმეს. მიმდინარე კვირას ჯორჯიის შტატშიც რასიზმის ნიადაგზე რვა ადამიანი მოკლეს, მათ შორის ექვსი, აზიური წარმოშობისა. ”ჩვენ გული უნდა შევცვალოთ. იძულვილს არ შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხო ნავსადგური ამერიკაში. სიძულვილს რასობრივ ნიადაგზე ამერიკაში ადგილი არ აქვს. ჩვენ ყველამ, ყველამ ერთად, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ მოვლენას", - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენი და ჰარისი აზიური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კამალა ჰარისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსროლელის მოტივი ჯერ გამოძიებას ოფიციალურად არ დაუდგენია ეს ფაქტები აშკარაა, რვა მოკლულიდან ექვსი აზიური წარმოშობის იყო, შვიდი ქალი. მომხდარ ფაქტს აზიური წარმოშობის ამერიკელებში პანიკა მოჰყვა. ისინი თვლიან, რომ კორონავირუსის პანდემიის ჩინეთიდან გავრცელების გამო, ბოლო ხანს სიძულვილის სამიზნე გახდნენ.
აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის მომღერალთა ანსამბლს, რომელსაც მომღერლები არ ჰყავს
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ„აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან", - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა (2018-2019 წლები). როგორც ანგარიშში წერია, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19თვე). დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან არსებულ ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის“ საქმიანობაზეც. ირკვევა, რომ ცენტრმა 2018-2019 წლებში დაფინანსების სახით 1 მილიონ 052 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით). როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.). პასუხისმგებელი პირი ადასტურებს, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, თუმცა განმარტავს, რომ შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე დაამარცხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვებას ულოცავს. "გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მთავრობის მეთაური, “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს. დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.
პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნული ჯილდო იაგლანდის რუსეთის ფედერაციასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადასცეს. "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსეთის ფედერაციასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის - ტორნბიორნ იაგლანდის მეგობრობის ორდენით დაჯილდოვების შესახებ. გულითადად გილოცავთ, ტორნბიორნ იაგლანდ" - ამის შესახებ ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი Twitter-ზე წერს. მედიის ცნობით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის დროს, ტორბიორნ იაგლანდი არაერთხელ დაადანაშაულეს პრორუსულ სიმპათიებში. კერძოდ, ის მხარს უჭერდა ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.
თბილისის მერის მოადგილე: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, რაც არასწორია
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, რაც არასწორია", - თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, მერიის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე როგორც მონიტორინგი, ასევე, კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. „დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მომავალი კვირიდან პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმება. ამავე თემაზე: ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან კახა კალაძე მეწყრულ პროცესზე: გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი თბილისი მერია: სიცრუეა, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება
ნიკა ბირკაძემ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მიიღო
მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს. 2014 წლიდან MIT - ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა. MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. "აღსანიშნავია, რომ ნიკა MIT - ში ჩარიცხული, კომაროვის სკოლის მერვე კურსდამთავრებულია. ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია! ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე: ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს 1 მედალი მათემატიკაში. სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი. ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი. რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი. პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს", - აღნიშნულია კომაროვის სკოლის განცხადებაში.
გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი: ვაშლიჯვრის ფერდობის ნაპრალები ათეული წელია არსებობს და ამ ეტაპზე უსაფრთხოა
ვაშლიჯვრის მიმდებარედ დარღვევები და ნაპრალები ათეული წელია არსებობს და მოსახლეობის მიმართ არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მერიის აქტიური ჩართულობით, არა მხოლოდ აღნიშნულ ფერდობზე, არამედ თბილისის სხვა ლოკაციებზეც დაიწყება აქტიური მონიტორინგი და რაიმე სახის დეფორმაციის გაჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. „ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს. ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზისიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობს და ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არავითარი საფრთხე არ არსებობს. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მეწყრული სხეულის, რომლის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მას და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმ ტერიტორიასთან მიმართებაში ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება. ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით, დაიწყება მონიტორინგი და ყოველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, თუ რაიმე სახის ახალი დეფორმაციები გაჩნდება, მიღებული იქნება შესაბამისი და დროული გადაწყვეტილებები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად”, – განაცხადა გეოლოგმა.
იაპონიაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა
იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . ქვეყანაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციითმ მიაგის სანაპირობეთან მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ქალაქ ვატარის თითქმის 7000 მცხოვრები ევაკუირებულია. მიუხდავად იმისა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოსგან საკმაოდ შორ მანძილზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ იაპონიის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ექიმი: 27 წლის ექთანი თბილისში გადმოყვანის დროს ცოცხალი იყო
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მეგი ბაქრაძე, რომელიც კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, თბილისში ჩამოყვანის დროს ცოცხალი იყო. ტურძელაძემ აღნიშნული განცხადებით, გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრების ბრალდებას უპასუხა. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, მეგი ტურძელაძე ვაქცინის გაკეთებიდან მალევე, ახალციხეში გარდაიცვალა. "ცოცხალი იყო შემოყვანის დროს, გული მუშაობდა, აპარატზე იყო შეერთებული და მეორე დღეს, 12 საათზე გულმა ფუნქციონირება შეწყვიტა,"- განაცხადა "რუსთავი2"-ს ლალი ტურძელაძემ. მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა
გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე ხვალიდან შეძლებს. მისივე თქმით, პროკურატურაში უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიებამ სასამართლოს მიმართა რამდენიმე შუამდგომლობით, მათ შორის, რომ მოხდეს სამედიცინო ისტორიისა და დოკუმენტაციის ამოღება ახალციხიდან. „ასევე, იმუნოლოგიის ცენტრში ინახება სისხლის ნიმუში, რომელზეც ჩვენც უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა. გამოძიებას შევატყობინეთ, რომ ეს ნიმუში ინახებოდა. გამოძიებამ განჩინება გაამზადა ამ ნიმუშის ამოსაღებად. სისხლის ნიმუში გადაგზავნილია სიცოცხლის პერიოდში“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე
„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი, ასევე საქართველოს პარტნიორები მზად არ არიან იმისთვის, რომ ხელისუფლება რომელიმე ერთ მოთამაშეს გადააბარონ - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“. "ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხთან" საუბრისას.
ევროსაბჭოს გენმდივანი: თურქეთის ნაბიჯი საერთაშორისო ძალისხმევაზე უზარმაზარი დარტყმაა
თურქეთის მიერ ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის დატოვებას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დამაზიანებელს უწოდებს. „სტამბოლის კონვენცია მოიცავს ევროპის 34 ქვეყანას და განიხილება როგორც საერთაშორისო ძალისხმევის ოქროს სტანდარტი, ძალადობისგან ქალებისა და გოგოების დასაცავად, რომლის წინაშეც ისინი ყოველდღიურად არიან ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის უზარმაზარი დარტყმა ამ მცდელობებზე და მით უფრო დასანანია, რადგან ეს ასევე ეხება ქალთა უფლებების დაცვას თურქეთში, მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა.
EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი: რუსეთის ფედერაცია მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს. რა მთავარ გამოწვევას აწყდება მისია ამ მანდატის განხორციელებისას, რა გავლენა იქონია პანდემიამ მისიის საქმიანობაზე, ამ და სხვა საკითხებზე, Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი ესაუბრა. _რა არის ის საკვანძო საკითხი, რომელზეც ანგარიშებისას წარდგენისას ამახვილებთ ყურადღებას? საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ნამდვილად არის „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებაზე დაკვირვება, რასაც ჩვენი დამკვირვებლები ყოველდღიური პატრულირებების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთი პატრულირებების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ასევე ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან, რათა გაიგონ მათი ხედვა არსებულ ვითარებაზე და ის, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ვითარება მათ ცხოვრებაზე. ისინი ასევე აკვირდებიან ამ რაიონებში უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა ქმედებებს და „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. ხდება ყველა დაკვირვების გაანალიზება, შეკრება და ანგარიშგებების სახით გაგზავნა ევროკავშირის პოლიტიკის მწარმოებელთა და წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. თუმცა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას. ჩვენ კვლავ არ გვეძლევა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობა და სწორედ ეს წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებისთვის. ჩვენ იძულებულები ვართ, დავეყრდნოთ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ადგილზე ყოფნა და პირდაპირი ჩართულობა ადგილობრივ მოქმედ პირებთან უდავოდ მოგვცემდა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ზუსტი დაკვირვების და ანგარიშგების საშუალებას. _ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. აქ განიხილება საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ქართულმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე წამოჭრა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი. როგორც კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტი, როგორ უყურებთ ამ მექანიზმის ეფექტურობას და არსებული, განხილული საკითხების გადაჭრის პერსპექტივას? როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები. ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე. ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად. _საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის მარტიდან იკავებთ. თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, მუშაობამ პანდემიის პირობებში მოგიწიათ. როგორ შეაფასებთ ამ ერთ წელს გამოწვევების და მიღწევების თვალსაზრისით? დიახ, 15 მარტს აღვნიშნე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობის ერთი წლისთავი. გასული წელი ყველასთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ მდგრადობა და ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სწრაფად მოგვიწია მუშაობის ადაპტირება, შესაძლებლობების მიხედვით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაგრამ მუდმივად ვახერხებდით ადგილზე ყოფნას და მთავარი ფუნქციების შესრულებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გუნდთან და რესპონდენტებთან უფრო ხშირ პირისპირ შეხვედრას, თუმცა ვიდეო შეხვედრებითაც გავდიოდით ფონს. მოუთმენლად ველი უფრო ხშირ ფიზიკური შეხვედრების და პირისპირ კონტაქტების აღდგენას მას შემდეგ, რაც ვითარება მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ასეთ რთულ დროში ჩვენი მანდატის შესრულების მზაობის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეს, მოგზაურობის შეზღუდვებმა და უსაფრთხოების სხვა ზომებმა, 2020 წელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩვეული ოთხის მაგივრად, მხოლოდ ერთი რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა თანათავმჯდომარეებმა მოახერხეს დეკემბერში შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხვდებიან 25-26 მარტს. ერგნეთის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრები ვერ ტარდებოდა რეგულარულად ზამთრის განმავლობაში, თუმცა მარტში განახლდა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრას აპრილში. ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით. _მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხის უფრო მეტად აქტუალიზაციისთვის და როგორ უყურებთ პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას? აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობის არქონა არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მანდატის განხორცილებისთვის. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ინსტიტუციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ამ ორ რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 328, პისიარტესტით – 5 595. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,2%, ბოლო 14 დღის – 1,55 %, ბოლო შვიდი დღის – 1,63%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 973 გამოჯანმრთელდა, 3 700 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 220, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 176 პირი. ამასთან, 20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი. გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 15, გურია – ერთი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – რვა, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ნული. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც, 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – 11. 176 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 220 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 86, ხოლო აჭარაში – 21. სულ 6 ოქტომბრიდან – 20 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 737 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 677 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 327 პირი, აჭარაში – 561, იმერეთში – 935.
BioNTech– ის აღმასრულებელი დირექტორი: ევროპაში კარანტინი შემოდგომისთვის საბოლოოდ დასრულდება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი აცხადებს, რომ ზაფხულის შემდეგ კორონავირუსის გამო, კარანტინი საჭირო აღარ იქნება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. შაჰინი ამბობს, რომ იქნება მცირე კოვიდაფეთქებები, მუტაციები, თუმცა ეს ისეთი მასშტაბების აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ BioNTech პირველი კომპანიაა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. „ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში ჩვენ ზაფხულის მიწურულიდან დიდი ალბათობით კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ“, - განაცხადა შაჰინმა.
აშშ-ის საელჩო: ბედნიერ ნოვრუზს გისურვებთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ
საქართველოში აშშ-ის საელჩო ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს. „აშშ-ის საელჩო საქართველოში ბედნიერ ნოვრუზს უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს. 2010 წელს გაერომ პირველად გამოაცხადა ნოვრუზის საერთაშორისო დღე, როგორც განახლების დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. ნოვრუზი ნიშნავს ახალ დღეს და გაზაფხულის დაწყების დღესასწაულია. ფესტივალი იწყება სახლის საგაზაფხულო დასუფთავებით და გრძელდება განსაკუთრებული საკვებითა და შეკრებებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. „სულ რაღაც რამდენიმე თვეში, რვა წელი შესრულდება, რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის. მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს“, – წერს საბანაძე Facebook-ზე.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლიდან 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა . მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც ეს სინდრომი პირველმა აღწერა. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
ავიაკომპანია Qantas ხელმძღვანელი: მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებმა სავალდებულო უნდა გახადონ მგზავრთა ვაქცინაცია
ავსტრალიური ავიაკომპანიის Qantas ხელმძღვანელმა ალან ჯოისმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიებმა სავალდებულო უნდა გახადონ მგზავრთა ვაქცინაცია და მხოლოდ იმ მგზავრებს მოემსახურონ, რომელთაც იმუნიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯოისის თქმით, ვაქცინაცია გადამწყვეტია იმ ინდუსტრიის აღორძინებისთვის, რომელსაც გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა 75,6%-ით შეუმცირდა. „ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესანიშნავი იდეაა - ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების 90% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით უნდა მოქმედებდეს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე“ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.