ძებნის რეზულტატი:

ქობულეთის საკრებულოს წევრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება

საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30 პროცენტი. ასევე იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30 პროცენტი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე“ 28 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამოდინარე, დაწესებული რეგულაციების გამო, სტადიონზე მაყურებლებს შესვლა ბოლო13 თვის განმავლობაში არ შეეძლოთ.

20 მარტს "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

20 მარტს "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება „ბორჯღალოსნები“ 20 მარტს კალინინგრადში პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა); შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა); მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა) 20 მარტს "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება თამაში საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება.

თბილისი მერია: სიცრუეა, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

"ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, არის სიცრუე" , - ამის შესახებ განცხადებათ თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს. მომავალი კვირიდან კი უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში. "ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებას გერმანელი ექსპერტები შეისწავლიან კახა კალაძე მეწყრულ პროცესზე: გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი.

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა - ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის - ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ - თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წევრის - რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს. აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა“ - ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ზემოხსენებულ წევრებს. აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას“. ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას. სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპიზიციურ ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" ლიდერთან, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის „საუკეთესო გზა“ არის. „რამდენიმე წუთის წინ შევხვდი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრებთან, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ წევრებთან შეხვედრებზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება“, - წერს ფაშინიანი.

ამირან გამყრელიძე: ახალციხეში კოვიდზე აცრილ ერთ-ერთ პაციენტს მძიმე რეაქცია განუვითარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა და ახალციხეში კორონავირუსზე აცრილ ერთ-ერთ პაციენტს მძიმე რეაქცია განუვითარდა. როგორც გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავთ. „დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითო რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, როდესაც იცრებიან ადამიანები ჩვენთან ამ ბარათზე უკანა მხრიდან წერია რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სოციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან. ამ ბარათის საშუალებით ექიმი ეკითხება სადაც არის ის კითხვები, რამაც შეიძლება გამოავლინოს რეაქციები. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან გვაქვს ამ ვაქცინების, რომლებიც გამოიყენებიან კორონავირუსზე, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებზე არის. ეს ვაქცინები გახლავან უფრო რეაქტოგენული. ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები ამის დაახლოებით 10-დან 50 და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკების პროცესს მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უწევს. შეხვედრას ასევე ესწრებიან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

მთავრობამ ჩინურ Sinopharm-თან ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა

"დასრულდა მოლაპარაკება Sinopharm-ზე, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება. „ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის შემოტანა იგეგმება. საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულწილად დასრულებაზე. დასრულდა მოლაპარაკება Sinopharm-ზე, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებით. ჩინეთის მოსახლეობა ამ ვაქცინით არის აცრილი. მოგეხსენებათ, Sinopharm-სა და Sinovac-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნებათ. Sinopharm-ს ​რამდენიმე ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სალომე ზურაბიშვილი: მსოფლიო ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ ვაქცინა არამხოლოდ გვიცავს, არამედ, ეს არის გზა ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ

"მსოფლიო ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ ვაქცინა არამხოლოდ გვიცავს, არამედ, ეს არის გზა ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ", - წერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი ბარათიც გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება ამ პანდემიას, აუციელებელია ვაქცინა გამოვიყენოთ

გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. "დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პოლიტიკოსს ბრალდება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სამართალდამცველებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმიანება. ვლაიმერ პუტინის ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს. „რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებებს. რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა. აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში დაიბარეს

19 მარტიდან რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 19 მარტიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება გადაწყვიტა. საკოორდინაციო საბჭომ კიდევ რამდენიმე შეზღუდვა შეამსუბუქა

საქართველოში Astrazeneca-ს შემდგომი გამოყენების საკითხზე დღეს საღამოს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს

ახალციხეში კოვიდვაქცინის შესაძლო გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ. თამარ გაბუნიას თქმით, დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. „ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 3500-ზე მეტია. დღეს 16:00 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. მომხდარზე დაიწყო მოკვლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაიდან-ვარდაკის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა შორის ეკიპაჟის წევრები და ავღანეთში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები არიან. კატასტროფის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. Reuters-ის ინფორმაციით, ვერტმფრენს აფრენისას რაკეტა დაეჯახა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭომ სახალხო დღესასწაულის, ნოვრუზ ბაირამის დაწყებისას, ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი განაცხადა. "სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჯგუფის მიმართვის მიუხედავად, ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ერთი ღამით არ მოიხსნება", - ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, შესაბამისად მსგავს დღესასწულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“ ,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 11 მარტს მიმართეს. ისინი მოითხოვდნენ, ნოვრუზის დღესასწაულის გამო, 21 მარტს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაუქმებულიყო გადაადგილების შეზღუდვა.

უკრაინაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

ოდესაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება გამოძალვისა და ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში არის მხილებული. როგორც ცნობილია, დაჯგუფებას კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა ხელმძღვანელობდა, რომელიც კრიმინალური საზოგადოებაში ცნობილია როგორც "პუჭურას" ან "ლევან სუხუმსკი". ლევან მირცხულავა ბოლო წლებში უკრაინიდან ორჯერ გააძევეს - 2013 და 2017 წლებში.

პაატა იმნაძე: თუ არ ავიცრებით გაცილებით უარესია, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დედამიწაზე არ არსებობს ისეთი წამალი და ვაქცინა, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ექნება და ეს ექიმებბმა უკეთესად უნდა იცოდნენ. როგორც იმნაძემ განაცხადა, აცრილთა შორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის გამოვლენის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რაც იმნაძის განმარტებით, აბსოლუტურად ნორმალურია. ,,რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია ყველას რომ აძლევენ მითითებებში. ჩემი კოლეგები, ვიცი რამდენიმე, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში. ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანის შეფასებაზე და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება. ფაქტი არის ერთი, რომ თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა,“- განაცხადა იმნაძემ.

საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. . ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა. კულტურის მინისტრის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია.