ძებნის რეზულტატი:
ლიეტუვის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელი მოლაპარაკებების ჩაშლის საკითხს ეხმიანება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. "შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვისა და დემოკრატიული მიღწევების დასაცავად მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად" - წერია სამინისტროს განცხახებაში.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები, მათ შორის 20 მარტს დაგეგმილი აქცია გააუქმა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებენ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. "ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია, მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე. ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე და ტალღაზე. თუ რას ვაპირებთ და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ.", - განაცხადა უდუმაშვილმა. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრაზე მიიღეს. ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახის მონახულების მიზნით ხურვალეთში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა ოჯახს კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმრა, მათი საჭიროებებით დაინტერესდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. თეა ახვლედიანი ვანიშვილების ოჯახთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ვლადიმერ პუტინი მზადაა ჯო ბაიდენს ნებისმიერ დროს ესაუბროს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს მისთვის ხელსაყრელ, ნებისმიერ დროს ესაუბროს. ამ სიტყვებით, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის ამერიკელი კოლეგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი პუტინთან ღია დებატებს ჯორჯიის შტატში სამუშაო ვიზიტის გამო ვერ შეძლებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვდერის ორგანიზება ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც შეიძლება.
გუდაურში მოქალაქის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუდაურში მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი", - ნათქვამია განცხადებაში.
მარინა ენდელაძე: ვაქცინის გვერდითი მოვლენის მეორე შემთხვევა კარგად დამთავრდა, ეს იყო ალერგიული რეაქცია
„ვაქცინით გამოწვეული გართულების მეორე შემთხვევა კარგად დამთავრდა, ეს იყო ალერგიული რეაქცია“, - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაცია აუცილებლად პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს, სადაც რაიმე გართულების დროს, ექიმების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოხდება. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ერთმა შემთხვევამ არ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა ვაქცინაცია. მეორე შემთხვევა კარგად დამთავრდა. ზუსტად ჯერ არ არის დადგენილი, ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, თუ არა. ორივე შემთხვევა ალერგიაა. ანაფილაქსიაც ალერგიაა, მაგრამ ანაფილაქსიური შოკი გულისხმობს დაუყოვნებელ ალერგიულ რეაქციას, სისტემურ განვითარებას. მარტო ერთი ორგანო არ ზიანდება ამ შემთხვევაში და ეს არის დაუყოვნებელი სწრაფი რეაქცია. ალერგიული სხვა რეაქციები შეიძლება, კანზე გამოვლინდეს და არ ჰქონდეს სისტემური სახე; სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. განსხვავება ამ ორს შორის არის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საშიშია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. ამ დროს, ტვინს ჟანგბადით ხანგრძლივად მომარაგება აღარ აქვს და ხშირად, ლეტალური შედეგით სრულდება. რა თქმა უნდა, ანაფილაქსიური შოკიდან გამოყვანაც შეიძლება. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ვაქცინაცია აუცილებლად პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს, სადაც რაიმე გართულების დროს, ექიმების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოხდება. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის შემთხვევაშიც დაუყოვენებლი რეაგირება მოხდა - რაც საჭირო იყო, გაკეთდა. კარგად დატრენინგებული და ინფორმირებულები არიან ის მედიკოსები, რომლებიც აცრას ატარებენ. ძალიან კარგი პროტოკოლია შექმნილი, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა, ეს ალბათ, ჩვენი ქვეყნის ბედისწერა იყო“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მარინა ენდელაძე. 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, დღეს გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ დღეს ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს განუვითარდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა კორონავირუსის საჭინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენის მცდელობის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
ენტონი ბლინკენი ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალს დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკი ბრიუსელში გაემგზავრება და 22-25 მარტს NATO-ს მინისტერიალს დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბლინკენი შეხვდება NATO-ს მოკავშირეებსა და ალიანსის გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს. ამასთანავე, ის შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს და ბელგიის ოფიციალურ პირებს. ბლინკენი ვაშინგტონში 25 მარტს დაბრუნდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გაკრული ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დ.კ.-ს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საგარეჯოში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს, სავარაუდოდ, ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა. როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 19 მარტს, ქალაქ დარ-ეს-სალამში გაიმართა. ”მე, სამია სულუჰუ ჰასანი, ვფიცავ და საზეიმოდ ვამტკიცებ, რომ ტანზანიის რესპუბლიკის ერთგული ვიქნები და მთელი გულით ვემსახურები მას.”- თქვა სულჰუმ საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს. ფიცის დადების ცერემონიალ მთავრობისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა
"უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო", - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. "ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას. გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას", - წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო
"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპას გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას", - წერს ღარიბაშვილი.
"გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს
პარტია "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე ნამდვილად არ ვიცი... "ქართულ ოცნებას" შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს,"- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მედია: ახალი მტკიცებულებების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილი FSB-ს თანამშრომელმა მოკლა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა ახალი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რის მიხედვითაც რუსი ვადიმ სოკოლოვი, რომელიც ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობისთვის გაასამართლეს და ვადიმ კრასიკოვი, FSB სპეციალური ძალების ცენტრის განყოფილებიდან, ერთი და იგივე პიროვნებაა. ამის შესახებ იტყობინება Insider, Bellingcat და Der Spiegel, რომლებმაც ერთობლივი გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ სოკოლოვი გამოგონილი ფიგურა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამართალდამცველების მიერ ხარკოვში, საოჯახო ალბომში ნაპოვნი ვადიმ კრასიკოვის ფოტოები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კრასიკოვი და მკვლელი ვადიმ სოკოლოვი, რომელიც გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გაასამართლეს, ერთი და იგივე პიროვნებაა. როგორც ცნობილია, ახალი მტკიცებულებები გერმანიის სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.
WhatsApp, Facebook Messenger და Instagram შეფერხებით მუშაობს
Instagram, WhatsApp და Facebook Messenger მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში მიუწვდომელია. Facebook-ის ნაწილი სამი აპლიკაციის მუშაობის შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გერმანიის პრეზიდენტმა Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელებს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბიოტექნოლოგიური კომპანიას BioNTech-ის ხელმძღვანელებს უგურ შაჰინს და ოზლემ ტიურეჩს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნეს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ოქროს ორდენი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ცერემონიაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი დამსახურებული მეცნიერები და გაბედული მეწარმეები არიან. ”თქვენი რევოლუციური აღმოჩენა იცავს ადამიანის სიცოცხლეს, იცავს ხალხს გაკოტრებისგან, ის უზრუნველყოფს საზოგადოების, ეკონომიკისა და კულტურის გადარჩენას”, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ვაქცინის შექმნა გერმანული სტარტაპის დამსახურებაა, რომელსაც თურქული წარმოშობის ცოლ-ქმარი, უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი ხელმძღვანელობენ.
ერდოღანი: ვლადიმერ პუტინზე ჯო ბაიდენის განცხადებები მიუღებელი და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა. მისი შეფასებით, ბაიდენის ეს განცხადება "მიუღებელი" და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "ბატონი ბაიდენის განცხადებები, ბატონ პუტინთან დაკავშირებით, პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. პრეზიდენტის გამოსვლა და ასეთი შენიშვნების თქმა ისეთი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, ნამდვილად მიუღებელია. ჩემი აზრით, ბატონმა პუტინმა გააკეთა ის, რაც აუცილებელია, ძალიან, ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური პასუხის გაცემით“, – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა. ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს .
ბორის ჯონსონმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის ამსახველი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ვაქცინა არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, იმისთვის რომ დავუბრუნდეთ იმ ცხოვრებას, რომელიც ძალიან გვაკლია", - წერს პრემიერ-მინისტრი. მან ვაქცინის გაკეთებისკენ ყველას მოუწოდა.
ევროპარლამენტარი: მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში
მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში, გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა და პარლამენტი სათანადოდ მუშაობდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრა საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე. „ჩვენ გვსურდა, რომ წითელი ხაზები არ ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. თუმცა, რეალური წითელი ხაზებისა და წინაპირობების შესრულება რთულია. მთელი იდეა მდგომარეობს კომპრომისებში. უნდა იყო მოქნილი და დათანხმდე იმას, რასაც შესაძლოა, 100 პროცენტით არ იზიარებდე. ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა, როგორც ვიცი, ბევრი თემა არ იყო იოლი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმება მაინც მოხერხდა. მხარეები იყვნენ მზად კომპრომისისთვის. თუმცა ბოლოს იყო ყველაზე რთული საკითხები და მოკლე დროში ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. მე ამას ჩავარდნას არ დავარქმევდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება პაუზა და იმედია, ვნახავთ პროცესის გაგრძელებას და დიალოგის მეორე ფაზას ძალიან მალე. ჩემთვის ეს არ იყო საბოლოო ჩავარდნა. ჩემთვის ეს არის დიდი შიდა კრიზისი საქართველოში. შარლ მიშელის ვიზიტი იყო კარგი ნაბიჯის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირის ინტერესებში არის ამ კრიზისის მოგვარება, რომ ევროკავშირს სურს, ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყოს. სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა მან მისი პერსონალური წარმომადგენელი. ბატონმა დანიელსონმა კარგი სამუშაო შეასრულა და ახლა ის უნდა დაბრუნდეს, რათა გავიგოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ის მზადაა, საქართველოში პოლიტიკური მედიაციის პროცესში ჩაერთოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის გლობალური მხარდაჭერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.