ძებნის რეზულტატი:

ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდნენ საერთაშორისო პარტნიორები

„ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღევანდელ დღეს ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „სამწუხაროდ ამდენ საათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს - გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბადრი ჯაფარიძე: ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა

„ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა, მედიატორების მიერ შემუშავდა ძალიან საინტერესო იდეები, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში, ეს იდეები არ იყო გაზიარებული მეორე მხარის მიერ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე ვროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორები ბრიუსელში განიხილავენ შექმნილ ვითარებას. „მიმაჩნია, რომ ამ პროცესში წარმოჩნდა ოპოზიცია, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. მედიატორის რიგი წინადადებები იყო მისაღები ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იყო მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა გარღვევა. მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და ეს არის მნიშვნელოვანი იმედის მომცემი ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად, საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისს, ოღონდ ამისათვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიგა ბოკერია: ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო

„ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, მაგრამ განსკუთრებით სრულიად, მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი, მშვიდობიანი აქციების გაგრძელება მნიშვნელოვანია. „ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხები დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ულტიმატუმები წამოაყენა, რაც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროკავშირის წარმომადგენლობაში, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული ხანგრძლივი, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისს ტოვებს და იმედ იტოვებს, რომ პარტიები დაფიქრდებიან. დანიელსონმა აღნიშნა, რომ „კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ოპოზიციის შემდეგ მედიასთან კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. „იყო საინტერესო პროცესი, იყო ბევრი წინსვლა, თუმცა სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა. „დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია. გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლა თვითმიზანი იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება: იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან და კომპრომისის სურვილი ექნებათ. ამავე თემაზე: გიგა ბოკერია: ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო ალეკო ელისაშვილი: შეთანხმება ჩაიშალა გიორგი ვაშაძე: ქართულ საზოგადოებას მაღალი კულტურა და ღია ევროპული სტანდარტი ვერ ვაჩვენეთ, ამაში „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდნენ საერთაშორისო პარტნიორები

ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მედიატორი ბრიუსელში ბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ბრიუსელში ბრუნდება და მოლაპარაკებების შედეგებს შარლ მიშელს გააცნობს. კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი, თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს კი, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მმართველი პარტია ისევ სამართლიან პირობებზე მიუთითებს, ოპოზიციისთვის კი მთავარ მოთხოვნად „ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“ რჩება. მმართველი პარტიის ლიდერმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციამ ულტიმატუმები წამოაყენა, რაც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა. „იყო საინტერესო პროცესი, იყო ბევრი წინსვლა, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა. ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციამ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ, პარტიულ თემებს მიანიჭა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ მხარეებს კომპრომისის სურვილი ექნებათ. „იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან და კომპრომისის სურვილი ექნებათ, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა. უცნობია, რა ფორმატში გაგრძელდება მოლაპარაკებები. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ჩართულობით დიალოგის ფორმატიც არ გამორიცხა.

ვახტანგ მეგრელიშვილი: რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე

„არ მესმის საერთოდ, აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ. „ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც შეზღუდული ვარ, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რამე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომლებიც მომწონდა. ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: „REGINA MARIA“ (რუმინეთი), „KEMALREIS“ (თურქეთი) და „SMELI“ (ბულგარეთი). წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

ლალი ტურძელაძე: ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელას განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ. მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. „პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდა. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა ტურძელაძემ. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება, განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი, გარდაიცვალა 9 ადამიანი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.

AstraZeneca-ს ვაქცინით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთი პრემიერ-მინისტრები აიცრებიან

დღეს AStraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთი პრემიერ-მინისტრები აიცრებიან. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ყველამ სწრაფად გაიკეთოს ვაქცინა. საფრანგეთის პრემიერმა Astrazeneca-ს ვაქცინის საჯაროდ გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ Astrazeneca-ს ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ამ ვაქცინის გამოყენება თრომბის ცალკეული შემთხვევების გამოვლენის გამო ჰქონდა შეჩერებული. ცნობისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლელებით დადასტურდა, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. აღნიშნულის გამო, ესპანეთი და იტალია მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაციას განაახლებენ.

ჟოზეპ ბორელი: კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს. უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირს კარგად ესმის კრიზისის სიმძიმე როგორც ცნობილია, 22 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ. ,,კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს”, - განაცხადა ბორელიმ ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად 1 მარტიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა. 12 მარტს საქართველოს შარლ მიშელის წარმომადგენელი, დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ეწვია, რომელსაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი უნდა წარემართა, თუმცა 7 დღიანი ვიზიტი ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს კომპრომისის სურვილი ექნებათ. დანიელსონი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ის შარლ მიშელს შეხვდება და მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.

აშშ-ის საელჩო: აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო USAID/Georgia-ის დაფინანსებით ბათუმში დაწყებულ ახალ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას. „აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს. ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე. ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა „Key Management Solutions”-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. ამ კვირაში პროექტის მონაწილეები USAID-ის ეკონომიკური ზრდის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისაუბრეს, როგორ შეიძლება კვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარონ ტურიზმის ინდუსტრიას პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს გრძელვადიანი ზრდისთვის უფრო მტკიცე ძალის შექმნაში. ამ პროგრამის საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასპინძლობის სფეროს პროფესიონალები აწევენ მომსახურების დონეს, სამუშაოს შესრულების მოლოდინსა და ხელფასებს კვალიფიციური კადრებისთვის დასავლეთ საქართველოში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპა გარდაიცვალა, მისი ოჯახის წევრები დაკრძალვაზე ვერ მიდიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართს მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა პაპა, დათა ვანიშვილი, დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ Europetime-ს მისმა შვილიშვილმა მალხაზ ვანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დათა პაპას მავთულხლართს მიღმა სასაფლაოზე დაკრძალავენ და ის და მისი მეუღლე არათუ მის დაკრძალვაზე დასწრებას, მის საფლავზე მისვლასაც კი ვეღარ შეძლებენ. მალხაზ ვანიშვილი რამდენიმე თვის წინ, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს. მისი თქმით, საკუთარი პაპის დაკრძალვაზე დასწრებასაც კი ვერ შეძლებს, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მას გადასვლისთანავე დააკავებს. „დეკემბრის მერე პაპა ბოლომდე ვერ გამოკეთდა. ფილტვების ანთება მძიმე ფორმით გადაიტანა. დილით დამირეკეს მეც. აქაურმა პოლიციამ მითხრა. დედაჩემი ორჯონიკიძეშია და იქიდან მოდის მამის დაკრძალვაზე. მე კი გამზრდელი პაპის დაკრძალვასაც ვერ დავესწრები, ცხინვალის მხარე მაშინვე დამიჭერს. მის საფლავზე გასვლასაც ვეღარ შევძლებ ხოლმე და პაპას ხსოვნას პატივს ვერ მივაგებ", - განაცხადა Europetime-სთან დათა პაპას შვილიშვილმა. 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილის სახლის წინ მავთულხლართები გაავლეს და მისი მშობლიური სოფლიდან, ხურვალეთიდან იზოლაციაში მოაქციეს. დათა პაპა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მის მოსანახულებლად მიდოდნენ უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები. ის უარს ამბობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეთავაზებულ ყველანაირ სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის პენსიაზე, იმ დროს, როცა მოხუცის ერთადერთი შემოსავლის წყარო, სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. რუსი სამხედროები, მას იქ გადასვლის და მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევდნენ. გარკვეული მატერიალური პრივილეგიების სანაცვლოდ, დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო. ზეწოლის და დაშინების მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა. ის რამდენჯერმე დააკავეს. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ შარლ მიშელი, ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, ექთანს ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რომელიც ნებისმიერი ვაქცინაციის დროს შეიძლება მოხდეს. ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება, განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 3 642 ადამიანმა გაიკეთა

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 3 642 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 5 185 მედპერსონალი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო. პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.

თორნიკე შარაშენიძე: გასაკვირი არაა "ნაციონალების" გავლენა ოპოზიციაზე, ქუჩაში ხალხს მის გარეშე ვერ გამოიყვანენ

„ის რომ, „ნაციონალურ მოძრაობა“ გავლენას ახდენს დანარჩენ ოპოზიციაზე, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა. ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართულ მოლაპარაკებებზე. ექსპერტის თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან რისი იმედიც მათ აქვთ - ხალხის ქუჩაში გამოყვანის, "ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მხოლოდ თვითონ ვერ შეძლებენ. შარაშენიძე ასევე არ გამორიცხავს, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ფარული ჩანაწერების გავრცელება, ამ პოლიტიკურ ძალის ინტერესი ყოფილიყო, მოლაპარაკებების ჩასაშლელად. „ამ მოლაპარკებებში, ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგებოდა, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომლებიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა.დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა. მათ მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია. ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ „ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია“.. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. სრული ინტერვიუ

ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებას ამატებს და აორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რეისზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისი-მიუნხენის რეგულარულ რეისს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს. მისივე თქმით, ავიაკომპანია პირველი ივნისიდან კვირაში 4-ჯერ შეასრულებს ავიარეისებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „პირველი ივნისიდან Lufthansa კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს PCR ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, – აღნიშნა თურნავამ.

რა კატეგორიას არ უტარდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა კატეგორიის მიმართ არ ხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება. როგორც კულუმბეგოვმა Europetime-ს განუცხადა, ვაქცინაცია არ უტარდებათ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ორსულებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაში შემავალ ნივთიერებებზე ალერგია აქვთ. ,,ცალსახად, ვაქცინის ჩატარება არ ხდება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში არიან მცირე ასაკის, ანუ 18 წლამდე ბავშვები, ასევე, რომლებიც არიან ორსულობის სტადიაში. მათთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ გამოიყენება. ასევე, ალერგიის კუთხით არსებობს ასეთი წინაღობა, ვაქცინაში არსებობს შემავალი კომპონენტები, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი, თუ მათ მიმართ ადამიანს ანამნეზში დადგენილი ალერგია აქვს ალერგოლოგის მიერ, რადგანაც ვაქცინები ამ ნივთიერებებს შეიცავენ ასეთი პერსონებისთვის და პიროვნებებისთვის ვაქცინები არ შეიძლება. მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის ალერგია არ ჰქონია არასოდეს და ეს ვაქცინები ორდოზიანია და პირველ დოზაზე იქნება ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა ასეთ ადამიანებს პირველი დოზის ალერგიის შემთხვევაში აღარ გაუმეორდებათ. ჯერჯერობით, მხოლოდ ესენი არიან, ვისთვისაც არ შეიძლება - ასაკობრივი ჯგუფები, ორსულები და უკვე ცნობილი ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ვაქცინაში შედის", - განაცხადა კულუმბეგოვმა. Europetime-თან საუბარში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ასახელებს იმ გვერდით მოვლენებს, რაც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს და გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ვაქცინირებული ადამიანები ასეთ დროს. ,,რაიმე წესები ვაქცინაციის შემდგომ არ არსებობს. ვაქცინაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ვაქცინაციის ადგილზე ტკივილი, შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე 2 ან 3 დღის განმავლობაში, ტემპერატურული რეაქცია საშუალოდ 10%-ს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათ ეძლევათ რეკომენდაციები როგორ მოიქცნენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გამოიყენონ. მეტი რეკომენდაცია არ არსებობს", - განაცხადა იმუნოლოგმა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით შეფარდებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურსა და შუახევში ვაქცინაცია დროებით შეჩერდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურსა და შუახევში დროებით შეჩერდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 15:00 სააათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც ვაქცინაციის შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. Europetime-თან საუბარში აჭარის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელებმა ასევე აღნიშნა, რომ ბათუმსა და ქობულეთში ვაქცინაცია ჩვეულებრივ გრძელდება. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწყო.