ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: სავარაუდო შეთანხმების ტექსტის პროექტზე ახლა არ გვიმსჯელია
სავარაუდო შეთანხმების ტექსტის პროექტზე ახლა არ გვიმსჯელია. ჩვენ რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ შეხვედრის დეტალები განმარტა. „სავარაუდო შეთანხმების ტექსტის პროექტზე ახლა არ გვიმსჯელია. ჩვენ რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, რაც იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ბუნებრივია, მოდერატორის შემდეგ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან ექნება. ჩამოთვლილი ექვსი პუნქტიდან საუბარი 2-3 პუნქტს ეხებოდა. ბუნებრივია, დისკუსია ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა საერთო ფორმატში. „ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ომბუდსმენი: მზად ვარ, მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს
გუშინ გავაკეთე განცხადება მოლაპარაკების ახალ რაუნდთან დაკავშირებით და ასევე მზად ვარ, მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნონო ლომჯარიას თქმით, მას მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია ჰქონდა. „ჩემი, როგორც სახალხო დამცველის პოზიციაა ის, რომ იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე ქვეყანაში. ეს არის სასამართლო რეფორმა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ეს არის სამართლიანი სასამართლო.მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოლაპარაკების პროცესში ამ საკითხებზე იყოს შეთანხმება. მე ველოდები, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება იცოდეს, ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ხდება, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კულტურის სამინისტრო: გელათის მონასტრის კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
გელათის მონასტერზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის, მინისტრის მოადგილეებისა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა. "მივიღეთ გადაწყვეტილება სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე. შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია. ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა, - განაცხადეს შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.
ტომას ჰენდრიკ ილვესი: საქართველოს მაპისკენაც არ გადაუდგამს ნაბიჯი, ნაბიჯის გადადგმა NATO-ზე მეტად საქართველოზეა დამოკიდებული
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკის განცხადებით, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ავტორიტარებს ახარებთ დემოკრატიის მორიგი ექსპერიმენტის ჩაშლა, ოცნებობენ, რომ საქართველო დაბრუნდეს დამონებულ ქვეყანათა ჯგუფში, სადაც დემოკრატია მართვადია. ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოს მაპისკენასაც არ გადაუდგამს ნაბიჯი ამიტომ, ნაბიჯის გადადგმა NATO-ზე მეტად საქართველოზეა დამოკიდებული. ,, საქართველოსთვის ევროკავშირზე უფრო ფუნდამენტური საკითხი NATO-ა. დემოკრატიის ერთგულებისადმი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია NATO-სთვის. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, რომ სამხედრო ძალით დაეხმარონ სხვა წევრებს თუ მათზე აგრესია განხორციელდა და თუ ყველა ქვეყნის მეთაური არ დარწმუნდა იმაში, რომ კონკრეტული სახელმწიფო იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, მაშინ ვერავინ დაარწმუნებს მათ იმაში, რომ თავი უნდა გაწირონ თქვენი დაცვისთვის. სწორედ ამიტომ მოითხოვს NATO ასე დაჟინებით საერთო ღირებულებების გაზიარებას. სამწუხაროდ, საქართველოს მაპისკენასაც არ გადაუდგამს ნაბიჯი ამიტომ, ნაბიჯის გადადგმა NATO-ზე მეტად საქართველოზეა დამოკიდებული. მე თავის დროზე ასეთი სტრატეგია ავირჩიე, ჯერ ევროკავშირის წევრობა, შემდეგ NATO. როგორც კი ევროკავშირში იქნებით სკეპტიკოსები ვეღარ მისცემენ ხმას თქვენ NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ, ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ ევროკავშირსი გაწევრიანებ მოხდეს პარალელურად კი NATO-ზე იმუშაონ. 90-იანების თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ევროკავშირში მიეღოთ სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, შემდეგ ბულგარეთ და რუმინეთი, ალბათ შემდეგ განიხილავდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ამიტომ ჩვენ ალბათ მართლა საუკეთესოები უნდა ვყოფილიყავით, რომ ევროკავშირში ვინმეს მივეწვიეთ, თუმცა საბოლოოდ ის მოხდა, რომ ესტონეთმა სლოვაკეთის ადგილი დაიკავა, რადგან მაშინ სლოვაკეთს ავტორიტარული ტენდენციების ვლადიმერ მეცია მართავდა. ეს იოლი არ არის, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ბევრი სიხარულით ან კმაყოფილებით უყურებს ამ საკითხს. ავტორიტარებს ახარებთ დემოკრატიის მორიგი ექსპერიმენტის ჩაშლა, ოცნებობენ, რომ საქართველო დაბრუნდეს დამონებულ ქვეყანათა ჯგუფში, სადაც დემოკრატია მართვადია. არანაკლებ შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას აღიქვამს იმისათვის, რომ თქვან თქვენი ადგილი აქ არ არის", - განაცხადა ჰენდრიკმა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: გადაიხადოს 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს
მოვუწოდებ ბატონ კუბიულიუსს, კიდევ ერთხელ გაეცნოს, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას, რა მოთხოვნა აქვს ევროპარლამენტს და სენატს და მიხვდება, რომ სააკაშვილი არის ზარალი და მუხრუჭი ამ ქვეყნისთვის. რაც უფრო მალე ჩამოიშორებენ ამ ადამიანს მისი პარტია და კუბილიუსები, მათთვის უკეთესი იქნება,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე საუბრობს. მისი თქმით, დიალოგში სააკაშვილის ჩართვა არაგონივრული იქნება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით მმართველი გუნდი ამას პატარა პარტიების პარლამენტში შესატყუებლად იყენებს, ზარქუა ამბობს, რომ ამ თემას „სააკაშვილი და მისი მარგინალური ოპოზიცია ავითარებს, რადგან მათ ინტერესებში დიალოგი და შეთანხმება არასდროს ყოფილა”. „მათ იციან, რომ მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და პატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია მათ ვუთხრა - ბატონი მელია არის თავისუფალი, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს კონსტიტუციას და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ იყო ხარვეზები, ვეთანხმებით, თუმცა ძირითადი უფლება არჩევანის გაკეთების, დაცული იყო. ოპოზიციაშიც არ არის ერთსულოვნება. როდესაც ევროპარლამენტი და სენატი გეუბნება, რომ აქციები არის რუსეთის ინტერესებში და შენ მაინც ავითარებ ამ ობსტრუქციას, არ შეიძლება ეს გაიზიაროს იქ არსებულმა ზოგიერთი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში”. ამიტომ მათ მივმართავ, იქნებ დროულად გაემიჯნოთ”,- განაცხადა ზარქუამ.
ვაშლიჯვრის ფერდს მიწით ამოავსებენ - მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ზონის გამაგრების სამუშაოები დაიწყო
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს. „როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები. „სწორედ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება. ასევე, როგორც უკვე ვუთხარით მოსახლეობას, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
ირაკლი კობახიძე: გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალ ან ზეგ საზოგადოება მოლაპარაკებების შესახებ ყველაფერს გაიგებს. ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არ მოეწერა ხელი ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს დეტალებს, გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს”, - განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ განაცხადა, კრისტიან დანიელსონს მმართველი გუნდის წევრები დღეს, 6 საათზე ისევ შეხვდებიან, მანამდე კი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კრისტიან დანიელსონთან განხილულ საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
"საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაციისა და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დათვალიერებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას. "საქართველო გახდა ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას. მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი - ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება". – ამბობს არჩილ თალაკვაძე. ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო, სადაც 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.
შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევიან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი 6 აპრილს თურქეთში გაემგზავრებიან. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadoly ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან. გასულ კვირას გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, თურქეთთან თანამშრომლობა გააძლიერონ, მათ შორის ეკონომიკისა და მიგრაციის საკითხებში.
კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრას მართავს
დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. იქამდე, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი და მოლაპარაკების მიმდინარე პროცესი განიხილეს.
ლევან რატიანი: მეგი ბაქრაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანის დროს გარდაცვლილი არ იყო
"მეგი ბაქრაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანის დროს გარდაცვლილი არ იყო", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ექთანი მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში მიყვანის დროს, 19:45 წუთზე გარდაცვლილი იყო, სიმართელს არ შეესაბამება. როგორც რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის ექთანი ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "მინდა მოსახლეობას განვუცხადო დღეს არსებული ინფორმაცია მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით. არ ვაპირებდი ამ მტკივნეულ თემაზე განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას, რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო შემოყვანილი 18:03-19:45 წუთზე, ის იყო სამწუხაროდ მიცვალებული, ეს ჭეშმარიტ სიცრუეს წარმოადგენს. ქალბატონი მეგი ჩვენთან გადმოყვანილი იყო 19:45 წუთზე, იმ ამ დროს იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არადინამიკური. ის შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გავსინჯე. შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით. ამ შეუქცევადმა პროცესმა კი რამდენიმე საათში გამოიწვია ბიოლოგიური სიკვდილი. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება, კლინიკაში შეყვანისას კი პაციენტს გულისცემა ჰქონდა და ასევე მეგადოზებით იყო შენარჩუნებული არტერიული წნევა. ლევან რატიანი აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევებით, მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონია და არც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ევროპარლამენტარები: პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება
ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლება-ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ პარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ და შეთანხმებას მიაღწიონ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტარები მზად არიან დაეხმარონს საქართველოს ამ რთულ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთახმების მიღწევა მოხდება „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ძალისხმევად ღირს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან. მხარეთა შორის, ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ ეს გზა გააგრძელოს. მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი", - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.
ირაკლი კობახიძე: თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები. ერთი-ორი ნიუანსია, რომელსაც ჩვენი მხრიდან დაზუსტება სჭირდება
თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები, არის ერთი-ორი ნიუანსი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ისინი შეხვედრაზე დანიელსონისგან კონკრეტულ წინადადებებს ისმენენ. „რა თქმა უნდა, წინადადებები აქვს მოდერატორს, მისი როლი არის ის, რომ კონკრეტული ახალი წინადადებები წამოაყენოს. ეს წინადადებები მუდმივად იცვლება, მათ შორის, გამომდინარე იქედან თუ ჩვენ რა პოზიციას ვაფიქსირებთ ამა თუ იმ წინადადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ წინადადებებს დანიელსონის მხრიდანაც. თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები. არის ერთი-ორი ნიუანსი და დეტალი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება. ამასაც დავაზუსტებთ და ამის შესაბამისად დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ალბათ, ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები და ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ პარტნიორებს“ , - განაცხადა კობახიძემ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა
"ომი დასრულდა, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამას აცხადებს არა მხოლოდ სომხური მხარე, არამედ საერთაშორისო საზოგადოება და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები. როგორც სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხდომაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.
გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, გოგი წულაიას მდგომარეობა დამძიმდა, ის მოძრაობისას წაიქცა, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების ჩარევა. მისივე ინფორმაციით, წულაიას უკვე 15 კგ აქვს დაკლებული. შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ სამხარაძე: გახარია უმრავლესობის ყველა წევრს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავის 2-ის" ეთერში განაცხადა. "გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა, ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად. შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ: როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი, იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აკაკი მინაშვილი: თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება
"თუ მელია და რურუა არ გათავისუფლდებიან, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შეუთავაზებია. „მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია. მთავარი საკითხები, რაც ჩვენ წამოვწიეთ, უპირველეს ყოვლისა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ეს ორი ადამიანი არ გათავისუფლდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და ხვალ რაღაც სურათი ალბათ. გამოიკვეთება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შეუძლია პუტინს მკვლელი უწოდოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას შეუძლია ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდოს. ჟურნალისტის კითხვას, ჯო ბაიდენის მსგავსად, შეუძლია თუ არა პუტინს მკვლელი უწოდოს უპასუხა, "სამწუხაროდ, დიახ". ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აშკარად არ სცემს პატივს მეზობელი სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ”მე ვხედავ ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების აშკარა უგულებელყოფის ბევრ ნიშანს, ერების თვითგამორკვევის უფლების უგულებელყოფას, მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას, რასაც კრემლი ბოლო დროს საკმაოდ დემონსტრაციულად აჩვენებს”, - ნაუსიდა განაცხადა.
კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.